ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ინფექციური დაავადებები

საჭიროა თუ არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა?

  ალბათ, ყოველი ჩვენგანის ბავშვობისდროინდელ მოგონებებში დალექილა ბრილიანტის მწვანით აჭრელებული სხეული, ოჯახის წევრების ალერსი, სურვილების ასრულება – ემანდ ბატონები არ გავაბრაზოთო. სახადების უმეტესობა მედიცინამ იმუნიზაციით დაამარცხა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა სახადი როდი მოხვდა სავალდებულო აცრების რიცხვში. მაგალითად, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია
მშობლის სურვილისამებრ ტარდება.
ვინაიდან საქართველოში ჩუტყვავილას გავრცელება გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს აღწევს პიკს, სწორედ შესაფერისი დროა იმის გასარკვევად, საჭიროა თუ არა იმუნიზაცია. ამ კითხვით  “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს თამარ ობგაიძეს მივმართეთ.
– რა სავალდებულო აცრებს უტარებენ დღეს ბავშვებს და რატომ არ მოხვდა ჩუტყვავილას აცრა ჩვენს კალენდარში?
– ვაქცინაციის კალენდარი, რაც გულისხმობს ვაქცინაციით მართული ინფექციების საწინააღმდეგო აცრების ნუსხას, მათ ვადებსა და თანამიმდევრობას, ყველა ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, საკუთარი აქვს. საქართველოში წარმოებს გეგმური ვაქცინაცია ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჰემოფილუსის ჩხირის, B ჰეპატიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას წინააღმდეგ. მოზარდ გოგონებს უტარდებათ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. იგეგმება ვაქცინაციის დაწყება როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციების, ჩუტყვავილას წინააღმდეგ.
ვაქცინაციის კალენდარს ყველა სახელმწიფო ამა თუ იმ დაავადებასთან მიმართებით საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით ადგენს. განვითარებადი ქვეყნებისთვის გაცილებით პრიორიტეტულია ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა. სწორედ ამის ბრალია, რომ საქართველოს ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ შეუტანიათ, თუმცა მისი დაწყება უკვე იგეგმება. ვაქცინაციის დანერგვა აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩუტყვავილას ეპიდემიოლოგიურ სურათზე, შეამცირებას მის გავრცელებას.
– რა იწვევს ჩუტყვავილას და როგორ მიმდინარეობს იგი?
– ჩუტყვავილას გამომწვევია ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (ეკუთვნის ადამიანის ჰერპესვირუსების ჯგუფს). ამ ვირუსით დაინფიცირების ალბათობა ძალიან დიდია, რის გამოც ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებები ახასიათებს. დაავადება ვლინდება გამონაყარით და სხეულის ტემპერატურის მატებით, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა მისი კეთილთვისებიანი მიმდინარეობაც კი ხშირად ძლიერ დისკომფორტს უქმნის ბავშვებსა და მათ მშობლებს – გამონაყარს ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი, რაც შესაძლოა ბაქტერიული ინფექციისა და ღრმა ნაწიბურების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს. ზოგჯერ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, განსაკუთრებით – დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში: ტემპერატურა 39-40 0C-ს აღწევს და რამდენიმე დღე გასტანს, კანსა და ლორწოვან გარსებზე ჩნდება უხვი გამონაყარი, არ არის გამორიცხული ეროზიებისა და წყლულების განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ტრაქეაზე, სასუნთქ და შარდსასქესო ორგანოებზე, თვალებზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მოსალოდნელია გართულებები – ფილტვების ანთება, ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), რომელიც უმეტესად დაავადების ჩათავების შემდეგ იჩენს თავს, მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება), წონასწორობის დარღვევა, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), გარდამავალი ართრიტი (სახსრების ანთება), გლომერულონეფრიტი (თირკმელების ანთებითი დაავადება), ჰეპატიტი.
– ვისთვისაა განსაკუთრებით საშიში ჩუტყვავილა?
– ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიშია წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. ამ უკანასკნელთათვის დაავადება შესაძლოა ლეტალურადაც კი დამთავრდეს. განსაკუთრებით საშიშია ჩუტყვავილა ორსულობისას. ორსულობის ადრეულ ვადაზე მან შესაძლოა ნაყოფის პათოლოგიები – ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, კიდურების განვითარების დეფექტები, თვალების დაავადებები, სიბრმავე და სხვა – გამოიწვიოს, მოგვიანებით პერიოდში კი – თანდაყოლილი ჩუტყვავილა.
– რა შორეული შედეგები აქვს დაავადებას?
– ჩუტყვავილა სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს, ესე იგი მას, ვინც ერთხელ გადაიტანა დაავადება, მეორედ ის აღარ შეხვდება, თუმცა ვირუსის ისტორია ამით არ მთავრდება – იგი შესაძლოა ლატენტურ (“მთვლემარე”) მდგომარეობაში გადავიდეს და სამუდამოდ “დასახლდეს” ნერვულ ქსოვილში. იმუნიტეტის დაქვეითებისას (უმეტესად – ასაკოვან პირებში) ვირუსი აქტიურდება და იწვევს ჰერპეს ზოსტერს – სარტყლისებრ ლიქენს, რომელიც გამოიხატება გამონაყარით ნერვების გასწვრივ და ძლიერი ტკივილით.
ჰერპეს ზოსტერის აქტიური ფორმის მქონე პაციენტმა შესაძლოა გარშემო მყოფები ჩუტყვავილათი დაასნებოვნოს, თავად ჰერპეს ზოსტერს კი მრავალი გართულება მოჰყვეს: განმეორებითი ავადობა ჰერპეს ზოსტერით, კანის ბაქტერიული ინფექცია, სიბრმავე, სიყრუე, ენცეფალიტი, სეფსისი და სიკვდილიც კი.
მას, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია ან გაკეთებული აქვს ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრა, ჰერპეს ზოსტერი არ ემართება.
– რომელ ქვეყნებში ტარდება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რამდენად ეფექტურია იგი?
– ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაციის დანერგვამ (19-35 თვის ბავშვების ვაქცინის ერთი დოზით აცრა) 90%-ით შეამცირა ჩუტყვავილათი ავადობა, 88%-ით – ჰოსპიტალიზაცია ჩუტყვავილას გამო, 59%-ით – ამბულატორიული ვიზიტები, 93%-ით – სიკვდილიანობა; რასაც მოჰყვა პირდაპირი (სამედიცინო ხარჯები) და არაპირდაპირი ხარჯების (დაავადების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები) შემცირება.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 98%-ით ამცირებს ჩუტყვავილას განვითარების ალბათობას, ხოლო მისი მძიმე მიმდინარეობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს.
უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაცია წარმატებით ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგში, კატარში, საუდის არაბეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, ლატვიაში, ესპანეთში, ურუგვაიში, კანადაში…
– რა ვაქცინაა ხელმისაწვდომი საქართველოში და რა ასაკში კეთდება იგი?
– როგორც ითქვა, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინაცია ჩვენთან ჯერჯერობით არ ტარდება, თუმცა საქართველოში იყიდება ბელგიური წარმოების ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 1984 წელს შეიქმნა. 9 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებულია გაკეთდეს ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 13 წლიდან და ზრდასრულ ასაკში – ორი 6-10- კვირიანი ინტერვალით. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ვაქცინაცია ყველა ასაკში ორჯერადია, ვინაიდან ამ დროს ვაქცინის ეფექტი 98-100%-ს უდრის, ერთჯერადი ვაქცინაციისას კი 95%-ს არ აღემატება. სქემა ასეთია: 13 წლამდე: 1-ლი დოზა – 12-18 თვის ასაკში, მე-2 დოზა – 4-6 წლის ასაკში; 13 წლიდან: 2 დ
ოზა 4-8-კვირიანი შუალედით).
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვაქცინაცია ჩვენს კლინიკაშიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
– შეიძლება თუ არა ვაქცინის გაკეთება ჩუტყვავილათი დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდეგ?
– ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტიანია ჩუტყვავილას მქონე პირებთან კონტაქტის შემდეგ – თუ მას პირველი კონტაქტიდან 48-72 საათის განმავლობაში შევიყვანთ, ეფექტიანობა 70-100%-ს უდრის. ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე ორი დღით ადრე და უკანასკნელი ქერქის წარმოქმნიდან კიდევ 5 დღე.

– შესაძლოა თუ არა, ჩუტყვავილა აცრილ პირსაც შეხვდეს?
– აცრილ პირებში ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ დაავადების ალბათობა ძალიან მცირეა (1-2%), მაგრამ მაინც არსებობს, რაც იმუნიტეტის თავისებურებებზეა დამოკიდებული, თუმცა განვითარების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად და გაურთულებლად ჩაივლის: ნორმალური ან უმნიშვნელოდ მომატებული ტემპერატურით, მცირე გამონაყარით, სწრაფი გამოჯანმრთელებით. ამასთან, აცრილ პირებს არ ემართებათ სარტყლისებრი ლიქენი – ჰერპეს ზოსტერი.
– ვინაიდან ვაქცინა ვირუსს შეიცავს (დასუსტებულს, მაგრამ მაინც ცოცხალს), შესაძლებელი ხომ არ არის, ადამიანი აცრის შედეგად დააავადდეს?
– აცრის შემდეგ ძალიან იშვიათად ვითარდება ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი, თუმცა სიმპტომატიკა მსუბუქია. არის გამონაყარის მხოლოდ რამდენიმე ელემენტი, რომლებიც გაურთულებლად გაივლის. ცუდი ის არის, რომ ამ შემთხვევაში აცრილი პირი გადამდებია გარშემო მყოფთათვის, ამიტომ უმჯობესია, აცრის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში თავი ვარიდოთ ის ორსულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან კონტაქტს, რომლებსაც ჩუტყვავილა არ გადაუტანიათ.
– შეიძლება თუ არა ორსულის ან მეძუძურის აცრა?
– ორსულთათვის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება უკუნაჩვენებია. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დაგეგმვა აცრიდან სამი თვის განმავლობაში.
მეძუძურობის პერიოდში ვაქცინაცია ნებადართულია, თუმცა სასურველი არ არის აცრის შემდგომი ჩუტყვავილას განვითარების რისკისა და ჩვილის დაინფიცირების საშიშროების გამო.
– პირველ რიგში მაინც ვის უნდა ჩავუტაროთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა?

– როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში, ე.ი. ამ ქვეყნებში ყველა ბავშვს ცრიან. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უფასოა. საქართველოში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში ჯერჯერობით არ არის შეტანილი (თუმცა იგეგმება) და მისი ჩატარება, ბუნებრივია, ფინანსურ ხარჯათაა დაკავშირებული.
უნდა აიცრან ის პირები, რომელთაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა, უპირველესად – ბავშვები და მოზარდები სუსტი იმუნური სისტემით, ასევე – მათი ოჯახის წევრები, ეგზემის`ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვები (ეს კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს), საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი, ქალები შვილოსნობის ასაკში...
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩუტყვავილა არ არის უწყინარი დაავადება. როცა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არსებობს, მშობლებმა უნდა შეადარონ ვაქცინაციის სარგებელი და დაავადების, მათ შორის – გართულებებით მიმდინარე მძიმე ფორმის, პოტენციური რისკი. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რომელ ბავშვს დაემართება ჩუტყვავილა სიცოცხლისთვის საშიში ფორმით; ფაქტია, რომ ყველაზე სერიოზული შემთხვევები ჯანმრთელ ბავშვებში აღინიშნება.  
ასე რომ, დედების სურვილი, შვილმა ბავშვობაშივე გადაიტანოს ჩუტყვავილა, სულ მცირე, არარაციონალური და, შეიძლება ითქვას, საშიშიც კია. ჩუტყვავილაში არაფერია კარგი! გამართლებულია მხოლოდ ერთი სახის კონტაქტი ვირუსთან – ვაქცინის სახით.

მოკლედ | ვრცლად

ტუბერკულოზი – სანახევროდ დამარცხებული მტერი
 
  ყოველი წლის 24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც 1882 წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოაჩინა, მთელი მსოფლიოს საუკეთესო ექიმები და მეცნიერები ამ უკანასკნელის დამარცხებას ცდილობენ. ტუბერკულოზთან ბრძოლა შეგვიძლია წარმატებულად მივიჩნიოთ, რადგან დღეს ის მსოფლიოსთვის ისეთი საშიში აღარ არის, როგორიც გასულ საუკუნეში იყო. საქართველოში ტუბერკულოზმა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იფეთქა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: სიღარიბე, ფსიქოემოციური სტრესი,
არასრულფასოვანი კვება, ცილოვანი დეფიციტი... დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ტუბერკულოზის დასამარცხებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ ავად სახსენებელ პერიოდთან შედარებით ეპიდემიოლოგიური მონაცემები გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემა აქტუალობას კვლავაც არ კარგავს. ამ დაავადებასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო საკითხებში, ექიმი ფთიზიატრი ნანა ქირია გვესაუბრება. – ქალბატონო ნანა, რას წარმოადგენს ტუბერკულოზი და რამდენად არის ის გავრცელებული?
– ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. მიკობაქტერიას ადამიანის ნებისმიერი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დაზიანება ძალუძს, ამიტომ ყველა ორგანოსა და სისტემის ტუბერკულოზი არსებობს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც ინფექციის რეზერვუარს, მისი გავრცელების წყაროს წარმოადგენს, ვინაიდან ტუბერკულოზი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ფილტვგარე ტუბერკულოზი, მაგალითად, შარდსასქესო სისტემისა, ძვალ-სახსართა, პერიფერიული ლიმფური კვანძებისა, ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის.
მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, რაც განპირობებული გახლდათ მსოფლიოში ამ დაავადების შემთხვევათა მკვეთრი მატებით. თუ განვითარებულ ქვეყნებში ამის მიზეზი შიდსის ეპიდემია იყო, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ტუბერკულოზის გახშირება ეკონომიკურმა სირთულეებმა, სამოქალაქო ომებმა, კონფლიქტებმა და ამით განპირობებულმა ფსიქოემოციურმა სტრესმა, მოსახლეობის საკვებ რაციონში ცილოვანი კომპონენტის დეფიციტმა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა გამოიწვია. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლომდე საქართველოში სიტუაცია სტაბილური იყო, ვინაიდან არსებობდა ეფექტური ანტიტუბერკულოზური საშუალებები. მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს კლინიკურ პრაქტიკაში დღესდღეობით ყველაზე ეფექტური ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტი რიფამპიცინი გამოჩნდა. მას შემდეგ დაახლოებით 40 წელი გავიდა და ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატი პრაქტიკულად არ შექმნილა, რამაც მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად უკვე არსებული მედიკამენტების მიმართ ტუბერკულოზის მდგრადი ფორმების წარმოშობა გამოიწვია.
წამალგამძლე ანუ რეზისტენტული ტუბერკულოზი ტუბსაწინააღმდეგო (პირველი რიგის ერთ ან რამდენიმე) პრეპარატებს არ ემორჩილება. რეზისტენტული ფორმების მკურნალობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, რის გამოც ახალი პრეპარატების შესაქმნელად დიდი ძალისხმევა იხარჯება. უკანასკნელი მონაცემებით, უკვე სინთეზირებულია 2-3 ახალი მედიკამენტი, რომლებიც კლინიკურ კვლევას გადის და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ფართოდ დაინერგება.
– ტუბერკულოზის საწინააღმდეგო რა პროგრამები არსებობს ამჟამად საქართველოში?
– დღეს საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა. 1995 წლის აგვისტოდან ჩვენს ქვეყანაში დაინერგა DOTS სტრატეგია, რომელიც პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით უფასო მკურნალობას და მედიკამენტების კონტროლირებად მიღებას (ანუ მედიკამენტის ყველა დოზა პაციენტს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ეძლევა) გულისხმობს. თუ ამ სტრატეგიის დანერგვის პირველ წელს 100 000 კაცზე ტუბერკულოზის 206 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, მომდევნო წლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა და შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა. მაგალითად, 2011 წელს 100 000 კაცზე 123,5 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ეს არის ცოტა. რაც შეეხება რეზისტენტულ ტუბერკულოზს, მას საქართველოში 2008 წლიდან მკურნალობენ. ამჟამად საქართველოში ტუბერკულოზის მართვაში არ არსებობს ნიშა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე არ იდგეს.
– ხშირად ახსენებენ ტუბერკულოზის მატარებლობას. რა განსხვავებაა მატარებლობასა და დაავადებას შორის?

– ტუბერკულოზთან მიმართებით ორ ტერმინს ვიყენებთ: ინფიცირებასა და დაავადებას. ტუბერკულოზით ინფიცირება იგივე ლატენტური ანუ ფარული ტუბერკულოზია. ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულია მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი. ინფიცირებული ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არ გააჩნია კლინიკური სიმპტომატიკა და არც გადამდებია, ანუ გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის. ინფიცირება შეიძლება მოხდეს, როცა ჯანმრთელ ადამიანს ფილტვის ან ხორხის ბაქტერიაგამომყოფი ტუბერკულოზით დაავადებულთან აქვს კონტაქტი. კონტაქტსაც გააჩნია – ის უნდა იყოს ხანგრძლივი და ხშირი. დახურულ სივრცეში კონტაქტისას ინფიცირების რისკი იმატებს.
ერთია ინფიცირება და მეორე – დაავადების განვითარება. ეს ერთი და იმავე პროცესის ორი სხვადასხვა სტადიაა. როდის არის მაღალი ინფიცირებულის ტუბერკულოზით დაავადების რისკი? მაშინ, როდესაც ორგანიზმის დამცავი ძალები ამა თუ იმ მიზეზით სუსტდება, კერძოდ:
* ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება (ცილოვანი კომპონენტის დეფიციტი);
* აქვს მოუწესრიგებელი შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და სხვა;
* რომელიმე სხვა დაავადების გამო იტარებს ქიმიო- ან სხივურ თერაპიას, დიდი ხნის განმავლობაში იღებს გლუკოკორტიკოსტეროიდულ ჰორმონებს;
* აქვს აივპოზიტიური სტატუსი (აივ ინფექცია`შიდსი);
* ალკოჰოლიზმითაა დაავადებული ან ნარკოდემოკიდებულია.
ინფიცირების დადგენა მანტუს სინჯით ხდება. ერთადერთი, რაც ინფიცირებულებსა და დაავადებულებს საერთო აქვთ, ეს არის მანტუს სინჯის დადებითი პასუხი. ინფიცირებულ ადამიანს არ გააჩნია კლინიკური სიმპტომები, რენტგენოლოგიური მონაცემები, ის არავისთვის არის საშიში.
– რამდენად ხშირი და სახიფათოა ტუბერკულოზი ბავშვებში?
– ბავშვი არასოდეს დაავადდება ტუბერკულოზით, თუ არ ექნა მუდმივი ან ხშირი კონტაქტი ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზით დაავადებულ მოზრდილთან. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ძიძა, ბაღის მასწავლებელი... მოგეხსენებათ, ბავშვის იმუნური სისტემა სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ამგვარი კონტაქტისას ხშირად ავადდება. მართალია, დღეს საქართველოში ტუბსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ახალშობილს უტარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვაქცინა უნივერსალური არ არის და ბავშვს დაავადებას ყოველთვის ვერ აცილებს თავიდან, მხოლოდ მისი მძიმე ფორმების (მილიარული ტუბერკულოზი, ტუბერკულოზური მენინგიტი) განვითარებისაგან იცავს. ამიტომ ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთან ხშირი კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება აცრილი ბავშვიც კი დაავადდეს, მაგრამ დაავადდება ტუბერკულოზის უფრო მსუბუქი ფორმით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სრულყოფილი ვაქცინის შესაქმნელად.
წინათ ვაქცინაცია ბავშვის დაბადებისთანავე, 6 წლის და 12 წლის ასაკში ტარდებოდა. ახლა მხოლოდ ახალშობილებს უტარდება, ვინაიდან ქვეყანაში ტუბერკულოზის საკმაოდ სოლიდური რეზერვუარი არსებობს. ბავშვს 6 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ისედაც ექნება კონტაქტი ტუბერკულოზურ ინფექციასთან და რევაქცინაციის ჩატარება ცოცხალი, ვირულენტობადაქვეითებული მიკობაქტერიების შემცველი ვაქცინით არ არის რეკომენდებული.
– როგორ ამოვიცნოთ ტუბერკულოზი?
– თუ ადამიანს ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოზის დაუსვეს, ტუბდაწესებულებებში უფასო გამოკვლევა უტარდება მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ყველა პირს. ფილტვის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმის დადგენის შემთხვევაში ვიკვლევთ ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ყველა ასაკის პირებს – როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებსაც, მცირე ასაკის ბავშვებს კი იმ შემთხვევაშიც ვუტარებთ გამოკვლევას, როდესაც ტუბერკულოზის ფილტვის ფორმა არაბაქტერიაგ
ამომყოფია. ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისთვის, სასურველია, ყველა ადამიანი წელიწადში ორჯერ იტარებდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას პოლიკლინიკაში ან ოჯახის ექიმთან. მოსახლეობა უნდა ცნობდეს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზზე საეჭვო სიმპტომებს.
თუ ავადმყოფს აღენიშნება:
* 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველა ნახველის გამოყოფით, ან
* 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის მშრალი ხველა და
* ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები (სხეულის დაბალი ტემპერატურა, ოფლიანობა, უმადობა, წონის კლება, საერთო სისუსტე),
* ჰაერის უკმარისობა, ტკივილი ან სიმძიმე გულმკერდის არეში, –
აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. პროფესიონალი უკეთ მიხვდება, არის თუ არა ეს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევა და პაციენტის მართვის სწორ ტაქტიკას განსაზღვრავს.
– ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში რომელი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო?
– სადღეისოდ ტუბერკულოზის პათომორფოზი იმდენად შეიცვალა, რომ დაავადების მიმდინარეობა, კლინიკური და რენტგენოლოგიური სურათი შესაძლოა კლასიკური არ იყოს, ამიტომ სწორი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია დაავადების ბაქტერიოლოგიური და მორფოლოგიური ვერიფიკაცია. ტუბერკულოზის შემთხვევაში პრიორიტეტი ბაქტერიოლოგიურ კვლევას, ე.წ. ოქროს სტანდარტს ენიჭება. ის საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ დაავადების არსებობა დავადასტუროთ, არამედ ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიმართაც მგრძნობელობაც განვსაზღვროთ. ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოსაჩენად სხვადასხვა ბიოლოგიურ მასალას ვიკვლევთ: ნახველს – ფილტვის ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევებში, შარდს – საშარდე სისტემის ტუბერკულოზზე ეჭვის არსებობისას, თავ-ზურგტვინის სითხეს – ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბეკულოზზე ეჭვისას... ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში კვლევის რადიოლოგიური მეთოდებიც (რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია) გვეხმარება.
დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. რაც უფრო დაგვიანდება დიაგნოზის დასმა, მით მეტად აიწევს ამა თუ იმ ორგანოს დაზიანების ხარისხი. ასეთ შემთხვევებში პაციენტი შეიძლება განვკურნოთ (ტუბერკულოზის განკურნების კრიტერიუმია ორგანიზმის სტერილიზაცია მიკობაქტერიისგან), მაგრამ როცა იმთავითვე გავრცობილ პროცესთან გვაქვს საქმე, განკურნების შემდეგ რჩება ნარჩენი ცვლილებები: ფილტვის ქსოვილის ფიბროზი, პნევმოსკლეროზი და სხვა, – რასაც სუნთქვის, ზოგჯერ კი ფილტვ-გულის ამა თუ იმ ხარისხის უკმარისობამდე მივყავართ. მკურნალობის საბოლოო მიზანია, ადამიანი არა მხოლოდ განვკურნოთ ტუბერკულოზისგან, არამედ ცხოვრების ხარისხიც ავუმაღლოთ, რაც დაავადების დროული დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია.
– როგორ მკურნალობთ ტუბერკულოზს?
– ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმარ მგრძნობიარე ანუ რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობა თითქმის ყოველთვის წარმატებით სრულდება. ასეთი ფორმების მკურნალობა 6 თვეს გასტანს. ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ ასეთი პაციენტი გადამდები აღარ არის. ტუბერკულოზის სამკურნალო წამლების არსენალში პირველი, მეორე და მესამე რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატები გვაქვს. ყველაზე ძლიერია პირველი რიგის პრეპარატები, რომელთა კომბინაციით ვმკურნალობთ რეგულარულ ტუბერკულოზს. მეორე და მესამე რიგის ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს ვიყენებთ. რეზისტენტული ტუბერკულოზი უმეტესად ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. ტუბერკულოზი იმიტომაც არის ვერაგი დაავადება, რომ პაციენტი მკურნალობას იწყებს თუ არა, 10-14 დღეში, მაქსიმუმ 1 თვეში თავს კარგად გრძნობს, აღარაფერი აწუხებს. ამ დროს ბევრი მკურნალობას წყვეტს და ამით რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარებას უწყობს ხელს. რეზისტენტული ტუბერკულოზის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის წყვეტა, პრეპარატების არარეგულარული და არასრულფასოვანი მიღება, ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია პაციენტების განსწავლა, რათა მათ მკურნალობის კურსი სწორად და სრულად ჩაამთავრონ. ის, რომ მკურნალობის ფონზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, ნახველის ბაქტერიოსკოპული კონვერსია ხდება (მასში აღარ არის მიკობაქტერია) და ზოგჯერ 2-3 თვეში რენტგენოლოგიური ცვლილებებიც ალაგდება ხოლმე, განკურნებას არ ნიშნავს. აუცილებელია ტუბერკულოზის მიკობაქტერიისგან ორგანიზმის სრული სტერილიზაცია, რათა მინიმუმამდე შევამციროთ რეციდივის განვითარების რისკი. მკურნალობისას წამალი ზუსტად წონის შესაბამისად უნდა დაინიშნოს – არაადეკვატური დოზა რეზისტენტობის განვითარებას იწვევს. პაციენტმა მედიკამენტი ყოველდღე უნდა მიიღოს – მისი გამოტოვებაც რეზისტენტული ფორმის ჩამოყალიბების რისკფაქტორია. ამიტომ არის, რომ ტუბერკულოზის წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად პირობად წამლის ყველა დოზის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით მიღება მიიჩნევა. მკურნალობის წამყვანი მეთოდი კონსერვატიული მკურნალობაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მაშინ, თუ ფილტვში ფიბროზული ღრუ წარმოიქმნა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევაც.
– ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატების გვერდით მოვლენებზე რას გვეტყვით?
– მოგეხსენებათ, ისეთი პრეპარატი არ არსებობს, გვერდითი მოვლენა რომ არ ახლდეს. გამონაკლისი არც ტუბსაწინააღმდეგო წამლებია, მაგრამ პირველი რიგის ანუ ძირითად ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებს ნაკლები გვერდითი ეფექტი ახასიათებს. რიფამპიცინი, იზონიაზიდი და პირაზინამიდი ძირითადად ჰეპატოტოქსიკურია (ღვიძლს აზიანებს), ეტამბუტოლი – ნეფროტოქსიკური (აზიანებს თირკმელებს), ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ვიკვლევთ, რათა დანამდვილებით ვიცოდეთ, შეიძლება თუ არა მათთვის აღნიშნული პრეპარატების მიღება. მკურნალობის პერიოდშიც უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება.
თუ რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობა ძირითადად ოთხი პირველი რიგის მედიკამენტით ხორციელდება, რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 9-10 მედიკამენტს ვიყენებთ. ამასთან, მეორე და მესამე რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებს პირველი რიგის წამლებთან შედარებით მეტი გვერდითი და ტოქსიკური ეფექტი ახასიათებს, რის გამოც მათი მართვა შედარებით რთულია და უმეტესად სტაციონარში ხდება. დაავადების მართვას საკმაოდ ართულებს თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ვირუსული ჰეპატიტები). ბავშვები შედარებით უკეთ იტანენ რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებებს.
– როგორ დავიცვათ თავი ტუბერკულოზისგან?
– უპირველესად, უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: აუცილებელია რეგულარული კვება, ცილით მდიდარი საკვების მიღება; უნდა ვერიდოთ გასახდომ დიეტას და თუ ის უკანასკნელი აუცილებელია, პროფესიონალის ზედამხედველობით დავიცვათ. კარგი იქნება, თუ რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ, ყველა გაივლის ოჯახის ექიმთან პროფილაქტიკურ გამოკვლევას. თუ იცით, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთან გქონდათ კონტაქტი, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის დაწესებულებას და დაავადება გამორიცხეთ. თუ გახანგრძლივებული ხველა და ინტოქსიკაციის ნიშნები გაქვთ, მაშინაც ექიმის კონსულტაციაა საჭირო.
– არის თუ არა დღეს საქართველოში ტუბერკულოზი სტიგმა?
– სამწუხაროდ, არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ სამედიცინო საზოგადოებაშიც კი ტუბერკულოზის შესახებ არასწორი წარმოდგენა აქვთ, რაც სტიგმის მიზეზად იქცევა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტუბერკულოზი იკურნება. სასურველ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ ვაღწევთ, როცა პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. საზოგადოებისთვის საშიში მხოლოდ ბაქტერიაგამომყოფი პაციენტია და ისიც მკურნალობის დაწყებიდან 10-14 დღეში ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამიტომ ნახველის მყარი ბაქტერიული კონვერსიის მიღწევიდან ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასრულებამდე პაციენტმა შეიძლება ამბულატორიულ რეჟიმში გააგრძელოს მკურნალობა და პარალელურად იმუშაოს. ტუბერკულოზით დაავადებულები სავსებით იკურნებიან და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რჩებიან.

მოკლედ | ვრცლად

                   C ჰეპატიტი ჩუმი და ვერაგი


 დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3% C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. მხოლოდ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი ზრდასრული მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს....

დაავადება რომ განვითარდეს, ვირუსი ჰეპატოციტებში – ღვიძლის უჯრედებში – უნდა შეიჭრას, სადაც გამრავლდება და ღვიძლის ქსოვილის ანთებით დაზიანებას გამოიწვევს.
C ჰეპატიტის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი თენგიზ თელია.
– ბატონო თენგიზ, რას წარმოადგენს C ჰეპატიტის ვირუსი? რატომ ვერ ახერხებს ადამიანის ორგანიზმი, ისევე გაუმკლავდეს მას, როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსს?
– C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ჰეპატივირუსების ოჯახს ეკუთვნის. ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს მასთან გამკლავებას. ცნობილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას. მისი ანტიგენური სტრუქტურა წუთის განმავლობაში მრავალჯერად იცვლება, მიმდინარეობს “დროში შეჯიბრება” ახალი ანტიგენური შტამების წარმოქმნასა და გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას შორის. ამ შეჯიბრებაში ვირუსი იმარჯვებს, რაც განაპირობებს HCV -ს მრავალწლიანი ინფექციის ფორმირებას.
სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში HCV -ის სხვადასხვა გენოტიპია გავრცელებული. ვირუსის გენეტიკურ ტიპს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური და კლინიკური ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია HCV ინფექციის მკურნალობის ხანგრძლივობისა და პროგნოზის განსაზღვრისთვის.
– როგორ ინფიცირდება ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით?
– C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
. წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინტრავენური მიღებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
. ვირუსით ინფიცირებული სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმისას;
. ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
. სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;
. ინტრავენური წამლის მომხმარებელთან სქესობრივი ურთიერთობისას, თუმცა სტაბილურ პარტნიორებს შორის რისკი შედარებით დაბალია – 2%, ხოლო მრავალი პარტნიორის შემთხვევაში 4-6%-ს უტოლდება.
ვირუსი ასევე გადაეცემა დაავადებული დედისგან ნაყოფს ორსულობისა და მშობიარობის დროს (5-7%).
რისკფაქტორებს განეკუთვნება ჰემოდიალიზი, ტატუირება და სხეულის პირსინგი.
HCV -ს გადაცემის დამატებითი რისკფაქტორია იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა, რომელთა სისხლით დაბინძურების ალბათობა არსებობს. მაგალითად, სამართებლით, კბილის ჯაგრისით და სხვა.
ინფიცირების განსაზღვრულ რისკს შეიცავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამ დღეზე მეტხანს დაყოვნებაც.
– შესაძლოა თუ არა, C ჰეპატიტის ვირუსი კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენით, ანდა ჰაერწვეთოვანი გზით გადაედოს?
– ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსი არ გადაედება, ხოლო მწერის ნაკბენით ინფიცირების ფაქტი დღემდე არ არის აღწერილი.
– ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება დაავადება? რას ნიშნავს ტერმინები ”მწვავე C ჰეპატიტი” და ”ქრონიკული C ჰეპატიტი”?
– HCV ინფექციის საინკუბაციო პერიოდი, ანუ პერიოდი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან მის გამოვლენამდე, 20-დან 150 დღემდე გრძელდება, უმეტესად – 40-50 დღე. მწვავე C ჰეპატიტი – HCV ინფექციის მწვავე ფაზა – ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან ასიდან 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მწვავე C ჰეპატიტი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში ვითარდება. დაავადებას აქვს სიმპტომური (სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე) და უსიმპტომო ფორმები. სიმპტომური C ჰეპატიტის 50% გამოჯანმრთელებით მთავრდება. უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ჯამში, ასიდან 70-85 შემთხვევაში HCV ინფექცია ქრონიკულ სახეს იღებს.
– რას უჩივის ადამიანი C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის შემთხვევაში?
– მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე. გარდა ამისა, უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, უმადობას, დისკომფორტს მუცლის ღრუში, სიმძიმეს მარჯვენა ფერდქვეშ, ზოგჯერ – ტემპერატურის მატებას, შარდის გამუქებას, განავლის გაბაცებას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას. შედარებით მუდმივი ჩივილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახლავს თან მწვავე C ჰეპატიტს, არის პროგრესირებადი საერთო სისუსტე და, შედარებით იშვიათად, უმადობა. მწვავე C ჰეპატიტის სიყვითლით მიმდინარე ფორმისას სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ინტენსიურად არის გამოხატული.
– როგორ მიმდინარეობს ქრონიკული C ჰეპატიტი?
– ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად, პერიოდული გამწვავებით, ანდა მუდმივად პროგრესირებდეს. ლატენტური (ფარული) ფაზა შეიძლება 15-20 წელიწადიც კი გაგრძელდეს. ამ პერიოდში ინფიცირებული პრაქტიკულად ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს, კლინიკური მანიფესტაციის შემთხვევაში კი ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, წონის კლებას და სხვა.
დაავადება ძირითადად სიყვითლის გარეშე მიმდინარეობს. შესაძლოა, თან ახლდეს სუბფებრილიტეტი ანუ სხეულის ტემპერატურის მატება 37-38 0C -მდე.
ღვიძლში ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი, რაც ღვიძლის ქსოვილში დიდი რაოდენობით კოლაგენის ჩალაგებით და მისი ელასტიკურობის დაქვეითებით ვლინდება, თუმცა ღვიძლის სტრუქტურა და ფუნქციები ძირითადად შენარჩუნებულია. პროგრესირებადი ფიბროზის ფონზე ავადმყოფთა 20-40%-ს ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის ტერმინალური დაავადებები: ღვიძლის ციროზი, ღვიძლუჯრედული კიბო და ღვიძლის უკმარისობა.
HCV ინფექციას ახასიათებს მრავალწლიანი, ნელი ინფექციისთვის დამახასიათებელი მიმდინარეობა.
– რას წარმოადგენს ტერმინალური დაავადებები?
– ღვიძლის ციროზი ქრონიკული ჰეპატიტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ამ დროს დარღვეულია ღვიძლის სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები, რაც ღვიძლის უკმარისობის განვითარების წინაპირობაა.
ჰეპატოცელულარული კარცინომა, იგივე ღვიძლუჯრედოვანი კიბო, ღვიძლის უჯრედებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ათიდან რვა შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დავადებულებს უვითარდებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, ღვიძლის ქრონიკული ანთების ფონზე ის ციროზის გარეშეც განვითარდეს.
ჰეპატოცელულარული კარცინომა სიხშირით მეხუთე ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის და სწრაფად პროგრესირებს.
– რა განაპირობებს დაავადების სწრაფ პროგრესირებას?
– C ჰეპატიტი გაცილებით სწრაფად პროგრესირებს იმუნოკომპრომეტირებულ (აივ ინფექცია`შიდსის მქონე) პირებში. პროგრესირების ტემპი ასევე დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. მაგალითად, დაავადების სწრაფი პროგრესირება აღინიშნება პოსტტრანსფუზიული (დასნებოვნებული სისხლის გადასხმის შედეგად) ინფიცირების შემთხვევაში.
ციროზის ჩამოყალიბებას განსაკუთრებით აჩქარებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის თანმხლები დაავადებები, სიმსუქნე. ცნობილია, რომ მამაკაცებში დაავადება ქალებთან შედარებით სწრაფად პროგრესირებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკიც – რაც უფრო ზრდასრულ ასაკში მოხდება ინფიცირება, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება.
ქრონიკული HCV ინფექციის პროგრესირების, დაავადების სიმძიმის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ღვიძლის ფიბროზის ხარისხი.
– გარდა ღვიძლისმიერი გართულებებისა, რით ვლინდება C ჰეპატიტი?
– HCV უმთავრესად ღვიძლის ქსოვილს აზიანებს, თუმცა ცნობილია დაავადების ბევრი ღვიძლგარე გამოვლინებაც, რომლებიც HCV ინფექციის მქონეთა 30-36%-ს აღენიშნება. ეს გამოვლინებები მოიცავს კანს, თვალებს, სახსრებს, იმუნურ სისტემას, ნერვულ სისტემას, თირკმელებს, ასევე – სხვა ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს. მათი განვითარების მექანიზმები დაწვრილებით არ არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ამ გამოვლინებათა უმრავლესობა აუტოიმუნური გენეზისაა.
ხშირად აუტოიმუნური დარღვევები იმდენად მკაფიოდ არის გამოხატული, რომ დამატებით თერაპიულ ჩარევას საჭიროებს. მსუბუქი ღვიძლგარე გამოვლინებები ანტივირუსული მკურნალობის ფონზე უკუვითარდება.
– როგორ სვამენ დიაგნოზს?
– C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დაავადებას პათოგნომური სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია HCV -ს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამჟამად C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია სისხლში ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულებისა და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. ვირუსის იდენტიფიცირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ხორციელდება. მხოლოდ ეს გამოკვლევა იძლევა უტყუარ პასუხს იმის თაობაზე, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში. ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა მხოლოდ ირიბად მიანიშნებს, რომ პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციის მწვავე სტადიაში ანტისხეულები შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ან ძალიან მცირე კონცენტრაციით იყოს სისხლში, ამიტომ მწვავე C ჰეპატიტზე ეჭვის დროს ანტისხეულების ერთჯერადი განსაზღვრა საკმარისი არ არის.
ვინაიდან ინფექციის მწვავე ფაზა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მწვავე C ჰეპატიტს ხშირად შემთხვევით, რუტინული გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ.
ღვიძლის უჯრედების დაზიანების ხარისხის, ღვიძლის ფუნქციისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად, საბოლოო შედეგის პროგნოზირებისთვის აუცილებელია სისხლში ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. ღვიძლის ფიბროზის ხარისხის, ციროზის, კარცინომის დასადგენად მიმართავენ ღვიძლის ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ღვიძლის ბიოფსიას, ღვიძლის ელასტოგრაფიას და სხვა თანამედროვე არაინვაზიურ მეთოდებს.
– როგორ მკურნალობენ C ჰეპატიტს?
– C ჰეპატიტს მთელს მსოფლიოში პეგილირებული ინტერფერონითა და ნუკლეოზიდის ანალოგით მკურნალობენ. ვირუსის I და ნაწილობრივ III გენოტიპის შემთხვევაში ეფექტურია მესამე პრეპარატის, პროტეაზის ინჰიბიტორის დამატება.
ამჟამად მიღებული მკურნალობა (პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით) ძვირადღირებულია და ხშირად იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომელიც სათანადო მართვას საჭიროებს. ამიტომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დაავადების სიმძიმე (ის უმთავრესად ფიბროზის ხარისხით ფასდება), გართულებათა არსებობა-არარსებობა, შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, HCV-ს გენოტიპი, მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტიანობა და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს მისი ეფექტიანობის პროგნოზული მარკერები და მხოლოდ ამის საფუძველზე გადაწყდეს, ჩატარდეს თუ არა მკურნალობა.
– ვისთვის არის მკურნალობა უკუნაჩვენები?
– მკურნალობა უკუნაჩვენებია დეკომპენსირებული ციროზის დროს, ასევე – ორსულებსა და ასაკოვან პაციენტებში. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში. ამ დროს მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. მით უმეტეს, C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოსაყენებელ პრეპარატებს მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებს: დეპრესია და ქცევის ცვლილებები, უძილობა, სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ანემია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, წონის კლება, გამონაყარი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა...
– როგორია განკურნების ალბათობა?
– HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ვირუსის გენოტიპზე, ავადმყოფის სქესსა და ასაკზე, ვირუსის კონცენტრაციაზე, დაავადების სიმძიმეზე (ფიბროზის ხარისხზე, ციროზის არსებობა-
 არარსებობაზე) და სხვა.
საინტერესოა, რომ არსებობს ერთგვარი კორელაცია ვირუსის კონცენტრაციასა და დაავადების საბოლოო შედეგს შორის. კერძოდ, იმ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსის მაღალი კონცენტრაცია დაუდასტურდათ, გაცილებით შესამჩნევია გამოჯანმთელების ტენდენცია, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ვირუსის მაღალმა კონცენტრაციამ იმუნური სისტემის უფრო ძლიერი წინააღმდეგობა, ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია.
და მაინც, აბსოლუტური განკურნების ალბათობა C ჰეპატიტის პირველი გენოტიპის შემთხვევაში 45%-ს არ აღემატება, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, მისი მკურნალობის სტანდარტულ სქემაში ახალი პრეპარატის – პროტეაზის ინჰიბიტორის ჩართვა ეფექტს საგრძნობლად ზრდის. მეორე და მესამე გენოტიპების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა 70-80%-ს აღწევს. პაციენტი განკურნებულად მიიჩნევა, თუ მის ორგანიზმში მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ვირუსი არ განისაზღვრება.
იდეალური შედეგია სრული განკურნება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მკურნალობას აქვს სხვა მიზნებიც: გართულებათა თავიდან აცილება, ღვიძლგარე გამოვლინებებისა და ვირუსის გავრცელების პრევენცია.
– რას გულისხმობს C ჰეპატიტის პრევენცია?
– დაავადების პრევენციას ძალზე ართულებს C ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინისა და იმუნოგლობულინის არარსებობა, თუმცა რჩება სხვა გზაც – ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომლებიც ვირუსის გადაცემას აგვაცილებს თავიდან.
ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა HCV ინფექციაზე:
. ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს;
. აივინფიცირებულებს;
. ჰემოფილიით დაავადებულებს;
. ჰემოდიალიზზე მყოფებს;
. სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტებს;
. ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს;
. HCV -პოზიტიური დედების შვილებს;
. მედპერსონალს, რომელსაც HCV -ინფიცირებულ სისხლთან ჰქონდა შეხება კანქვეშა კონტაქტის (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე სისხლის მოხვედრის შემთხვევაში;
. HCV -ინფიცირებულთა სქესობრივ პარტნიორებს;
. პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ამინოტრანსფერაზების აქტივობის აუხსნელი მომატება.
მარი აშუღაშვილი
მოკლედ | ვრცლად

                                           მსოფლიო ტუბერკულოზის გარეშე

  ტუბერკულოზი (TB) იოლად გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. მკურნალობის გარეშე ყოველ დაავაადებულს წელიწადში 10-15 ადამიანის დასნებოვნება შეუძლია...

                                                             
უფრო ვრცლად »»»


                                 პანდემია დამთავრდა, გრიპის გეშინოდეთ!

   პანიკის დათესვას ნამდვილად არ ვაპირებთ, თუმცა სასიხარულო ამბით გამოწვეული ზედმეტი გულარხეინობა თავიდან რომ აგვეცილებინა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზიც სწორედ ამიტომ მოვიხმეთ...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                       ციროზული მითები

   არა გვგონია, უცოდინარობის ბრალი იყოს – ნებისმიერ თქვენგანს ალბათ საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს როგორც ღვიძლის ციროზზე, ასევე მის მთავარ მიზეზზე, მაგრამ კარგად რომ ჩავუღრმავდით, აღმოჩნდა, რომ თვითდამშვიდებისა თუ თავის მართლების მიზნით იმდენი ციროზ-მითი შეგიქმნიათ, მოსე ხონელსაც შეშურდებოდა. მოკლედ, მივყვეთ და გავაცამტვეროთ...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                  რას გვერჩიან ჰელმინთები

  
ჰელმინთი ბერძნული სიტყვაა და პარაზიტ ჭიას ნიშნავს. ადამიანის ჰელმინთოზი გლობალური პრობლემაა. ჰელმინთები დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ მსოფლიოში  ჰელმინთებით 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანია ინვაზირებული...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                    ცოფი ანუ ჰიდროფობია

  ცოფს ვირუსმატარებელი ცხოველი კბენისას ან დაკაწვრისას გადმოგვდებს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სხეულზე ნერწყვის უბრალო მოხვედრითაც დასნებოვნდეთ – კანზე არსებული მიკროტრავმებიდან ვირუსი სისხლში მოხვდეს
...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                   მალარია-ლეიშმანიოზი

   შინიდან გასვლა და მწერების შემოსევა ერთია! კოღოს და ბუზს ვინღა დაეძებს – თურმე ეგზოტიკური ფეხსახსრიანებიც გვიტევენ! ეს ლეიშმანიოზი საიდანღა მოვიდა ნეტავ?!” – თუ ასეთ ფრაზებს მოჰკარით ყური, ესე იგი ზაფხული დამდგარა, რადგან კოღოც, ბუზიც და ლეიშმანიის გადამტანი უხილავი ფრთოსნებიც სწორედ ზაფხულობით გვესხმიან თავს...

                                                              უფრო ვრცლად »»»


 1  2  3  შემდეგი>  ბოლო >>

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად