გახდით ავერსულად
ჟურნალ “ავერსისა” და “ავერსის კლინიკის” ერთობლივი პროექტი

თუ სიმსუქნის მსოფლიო ეპიდემიამ თქვენს კარზეც მოაკაკუნა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდით ან თითქოსდა საფუძვლიანად  ჩამოფერთხილი კილოგრამები უკანვე დაგიბრუნდათ, გთავაზობთ, ერთხელ კიდევ სცადოთ.
ექიმები აღიარებენ, რომ ნორმალური წონის შენარჩუნება მრავალ ქრონიკულ დაავადებას გვაცილებს თავიდან. სიმსუქნე კი ქრონიკული დაავადებაა და მისი დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით შეიძლება. ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინოდ რომ დაგანახოთ, ჟურნალი “ავერსი - ჯანმრთელი სიცოცხლე” და “ავერსის კლინიკა” ერთობლივ პროექტს იწყებენ. ახალი წლიდან ჟურნალის სამ მკითხველს საშუალება მიეცემა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევა “ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში უფასოდ გაიაროს, მერე კი მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ივარჯიშოს კლინიკის რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახურში.
პროექტში მონაწილეობის პირობებს, ისევე როგორც მონაწილის კითხვარს, ჟურნალის ახალ, ოქტომბრის (№9(71)) ნომერში იხილავთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეავსოს იგი და ჩააგდოს “ავერსის” აფთიაქში მოთავსებულ საფოსტო ყუთში 10 ნოემბრამდე ან მიიტანოს ჟურნალის რედაქციაში მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 148/2, - 20 ნოემბრამდე.
ვინაიდან პროექტის მონაწილეებს “ავერსის კლინიკაში” კვირაში რამდენჯერმე მოუწევთ სიარული, ამიტომ პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დედაქალაქში ცხოვრობს ან მთელი წლის განმავლობაში აქ ცხოვრების საშუალება აქვს.
“ავერსის” აფთიაქებში - 10 ნოემბრის, რედაქციაში კი 20 ნოემბრის შემდეგ შემოსული ანკეტები აღარ განიხილება.


ჩვენი გამარჯვებულები

თამარ ხუჯაძე, 35 წლის, "ენერგოპრო ჯორჯიას" კადრების განყოფილების ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი. ამჟამად 152 კილოგრამს იწონის.  რამდენიმე წლის წინ ელენე გიორგაძის დახმარებით 53 კგ მოიკლო, მერე კი ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა და ჰორმონული პრეპარატების მიღება დასჭირდა და ისევ მოიმატა. წონის კორექცია, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის სურს, მერე კი _ მოხდენილობის დასაბრუნებლად. მიზნის მიღწევის შემდეგ შედეგის შენარჩუნებას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით აპირებს.

ირმა გაგნიძე 42 წლის ბიოლოგია და საბავშვო ბაღში მუშაობს. ამჟამად 133 კგ-ს იწონის. წონასთან ბრძოლა ადრეც  უცდია, თუმცა მხოლოდ ხანმოკლე წარმატებებით. დამნაშავე, მისივე აზრით, არასწორი დიეტებია. წონის დაკლება ძალიან უნდა, მით უმეტეს, რომ დედას შაქრიანი დიაბეტი აქვს.

მესამე მონაწილეს კი დიდი ხანია ვიცნობთ. ის ერთადერთია რედაქციაში სმი-ს ნორმაზე ბევრად აღმატებული მაჩვენებლით _ იგი 38 წლისაა და 109 კგ-ს იწონის, ამიტომ, როცა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, აქტიურად დავუჭირეთ მხარი. ასე რომ, ცხოვრების გაჯანსაღებაზე ზრუნვას იანვრიდან ჩვენს ორ მკითხველთან ერთად ჩვენი დიზაინერი ირაკლი კარტოზიაც შეუდგება.

ვფიქრობ, დასაწყისი ურიგო არ არის. მომდევნო სერიები კი მომდევნო ნომრებში იხილეთ.


ჟურნალმა “ავერსმა” და “ჩიკოვიტამ” ბავშვებს ზეიმი მოუწყვეს

მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამედიცინო ინფორმაციის მიწოდება, ცხოვრების წესის გაჯანსაღებისთვის ზრუნვა ჟურნალ “ავერსის” მთავარი მიმართულებაა. გარდა ამისა, მკითხველის გაცნობასა და წახალისებას ემსახურება ჟურნალის მრავალი პროექტი.  ერთ-ერთი მათგანი, “მე მიყვარს ჩიკოვიტა”, ჟურნალმა 5 ივლისს შეაჯამა “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ოთახში.
როგორც იცით, “ავერსი” ისრაელში წარმოებული “ჩიკოვიტას” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. სწორედ მისი მომხმარებლებისთვის წამოიწყო ჟურნალმა “ავერსმა” კონკურსი 2010 წლის დეკემბერში. წესები მარტივი გახლდათ: მშობლებმა შეავსეს ჟურნალ “ავერსის” მე-11 (73) ნომრიდან ამოჭრილი სპეციალური კითხვარი და თანდართული აფთიაქის სალაროს ამონაბეჭდით, რომელიც “ჩიკოვიტას” მინიმუმ ხუთი ბავშვის საფენის შეძენას ადასტურებდა, რედაქციაში წარადგინეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლდა პატარა კონკურსანტის ფოტო.
კონკურსანტების ფოტოები “ავერსის” ფორუმსა და ფეისბუქის გვერდზე აიტვირთა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, ხმა მიეცათ ფავორიტისთვის. დაწინაურებული პატარების ფოტოები ჟურნალ “ავერსში” ყოველთვიურად ქვეყნდებოდა. საბოლოოდ კი ფორუმისა და ფეისბუქის ხმები შეჯამდა და გამარჯვებული სამეული მათ მიხედვით გამოვლინდა.
საგანგებოდ მათთვის მორთულ საბავშვო დარბაზში პატარებმა გულიანად მოილხინეს და არც დაჯილდოების შემდეგ გამართულ ფურშეტზე უთქვამთ უარი.
მესამე ადგილი ანამარია ქავთარაძემ დაიკავა. პირად დოსიეში გოგონას დედიკო გვიმხელს, რომ ანამარიას ძალიან უყვარს მობილური ტელეფონი, ტელევიზორის პულტი და “ჭიტა-ჭიტას” თამაში, სჯერა, რომ ღამე  თამაშითვის არის მოგონილი და წუხს, რომ ბებო არ ეთანხმება. ანამარია “ჩიკოვიტას” საფენს დაბადებიდან ხმარობს, რადგან ის ყველაზე კომფორტული და ხარისხიანია.
მეორე ადგილის მფლობელი გახდა თათა ჯაჯანიძე, რომლის შესახებაც კონკურსის დაწყების დროს გვაცნობეს, რომ თამაშისთვის, ოინებისათვის, მიღწევებისა და ფილოსოფიური დასკვნებისთვის ჯერ მეტისმეტად პატარა იყო. მას შემდეგ გოგონა მთელი ექვსი თვით გაიზარდა და ფილოსოფიური დასკვნებისთვის არა, მაგრამ თამაშისთვის უკვე მზადაა.
ანდრია კამლაძემ პირველობა არავის დაუთმო. მან ფორუმსა და ფეისბუქზე ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და მიზანს მიაღწია. პირად დოსიეში ეწერა, რომ იცოდა ხოხვა და სიარულს მალე ისწავლიდა. ნიჭიერი ბიჭუნა დაჯილდოებაზე საკუთარი ფეხით გვეწვია.
ჟურნალმა “ავერსმა” და ავერსის მარკეტინგის კოსმეტიკის ჯგუფმა გამარჯვებულებს საჩუქრად სათამაშოები და “ჩიკოვიტას” პროდუქცია გადასცეს, თუმცა არც კონკურსის სხვა მონაწილეები დაუტოვებიათ გულნაკლული _ ყველა მათგანმა საჩუქრად “ჩიკოვიტას” პროდუქცია მიიღო.
მშობლებო და ბავშვებო, ყურადღებით იყავით! ჟურნალი “ავერსი” მომავალშიც მრავალ კონკურსს გამოაცხადებს, მათი გამარჯვებული კი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად