ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ბავშვის ფსიქოლოგია და აღზრდა

ჩართეთ  ბავშვი საოჯახო საზრუნავში

  ყველა მშობელს სურს, შვილს ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა შეუქმნას, გაანებივროს და  ყოველგვარ უსიამოვნებას აარიდოს, მაგრამ გადაჭარბებული მზრნველობით შვილებს დათვურ სამსახურს ვუწევთ. 7-8 წლის გოგონები და ბიჭუნები ხშირად ისე არიან დამოკიდებულნი მშობლებზე, რომ საკუთარი ხელით ჭამასა და ჩაცმასაც კი ვერ ახერხებენ. არადა, ბავშვთა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს სწორედ ის ასაკია, როცა პატარები არათუ საკუთარ თავზე ზრუნვას, საოჯახო საქმიანობასაც კი უნდა მივაჩვიოთ. ვიდრე ბავშვს საქმით დავტვირთავდეთ, მოდი, განვსაზღვროთ, რას უნდა ველოდეთ მისგან და, საერთოდ, რა საჭიროა, საოჯახო საქმიანობაში დავიხმაროთ.
როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, საოჯახო საქმეებში შვილების ჩართვით მხოლოდ მშობლებს კი არ უმსუბუქდებათ ყოველდღიური საზრუნავი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ბავშვებს უყალიბდებათ ის უნარები და ჩვევები, რომელთა გარეშეც ზრდასრულ ასაკში სოციალური ადაპტაცია ძალიან გაუჭირდებათ.
საოჯახო საქმეებში მონაწილეობით პატარები:
. სწავლობენ დროის განაწილებას სწავლას, თამაშსა და სხვა ვალდებულებებს შორის;
. აცნობიერებენ, რომ ცხოვრობენ არა დახურულ სივრცეში, სადაც  ყველა ვალდებულია, მხოლოდ მათ ემსახუროს, არამედ საზოგადოებაში, სადაც მათაც აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა;
. სწავლობენ სხვებზე ზრუნვას და წვლილის შეტანას ოჯახურ  ცხოვრებაში;
. ცდილობენ ისწავლონ სიამოვნების მიღება თუნდაც ყველაზე მოსაწყენი საზრუნავისგან;
. აცნობიერებენ, რომ ოჯახის სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრები არიან, რაც დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე;
. სწავლობენ საკუთარ ვალდებულებათა ხარისხობრივ სტრუქტურიზაციას იმის მიხედვით, რა უფრო მნიშვნელოვანია, რა – ნაკლებმნიშვნელოვანი, რა უნდა გაკეთდეს უპირველესად და ა.შ.
რა ევალებათ ბავშვებს?
ალბათ ელით, რომ ამ თავში ბავშვის ვალდებულებათა მკაცრად გაწერილ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. იმედი უნდა გაგიცრუოთ – ასეთი სია არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია, ესე იგი ინდივიდუალური მიდრეკილებები, სურვილები და შესაძლებლობები აქვს. თქვენზე უკეთ თქვენს შვილს არავინ იცნობს, ამიტომ მისი საოჯახო მოვალეობებიც თავად უნდა განსაზღვროთ.
აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ყველა ის საქმე, რომლის გაკეთებასაც, თქვენი აზრით, შეძლებს თქვენი შვილი: პურის ყიდვა, ნაგვის გატანა, შემოსასვლელში დაგებული  ნოხის დაფერთხვა, ყვავილების მორწყვა, ძაღლის გასეირნება, ჭურჭლის გარეცხვა, მშრალი სარეცხის ჩამოხსნა, სახლში მოტანილი სურსათის ამოლაგება, ავეჯიდან მტვრის გადაწმენდა, მტვერსასრუტის მოსმა, საწოლის ალაგება, სუფრის გაშლა, ავტომობილის გარეცხვაში მამის დახმარება, უმცროსი დის ან ძმის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, უწესრიგოდ მიმოფანტული საკანცელარიო ნივთების ერთ ადგილას თავმოყრა, საკუთარი ტანსაცმლის დაკეცვა და კარადაში შეწყობა, საკუთარი ფეხსაცმლის გაწმენდა და ა.შ.
ათპუნქტიანი შეთანხმება
თუ სია უკვე შეადგინეთ, აჩვენეთ ის თქვენს შვილს და შესთავაზეთ, აირჩიოს ათი პუნქტი, რომელთა შესრულებაც ყველაზე მეტად ეხალისება. არ დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ შერჩეული პუნქტების შესრულებაზე პასუხისმგებ
ლობა მას დაეკისრება. თუ რომელიმე მათგანი არ შეასრულა, პასუხს მოსთხოვენ; თუ ყველაფერი კარგად გააკეთა, ესეც დაუფასდება. გარდა ამისა, ნუ წაართმევთ არჩეულ მოვალეობებში ცვლილებათა შეტანის უფლებას. შესაძლოა, ერთი კვირის განმავლობაში მას სხვა საქმეების კეთება ეხალისებოდეს, მეორე კვირას კი სხვა საზრუნავი იტვირთოს. ასევე, მიეცით უფლება, თავად ჩამოწეროს საკუთარ მოვალეობათა ათპუნქტიანი სია და თავადვე აირჩიოს საოჯახო საქმე თავისი მიდრეკილებებისა და ინტერესების მიხედვით. აუცილებლად შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვი ყველა გაკეთებული საქმისთვის. აღნიშნეთ, რომ მისი დახმარება ძალიან გიმსუბუქებთ საოჯახო საზრუნავს და ამაყობთ, რომ შვილი გეხმარებათ. წახალისება პატარებზე დადებითად მოქმედებს და თითქმის ყველა მათგანს აძლევს უფრო მეტის კეთების სურვილს. თუმცა ზომიერება ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ნუ გააუბრალოებთ ქებას. არ არის საჭირო საქებარი სიტყვების თქმა მაშინაც კი, როდესაც ბავშვი საპირფარეშოში შესვლის შემდეგ ხელებს დაიბანს.
პირველად დედასთან ერთად
ნუ ელით, რომ ბავშვი ერთბაშად  გააკეთებს ყველაფერს, რაც დაავალეთ ან რისი გაკეთებაც თავად ისურვა. ასე არ ხდება. გირჩევთ, თავდაპირველად დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაში დახმარება და მეთვალყურეობა თავად გაუწიოთ. ფანჯრის რაფიდან მტვერია გადასაწმენდი?  მიუთითეთ,  სად დევს ტილო და აჩვენეთ, როგორ უნდა გააკეთოს ეს. არც იმის სწავლება დაგავიწყდეთ, რომ მტვრის გადაწმენდის შემდეგ ტილო უნდა დაიფერთხოს. ნუ გეგონებათ, რომ ბავშვი ამას თავად მი
ხვდება.  გაითვალისწინეთ, პირველი ჯერი ყოველთვის რთულია, დაეხმარეთ პატარას ამ სირთულების გადალახვაში.
მოემზადეთ იმისათვის, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში სისტემატურად მოგიწევთ ბავშვისთვის მის მოვალეობათა შეხსენება. მოიკრიბეთ მოთმინება, არ გამოტოვოთ არც ერთი დღე და არ გააკეთოთ მისი გასაკეთებელი საქმე თავად. შეახსენეთ მშვიდი და გაწონასწორებული კილოთი – ბავშვებზე ეს უფრო მოქმედებს, ვიდრე ყვირილი და საყვედურები. ყოველდღიური შეხსენებით იმას მიაღწევთ, რომ პატარას ჩვევად ექცევა საოჯახო მოვალეობათა შესრულება: საკუთარი ლოგინის გასწორება, სკოლიდან მოსვლის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა და მილაგება, მშობლების დახმარება...
სრულყოფილებამდე ჯერ შორია

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვი ყველაფერს იდეალურად გააკეთებს. ის რობოტი არ არის. თქვენც ხომ გრჩებათ დასარეცხი ჭურჭელი, გადაუწმენდავი მტვერი, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი, თქვენც ხომ ყიდულობთ ზოგჯერ ნახევარფაბრიკატებს, რათა კერძის მოსაწყენი მოვალეობა შეისუბუქოთ. ამიტომ შვილსაც უნდა აპატიოთ პატარ-პატარა  ჩავარდნები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის გასაკეთებელი საქმე თქვენ აკეთოთ. უმჯობესია, ერთად შეეჭიდოთ მას, რის გაკეთებაც ბავშვმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო. 
თამაშ-თამაშით
თუ ბავშვს ვერ იმორჩილებთ და, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერაფრით აჩვევთ საოჯახო საქმიანობას, მიმართეთ საქმის თამაშ-თამაშით კეთების მეთოდს, აქციეთ ის მხიარულ შეჯიბრებად. მაგალითად, უთხარით პატარას: “მე ჩემს ლოგინს ავალაგებ, შენ შენი აალაგე, აბა ვინ მოასწრებს?” ან კიდევ: “მე ჭურჭელს დავრეცხავ, შენ შენი ოთახი მიალაგე, თუ მომასწრებ, სასეირნოდ წაგიყვან”.
ასეთი მიდგომა თითქმის ყოველთვის ამართლებს და ბავშვი ვერც კი ამჩნევს, როგორ ეჩვევა საოჯახო საქმიანობას.
სტატიის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ფსიქოლოგ თამარ იაძეს
მოკლედ | ვრცლად

როგორ აღვზარდოთ პატარა ინტელექტუალი

  ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გენეტიკა განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და დედუქციის უნარი კარგი მემკვიდრეობაა და სხვა არაფერი. თუმცა მხოლოდ მემკვიდრეობის იმედად ყოფნას არ გირჩევთ, – თუ გსურთ, თქვენს შვილს სხარტი აზროვნება და კარგი მეხსიერება ჰქონდეს, გენეტიკის მიერ ბოძებულს აღზრდითაც უნდა შეუწყოთ ხელი.
ჯერ კიდევ დედის მუცლიდან
პედიატრები და ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე დავიწყოთ. ამისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა კლასიკური
მუსიკის მოსმენა. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ორსულობის მესამე ტრიმესტრში კლასიკური მუსიკა ნაყოფის ტვინის ნეირონების სტიმულაციას ახდენს და მის გონებრივ განვითარებას აჩქარებს. ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი მუცლად ყოფნის პერიოდში დედის სწორ და სრულფასოვან კვებას. ძუძუთი კვებაზე არაფერს ვიტყვით – მის ღირსებებზე გამუდმებით ლაპარაკობენ სპეციალისტები. კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იოლად აღწევენ წარმატებებს, ვიდრე ხელოვნური საკვებით გაზრდილი მათი თანატოლები. პატარების გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია გარემოც. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ როდესაც ბავშვს გამუდმებით რამისა ეშინია და დაძაბულია, ინფორმაციის ათვისება გაცილებით უჭირს. ტვინი პირდაპირ რეაგირებს ბავშვის ემოციებზე. მშვიდ ატმოსფეროში აღზრდილი პატარები გაცილებით თავდაჯერებულნი არიან, უკეთ სწავლობენ და სხარტად აზროვნებენ.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზე მშობლებთან მათი ურთიერთობაც ახდენს გავლენას, ამიტომ ხშირად მოეფერეთ შვილებს, თანაუგრძნეთ, ეთამაშეთ, შეაქეთ და გრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ძალიან ძვირფასია.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება ბავშვის ტვინს, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს მისი განვითარება. ჟანგბადით კი ტვინი მით უფრო ინტენსიურად მარაგდება, რაც უფრო აქტიურად მოძრაობს ბავშვი სუფთა ჰაერზე. ასე რომ, ხშირად ასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ, ზომიერად დატვირთეთ სპორტით.
ინტელექტის განვითარების საიდუმლო
გონებრივი განვითარების საუკეთესო ხელშემწყობი ტვინის კომპლექსური და რეგულარული დატვირთვაა. რაც უფრო მეტს მუშაობს ტვინი, მით უფრო მეტად ვითარდება ნეირონული კავშირები. მაგრამ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამან შესაძლოა ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა სტრესი, შიშები, კომპლექსები (მათ შორის – არასრულფასოვნების კომპლექსიც), უძილობა... გარდა ამისა, ბავშვს, რომელსაც სათამაშოდ დრო არ რჩება, ადრე თუ გვიან აუცილებლად მობეზრდება სწავლა-განათლება და ბავშვობის დროინდელ დანაკლისს მაშინ აინაზღაურებს, როდესაც მშობლების გავლენისგან თავს დაიხსნის, ეს კი არაბუნებრივი და არაჯანსაღი პროცესია, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პიროვნულ  ჩამოყალიბებას.
სპეციალისტები ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების რამდენიმე სახეობას განასხვავებენ:
. ანალიტიკურს – ეს არის უნარი, გააანალიზო მიღებული ინფორმაცია, დაყო ის აზრობრივ და ლოგიკურ ბლოკებად, დააკავშირო ერთმანეთთან ინფორმაციის ფრაგმენტები და ა.შ.
. ლოგიკურს – ეს არის უნარი, იმსჯელო და იაზროვნო ისე, რომ არ დაირღვეს მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი და შეძლო მოვლენებიდან ლოგიკური დასკვნის გამოტანა;
. დედუქციურს – ეს უნარია, ინფორმაციათა სიმრავლიდან გამოკვეთო მთავარი აზრი და შეძლო მისი ფორმულირება, იპოვო კანონზომიერი კავშირი ფაქტებსა და მოვლენებს შორის;
. კრიტიკულს – ეს კი უნარია, კრიტიკულად შეაფასო ინფორმაცია, შეძლო მცდარი დასკვნების უგულებელყოფა და წინააღმდეგობა გაუწიო თავს მოხვეულ შეხედულებებს.
ბავშვის ინტელექტის განსავითარებლად მისი გონება სწორედ ამ ოთხი მიმართულებებით უნდა დავტვირთოთ. ამისთვის სპეციალური სავარჯიშოები, თამაშები და სახელმძღვანელოებიც არსებობს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიში არ უნდა იყოს მოსაწყენი, მან ბავშვს სიამოვნება უნდა მოჰგვაროს. თუ შეატყვეთ, რომ ერთი მიმართულებით ვარჯიშმა პატარა დაღალა, რადიკალურად შეუცვალეთ აქტივობის სახეობა. მაგალითად, თუ მანამდე ლოგიკურ ამოცანებს ხსნიდა, სთხოვეთ, დაგეხმაროთ წარმოსახვითი სიტუაციის შეთხზვაში და მისი მთავარი იდეის ფორმირებაში, სიტუაციის მონაწილეთა კრიტიკულ დახასიათებაში და ა.შ. გახსოვდეთ, ვარჯიშს ნაწილობრივ თამაშის სახე უნდა ჰქონდეს, რათა ბავშვმა ის მეცადინეობად არ აღიქვას და მისი შესრულება არ დაიზაროს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ის, რასაც ხშირად უსარგებლო გასართობს ვუწოდებთ, ინტელექტის სავარჯიშო არაჩვეულებრივ საშუალებაა. მაგალითად, ლოგიკას შესანიშნავად ავითარებს ნარდი, პოკერი, პრეფერანსი… თუ არ გსურთ, შვილი აზარტულ თამაშებს მიაჩვიოთ, მიმართეთ ჭადრაკს.
ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მართალია, მან შესაძლოა ისეთი სწრაფი ეფექტი ვერ გამოიღოს, როგორიც ლოგიკურმა სავარჯიშოებმა და სპეციალური მასალის დასწავლამ, მაგრამ დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად დაინახავთ. მხატვრული ლიტერატურის კითხვა ავითარებს წარმოსახვას, სიტყვათა მარაგს, აჩვევს ბავშვს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას და ა.შ.
კარგი მეხსიერებისთვის
კარგი მეხსიერება გონებრივი განვითარების ერთგვარი ქვაკუთხედია. სპეციალისტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს თანდაყოლილი ნიჭია. როგორც არ უნდა იყოს, მას უდავოდ სჭირდება განვითარება. სათანადო ვარჯიშის წყალობით იმათაც კი უვითარდებათ მეხსიერება, ვისაც მანამდე სულ პატარა ლექსის დამახსოვრებაც კი უჭირდა.
სპეციალისტები მეხსიერების 4 ძირითად ტიპს განასხვავებენ: მხედველობითს, სმენითს, მოტორულს (მოძრაობითს) და კომბინირებულს. თუ ბავშვს დავაკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, როდის უფრო ეადვილება ინფორმაციის დამახსოვრება – როცა ხმამაღლა ვუკითხავთ თუ როცა თავად კითხულობს და ილუსტრაციებს ათვალიერებს. ზოგიერთი ბავშვი მაშინ იმახსოვრებს უკეთ, როცა მასალას იწერს (მოტორული მეხსიერება), ზოგიერთი კი ამ ყველაფრის კომბინირებას ახდენს. როგორც წესი, ბავშვებს უკეთ აქვთ განვითარებული ერთი ან, იშვიათად, ორი სახის მეხსიერება, ჩვენ კი აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სხვა სახის მეხსიერების განვითარებაზეც, რომ ბავშვმა ყოველგვარ პირობებში, ყოველგვარი მეთოდით შეძლოს მასალის ათვისება. ამისთვის პატარას ინფორმაცია სხვადასხვა გზით უნდა მივაწოდოთ: ზოგჯერ – კითხვით, ზოგჯერ – სურათებით, ზოგჯერ – წერით, ზოგჯერ კი ამ ყველაფრის შერწყმით. არ უნდა დაგვავიწყდეს განვლილი მასალის გამეორება, ხშირი მოყოლა. ეს მხოლოდ მეხსიერებას კი არ განუვითარებს ბავშვს, არამედ აზრის სიტყვიერ გამოხატვასაც ასწავლის.
პრაქტიკული რჩევები
. დაავალეთ ბავშვს, ყველა შესასწავლ ტექსტში იპოვოს ძირითადი ეპიზოდები – შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ან ემოციურად მიმზიდველი ადგილები – და დაუკავშიროს ისინი ერთმანეთს. ეს ეპიზოდები მას მთელი ტექსტის გახსენებაში დაეხმარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული მასალის ათვისებისას.
. მოიგონეთ მაგალითები შესასწავლ მასალასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია არა მარტო მასალის მექანიკური დამახსოვრება, არამედ იმის გააზრება, რის შესახებ არის საუბარი. სწორედ ამაში დაგვეხმარება მაგალითები.
. მეცადინეობისას ბავშვი ხშირად შეასვენეთ. პატარა ბავშვებს ძალიან უჭირთ დიდხანს მეცადინეობა, ისინი იღლებიან და დამახსოვრების უნარიც მკვეთრად უქვეითდებათ. ასე რომ არ მოხდეს, ბავშვს ხშირად უნდა მივცეთ შესვენების საშუალება.
დაბოლოს, აუცილებელია, მეცადინეობებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. მცირე მოცულობის ტექსტების ყოველდღიური სწავლა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დიდი მასალის ათვისების იშვიათი მცდელობა.

მოკლედ | ვრცლად

დამოუკიდებლობა

ანა და მაშო დები არიან.
ანა ოთხი წლისაა. დილით, ადგომისთანავე, შეხსენებაც არ სჭირდება, ისე მიფრატუნობს სააბაზანოსკენ და თავს იწესრიგებს. დედა მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს, როგორ იბანს პატარა ქალი პირს, იხეხავს კბილებს და ივარცხნის თმას. საუზმის შემდეგ
თეფში ნიჟარაში იდება და ანა სიხარულით ემზადება საბავშვო ბაღში წასასვლელად. ანას არაფრის ეშინია,
კონტაქტურია, ნაცნობებს ესალმება და კითხვებზეც თამამად პასუხობს. სტუმრებისთვისაც მუდამ მზად აქვს თითო-ოროლა ლექსი და სიმღერა და თხოვნისთანავე მზადაა მინიკონცერტის ჩასატარებლად.
მაშო ხუთი წლისაა.
პირის დასაბანად შესული საპნის ბუშტების “წარმოებით” და მათზე დაკვირვებით ისე ერთობა, რომ საერთოდ ავიწყდება, რისთვის შევიდა სააბაზანოში. ჩაცმა, საუზმე და ბაღისთვის მომზადება დედის მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება დღის ბოლომდე გაიწელოს. არც ბაღში წასვლა სურს, არც სტუმრებსა და თანატოლებთან ერთად გართობა. დედის კალთას ამოფარებული შესცქერის სამყაროს და საკუთარ სურვილებსაც კი თითქოს რიდით გამოთქვამს.
რატომ არის, რომ ერთ ოჯახში, ერთსა და იმავე პირობებში გაზრდილი ბავშვები ასე ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან? რატომ აქვს ზოგიერთ ბავშვს ქცევის თითქოს განსხვავებული, გაუმჯობესებული რეპერტუარი, მეორე კი სრულიად მოკლებულია გარკვეულ უნარ-ჩვევებს? და მთავარი კითხვა – რა არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე მიზანს მივაღწიოთ და ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები გამოვუმუშაოთ?
უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებლობა ის თვისებაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის, მისი ხასიათის, მომავლის, ურთიერთობებისა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.
ეს თვისება ადამიანს დაბადებიდანვე თან არ დაჰყვება.
ახალშობილი ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე უმწეო და უსუსური არსებაა და მას ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მეტხანს სჭირდება მშობლის პატრონობა და მეთვალყურეობა, რათა ელემენტარული საჭიროებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება შეძლოს.
ეს ხანგრძლივი პროცესი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა თავისებურებით ხასიათდება და თუ მშობელს არ ეცოდინება, როდის უნდა მისცეს შვილს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც მისთვის ამა თუ იმ ეტაპზეა სასიცოცხლოდ აუცილებელი, არსებობს საშიშროება, რომ იგი ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი პიროვნება დადგეს.
უკვე 5-6 თვის ასაკში პატარა ცდილობს მისწვდეს სათამაშოს, წამოჯდეს, საწოლში იკოტრიალოს... პირველი წლის მიწურულს იგი სწავლობს წონასწორობის დაცვას, დგომას, სიარულს, ასრულებს მიზანდასახულ მოძრაობებს და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ადამიანი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.
3 წლიდან მშობლებს სულ უფრო ხშირად ესმით სიტყვა “მე!” სულ ცოტა ხანია, რაც ამ ნაცვალსახელმა ბავშვისთვის გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა და ამიერიდან იგი არც ერთ შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან, რომ ეს ახალი სიტყვა არ გამოიყენოს, თანაც – რაც შეიძლება დამაჯერებლად, რაც შეიძლება ხმამაღლა! და თუ აქამდე შვილთან თქვენი ურთიერთობა მშვიდ, ჰარმონიულ კლასიკურ მუსიკას ჰგავდა, ამიერიდან ნამდვილი ჯაზი იწყება. ბავშვის აქტივობის რიტმი და ტემპი ნამდვილი გამოცდაა მშობლებისთვის. ფსიქოლოგებმა სწორედ ამ პერიოდს უწოდეს არცთუ სასიამოვნო სახელი – “3 წლის კრიზისი”, და, თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, დაამატეს ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “ნეგატივიზმი” და “ბავშის სიჯიუტის ხანა”. საბოლოოდ ამ ასაკის ბავშვის ბევრი მშობელი მიმართავს სპეციალისტს დახმარების თხოვნით და თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს აღნიშნავს: “არ ვიცი, რამ შეცვალა ბავშვი, ისეთი დამჯერი და ჭკვიანი იყო, ახლა კი ყველაფერში მეწინააღდეგება და არაფრის გაგონება არ სურს!“ სპეციალისტებს ჩვენც მივმართეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვებზე კვალიფიციური პასუხის მისაღებად. იმედი გვაქვს, ბავშვთა ფსიქოლოგის და ნევროლოგის რჩევები, მათი მსჯელობა და დაკვირვებები ჩვენს მკითხველსაც წაადგება და დააინტერესებს.
ნანა ჟორდანია, ფსიქოლოგი:
– გაიზარდო – ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ისწავლო ყველაფრის თვითონ, დამოუკიდებლად გაკეთება.
უდავოა, რომ ბავშვობის ხანისთვის აუცილებელი პირობაა მშობლის გავლენის ქვეშ არსებობა. მისი მზრუნველობის, მასზე დამოკიდებულების გარეშე პატარა ვერ იარსებებს, მაგრამ მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ზომიერების დაცვა და ბავშვისთვის უსაფრთხო პირობებში თავისუფლების მინიჭება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხშირად მქონია შემთხვევა, როცა შეხვედრაზე მოსული დედა შვილს კითხვებზე პასუხის გაცემას არ აცლის და თავად პასუხობს მის ნაცვლად, ან მუდმივად მრავლობით რიცხვში საუბრობს: “ჩვენ დავდივართ სკოლაში, გვიყვარს შემწვარი კარტოფილი, არ ვამზადებთ გაკვეთილებს ბეჯითად“ და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების დეფინიციისთვის ლიტერატურაში გამოიყენება განსაზღვრება “ტირანული მზრუნველობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს და მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, შესაძლოა შეექმნას სირთულეები სოციუმთან, უმაღლესი სასწავლებელი იქნება ეს თუ სამსახური.
ერთი საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ მინდა მოგითხროთ.
ჩატარდა კვლევა დედა-შვილის ურთიერთობის შესასწავლად. ექსპერიმენტში მონაწილე დედა-შვილს განსაზღვრული დავალებების წყვილად შესრულება ევალებოდა. ამ ცდის შედეგად გამოვლინდა ურთიერთმიმართების რამდენიმე  ტიპიური ფორმა:
. დედა-ლიდერი`ბავშვი-დამკვირვებელი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავალების მიღებიდან ორიოდე წუთში მშობელი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და დავალებას ისე ასრულებს, როგორც თავად მიაჩნია მართებულად. ბავშვი ასეთ დროს შესასრულებელი საქმის მიმართ არც ინიციატივას იჩენს, არც სურვილს და არც ინტერესს.
. პასიური დედა`აქტიური ბავშვი – დედა სრულ თავისუფლებას ანიჭებს შვილს, მაგრამ მაშინაც კი არ იჩენს ინტერესს მის მიმართ, როდესაც მას დახმარება სჭირდება ან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. პასიურ მშობელს მიღებული შედეგის სისწორე და შესრულების ხარისხიც ნაკლებად აინტერესებს, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის მოტივაციაზე, მომავალში სამუშაო უფრო გულდასმით და უკეთ შეასრულოს.
. დაბოლოს, პარტნიორული ურთიერთობა, როდესაც დედა თანაბრად და შესაძლებლობების მიხედვით ანაწილებს საქმეს და პასუხისმგებლობას. რასაკვირველია, შედეგების მიხედვით ურთიერთობის მესამე ფორმაა ყველაზე უფრო პროდუქტული და მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში მშობელი პატივს სცემს ბავშვის პიროვნებას და აძლევს მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, უმაღლებს მოტივაციას და აწვდის ქცევის სწორ მოდელს.
ცხადია, სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული შესაძლებლობა და რესურსი აქვს ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის თავისებურების გათვალისწინება და განსავითარებლად მისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. არც ის ვარგა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობის სურვილი უტიფრობასა და უზრდელობაში გადაიზარდოს და ზედმეტად მორცხვი და უთქმელი ბავშვიც პრობლემურია, ამიტომ მშობლებმა შვილის უნარებ
ის, ხასიათისა და თანდაყოლილი, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ აღზრდის სტრატეგია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს შვილის ინიციატივას, გააკეთოს რაიმე თავად, მისი დახმარების გარეშე. თუ ყოველ ჯერზე ვუკრავთ თასმებს 5 ან 6 წლის ბავშვს და თან ვეუბნებით, მაინც არ გა
მოგდის და რამდენ დროს მაკარგვინებო, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მომავალში ბავშვი სხვა, უფრო რთული დაბრკოლების გადალახვასაც სხვისი დახმარებით შეეცდება.
მეტწილად სწორედ ასეთი ყოველდღიური, ყოფითი სიტუაციები აყალიბებს უნარებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია თავად მიირთვას საჭმელი, მაგრამ მშობლების უმეტესობას ურჩევნია, ბავშვი მხოლოდ პირის დამოუკიდ
ებლად გაღებით შემოიფარგლოს, რადგან თავად უფრო აკურატულად, სწრაფად და რაც მთვარია, უფრო მეტს აჭმევს შვილს. ასეთ დროს, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.
აუცილებელია, სახლში უფროსებმა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ საქმიანობას შეუწყობს ხელს. აქ ისეთ დეტალებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, როგორიცაა პირსაბანის სიმაღლე აბაზანაში – თუ ნიჟარა მეტისმეტად მაღლაა, დაუდგით ბავშვს პატარა სკამი, რათა მან შეძლოს საჭიროების დროს ხელების დამოუკიდებლად დაბანა. იზრუნეთ იმაზე, რომ ერთი საკიდი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე იყოს განთავსებული, რათა მან შინიდან გასვლისა და შინ შემოსვლის დროს ქურთუკის დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა მოახერხოს. ავარჯიშეთ თასმების შეკვრაში, განუვითარეთ წვრილი და მსხვილი მოტორიკა, რაც მეტ თავისუფლებას მიანიჭებს მის ქმედებებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი ეს შრომა და მოთმინება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბავშვი დამოუკიდებელ, ძლიერ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდება.
თეა გაჩეჩილაძე, ბავშვთა ნევროლოგი:
– ჩემი დაკვირვებით, თანამედროვე მშობლებს ერთი თავისებურება ახასიათებთ. ხუმრობით თუ ვიტყვი, მათ ერთგვარი დაავადება სჭირთ – ჰიპერმზრუნველობა.

ეს ვლინდება მშობლის ზედმეტი მზრუნველობით შვილის მიმართ.
ბავშვს, უბრალოდ, არ ეძლევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები. ჰიპერმზრუნველობის შედეგად იგი კარგავს საკუთარი ენერგიის, რესურსების მობილიზების უნარს რთულ და მისთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში და ვითარდება ე.წ. “შეძენილი უსუსურობა” – ნებისმიერი დაბრკოლების აღმოცენებისთანავე ბავშვი თავს ანებებს საქმეს და იმის ნაცვლად, რომ დასახული მიზნის შესრულებაზე იზრუნოს, ნებდება და საქმიანობას წყვეტს.
დამოუკიდებლობის ჩვევის გამომუშავება ხანგრძლივი და არცთუ მარტივი პროცესია, თუმცა აუცილებელიც, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე დეტალების გათვლით ეყრება საფუძველი ადამიანის ფსიქოტიპს.
იმისთვის, რომ მშობელსა და ბავშვს შორის სწორი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, მშობელმა წააქეზოს პატარას დამოუკიდებელი ქცევა, გაითვალისწინოს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას, გათვალოს ბავშვის შესაძლებლობები და ამის მიხედვით შესთავაზოს აქტივობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დაუშვებელია გარკვეული ეპითეტებისა და ფრაზების გამოყენება ბავშვის მიმართ: “ჩანჩალა”, “უვარგისი”, “არაფერში ვარგიხარ, არაფერი გამოგდის” და მსგავსი შეფასებები მატრავმირებელია მოზარდის ფსიქიკისთვის და არასწორ სტერეოტიპებს აყალიბებს. დღეს უამრავი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ურთულესი ქცევის კორექციაც კი მხოლოდ დადებითი განმამტკიცებლის გამოყენებით არის შესაძლებელი. ამიტომ ქება და კარგი საქციელისკენ წაქეზება მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენიშვნა და უარყოფითი შეფასება.
დასასრულ, მინდა მშობლებს ვთხოვო: შეუწყვეთ ხელი დამოუკიდებლობისკენ ბავშვების სწრაფვას, რადგან სწორედ ეს უნარია მათი მომავალი წარმატებების საწინდარი!

მოკლედ | ვრცლად

რეპეტიტორი

“ის, ვინც იმეორებს” – სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება ლათინურიდან სიტყვა “რეპეტიტორი”.
ამ აღმნიშვნელის გარეშე თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო პროცესი ძნელი წარმოსადგენია და ამას განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევაც ადასტურებს.
დასკვნაში მითითებულია:
“დღეისათვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება.
მაჩვენებლები იზრდება საფეხურის ზრდასთან ერთად და კრიტიკულ ნიშნულს დამამთავრებელ კლასში აღწევს. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და პერიფერიაში, მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ჯგუფებში. შესაბამისად, დედაქალაქში მცხოვრები მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან“.
ორგანიზაციამ კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში გასული წლის ივლის-დეკემბერში ჩაატარა და გამოავლინა ის ძირითადი მიზეზებიც, რომლებიც კერძო მასწავლებლებზე მოთხოვნას განაპირობებს.
ეს მიზეზები, გამოკვლევის მიხედვით, გახლავთ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან.
საზოგადოდ, კერძო რეპეტიტორობა მთელ მსოფლიოში მიღებული და აღიარებული პრაქტიკაა და განიმარტება, როგორც “მომზადება სასკოლო საგანში... რომელიც ხორციელდება ძირითადი სასწავლო პროცესის დამატებით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით“.
ზოგიერთი მკვლევარი რეპეტიტორობის ინსტიტუტს “ჩრდილოვან განათლებას“ უწოდებს, იმის გამო, რომ რეპეტიტორების საქმიანობა, როგორც წესი, არ`ვერ რეგულირდება და სახელმწიფომ შესაძლოა პოტენციურად მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავლები დაკარგოს. რეპეტიტორობის უარყოფით მხარედ მიიჩნევა ისიც, რომ სხვადასხვა საგანში დამატებით მომზადება მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს.
ამასთან, კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობამ შესაძლოა გაზარდოს სოციალური უთანასწორობა, რადგან აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს აქვთ. კერძო რეპეტიტორობის არსებობამ შესაძლოა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს კორუფციას და უარყოფითად იმოქმედოს სასწავლო პროცესის ხარისხზე. კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტთან დაკავშირებული კორუფცია, წესისამებრ, თავს იჩენს მაშინ, როდესაც მასწავლებელი სასკოლო საათებში მოსწავლეებს ასწავლის სავალდებულო სასწავლო პროგრამის მხოლოდ ნაწილს, ხოლო სრულ სასწავლო პროგრამას აწვდის მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გადაიხდიან თანხას და ივლიან კერძო გაკვეთილებზე (რეპეტიტორები უმთავრესად სკოლის მასწავლებლები არიან; ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მოსწავლეთა 56% თავისივე სკოლის პედაგოგთან ემზადება). რეპეტიტორობის აუცილებლობასა და ამ ინსტიტუტის დადებით მხარეებზე, როგორც წესი, მოსწავლეები და მშობლები საუბრობენ.
რა მიზნით მიმართავს დღესდღეობით მოსწავლე რეპეტიტორს? შესაძლებელია თუ არა ზედმეტი ხარჯისა და რეპეტიტორთან მომზადების გარეშე სასკოლო პროგრამის დაძლევა და მისაღები გამოცდების ჩაბარება? რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი რეპეტიტორის დახმარება და ხომ არ უშლის ხელს ამ ინსტიტუტის არსებობა საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ წარმართვას? სპეციალისტების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების დახმარებით სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შევეცდებით.
“სკოლაში, გაკვეთლზე, ახალ მასალას კარგად არ გავდივართ, ან მასწავლებელი ვერ ასწრებს გაკვეთილის ბოლომდე ახსნას და შემდეგ ვერც იმას არკვევს, გაიგო თუ არა კლასში ყველამ ის, რაზეც იყო საუბარი. ისეც ხდება, რომ გაკვეთილზე ხმაურია და მასწავლებელიც მაინცდამაინც არ ინდომებს კარგი გაკვეთლის ჩატარებას, არ ცდილობს კლასის დაინტერესებას. მე ხუთ საგანში ვემზადები და კერძო გაკვეთლებზე სკოლის პროგრამას უფრო კარგად ვითვისებ“, – ამბობს ერთ-ერთ საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამ მოსწავლის მშობელს შვილის თითო საგანში მოზადება წლის განმავლობაში 1000-1500 ლარი უჯდება. საგნების რაოდენობის გათვალისწინებით, ხარჯი საკმაოდ დიდი გამოდის.
განსხვავებული მოსაზრება აქვს მასწავლებელს, რომელიც დამამთავრებელ კლასებს მესამე წელია ასწავლის.
თამთა ქვრივიშვილი, “თბილისის მწვანე სკოლის“ ინგლისური ენის მასწავლებელი:
“როდესაც მშობელს არ აკმაყოფილებს მისი შვილის მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, პირველ რიგში მასწავლებელს ადანაშაულებს და საკუთარ და შვილის პასუხისმგებლობას სრულიად გამორიცხავს. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მონდომების შემთხვევაში მოსწავლე აითვისებს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და შეძლებს საატესტატო და მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ადრე მეტი დრო მქონდა და სკოლაში მუშაობის გარდა კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს. იმის თქმა, რომ კლასში ჩემი როგორც სპეციალისტის კვალიფიკაცია უფრო დაბალია, ვიდრე კერძო მეცადინეობისას, აბსურდია“.
საზოგადოდ, რეპეტიტორის ფუნქცია, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, არის არა ცოდნის მიცემა, არამედ ნასწავლის გამეორება, ანუ, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, გამოცდისთვის მომზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ რეპეტიტორთა უმრავლესობა, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ იყენებს განათლების იმ მეთოდებს, რომლებიც ჩვეულებრივ, საჯარო სკოლაში მიმდინარე სწავლების პროცესში გამოიყენება და განათლების სამინისტროს მიერაა რეკომენდებული. მაგალითად, სოციალური დასწავლა, კეთებით დასწავლა და ა.შ. ამ მხრივ ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური სკოლა გაცილებით უკეთესი განათლების მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს, ვიდრე ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური რეპეტიტორი. თუმცა მშობლებს ამ მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტად კლასში ბავშვების რაოდენობა მოჰყავთ:
“შვილისთვის ხშირად მიწევს სახლში დავალების ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან საკლასო სამუშაოს ყურადღებით შესრულებას მოვითხოვ. კლასში 32 მოსწავლეა და მართლა წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა ახალი მასალის ახსნა ისე, რომ ბოლომდე გაააზრებინოს მოსწავლეებს მოცემული დავალება. საშუალება რომ მქონდეს, უფრო მეტ საგანში მოვამზადებდი, მაგრამ მირჩევნია, უცხო ენასა და მათემატიკას დავჯერდე და დანარჩენს საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ. კარგი იქნება, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა როგორმე დარეგულირდება. სხვა მხრივ, განსაკუთრებით – ბოლო წლებში, სკოლაში ვითარება აშკარად გაუმჯობესდა, გაკვეთილები არ ცდება და მასწავლებლებიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროცესს“, – აცხადებს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის დედა ლიანა კაჭარავა.
გავრცელებული მოსაზრებით, მცირეკონტინგენტიან კლასში მასწავლებელი უფრო ეფექტურად ახერხებს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, თუმცა დადასტურებულია, რომ სათანადო სტრატეგიების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია მრავალრიცხოვან კლასშიც კარგ შედეგს მიაღწიოს. მაგალითად სინგაპურის სკოლები შეიძლება დავასახელოთ, სადაც ზოგიერთ კლასში 60 ბავშვი ზის, თუმცა აღიარებულია, რომ სინგაპურელი ბავშვები საერთაშორისო შეფასებებში წამყვან პოზიციებს იმსახურებენ, განსაკუთრებით –
ტექნიკურ საგნებში. რეპეტიტორთან მისვლის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მშობელს დრო არ რჩება სასწავლო პროცესის გასაკონტროლებლად და ურჩევნია, ეს საქმე ანდოს სპეციალისტს, რომელიც ბავშვს საშინაო დავალებების სწორად და ხარისხიანად შესრულებაში დაეხმარება. რეპეტიტორის აყვანას ამჯობინებენ მაშინაც, როდესაც რაიმე სუბიექტური მიზეზის გამო ბავშვი ვერ ითვისებს სკოლის პროგრამით გათალისწინებულ მასალას და საგრძნობლად ჩამორჩება თანაკლასელებს.
დანარჩენ შემთხვევებში რეპეტიტორს აუცილებელზე მეტად “სათადარიგო” დანიშნულება აქვს და შესაძლოა, არათუ სარგებლობა ვერ მოუტანოს მოსწავლეს, არამედ ავნოს კიდეც, რადგან დამოუკიდებლად დავალებების შესრულება, სირთულეების დაძლევა და სასწავლო მასალის ათვისება მნიშვნელოვანი უნარია, იძულებით, “მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ“ და მხოლოდ მეხსიერების ხარჯზე მიღებული ცოდნა კი საფუძვლიანი და ღრმა ვერ იქნება.
სასურველია, მშობელი რეპეტიტორს ამგვარ დეტალებზეც შეუთანხმდეს და პროცესი ისე წარიმართოს, რომ ბავშვი მზამზარეული მასალით კი არ იტვირთებოდეს (მექანიკური დახსომების გზით), არამედ გააზრებულად, დამოუკიდებლად ირჩევდეს სწორ გადაწყვეტილებას დავალების შესრულებისას.
 დასასრულს, ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, მიუხედავად რეპეტიტორობის ინსტიტუტის ასე ფართოდ გავრცელებისა, იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც კერძოდ ემზადებიან, ყოველი მეხუთე უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს, თუმცა რეპეტიტორის გარეშე ჩამბარებელი ყოველი მეორე აბიტურიენტი ვერ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში.
და კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა: რეპეტიტორებისა და დამხმარე მასწავლებლების მომსახურებით თანაბრად სარგებლობენ როგორც სახელმწიფო საშუალო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.
გამოკვლევის ავტორების თქმით, ცალკე საკითხია, რატომ ვერ რეალიზდებიან სკოლის პედაგოგები სკოლაში სრულყოფილად, მაშინ როცა წარმატებულ კერძო პრაქტიკას ეწევიან და მოწმობს თუ არა წარმოდგენილი სტატისტიკა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები მხოლოდ კერძო რეპეტიტორების დამსახურებით ხვდებიან.

მოკლედ | ვრცლად

                                                                           როცა ბავშვი ეჭვიანობს

  სპეციალისტების მტკიცებით, ოჯახებს, რომლებსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავთ, აუცილებლად მოუწევთ ამ საკითხზე დაფიქრება და სწორი მიდგომის შემუშავება, რადგან ბავშვებს შორის კონკურენცია ბუნებრივი მოვლენაა...


                                                                                                   უფრო ვრცლად »»»

                                            ტკბილი ძილისპირული

უძილობა, დარღვეული ძილი, გაჭიანურებული ჩაძინება, ძილისწინა სცენები და ჭირვეულობა მრავალი მშობლისთვის მტკივნეული თემაა. ხშირად ბავშვს დაღლილობისგან თვალები ეხუჭება, მაგრამ არამცთუ ძილზე, ლოგინში ჩაწოლაზეც კი უარს ამბობს...
                                                    უფრო ვრცლად »»»


                               უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის პაპის

  
რაც არ უნდა თქვათ, ახალი წელი მაინც ბავშვების დღესასწაულია. ბავშვებისა და იმ დიდებისა, რომელთა სულშიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ბავშვი, რომლებიც ჯერ კიდევ გულის ფანცქალით ელიან თორმეტის შესრულებას და თოვლის პაპის არსებობისაც “სჯერათ”...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                        ასაკი და სათამაშოები

  თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ არა მარტო აღზრდის ამოცანები, არამედ იცნობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონეს, მის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებს, თითოეული სათამაშოს დანიშნულებას და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპებს...
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                           სასკოლო რეფორმის კვალდაკვალ

  წლევანდელმა სასწავლო წელმა უამრავი სიახლე მოიტანა. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით შეიცვალა. ჩემს შორეულ ბავშვობას გადავავლე თვალი და, ცოდვა გამხელილი სჯობს, ნამდვილად ვერ დავიჩემებ, გული მწყდება, რომ ჩემი შვილები იმავეს არ გამოივლიან-მეთქი....

                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                                 წარმოსახვითი მეგობარი

  რას იტყვით, თუ ერთ მშვენიერ დღეს დაინახეთ, რომ თქვენი პატარა ვიღაც უხილავს ესაუბრება და გიხსნით, რომ ეს სწორედ ის ბურძგლიკოა, წინა კვირას საწოლ ოთახში შპალერი რომ გაჩვრიტა, ორი დღის წინ კი კარადიდან მთელი მუჭა შოკოლადი აწაპნა....
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                     ბედნიერი ბავშვობა

  სწავლა დამთავრდა! რა სჯობს ახლა სოფლის ორღობეში სირბილს ან აგარაკზე, ბიბინა ბალახში კოტრიალს!
მართლაც შეუდარებელია ზაფხული! როცა გინდა, ჰამაკში ჩახტები და გულის წასვლამდე იქანავებ, როცა გინდა, ბუჩოსთან ერთად მდინარეზე გაეშურები და რაც წყალში თევზია, ერთიანად დააფრთხობ...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                     როგორ შევარჩიოთ სპორტის სახეობა

  “თუ გინდა, ჯანმრთელი და ღონიერი გაიზარდო, უნდა ივარჯიშო”, – ასე გვარიგებდნენ მშობლები და ასე  ვმოძღვრავთ ჩვენც შვილებს. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის რომ აუცილებელია, ეჭვი არავის ეპარება...

                                                              უფრო ვრცლად »»»


2  3  შემდეგი>  ბოლო >>

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად