ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ჩვენი ორგანიზმი >>ჟურნალი "ავერსი"
ყველაფერში დამნაშავეა გენები

გენეტიკაზე საუბარი ან ბავშვის დაბადებისთანავე იწყება, ან მაშინ, როდესაც პაწაწინა გაიზრდება, რაიმე გენიალურს ჩაიდენს, ქვეყანას აალაპარაკებს (ასეთ შემთხვევაში მამა ირწმუნება, რომ შვილი მისი გენების მატარებელია) ან არცთუ ისე სახარბიელო საქციელით გამოიჩენს თავს (ამ შემთხვევაში მამა  ყოველთვის აღნიშნავს, რომ შვილის გენეტიკაში დედის გენები მძლავრობენ).
ყველა ადამიანმა ასე თუ ისე იცის, რომ გარეგნობასა და ხასიათს დედისა და მამისგან ნაანდერძევ გენებს უნდა უმადლოდეს (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით). თუ ბაბუის ან დეიდის ანდერძზე კიდევ შეიძლება გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ და გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ შევაცვლევინოთ, მემკვიდრეობას, რომელსაც მშობლებისგან გენების სახით ვიღებთ, რაც უნდა ვიღონოთ, ვერაფერს მოვუხერხებთ. ყველაფერი თავისთავად წყდება...

სად დევს სიცოცხლის საიდუმლოს გასაღები
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო ერთმანეთზე გადაგრეხილ ორ უწვრილეს ძაფშია დამალული. ეს გახლავთ დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინმჟავა, მარტივად, რომელიც ყველა უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. დნმ ძაფზე აცმულ მძივს ჩამოჰგავს, სადაც მძივის თითოეული ბურთულა, არც მეტი, არც ნაკლები, ქრომოსომას წარმოადგენს. სწორედ ქრომოსომებშია ჩაქსოვილი ასეულობით გენი. საბოლოო ჯამში ერთი დნმ ასიათასობით გენის მატარებელი ხდება, რომელთაგან ნახევარი დედისეულია, ნახევარი – მამისეული.
საზოგადოდ, დნმ-ში არსებული ყველა ქრომოსომა, გარდა მამაკაცის სასქესო ქრომოსომებისა, რომლებიც მხოლოდ სასქესო უჯრედებში – გამეტებში მოიპოვება, დაწყვილებულია. სულ 23 წყვილია (ესე იგი, 46 ცალი). ქრომოსომები განაყოფიერებისას წყვილდებიან და ხდება ისე, რომ გენების შეხვედრისას ერთი მათგანი მეორეს უსიტყვოდ ემორჩილება. უფრო სწორად, ორი ერთნაირი (დედისა და მამის)  გენის შეხვედრისას მხოლოდ ერთი ავლენს თავს. სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ესა თუ ის (მამისეული თუ დედისეული) თვისება. ასეთ გენს დომინანტური ეწოდება, დათრგუნულ გენს კი გენეტიკოსებმა რეცესიული შეარქვეს.
მომავალ თაობას რეცესიული ნიშანი რომ გამოუვლინდეს, ასეთი გენი ორივე მშობლისგან უნდა გადაეცეს, დომინანტურის გამოსავლენად კი ისიც საკმარისია, აქტიური გენი მხოლოდ ერთი მშობლისგან ერგოს.

მაცივარში ვიღაც იჯდა
რამდენიმე წლის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკული ფილმი “გატაკა”, რომელიც მხატვრულად ასახავდა მომავლის ადამიანების ცხოვრებას, სადაც “შემთხვევით” ჩასახულ ადამიანს ნორმალური არსებობის არავითარი პირობა არ გააჩნია: მომავალში ბავშვები დაკვეთით, წინასწარ განსაზღვრული,  მშობლების მიერ საგანგებოდ შერჩეული გენეტიკური ნიშნებით ჩნდებიან! გენების ამგვარი სელექცია როგორც ფიზიკურ, ისე ფიზიოლოგიურ ნაკლოვანებას გამორიცხავს, ბავშვები კი ჯანმრთელები, ლამაზები, გონიერები იბადებიან!
ამგვარია ფილმის შინაარსი. რეალურად კი არჩევანი, კარგად ვიცით, არ არსებობს. როგორ დაწყვილდებიან გენები, რომელი იაქტიურებს და რომელი დაიჩაგრება, არავინ იცის.
მამისეული და დედისეული გენების შეხვედრისას უსაზღვროდ ბევრი კომბინაცია შეიძლება შეიქმნას. გენეტიკურ ჯაჭვში გენები შემთხვევით იკავებენ თავ-თავიანთ ადგილს. სწორედ ამგვარი შემთხვევითობის წყალობითაა, ათასნაირი (და კიდევ მეტი!) ადამიანი რომ არსებობს.
ალბათ, გაგიგონიათ (თუ თქვენს ოჯახშივე არ არის მსგავსი სიტუაცია), რომ შავთმიან მშობლებს ქერა ბავშვი გაუჩნდათ. დამნაშავე? რაღა თქმა უნდა, გენების თავისებური კომბინაციაა. შესაძლოა, ადამიანს დედისგან თმის ფერი ერგოს (ე.ი. დედის თმის ფერის განმსაზღვრელი გენი უფრო აქტიური, ჩვენებურად – დომინანტური აღმოჩნდა), მამისგან – სიმაღლე, ბებიისგან – ხასიათი, ბაბუისგან – უხასიათობა...
ალბათ იტყვით, ყველაფერს გენებს მაინც ვერ დავაბრალებთო, ადამიანის ინდივიდუალური თვისებების ჩამოყალიბებაზე გარემოც ხომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენსო... რა თქმა უნდა, გარემო, რომელშიც ადამიანი წლობით ცხოვრობს, მის ხასიათს ძლიერ კვალს აჩნევს, მაგრამ რაკი ამჯერად გენების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და მემკვიდრეობითობის ლაბირინთებში დავძვრებით, მეცნიერების (სავარაუდოდ, გენეტიკოსების) ერთ ფრიად საინტერესო აზრს მოგახსენებთ: აბსოლუტურად ყველა დაავადებისადმი მიდრეკილება, ნებისმიერი თვისება მემკვიდრეობითია. ტრავმა რომ ტრავმაა, რომელიც ადამიანმა ლურსმნის დაჭედებისას ხელზე ჩაქუჩის დარტყმით მიიღო, ისიც გენების ბრალი ყოფილა. როგორ? მარტივად: ასე ემართებათ მოუხელთებელ, მოუსვენარ ადამიანებს, რომლებსაც ეს თვისება, რაღა თქმა უნდა, მშობლებისგან ერგოთ მემკვიდრეობით, და მათ, ვინც მხედველობას უჩივის – ეს პრობლემაც გენეტიკური ხასიათისაა!

თან იქონიეთ... გენეტიკური პასპორტი!
მეტად პატივცემულმა პიროვნებამ, 2001 წლის ნობელის ლაურეატმა პოლ მორისმა, ამგვარი პროგნოზი გააკეთა: ”სულ რაღაც 20 წლის შემდეგ ყოველ ახალდაბადებულს გენეტიკური პასპორტი გადაეცემა. უფრო ზუსტად, მეტრიკა, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია მისი გენეტიკური მახასიათებლების შესახებ”.
ასეთი ვარაუდი ბატონმა მორისმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც 2000 წელს გენეტიკოსებმა გენომის გაშიფვრა მოახერხეს და თამამად განაცხადეს, რომ ისინი სამყაროს გადაარჩენდნენ. როგორ? როგორ და ასე:
ადამიანის გენომის ცოდნა თურმე ფარმაკოლოგიაში ახალ ახალი მწვერვალების დაპყრობას გვპირდება: მას შემდეგ, რაც პაციენტის გენომში ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ გენს აღმოაჩენენ, მისთვის ინდივიდუალურ მედიკამენტსაც შექმნიან. თუ ფარმაკოლოგიამ ეს ვერ შეძლო, დაზიანებულ გენს გენური თერაპია მიხედავს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მიღწევა კრიმინალისტიკისა და სასამართლო მედიცინისთვის, რომელთაც პიროვნების იდენტიფიკაციის პრობლემა, ფაქტობრივად, მოეხსნებათ. საკმარისია, შემთხვევის ადგილას იპოვონ ბოროტმოქმედის თმის ღერი, თუნდაც კანის უჯრედი, რომ მისი გენომური პორტრეტი თვალის დახამხამებაში აიგება და დამნაშავე მხილებულ იქნება.
გენეტიკური კვლევის მეთოდები საქართველოშიც არის დანერგილი (ამის შესახებ მომდევნო გვერდებიდან შეიტყობთ), თუმცა გენეტიკური პასპორტის აღება აზრად ჯერ არავის მოსვლია. საზღვარგარეთ ეს ანალიზი 712 ათასი დოლარი ღირს და მიუხედავად მაღალი ფასისა, ამ უჩვეულო პასპორტის მიღების მსურველთა რიცხვი საოცრად დიდია.
მიუხედავად იმისა, რომ გენომის გაშიფვრას მომავლის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს (გენეტიკოსთა აზრით, ეს მკურნალობასა და პროფილაქტიკას წარმოუდგენლად ეფექტურს გახდის და ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც 90 წლამდე გაიზრდება), არის ხალხი, ვინც ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, გენეტიკური ინფორმაციის ცოდნამ შესაძლოა გენეტიკური ნიშნით დსკრიმინაციას დაუდოს სათავე: სადაზღვევო კომპანიებმა ამა თუ იმ გენეტიკური ხინჯის მქონე ადამიანები არ დააზღვიონ ან მათგან დიდი თანხები მოითხოვონ. ასევე, შესაძლოა, გენეტიკური პასპორტი სამუშაოზე მიღების კრიტერიუმად იქცეს ან წყვილებს გენეტიკური პასპორტის წარდგენამდე სულაც არ მისცენ ქორწინების ნება (წარდგენის შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, ერთ-ერთმა მეორე გენეტიკური ნიშნით დაიწუნოს და ქორწინებაზე უარი თქვას). სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ბოროტმა ადამიანებმა ადამიანის გენომის მონაცემები ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად და რომელიმე პოპულაციის გასანადგურებლად გამოიყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, გენომის გაშიფვრა მაინც დადებით მოვლენად იქნა შეფასებული. მომავლის მედიცინა გენეტიკოსთა იმედზეა.

გენები ტრადიციაზე პასუხს არ აგებენ
საიდან მოდის ჰომოსექსუალიზმი? ამაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა არაერთი თეორია შეიმუშავეს (მათ შორის – ნევროგენული, ენდოკრინული, ფსიქოანალიზური). მათ არც გენეტიკოსები ჩამორჩნენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არატრადიციული სქესობრივი კავშირებისადმი მიდრეკილება გენეტიკური ხასიათისაა. გაგიკვირდებათ და ეს თეორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი ვინმე დოქტორ კალმანის ექსპერიმენტით დაიწყო: ის აკვირდებოდა 85 ტყუპ ჰომოსექსუალს, რომელთაგან 40 – ერთი კვერცხუჯრედიდან, ხოლო 45 სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან იყო განვითარებული. აღმოჩნდა, რომ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპთაგან თუ ერთი ჰომოსექსუალი იყო, მეორეც უთუოდ მის ორიენტაციას იზიარებდა, სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებში კი ასეთი ძლიერი მსგავსება არ შეინიშნებოდა.
ჰომოსექსუალიზმის გენეტიკურ საფუძველზე კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ 1999 წელს, როდესაც ამერიკელმა გენეტიკოსმა დინ ქამერმა მოლეკულურ დონეზე გაშიფრა გენი, რომელიც არატრადიციულ მისწრაფებებზე გახლდათ პასუხისმგებელი. მან მუტაციური ნაწილაკი X ქრომოსომაში აღმოაჩინა და დაასკვნა, “ცისფერი” გენები ვაჟებს დედებისგან გადაეცემათო.
ამერიკელი გენეტიკოსის მოსაზრებას ჯერ კანადელი კოლეგების ჯგუფი აუმხედრდდა, შემდეგ კამათში ინგლისელი და გერმანელი მეცნიერებიც ჩაერთვნენ. მათ ვერ მოახერხეს მუტაციაგანცდილი გენის აღმოჩენა, მაგრამ ვარაუდი კვლავ ძალაში დარჩა: ჰომოსექსუალიზმზე პასუხისმგებელი ნამდვილად შეიძლება გენები იყოს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად