ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფიტოთერაპია >>ჟურნალი "ავერსი"
ვეხმარებით სისხლძარღვებს

ჩვენი სისხლი ორგანიზმის ერთი წერტილიდან მეორისკენ გრძელი, მაგრამ ვიწრო მილების საშუალებით მიედინება. ორგანოთა სისხლმომარაგება რომ არ შეფერხდეს, სისხლძარღვები მუდამ მწყობრში უნდა გვქონდეს: კედლები – მაგარი და ელასტიკური, ხოლო სანათური თავისუფალი იყოს. შეგვიძლია, ამაში მცენარეებიც დავიხმაროთ.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
. ცხენისწაბლას 5 გ დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით ნახევარი საათით  შედგით ცეცხლზე, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. პირველი ორი დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ს. კ. დღეში ერთხელ, შემდეგ (თუ ერთი კოვზი კარგად აიტანეთ) – 1 ს. კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-8 კვირაა, შესაძლოა, ოდნავ მეტიც, ოღონდ არა უმეტეს 12 კვირისა. ეს ნახარში მარგებელია ბუასილის დროსაც. მკურნალობის კურსი ამ შემთხვევაში 1-დან 4 კვირამდე გრძელდება.
. ცხენისწაბლას 50 გ დაქუცმაცებულ ყვავილს ან ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი 50%-იანი არაყი, დააყენეთ 2 კვირა ბნელ და თბილ ადგილას და ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა, ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ცხენისწაბლას ახალგამოწურული წვენი – 25 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.
ცხენისწაბლას ნახარში და ნაყენი ამაგრებს სისხლძარღვის კედელს, ამცირებს სისხლის შედედების უნარს და თრომბების წარმოქმნის ალბათობას.

ათეროსკლეროზის დროს
. თანაბარი რაოდენობით აიღეთ კუნელის ყვავილი და ნაყოფი, კარგად აურიეთ ერთმანეთში, 3 ს. კ. ნარევს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე, 2 საათით დადგით სითბოში და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ეს ნაყენი ასევე მარგებელია კლიმაქსური სინდრომის, თავბრუხვევისა და სულხუთვის სამკურნალოდ.
. აიღეთ 10 გ წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ადუღეთ 3-5 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ ერთ ჯერზე, თბილი. ამ ნახარშის მიღება რეკომენდებულია დღეში სამჯერ მაინც.
. ერთი საჩაროზე კოვზ წიწიბურას ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, 2 საათი დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს
. 10 გ კატაბალახას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე, ადუღეთ ნახევარი საათი და დააყენეთ 2 საათი. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-4-ჯერ.
. 1 ს. კ. ხვართქლას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 15 წუთი, გაგრილდება თუ არა, კვლავ შედგით ცეცხლზე მცირე ხნით. მიიღეთ 1/4 ჭიქა დილა-საღამოს.
. 40-50 გ ჟენ-შენის ფესვს დაასხით დამტკბარი ცივი ანადუღარი წყალი. 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ფესვი შუაზე გაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი 40%-იანი სპირტი და სამი კვირა დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ორი კვირის განმავლობაში ჭურჭელი პირამდე შეავსეთ ხოლმე. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი თვეა ორი 10-დღიანი შესვენებით. კურსის გამეორება ერთი წლის შემდეგ არის მიზანშეწონილი.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად