ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  სიმპტომები

ანთება როგორც ასეთი
 
  ანთებას შესაძლოა ისეთი მძლავრი ქსოვილიც კი ემსხვერპლოს, როგორიც კუნთია. ამას სხვადასხვა რამ განაპირობებს, თუმცა, მოდი, ჯერ თავად ანთების არსზე ვისაუბროთ.
ანთებითი მიოპათია ან, უფრო მარტივად, მიოზიტი კუნთების ჯგუფის ანთებითი ცვლილებაა, თუმცა პათოლოგიური პროცესი იშვიათად თუ შემოიფარგლება კუნთით – როგორც წესი, მასში ირგლივ მდებარე ქსოვილებიც (უპირატესად – კუნთის ქსოვილში შემავალი სისხლძარღვები) ერთვება. ანთებითას კუნთი დაძაბუნება მოჰყვება, ზოგჯერ – ტკივილიც. ანთებით-დისტროფიული ცვლილებების გამო ქსოვილი განილევა, ანუ ვითარდება
მიოატროფია.
მიომიზეზი
მიოზიტის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, გაურკვეველია, რატომ უმხედრდება იმუნური სისტემა უეცრად საკუთარ კუნთებს. ამ კონფლიქტის შედეგად განვითარებულ ანთებას აუტოიმუნურ მიოზიტს უწოდებენ. ის უფრო იოლად ემართება ადამიანს მძიმე ვირუსული ინფექციის, მაგალითად, აივ-ინფექციის ფონზე. მიოზიტის განვითარებაში ზოგიერთ მედიკამენტსაც ადანაშაულებენ, მათ შორის – კარტიკაინს, პენიცილამინს, ციმეტიდინს, კარბიმაზოლს, ფენიტოინს, ზრდის ჰორმონს. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ შესაძლოა, მიოზიტის მიზეზად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაც იქცეს. გენეტიკას მიოზიტის განვითარებაში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს ფაქტორი, რომელიც მიოზიტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მიოსამეული
განასხვავებენ ანთებითი მიოპათიის სამ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. ესენია:
. პოლიმიოზიტი, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები უშუალოდ კუნთოვან ქსოვილს უტევენ;
. დერმატომიოზიტი, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები უტევენ კანისა და კუნთების მკვებავ სისხლძარღვებს;
. ინკლუზიური ტიპის მიოზიტი, რომელიც უმთავრესად ხანში შესულებს ემუქრება და რომელიც ნაწილობრივ კუნთის ანთებით, ნაწილობრივ კი მისი დეგენერაციული ცვლილებით არის განპირობებული.
კვლევებმა აჩვენა, რომ მას, ვისაც პოლიმიოზიტი ან დერმატომიოზიტი აქვს, ზოგიერ (არა ყოველთვის!) გარკვეული ტიპის სიმსივნური პროცესი აღმოაჩნდება. ამას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ახალწარმოქმნილი სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგოდ მიმართული იმუნური უჯრედები შეცდომით კანსა და კუნთებს უტევენ. ამ თეორიის მომხრეები პოლიმიოზიტითა და დერმატომიოზიტით დაავადებულებს, გარდა ბავშვებისა და მოხუცებისა, სიმსივნური პროცესის გამორიცხვის მიზნით გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ.
პოლიმიოზიტის შესახებ
მიოზიტის ეს ფორმა უფრო ქალებშია გავრცელებული და უმეტესად 20 წლის შემდეგ იჩენს თავს. პათოლოგიური პროცესის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა საჭირო, რომ კუნთის სისუსტე შესამჩნევი გახდეს. ყველაზე მეტად თეძოების, ბარძაყის, ზედა კიდურებისა და ზურგის ზედა ნაწილის (მხრის, კისრის) კუნთები ზარალდება. ადამიანი უჩივის ტკივილს ან დისკომფორტს ამ არეში. ძნელად ამოძრავებს კისერს, უჭირს კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ხელის აწევა თმის ვარცხნისას, ზედა თაროზე ნივთის შემოდებისას. მძიმე შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი საყლაპავ კუნთებსაც მოიცავს, ამას კი კვებით მოშლილობამდე და წონის კლებამდე მივყავართ.
არცთუ იშვიათად გულის კუნთიც ზიანდება და ვითარდება ანთებითი კარდიომიოპათია. ხშირია სუნთქვის პრობლემებიც. ყლაპვის, სუნთქვისა და გულისმხრივი პრობლემები ყველაზე საშიშ გართულებებად შეიძლება ჩაითვალოს. მათი აღმოჩენისთანავე ავადმყოფს გაძლიერებული მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს.
დერმატომიოზიტის შესახებ
მიოზიტის ამ ფორმას გამონაყარით მიმდინარე პოლიმიოზიტსაც უწოდებენ. ამ დროს კანზე ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარი, რაც კანის ზედაპირული სისხლძარღვების ანთებით შეიძლება აიხსნას. გამონაყარი უმთავრესად სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, მხრებზე, იდაყვებზე, მუხლებსა და ქუსლებზე ჩნდება. შესაძლოა, შეწითლდეს ქუთუთოებიც, თითქოს თვალის ჩრდილები წაუსვამთო.

დერმატომიოზიტის დროს კანი შრება, უხეშდება და შესაძლოა გარუჯულს დაემსგავსოს.
მიოზიტის ამ ფორმის დროს არცთუ იშვიათად ვითარდება კალცინოზი – კანქვეშ კალციუმის ჩანართები ჩნდება, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. ასეთი ცვლილებები უფრო ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.
ისევე როგორც პოლიმიოზიტის დროს, დერმატომიოზიტის შორს წასულ შემთხვევაშიც ზიანდება გული, ფილტვები და საყლაპავი კუნთები, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
პირველი ნიშნები უმეტესად დაავადების დასაწყისიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო ადრე ან გვაინ – რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში – გამომჟღავნდეს.
ინკლუზიური ტიპის მიოზიტის შესახებ
დერმატომიოზიტისა და პოლიმიოზიტისგან განსხვავებით, ამ ტიპის მიოზიტი უმთავრესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში იჩენს თავს.
კუნთების პროგრესირებადი სისუსტე თავდაპირველად მაჯას, თითებს, ბარძაყის წინა ნაწილს მოიცავს. შესაძლოა, სისუსტე მარჯვენა და მარცხენა მხარეს სხვადასხვანაირად იყოს გამოხატული. ადამიანს უჭირს ჩანთის, ჩემოდნის ტარება.
ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა ყლაპვის გაძნელება, გულისა და ფილტვების დაზიანება, მიოზიტის ამ ფორმის დროს იშვიათია. მიოზიტის ეს ფორმა, როგორც წესი, ძალიან ნელა პროგრესირებს და არც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. იშვიათია პათოლოგიის სწრაფი პროგრესირება, როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომების გაჩენიდან 10-15 წლის შემდეგ ინვალიდის ეტლის გარეშე გადაადგილებაც აღარ ძალუძს.
შანსი არსებობს?
დერმატომიოზიტი, ისევე როგორც პოლიმიოზიტი, ადეკვატური მკურნალობის შედეგად იკურნება, თუმცა კი ხშირად ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. საუკეთესო შედეგს უმეტესად ბავშვებში იღებენ. ზოგჯერ განკურნება ვერ ხერ
ხდება, მაგრამ სიმპტომები დიდი ხნით ქრება. ამჟამად მეცნიერები დამაჯერებლად საუბრობენ აუტოიმუნური დაავადებების ახალაღმოჩენილ მიზეზებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე, რაც იმედს იძლევა, რომ მიოზიტის მკურნალობაშიც იქნება პროგრესი.
ასეთივე ოპტიმიზმით ვერ ვისაუბრებთ მიოზიტის მესამე ფორმაზე, რადგან მისგან განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ის ძალიან ნელა პროგრესირებს და შესაძლოა, ნაკლები დისკომფორტის მომგვრელი იყოს.
სუსტი კუნთი სააშკარაოზე მიოზიტის დიაგნოზის დასმა რთული არ არის. ექიმი უპირველესად ჩივილებს აქცევს ყურადღებას. ითვალისწინებენ გენეტიკური ფაქტორსაც.
მიოზიტის თაობაზე ეჭვის დროს პაციენტს კერატინკინაზის ტესტის ჩატარებას ურჩევენ. პოლიმიოზიტისა და დერმატომიოზიტის დროს კერატინკინაზის შემცველობა სისხლში ძალიან დიდია, ინკლუზიური ტიპის მიოზიტის დროს კი თითქმის ნორმის ფარგლებშია. ზოგჯერ საჭიროა სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების გამოკვლევაც, რომელტა არსებობა ავტოიმუნურ დაავადებას მოწმობს. ზოგიერთი მათგანი სპეციფიკურია და მხოლოდ მაშინ ჩნდება სისხლში, როდესაც ავტოიმუნურ პროცესში კუნთებიცაა ჩართული. კვლევის კიდევ ერთი მეთოდია ელექტრომიოგრამა: აპარატი უმნიშვნელო ჩხვლეტით აღნუსხავს კუნთის ქმედობაუნარიანობას. კვლევა ტარდება როგორც მოდუნებულ, ისე შეკუმშულ კუნთზე.
დაბოლოს, შესაძლოა თავად კუნთოვანი ქსოვილის გამოკვლევა გახდეს აუცილებელი. კუნთის ბიოფსიის შედეგად ნათლად ჩანს ცვლილებები, რომლებსაც ქსოვილი განიცდის.
მიოგანკურნებისთვის
დერმატომიოზიტისა და პოლიმიოზიტის სამკურნალოდ ჰორმონულ თერაპიას მიმართავენ, თუმცა მესამე ტიპის მიოზიტის შემთხვევაში ის უშედეგოა.
თუ იმუნური სისტემა პროცესში აქტიურადაა ჩართული, შესაძლოა საჭირო გახდეს ორგანიზმში იმუნოგლობულინის შეყვანა.
მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ექიმი ხშირად ვარჯიშების კომპლექსსაც ნიშნავს.

მეტისმეტად მოდუნებული
კუნთების დისტროფიული ცვლილება მათი ფუნქციის შესუსტებასაც იწვევს, მიზეზი კი გენებში უნდა ვეძებოთ. კუნთის ბოჭკოებში შემავალი ცილების წარმოქმნაზე თურმე ასობით გენი ყოფილა პასუხისმგებელი. თუ რომელიმე მათგანმა მუტაცია განიცადა, პროტეინების წარმოქმნაც ფერხდება ან არასწორად მიმდინარეობს. ცვლილებები და, შესაბამისად, დაავადების სიმპტომებიც იმაზეა დამოკიდებული, რომელი გენი დაზიანდება, თუმცა ერთი საერთო ნიშანი მაინც არსებობს – კუნთების სისუსტე.
უფრო კონკრეტულად
მოდი, თვალი გადავავლოთ მიოდისტროფიის ყველაზე გავრცელებულ ფორმებსა და მათ სიმპტომებს:
. დუშენის კუნთოვანი დისტროფია. ამ ფორმით ვლინდება მიოდისტროფიის შემთხვევათა ნახევარი, უპირატესად – ვაჟებში.
კუნთოვანი სისუსტე ფეხის ადგმისას იჩენს თავს:
. ბავშვი ხშირად იქცევა;
. წაქცეულს უჭირს წამოდგომა, მჯდომარეს – ადგომა;
. უჭირს სირბილი, ხტომა;
. კოჭლობს;
. გადიდებული აქვს წვივის კუნთები;
. არცთუ იშვიათად უჭირს სწავლაც.
. ბეიკერის კუნთოვანი დისტროფია. სიმპტომები დუშენის დისტროფიის მსგავსია, თუმცა უფრო სუსტადაა გამოხატული და დაავადებაც უფრო დუნედ მიმდინარეობს. პირველად თავს უმეტესად პუბერტატულ ასაკში იჩენს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 20 წლის შემდეგ გამომჟღავნდეს.
სხვა გამოვლინებათა კლასიფიკაცია უმთავრესად პირველი ნიშნების აღმოცენების ადგილისა და კუნთის დაზიანების თავისებურების მიხედვით ხდება. მაგალითად:
. მიოტონურ ფორმას, რომელსაც სტეინერტის დაავადებასაც უწოდებენ, სხვა ნიშნებთან ერთად კუნთის მოდუნების შეუძლებლობაც ახასიათებს. თავს იჩენს მოზრდილ ასაკში (უფრო – ადრეულ წლებში). პირველი ნიშნები სახეზე გამოიხატება.
. კიდურებისა და სარტყლისმიერი ფორმა, რომელიც ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, თეძოებისა და მხრების კუნთების სისუსტით ვლინდება. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ტერფის წინა ნაწილის აწევაც შეუძლებელია და ავადმყოფი ბორძიკობს.
. კონგენიტალიური ვარიანტი, რომელიც დაბადებისთანავე ან ორ წლამდე იჩენს თავს. პროცესი უმეტესად ძალიან ნელა პროგრესირებს, თუმცა არის შემთხვევები, ისე აგრესიულად მიმდინარეობს, რომ მალევე იწვევს ინვალიდობას.
. ფაციოსკაპულოჰუმერული ფორმა – ამ რთული ტერმინის მიღმა იმალება დაავადება, რომელიც ბეჭის ძვლების უცნაური დგომით გამოიხატება: როდესაც ადამიანი ხელებს მაღლა სწევს, ბეჭის ძვლებთან დაკავშირებული კუნთების დისტროფიის გამო ძვლები ფრთებივით გამოიზნიქება ორივე მხარეს. ასეთი დისტროფია სტარტს უმეტესად გარდატეხის ასაკში იღებს.
. ოკულოპარინგეული ფორმა ქუთუთოების “ჩამოვარდნით” იჩენს თავს. კუნთების სისუსტე გამოხატულია თვალის, სახისა და ყელის არეში, ავადმყოფს უჭირს არა მარტო თვალების გახელა, არამედ ყლაპვაც, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს ფორმა
ძირითადად 40-50 წლის ასაკიდან იწყება.
რა ემუქრება კუნთებს
კუნთოვანი დისტროფიას მეტად მძიმე გართულებები ახასიათებს, თუმცა, იმავდროულად, სიმძიმის ხარისხი დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, დუშენის დაავადების დროს კუნთოვანი სისუსტე სწრაფად პროგრესირებს და თუ ადეკვატური მკურნალობა არ ჩატარდა, ავადმყოფი 40 წლის ასაკში კვდება.
კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა გულის კუნთის ფუნქციის მოშლაა. ასევე მძიმე გართულებად მიიჩნევა ყლაპვაში მონაწილე კუნთების დისფუნქცია, რომელსაც კვების დარღვევა მოჰყვება.
როგორც წესი, მიოდისტროფია ადამიანს ინვალიდად აქცევს. კუნთების ძლიერი მოდუნების გამო მარტო მოძრაობა კი არ იზღუდება, კონტრაქტურებიც ვითარდება, რაც სახსრის ერთ პოზიციაში “გაშეშებას” იწვევს. საბოლოოდ ავადმყოფი იძულებული ხდება, ინვალიდის ეტლი გამოიყენოს. დისტროფიის ყველაზე მსუბუქი და, იმავდროულად, ყველაზე გავრცელებული გართულება სკოლიოზია. მისი მკურნალობა აუცილებელია.
მიოტესტები
კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის დასმა რთული არ არის – გარეგნული ნიშნები ცხადზე უცხადეს სურათს იძლევა, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად რამდენიმე გამოკვლევას მაინც მიმართავენ:
. ენზიმური ტესტი. დაზიანებული კუნთები სისხლში კერატინკინაზას გამოყოფს. თუ კუნთი ვიზუალურად არ არის დაზიანებული, უნდა ვიფიქროთ, რომ სისხლის ამ ცვლილების მიზეზი კუნთოვანი დისტროფიაა.
. ელექტრომიოგრაფია. ამ დროს კუნთში მცირე ზომის ნემსი შეჰყავთ, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობაზეა მიერთებული. ელექტრონული იმპულსები იზომება როგორც მოდუნებულ, ისე შეკუმშულ კუნთზე.
. კუნთის ბიოფსია. კუნთის ქსოვილის შესწავლით ზუსტად ადგენენ, ცვლილებები დისტროფიის ბრალია თუ რომელიმე სხვა დაავადებისა.
. გენეტიკური ტესტირება. ამ გზით იშიფრება გენები, რომლებიც დაავადების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზისა და პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
რით გავაძლიეროთ კუნთები
მიოდისტროფია არ იკურნება. მკურნალობა უმთავრესად მდგომარეობის შემსუბუქებას და ინვალიდობის გადავადებას ისახავს მიზნად. ექიმი თითქმის ყოველთვის ნიშნავს მედიკამენტებს, უპირატესად – ჰორმონულს (პრედნიზოლონს), თუმცა
ამ ტიპის პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა ძვლების სისუსტე გამოიწვიოს და მოტეხილობათა რისკი გაზარდოს.
სამკურნალოდ უმეტესად იყენებენ:
. სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც ხელს უშლის კონტრაქტურების განვითარებას და სახსარს მოქნილობას უნარჩუნებს;
. ხელსაწყოებს, რომლებიც დასუსტებულ კუნთებს იჭერს და ამაგრებს. ეს შეიძლება იყოს კორსეტი, კარკასი ან ამ ტიპის სხვა მოწყობილობა, ასევე – ეტლი, ყავარჯნები;
. სუნთქვის რეგულატორს. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კუნთების მოდუნებით გამოწვეული ღამის აპნოეს (სუნთქვის გაძნელების) შემთხვევაში გამოიყენება.
სხვა პროცედურებიდან აღსანიშნავია სხვადასხვა სირთულის ოპერაციული ჩარევები, მაგალითად, კონტრაქტურის, სკოლიოზისა და გულის კუნთის მოდუნების დროს. უკანასკნელ შემთხვევაში კუნთში იდგმება ე.წ. პეისმეიკერი, რომელიც გულის რიტმის რეგულირებას უწყობს ხელს.
ზურგის კუნთების გასაჭირი
ტანადობის დარღვევისას წამყვანი ფაქტორია ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების სისუსტე, რომლის გამოსწორება იოლია და აუცილებელიც კი, რათა შემდეგ სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს.
ტანადობის დარღვევა და სკოლიოზი სხვადასხვა რამაა. ტანადობის დარღვევა დაავადების წინა პირობას წარმოადგენს, სკოლიოზური დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობაა – ამ დროს გამოხატულია შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯეროვნად არ არის განვითარებული.

სკოლიოზური დაავადების დროს, რომელიც დისპლაზიის ერთ-ერთი ფორმაა, ყალიბდება ტრიადა: ბრტყელი ტერფი, ხერხემლის სხვადასხვა ხარისხის გამრუდება და სისტოლური შუილი მიტრალურ სარქველზე.
სკოლიოზური დაავადება პ
როგრესირებს. გვხვდება ძლიერ აგრესიული ფორმებიც, რომელთა დროსაც სულ მოკლე ხანში, მაგალითად, ორიოდე თვეში, ხერხემლის გამრუდების პირველი ხარისხი შესაძლოა მეორეში გადაიზარდოს.
პათოლოგია განსაკუთრებით აქტიურდება გარდატეხის ასაკში, დაახლოებით 10-11 წლიდან. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იზრდება, კუნთოვანი სისტემის განვითარება კი ამ ტემპს ყოველთვის ვერ უწყობს ფეხს. განვითარების ასეთი ასინქრონულობა უპირატესად იმ ბავშვებშია გამოხატული, რომლებიც ცოტას მოძრაობენ, უმეტეს დროს წიგნთან, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებენ ან ბევრს მეცადინეობენ და სათამაშოდაც კი ვერ იცლიან. ამას ისიც ერთვის, რომ ბევრ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ. არამც და არამც არ შეიძლება, ტანადობის დარღვევაში მხოლოდ მერხს დავდოთ ბრალი, თუმცა მერხსა თუ საწერ მაგიდასთან სწორ პოზაში ჯდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოდი, აქვე შევთანხმდეთ: პირველ ხანებში პრობლემა იოლი მოსაგვარებელია, თუმცა ტანადობის დარღვევებისთვის გვერდის ავლის საუკეთესო გზა მაინც პროფილაქტიკაა.
პრობლემის მოგვარება სამეცადინო კუთხისა და საწოლის მოწესრიგებით უნდა დავიწყოთ. მოზარდის საწოლი, რომელშიც ბავშვი დაახლოებით 10 საათს ატარებს, ხმელი უნდა იყოს. ძალზე არასასურველია ზამბარებიან ლეიბზე ბავშვის დაწვენა. თუ საწოლი მაგარი არ არის, მასზე შეიძლება ფიცარი დავდოთ, ზემოდან კი 10 სმ სისქის ლეიბი დავაგოთ. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას, მით უმეტეს – თუ კიფოზისკენ არის მიდრეკილი. ჩავარდნილ საწოლში ხერხემალი დიდხანს იმყოფება
არასწორ მდგომარეობაში და მრუდდება. ბალიში, სასურველია, კარგად იყოს მორგებული სხეულს, მხრებიდან იწყებოდეს, კეფასა და ზურგის ნადრეკებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდეს და ბავშვს თავი ისე ედოს, რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი. თუ მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აწუხებს, უბალიშოდაც დაწვება, მაგრამ თუ ტანადობა აქვს დარღვეული, თავი უთუოდ კომფორტულად უნდა ედოს ბალიშზე.  ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის დროს წამყვანი მეთოდი სამკურნალო ტანვარჯიშია, რომლის წყალობითაც კუნთები სათანადოდ ვითარდება. შედეგიანია მასაჟიც, მაგრამ ის პასიური მეთოდი გახლავთ და მხოლოდ დამხმარე საშუალებად იყენებენ. გაითვალისწინეთ: 10 მასაჟი და 10 ვარჯიში ნამდვილად არ არის საკმარისი; კუნთი რომ განვითარდეს, ბავშვმა სამი თვე მაინც უნდა ივარჯიშოს, მასაჟი კი სასურველია 15-20-ჯერ ჩავუტაროთ. ზურგდამჭერის (კორსეტის) ტარებას არ გირჩევთ – მის იმედზე დარჩენილი კუნთები ზარმაცდებიან და განვითარებას წყვეტენ. კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად რომ ჩამოყალიბდეს, მოზარდმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს. ზურგდამჭერის ტარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ბავშვს ზურგის ტკივილი აწუხებს, პროგრესირებადი სკოლიოზი აქვს ან ხერხემალს მეტისმეტად დიდი დატვირთვა ადგება (მაგალითად, ბავშვი დიდხანს მეცადინეობს ფორტეპიანოზე). ამ შემთხვევაში ზურგდამჭერი შეიძლება 1-1,5 საათით გავუკეთოთ.  კარგია ცურვაც, მაგრამ იგი მოქნილობას უფრო ავითარებს, ამიტომ უმჯობესია, ჯერ კუნთები გავამაგროთ და მოქნილობის განვითარებაზე მერე ვიზრუნოთ. თუ ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, მოარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ზურგჩანთის ტარება აკრძალული არ არის, ოღონდ ბავშვს ის ზურგზე უნდა ეკიდოს და არა ცალ მხარზე.
კუნთებში ჩასახლებული მტერი
ტრიქინელოზი პარაზიტული დაავადებაა, თუმცა, ცოტა არ იყოს, უჩვეულო – მისი გამომწვევი, ნაცვლად იმისა, სადმე მუცლის ღრუში დაიდოს ბინა და, წესისამებრ, დიარეა-ღებინების შეტევებით იჩინოს თავი, კუნთებში მიძვრება და იქ სახლდება.
ტრიქინელას პროფილი
ტრიქინელა – აი, ასეთი ჟღერადი სახელი აქვს ჭიას, რომლის ლარვები კუნთებში იდებენ ბინას და საკმაოდ მძიმე დაავადებას იწვევენ. ამ პარაზიტით შეიძლება დათვმა, ტახმა ან ღორმა დაგვასაჩუქრონ, მათ კი უმეტესად მღრღნელები აავადებენ. ეს ცხოველები პარაზიტგამძლეობით გამოირჩევიან. ღორს, მაგალითად, დაკვლამდე არაფერი ეტყობა. ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ჯერ ქუთუთოები, მერე – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების აუტანელი ტკივილი, უწევს სიცხე. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობის, ეოზინოფილების, რიცხვი ამ დროს საგრძნობლად იმატებს: ნორმაში მათი წილი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ტრიქინელოზის დროს კი ზოგჯერ 30-70%-საც აღწევს. თავიდანვე შეიძლება იჩინოს თავი გართულებებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, განკურნება ძნელი არ არის, ნებაზე მიშვებული დაავადება კი ფატალურად მთავრდება.
ამრიგად, ტრიქინელოზის ნიშნებია:
. დისკომფორტი, ჭრის შეგრძნება მუცლის არეში;
. დიარეა;
. სახის შეშუპება, განსაკუთრებით – ქუთუთოების მიდამოში;
. ცხელება;
. კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით – სუნთქვის, ღეჭვისა და მსხვილი კუნთების დატვირთვისას;
. კუნთების სისუსტე.
ურთიერთობის სირთულეები

არის შემთხვევები, როდესაც ტრიქინელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროცესი ჩუმად ღრმავდება და როდესაც პარაზიტს აღმოაჩენენ, ავადმყოფი შესაძლოა ვეღარც კი გადაარჩინონ – უკვე დაზიანებული იყოს გული, ფილტვები ან თავის ტვინი.
ტრიქინელოზის გართულებებს შორის აღსანიშნავია:
. ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება);
. გულის უკმარისობა;
. არითმია და მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება);
. პნევმონია.
ვუტევთ პარაზიტს
და ამას პირველ რიგში მედიკამენტებით ვაკეთებთ! ტრიქინელოზის დროს ანტიპარაზიტული საშუალებები ინიშნება. აქვე გეტყვით, რომ არის შემთხვევები, როდესაც პროცესი თავისთავად გაივლის, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, თანაც გამოჯანმრთელებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. გართულებებისგან თავის დასაცავად წამლების მიღება მაინც რეკომენდებულია. ესენია: ანტიჰელმინთური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები და კორტიკოსტეროიდები, რომლებიც პარაზიტზე მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას ინიშნება.
ცვრიანი მწვადის საფასური
ადამიანს ასნებოვნებს ღორის ცუდად მოხარშული ან შემწვარი ხორცი. დამარილებისას, შებოლვისა თუ გაყინვისას პარაზიტი არ კვდება, ამიტომ ლორთანაც სიფრთხილეა საჭირო. თუმცა საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაედება – დიასახლისები, მოგეხსენებათ, ხშირად სინჯავენ ფარშს და ზოგჯერ მის გადაყლაპვასაც არ ერიდებიან. ეგ კი არა, ბავშვებს ჰემოგლობინის მოსამატებლად უმ ხორცს საგანგებოდ აჭმევენ. აი, ცვრიანი მწვადის მოყვარულებს კი მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის მოხმარებას ვურჩევდით.
გაითვალისწინეთ: პარაზიტი შესაძლოა მოკვდეს, თუ ხორცს 3-4 კვირის განმავლობაში ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე (საყინულეში) გააჩერებთ, თუმცა ამ მეთოდს ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად ეკიდება. პარაზიტებისგან ხორცის გაწმენდის საუკეთესო გზა თერმული დამუშავება ანუ მოხარშვა და შეწვაა. თუ ხორცი 66 გრადუსზე დამუშავდა, სასურველია ღუმლიდან გამოღების შემდეგ კიდევ 3 წუთი ,არ დაიჭრას, ხოლო თუ უფრო მაღალ ტემპერატურაზე, 70 გრადუსზე შეიწვა, მისი მირთმევა ღუმელის გამორთვისთანავე შეიძლება.
აქტიური კუნთები
კუნთოვანი სისტემისთვის საუკეთესო წამალი ფიზიკური აქტიურობაა. ამ დროს კუნთოვან ქსოვილს სისხლი სათანადო რაოდენობით მიეწოდება და სახსრებიც, კუნთებთან შეხმატკბილებულნი რომ მოძრაობენ, აღარ ზარმაცდებიან.
კუნთის გასავარჯიშებლად ზრუნვა, მიზანშეწონილია, ბავშვის დაბადებისთანავე დავიწყოთ. ამიტომაც არის, ექიმები ჩვილებს ვარჯიშებსა და გამაჯანსაღებელ მასაჟებს რომ უნიშნავენ. საამისოდ გამოცდილი მასაჟისტის დახმარება ყოველთვის არ დაგჭირდებათ – თუ მოინდომებთ, მარტივ ვარჯიშებსა და მასაჟს თავადაც აითვისებთ და გაუკეთებთ პაწიას, ჩვენ კი რამდენიმე რეკომენდაციით დაგეხმარებით.
ვარჯიშის დროს ჩვილი ზურგზე უნდა იწვეს, მხოლოდ პამპერსი ეცვას და ძალიან კარგ განწყობაზე იყოს. სასურველია, თითოეული ვარჯიში 10-ჯერ მაინც გაიმეოროთ. იმოძრავეთ ფრთხილად. თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, სთხოვეთ მასაჟისტს ან პედიატრს, ვარჯიშები პირველად თვითონ შეგასრულებინონ.
1. დაუდექით პატარას თავთან, უკანა მხრიდან. ხელები იდაყვებზე მოჰკიდეთ, ააწევინეთ და დააშვებინეთ.
2. ხელები წრიულად აბრუნებინეთ მხრის სახსარში ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
3. ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინებინეთ, ისე, რომ მარცხენა იდაყვი ზემოდან აღმოჩნდეს. ხელები გააშლევინეთ და ისევ გადააჯვარედინებინეთ, ოღონდ ამჯერად მარჯვენა აღმოჩნდეს ზემოთ.
4. ამჯერად პატარას ფეხთით დაუდექით. მარცხენა ხელით მარცხენა წვივი დაუკავეთ, მარჯვენა ხელი კი ტერფში მოჰკიდეთ და კოჭ-წვივის სახსარში წრიულად აბრუნებინეთ ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მხარეს. შემდეგ იგივე გააკეთებინეთ მეორე ფეხით.
5. მარცხენა მუხლი ისე დაუკავეთ, რომ ფეხი ვერ მოხაროს, მეორე ხელი კი მარჯვენა წვივში მოჰკიდეთ და ფეხი მუხლში მოახრევინეთ. შემდეგ, პირიქით, მარჯვენა დაუკავეთ და მარცხენა მოახრევინეთ.
მასაჟი აუმჯობესებს კანის ტურგორს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებს ჩონჩხის კუნთოვან სისტემას, ხელს უწყობს მეტეორიზმის დროს აირებისგან ნაწლავთა გათავისუფლებას, აუმჯობესებს ძილს და დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროზე. რაც მთავარია, მასაჟი მეტად სასარგებლოა ნაკლებად მოძრავი, დუნე კუნთოვანი სისტემის მქონე ჩვილებისთვის, ასევე – დაავადების შემდგომ პერიოდში, ფიზიკური განვითარების მსუბუქი დარღვევისას.
ვზრდით დატვირთვას
რაც უფრო იზრდება ბავშვი, კუნთების მოსაძლიერებელი ვარჯიშებიც მეტად რთულდება. 7-9 თვის ასაკში პატარა დგომისა და სიარულისთვის უნდა მოვამზადოთ, ამიტომ ყურადღება უმთავრესად ქვედა კიდურების კუნთებზე უნდა გადავიტანოთ. უნდა ვიზრუნოთ მუხლის სახსრების გამაგრებაზეც. ნურც ხერხემალს დავივიწყებთ – ბავშვი ხომ უკვე მთელი დღეა ზის, ამიტომ ზურგის კუნთების გამაგრებაც საჭიროა.
დავიწყოთ მუცლის პრესის გავარჯიშებით.
1. ბავშვი ზურგზე დააწვინეთ, თქვენ კი მარჯვენა მხარეს, ფეხთით დაუდექით. ხელები მაჯებში მოჰკიდეთ და ნელ-ნელა ნახევრად წამოსვით. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, თქვენ ფეხთით უდგახართ. ორივე ტერფი ერთად დაიჭირეთ და ფეხები მუხლებში გაამართვინეთ. შემოახაზვინეთ ჰაერში ხუთი წრე ჯერ საათის ისრის, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით.
3. საწყისი მდგომარეობა იგივეა. ორივე ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მაქსიმალურად მოახრევინეთ და ორივე ერთად ასევე მაქსიმალურად გადააწევინეთ გვერდზე. ამ დროს ფეხის კუნთებთან ერთად ზურგის გვერდითი კუნთებიც ვარჯიშდება. გაიმეორეთ 5-ჯერ ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს.
4. საწყისი მდგომარეობა – იგივე. მოჰკიდეთ ხელი მარჯვენა მაჯაზე და მარცხენა კოჭზე და გადააბრუნეთ მარჯვნივ. ასეთ ვარჯიშებს რეფლექსურს ვუწოდებთ. ისინი კოორდინაციას ხვეწენ და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასაც უწყობენ ხელს. გაიმეორეთ 5-ჯერ. შემდეგ ხელი მარცხენა მაჯასა და მარჯვენა კოჭზე მოჰკიდეთ და მარცხენა მხარესაც 5-ჯერ გადააბრუნეთ.
უფრო მეტი
ერთი წლის შემდეგ პასიური დატვირთვა თანდათან აქტიურით უნდა შეიცვალოს. ამ ასაკში ჩვენი მიზანია, მივაჩვიოთ პატარა ფიზიკური კულტურის ელემენტებს, დავეხმაროთ მოძრაობების დახვეწაში. ისევე როგორც ნებისმიერ ასაკში, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხერხემალს – ჯდომა და სიარული მას საკმაოდ ტვირთავს, ამიტომ ზურგის კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა ნაადრევი არასოდეს არის. გარდა ზურგის კუნთებისა, კომპლექსში კისრისა და მენჯ-ბარძაყის კუნთების განმავითარებელი ვარჯიშებიც ჩავრთეთ.
1. სთხოვეთ (და აჩვენეთ), დაწვეს ზურგზე, წამოსწიოს თავი, დაჭიმოს და ტანისკენ მოზიდოს მტევნები და ტერფები, ბეჭები კი იატაკს არ მოაცილოს. გაჩერდეს ამ პოზაში 5 თვლაზე. გაიმეოროს 5-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, ბეჭები და თავი იატაკზე უდევს. სთხოვეთ, დაჭიმოს ორივე ფეხი. მარჯვენა იატაკს არ ააცილოს, მარცხენა კი მუხლში მოუხრელად ასწიოს რაც შეიძლება მაღლა ისე, რომ სხეულის მიმართ მართი კუთხე შექმნას. გაიმეოროს 5-5-ჯერ როგორც ერთი, ისე მეორე ფეხით.
3. საწყისი მდგომარეობა იგივეა. სთხოვეთ, ასწიოს იდაყვსა და მუხლში გამართული ორივე ხელი და ფეხი. გააჩეროს 20 თვლამდე.
გართულებული ვარიანტია ამ ხნის განმავლობაში ხელებისა და ფეხების ვიბრაცია.
4. ამჯერად მარჯვენა გვერდზე დაწოლა სთხოვეთ. მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდოს, მარცხენით კი მუცელთან იატაკს დაეყრდნოს. ორივე ფეხი მაქსიმალურად დაჭიმოს მუხლში. თვლაზე “ერთი” რაც შეიძლება მაღლა აიქნიოს მარცხენა ფეხი, თვლაზე “ორი” – დაუშვას. გაიმეოროს 5-ჯერ. შემდეგ გადაბრუნდეს მეორე მხარეს და გაიმეოროს იგივე მარჯვენა ფეხით.
მოდუნებული კუნთებისთვის
სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ვერც მხოლოდ მასაჟი, ვერც მხოლოდ ვარჯიში შედეგს ვერ გამოიღებს. მასაჟის საშუალებით ზედმეტად გააქტიურებულ კუნთებს ვადუნებთ, ხოლო მოდუნებული, პირიქით, ტონუსში მოგვყავს. სწორად შერჩეული ვარჯიში კი კუნთებს ავითარებს. საუკეთესო შედეგს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროგრამით ვაღწევთ.
თუ ადამიანს სკოლიოზი აქვს, სასურველ შედეგს მხოლოდ სწორად შერჩეული თერაპიით თუ მიაღწევს. შეუსაბამო ვარჯიშებმა შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ. ეს სპორტის ფაქტობრივად ერთადერთი სახეობაა, სადაც ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურად მუშაობს, სახსრები და ხერხემალი კი პრაქტიკულად არ იტვირთება.
I-II ხარისხის სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის დროს რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიშები:
1. დაწექით ზურგზე
, ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ გაჭიმეთ. ჩაისუნთქეთ და ნელა და ერთდროულად წამოსწიეთ თავი, მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები და ასევე ნელა და ერთდროულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 15-20-ჯერ.
2. დაწექით ზურგზე და ხელები თავქვეშ ამოიდეთ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი” კვლავ გაშალეთ და ნელა დაუშვით. გაიმეორეთ 8-10-ჯერ
3. “ველოსიპედი”: დაწექით ზურგზე, ფეხები ასწიეთ და ერთი მათგანი მუხლში მოხარეთ. ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეთ. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.
უეცარი და მოულოდნელი
სწორედ ასეთია კუნთის შეკუმშვა, რომელსაც მედიცინაში კრამპს უწოდებენ.
ასეთი რამ უმეტესად წვივის კუნთებს ახასიათებს და, როგორც წესი, ძლიერ დისკომფორტს, მწვავე ტკივილს იწვევს.
კუნთების მოულოდნელი შეკუმშვის მიზეზი მეტწილად უცნობია, თუმცა სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც შესაძლოა კრამპს იწვევდეს. ესენია:
. კუნთის სისხლით არაადეკვატური მომარაგება. როდესაც კუნთოვანი ქსოვილის არტერიების სანათური დავიწროებულია (უმეტესად – ათეროსკლეროზის გამო), შესაძლოა, კუნთი უეცრად შეიკუმშოს. ასეთი რამ უმეტესად ფიზიკური დატვირთვისას ხდება, ხოლო დატვირთვის შეწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ თავისთავად გაივლის.
. ნერვის კომპრესია. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ხერხემლიდან გამომავალი ნერვი უხერხულად მოჰყვება მალებს შორის. დისკომფორტი განსაკუთრებით ძლიერია, თუ ქვედა კიდურებისკენ მიმავალი ნერვი დაზიანდა. ასეთ დროს ადამიანს შვებას ჰგვრის ისეთი პოზიცია, რომელიც ნერვზე ზეწოლას შეამცირებს – ფეხის ოდნავ აწევა, გვერდზე განზიდვა და სხვა.
. მინერალური ბალანსის დარღვევა. როდესაც ორგანიზმი კარგავს მინერალურ ნივთიერებებს, მაგალითად, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს, კუნთები კრამპით პასუხობენ. დისბალანსი შესაძლოა გამოიწვიოს ამ მინერალებით ღარიბმა დიეტამ ან დიურეტიკებმა (შარდმდენებმა), რომლებიც ამ ნივთიერებათა გამორეცხვას იწვევს.
რა ზრდის რისკს?
. ასაკი. მისი მატების კვალდაკვალ კუნთოვანი მასა მცირდება და დატვირთვისადმი ნაკლებად გამძლე ხდება.
. დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება. ასე უმეტესად სპორტსმენებს ემართებათ, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ და ხშირად იღებენ სითბურ დაკვრას.
. ორსულობა. გაურკვეველია, რატომ, მაგრამ ფაქტია – კუნთების კრამპი ხშირია ორსულობის დროს.
. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის – დიაბეტი, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები.
დავეხმაროთ კუნთს
კრამპის მოსახსნელად სასწრაფო დახმარების გამოძახება არ არის საჭირო, “მთრთოლვარე” კუნთს თავადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ. ამისთვის:
. გაჭიმეთ კუნთი და ხელით მსუბუქად დაიზილეთ. თუ კრამპი წვივის არეშია ლოკალიზებული და სხვაგან არ ვრცელდება, შეტევის დროს მთელი წონა კრამპიან ფეხზე გადაიტანეთ, მუხლი ოდნავ მოხარეთ. თუ კუნთი წვივის უკანა მხარეს შეიკუმშა, ეცადეთ, ფეხის წვერი ასწიოთ (ისე, რომ ფეხი მაქსიმალურად იყოს გაჭიმული), ხოლო თუ წინა მხარეს – ქუსლი.  
. უეცრად შეკუმშულ კუნთზე დაიდეთ ყინული ან თბილი ნაჭერი. კრამპირებულ კუნთს უფრო სითბო უხდება: მიიღეთ თბილი აბაზანა ან შეუშვირეთ წყლის თბილ ჭავლს მტკივანი ფეხი.
კრამპი თავიდან რომ აიცილოთ, ერიდეთ გაუწყლოებას. უხვად სვით წყალი, განსაკუთრებით – სიცხეში. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მისაღები სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ფიზიკური აქტიურობის დონეზე, სქესსა და მედიკამენტებზეც. თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, გირჩევთ, ვარჯიშის დროს მცირე ყლუპებით სვათ წყალი. სითხის მიღება არც ვარჯიშის შემდეგ გაწყენთ.
ასევე შეეცადეთ, ხშირად გაავარჯიშოთ, უფრო სწორად, გაჭიმოთ კუნთი. თუ კუნთოვანი კრამპი ღამღამობით გაწუხებთ, დაწოლამდე კუნთების დაჭიმვა მით უმეტეს არ გაწყენთ. ძალიან კარგია ძილის წინ ველოსიპედით გავლა-გამოვლა, თუნდაც სტატიკურ ტრენაჟორზე ვარჯიში, რაც შინიდან გაუსვლელად დაგეხმარებათ კრამპთან ბრძოლაში.

მოკლედ | ვრცლად


გაჭედილი ნესტოები

  რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ნებისმიერ ასაკში ზედა სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა ინფექციური დაავადების (გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა, დიფტერია, ქუნთრუშა) ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს. ბავშვებს რინიტის ფონზე ადვილად ემართებათ სინუსიტი, რაც გახანგრძლივებული სურდოს მიზეზად იქცევა.
გვესაუბრება ”ავერსის კლინიკის” ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი თამილა შაიაშვილი.

— ქალბატონო თამილა, მართებულია თუ არა წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ სურდო ერთ კვირაში თავისთავად გაივლის?
— სურდო ბავშვებსა თუ მოზრდილებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ წარმოდგენა, რომ იგი თავისთავად გაივლის, არცთუ ისე მართებულია, მით უმეტეს, თუ პაციენტი მცირე ასაკის ბავშვია, რომელსაც ლორწოვანის ოდნავი შეშუპების შემთხვევაშიც კი ცხვირი ეჭედება და სუნთქვა უჭირს. ცხვირით სუნთქვის დარღვევისას ბავშვი წუხს, ერღვევა ძილი.
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ბავშვებში განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება მიმდებარე სტრუქტურებზე და გადაიზრდება სინუსიტში, ოტიტში (შუა ყურის ანთებაში), ტრაქეიტში, ბრონქიტში და ზოგჯერ პნევმონიაშიც კი. გართულების, ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში დაავადება საგრძნობ გავლენას ახდენს ბავშვების ფიზიკურ აქტივობაზე, მათ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე. უფრო მოზრდილ ბავშვებში ინფექციების პარალელურად ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტიც, რომლის ფონზე ადვილად იმატებს ბრონქების რეაქტიულობა და ბრონქული ასთმის განვითარების რისკი.
ყოველივე ამასთან ერთად რინიტი ფინანსურადაც ანგარიშგასაწევი დაავადებაა, მაგალითად, აშშ-ში სხვადასხვა ფორმის რინიტით გამოწვეული ხარჯი ყოველწლიურად ორ მილიარდ დოლარს აღწევს.
— რა იწვევს რინიტს?
— რინიტი სამი ტიპისაა: არაალერგიული, ინფექციური და ალერგიული.
არაალერგიული რინიტის ეტიოლოგია მულტიფაქტორულია. ის შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტმა (ალფა-ადრენერგულმა ბლოკატორებმა, დეკონგესტანტებმა, კოკაინმა, ასპირინმა, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულმა საშუალებებმა), საკვებმა (ალკოჰოლმა, სუნელებმა, წიწაკამ), ჰორმონულმა ცვლილებებმა (ორსულობამ, პუბერტატულმა პერიოდმა, ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ, ჰიპოთირეოზმა, აკრომეგალიამ), სტრუქტურულმა პათოლოგიამ (ცხვირის ძგიდის გამრუდებამ) და სხვა.
ინფექციური რინიტი უმეტესად ვირუსებით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათად გვხვდება ბაქტერიული, სოკოვანი და პროტოზოული წარმოშობის რინიტები. ინფექციური რინიტი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს ალერგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინფექცია ალერგენის ზემოქმედების პერიოდს დაემთხვა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინფექციურ-ალერგიული ფორმის რინიტთან, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
ალერგიული რინიტი ცხვირის სიმპტომური დაზიანებაა, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანზე ალერგენის ზემოქმედებით და განპირობებულია IგE-გაშუალებული ანთებითი რეაქციით. ის ხშირად ასოცირებულია თვალისმხრივ სიმპტომებთან. ალერგენებად გვევლინება შენობის შიდა (ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველთა ბეწვი, ობის სოკოები, მწერები, მათ შორის — ტარაკნები და სხვა) და შენობის გარე (ძირითადად მცენარის მტვრის და სოკოვანი) ალერგენები.
აქვე აღვნიშნავ, რომ ალერგიულ რინიტს, გარდა უხვი, წყლისებური სურდოსი, ახასიათებს ცხვირისა და სასის ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა და/ან ქავილი, კონიუნქტივიტი. ეს სიმპტომები გრძელდება ორ დღეს ან მეტხანს, უმეტესად — საათზე მეტი ხნის განმავლობაში. რინიტის ფონზე ბავშვებს, როგორც გითხარით, ხშირად უვითარდებათ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება — სინუსიტი, ანუ რინოსინუსიტი. იმისდა მიხედვით, რომელი წიაღია ჩართული პროცესში, განასხვავებენ ფრონტიტს, ჰაიმორიტს, ეთმოიდიტს, სფენოიდიტს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირია ჰაიმორო-ეთმოიდიტი — ჰაიმორის (მდებარეობს ზედა ყბის ძვალში) და ეთმოიდური (მდებარეობს ცხავის ძვალში, კერძოდ, ცხავის ძვლის ლაბირინთის წინა და უკანა უჯრედების სიღრმეში) წიაღების ანთება. მწვავე ბაქტერიულ რინოსინუსიტს წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, რომელიც, სტატისტიკური მონაცემებით, სინუსიტით ასიდან 5 შემთხვევაში რთულდება.
— რისი ბრალია რინიტის სინუსიტით გართულება?
— რინოსინუსიტს იწვევს ცხვირის დანამატი წიაღებიდან ცხვირის ღრუში გამომავალი ბუნებრივი ხვრელის ობსტრუქცია და ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის დარღვევა. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება, იყოს ცხვირის წარმონაქმნების ანატომიური ვარიაბელურობა, ცხვირ-ხახის ადენოიდები (ადენოიდები ლიმფოიდური ქსოვილია, რომლის განვითარება ერთი წლის ასაკიდან იწყება. ის ფარდასავით ეშვება ცხვირ-ხახაში და გარდატეხის ასაკში ინვოლუციას განიცდის. ნიჟარების ჰიპერტროფია), ცხვირის ძგიდის გამრუდება, უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება, ასევე — ყველა ის დაავადება, რომელიც კი ცხვირით სუნთქვის დარღვევას იწვევს, მათ შორის — გაციება, სურდო, გრიპი. როგორც ფილტვებში მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი, ასევეა
აუცილებელი, წიაღებშიც ხდებოდეს ჰაერის სრულყოფილი ცირკულაცია. თუ გზა დაიხშო, უნდა მოხდეს წარმოქმნილი სითხის ევაკუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვავე ანთება ქრონიკულში გადაიზრდება. ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ხშირი გაციება, ინფექციები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – არასწორი მკურნალობა.
სინუსიტი ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც და მოიცავდეს როგორც ერთ, ისე ყველა წიაღს. ბავშვებში, წესისამებრ, ერთდროულად რამდენიმე სინუსის ანთება (პანსინუსიტი) ვითარდება, მონოსინუსიტი (ერთი წიაღის ანთება) ძალზე იშვიათია.
— როგორ ამოვიცნოთ სინუსიტები?
— ბავშვებში სინუსიტების ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ცხვირის გაჭედვა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება. გამონადენი ჩირქოვანია; შესაძლოა ამას დაერთოს ხველაც. ავადმყოფობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ბავშვი უმადოდაა, სისხლის საერთო ანალიზი ანთების ნიშნებს ავლენს.
ქრონიკული რინოსინუსიტისთვის დამახასიათებელია სახის ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება ინფიცირებული წიაღის მიდამოში, ტკივილის გადაცემა, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცალი ან ორივე ნესტოდან. ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის ცხელება, ხანგრძლივი ხველა, რინიტი, ყნოსვის გაუარესება. თუმცა ამ ნიშნების არარსებობა დაავადებას არ გამორიცხავს, რადგან არის შემთხვევები, როცა რინოსინუსიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს — სწორედ ამიტომ გვიანდება მკურნალობა.
— ახასიათებს თუ არა რინოსინუსიტებს სეზონურობა?
— ზამთარში და გაზაფხულზე სინუსიტები საგრძნობლად ხშირდება. თუ რუსეთსა და კანადაში დაავადების სიხშირეს მხოლოდ სიცივე განაპირობებს, საქართველოში ამას ანატომიური მიზეზებიც ემატება. დიდ როლს ასრულებს გარემოს დაბინძურებაც.
ცხვირს აქვს ზედა, შუა და ქვედა ნიჟარები. საჭიროების შემთხვევაში მათი ამომფენი გარსი უნდა გაფუვდეს და არ გაატაროს ცივი ჰაერი, ან, პირიქით, მოხდეს სასუნთქი გზების უფრო ძლიერი აირაცია. სწორედ ეს მოტორიკა ირღვევა გარემოს დაბინძურების გამო. დაავადების განვითარებაში ბრალი მიუძღის ალერგიასაც.
საქართველოში ძალიან ხშირად იყენებენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ წვეთებს, რომელთა მოხმარებაც შვიდ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლძარღვთა მოტორიკა დაირღვევა, რაც დაავადების გამწვავებას გამოიწვევს.
— როგორ ადგენენ სინუსიტს?
— ხშირად, განსაკუთრებით — ჩირქოვანი სინუსიტების შემთხვევაში, საკმარისია ცხვირში ჩახედვა (რინოსკოპია) და ავადმყოფის მცირე ანამნეზის მოსმენა, რომ სინუსიტის დიაგნოზი დაისვას. მისი ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ ავადმყოფები უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ჩვეულებრივი ცხვირის წვეთების უეფექტობას. საჭიროების შემთხვევაში სინუსიტის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, ტარდება ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია, რომელიც სხვა გამოკვლევებზე გაცილებით იაფია. თუ ეჭვი მაინც დარჩა, კომპიუტერულ ტომოგრაფიას მივმართავთ.
თუ მკურნალობის ერთმა კურსმა შედეგი არ გამოიღო, ტარდება ცხვირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მგრძნობელობაზე.
— სადამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვი ქრონიკულმა სურდომ?

— თუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება დიდხანს (რამდენიმე თვეს ან წელიწადს) გაგრძელდა, მოზარდ ორგანიზმს შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს. კერძოდ, ფერხდება:
•    სახისა და გულმკერდის ფორმირება;
•    ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება;
•    სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობა;
•    ზოგადი ფიზიკური განვითარება.
ბავშვი ადვილად იღლება, ერღვევა ძილი, უუარესდება მეხსიერება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, სწავლაში ჩამორჩება. გარდა ამისა, იზრდება ალერგიული დაავადებების განვითარების რისკი, მწვავდება თირკმელების, ბრონქების ქრონიკული დაავადებები. ჩვილს სურდოს დროს მშობელი უსუფთავებს ცხვირს, მოზრდილებს კი საჭიროა ვასწავლოთ ცხვირის სწორად მოწმენდა, უმჯობესია წყლის ქვეშ, ცხვირის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოზე თითის მიჭერით.
სურდოს ერთ-ერთი გართულება ოტიტია. შუა ყურზე ანთებითი პროცესის გადასვლა ჩვილის ორგანიზმის ანატომიური თავისებურებით აიხსნება: წლამდე ასაკის ბავშვებს სასმენი მილი მოკლე და განიერი აქვთ; მუდმივად მწოლიარე მდგომარეობა, დახველებისა და ცხვირის მოწმენდის ჩვევის უქონლობა ხელს უწყობს გამონადენის ცხვირის ღრუდან ყურში გადასვლას და ანთების განვითარებას. თავდაპირველად აღმოცენდება ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება, ბავშვი წრიალებს, თავს აქნევს, ტირის, აღგზნებულია, უარს ამბობს ჭამაზე, აღებინებს. ამ ნიშნების შემჩნევისთანავე ბავშვი ყელ-ყურის სპეციალისტს აჩვენეთ. უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა დაფის აპკი გასკდეს (ამაზე ჩირქოვანი გამონადენი მიგვანიშნებს). ამ დროს სპეციალისტის ჩარევა გარდაუვალია, თანაც მკურნალობა სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს.
— რა გართულება შეიძლება მოჰყვეს რინოსინუსიტებს?
— სინუსიტის გართულება მრავალგვარია. ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის შემთხვევაში ყველაზე ხშირად გვხვდება ორბიტალური (თვალბუდის ირგვლივი) გართულება, რომელიც გამოიხატება თვალის წინ წამოწევით, თვალბუდისა და ლოყის მიდამოს შეშუპებით, ძლიერი ტკივილით და სხვა. ასევე ხშირია ქალასშიდა გართულებები: აბსცესი, მენინგიტი, მაგისტრალური ვენების თრომბოზი და სხვა. ბავშვებში ქალასშიდა გართულებებიდან ორბიტალური აბსცესები გხვდება.
— როგორ მკურნალობენ სურდოს მწვავე და ქრონიკულ ფორმებს?
— რინიტის განკურნებისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია თავისუფალი სუნთქვა, პატარებს თვითონ არ შეუძლიათ ლორწოსაგან ცხვირის გათავისუფლება, ამიტომ მათ რეგულარულად უნდა უსუფთაოთ ცხვირი. სუნთქვის შესამსუბუქებლად შეიძლება სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენება, თუმცა მკაცრად განსაზღვრული დოზირებით და ხანგრძლივობით — 5-7 დღე. ამაზე მეტხანს გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ცხვირის ნიჟარების შეუქცევადი ჰიპერტროფია. ნიჟარების შეფუების გამო ცხვირის შუა სავალებიდან სადაც დანამატი ღრუების ხვრელი იხსნება ლორწოს ევაკუაცია ძნელდება, დრენაჟის შეფერხება კი ანთებით პროცესებს იწვევს. ცხვირის ქვემო ნიჟარების ჰიპერტროფიის შემთხვევაში გარდაუვალია ოპერაცია — ნიჟარების დეზინტეგრაცია, უკიდურეს შემთხვევაში — კონხოტომია.
მსუბუქი სინუსიტის შემთხვევაში საკმარისია ფიზიოთერაპია, სინუსების გამორეცხვა და ადგილობრივი პრეპარატების გამოყენება, ხოლო შედარებით რთულად მიმდინარე და ქრონიკული ფორმების დროს აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვაც. ცხვირის ღრუს სანაციისათვის უსაფრთხოა და შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი ან ზღვის სტერილური ხსნარის წვეთები და აეროზოლები.
მარი აშუღაშვილი
სამახსოვრო:
დაუკავშირდით ექიმს, თუ:
. გაციება ათ დღეზე მეტია გრძელდება და გაუმჯობესება არ შეინიშნება;
. შვიდი დღის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა;
. ალერგიის სიმპტომები ჩვეულებრივი ანტიალერგიული მკურნალობის შედეგად არ ლაგდება;
. შეინიშნება ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება სახის მიდამოში, მოიმატა ტემპერატურამ.
მარტივი რჩევები სინუსიტის პრევენციისთვის
სინუსიტის განვითარების რისკს ამცირებს:
. ჰაერის დატენიანება, განსაკუთრებით — ზამთარში, როდესაც გამათბობლები სახლში ჰაერს აშრობს. ამისთვის შეგიძლიათ გამათბობელთან დადგათ წყლით სავსე ფართო ჭურჭელი ან სველი ნაჭერი დაკიდოთ. ჰაერის ტენიანობა 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
. ხელების ხშირი ბანა — მართალია, სინუსიტი თავისთავად არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ ის ხშირად ჩვეულებრივი სურდოს გართულებაა. რომ არ გავრცელდეს, ავადმყოფმა რაც შეიძლება ხშირად უნდა იბანოს ხელები.
. იმუნიტეტის გაძლიერება. ეცადეთ, ბავშვს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები მისცეთ.

მოკლედ | ვრცლად

                                                    როგორ დავიამოთ ტკივილი

  ტკივილის გასაყუჩებლად ზოგჯერ ერთი აბიც კმარა, ზოგჯერ კი რამდენიმესაათიანი ოპერაციაა საჭირო. მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ საშუალებებს, ტკივილს რომ გვავიწყებს...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                              ჭარბი ოფლიანობა

  ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის ძალზე საჭირო პროცესია და თერმორეგულაციის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, არამც და არამც არ შეიძლება, გადახურებული ორგანიზმიდან ოფლი არ წამოვიდეს, რადგან კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლების შედეგად ორგანიზმი გრილდება. თუ ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშე, ცხადია, ოფლად გაიღვრები, მაგრამ თუ სარწეველა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულს სხეული დაგეცვარა, ის დროა, წამოხტე და ექიმთან გაიქცე...

                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                 როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს

  ჩვენი ცხოვრებიდან ტკივილის გაქრობა ლოცვა კი არა, წყევლა იქნებოდა. შეგახსენებთ: ბუნებამ ეს უმნიშვნელოვანესი ფენომენი ჩვენსავე გადასარჩენად გვიბოძა...


                                                              უფრო ვრცლად »»»


 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად