“ჯანმრთელი სიცოცხლე” – ასე ერქვა თავდაპირველად ჟურნალს, რომელსაც ამჟამად უფრო “ავერსის” სახელწოდებით იცნობს მკითხველი.
    ჟურნალის პირველი ნომერი 2004 წლის მაისიდან გამოდის. იგი ყოველთვიურად აცნობს ქართველ მკითხველს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. აქვეა რჩევები ორსულებისთვის, მშობლებისთვის, თუ როგორ მოუარონ პაწიას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, როგორ მოიქცნენ, როდესაც ბავშვი ავადაა და ა.შ.
    გარდა სამედიცინო შინაარსის მასალებისა, “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” ყოველ  ნომერში მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესახებ, წაიკითხოს ინტერვიუები გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან  და ა.შ.
    “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლე” პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მკითხველს ორიგინალურ სიახლეს სთავაზობს. ეს არის ჟურნალი ჟურნალში, რომელიც ჩანართის “ქალის კუთხის” სახით გახლავთ წარმოდგენილი. ჟურნალის ჩანართი უშუალოდ ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი, საიდანაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამოიკითხონ რჩევები დიეტის, კულინარიის, ვარჯიშის და სხვათა შესახებ.
    ჟურნალ “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” მთავარი დანიშნულება საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. ცნობილია, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ფიტნესისა და დიეტის, აგრეთვე ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევებს ნეგატიური ზეგავლენის შესახებ. მიუხედავად ამისა, დაავადებათა რიცხვი, რომელთა თავიდან აცილება ჯეროვანი პრევენციული ზომების მიღების პირობებშიც შესაძლებელია, დღითი-დღე იზრდება.
    ამიტომაც “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” მიზნად საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, მოსახლეობაში კი იმ უნარ-ჩვევების ფორმირება იქცა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დაიცვან თავი სხვადასხა დაავადებებისგან და რაც მთავარია – იცხოვრონ ხანგრძლივად და ჯანმრთელად.
    ჟურნალის რედაქცია დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული კადრებით. სწორედ მათი დამსახურება გახლავთ ის ფაქტი, რომ “ავერსი – ჯანმრთელმა სიცოცხლემ” შეძლო თავი გამოეჩინა და სხვადასხვა მედია-კონკურსში გაემარჯვა. კერძოდ: “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 2006 წლის მარტში World Vision International-ის მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა და სერთიფიკატით დაჯილდოვდა საუკეთესო პუბლიკაციისთვის თემაზე “საქართველოში აივ და შიდსი მეძუძურ დედებსა და ორსულ ქალებში”; 2006 წლის დეკემბერში აგრეთვე ძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მედია-კონკურსში გამარჯვებისთვის რედაქციის თანამშრომელს მიენიჭა სიგელი.
   ჟურნალ “ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლის” თანამშრომლები პერიოდულად ესწრებიან სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გამართულ სწავლება-სემინარებსა და ტრენინგებს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად