ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  ალერგოლოგია, იმუნოლოგია

ალერგიის კვალდაკვალ

  თუ ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ბრძანდებით, გეხსომებათ, რომ ალერგიაზე არაერთხელ დაგვიწერია. ეს პათოლოგიური მდგომარეობა სხვადასხვა ჭრილში განვიხილეთ, დეტალურად აღვწერეთ მისი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ამჯერად ალერგიის შედარებით უცნობ მხარეებზე ვისაუბრებთ. მაგალითად, მოდი, ვნახოთ, რამდენად საშიშია ტკიპისმიერი (მტვრის) ალერგია (ბარემ ამთავითვე გეტყვით, რომ სპეციფიკური გამოვლინება ამ ტიპის (გენეზის) ალერგიას არ ახასიათებს, ნიშნები ფაქტობრივად ისეთივეა, როგორიც სხვა ალერგიების დროს).

ვუღრმავდებით მექანიზმს
უცხოებთან ბრძოლა რომ იმუნური სისტემის მოვალეობაა, უკვე არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმი სრულიად უვნებელ ნაწილაკებსაც კი მოსისხლე მტრებად მიიჩნევს და ომს უცხადებს. ერთ-ერთი მიზეზი გენეტიკური განწყობაა: თუ დედა ან მამა ალერგიულია, ბავშვს ასეთი რეაქციებისკენ მიდრეკილების 48%-იანი ალბათობა აქვს, ხოლო თუ ორივე მშობელია ალერგიული, საფრთხე 70%-ს აღწევს.
ალერგიის გამოვლინებანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება და თვით ანაფილაქსიური შოკიც კი. ყველა ამ პათოლოგიურ მდგომარეობას საფუძვლად ერთი და იგივე მექანიზმი უდევს, რომელიც სქემატურად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: თავდაპირველად ორგანიზმი უცხო აგენტს ხვდება, რომლის მიმართაც იმუნიტეტი განსხვავებულ და მეტისმეტად ფაქიზ მგრძნობელობას იჩენს. ერთი შეხედვით არაფერი გვაწუხებს, მაგრამ იმუნურმა სისტემამ უკვე დაიწყო “ჯარისკაცების” გამოზრდა. ეს მამაცი მეომრები სპეციფიკური კლასის ანტისხეულები არიან, რომელთაც ევალებათ, კარგად შეისწავლონ ხსენებული აგენტი, თუ ისევ გაბედა მათ ტერიტორიაზე შეჭრა, ამოიცნონ და ბრძოლა გამოუცხადონ. ჯარისკაცები მთელ ორგანიზმს მოედებიან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი პოხიერ უჯრედებზე კონცენტრირდებიან. ამ ფაზას სენსიბილიზაციას (ერთგვარ ალერგიულ მზადყოფნას) უწოდებენ. განმეორებითი კონტაქტი უკვე ხილულ ცვლილებებს, ალერგიულ დაავადებას იწვევს. ანტისხეულებს ბუზი სპილოდ ეჩვენებათ და მტვრის პაწაწკინტელა ნამცეცს შურდულის ნაცვლად ქვემეხს ესვრიან. გააქტიურებული პოხიერი უჯრედები ათავისუფლებენ ჰისტამინსა და სხვა სპეციფიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვების განვლადობის მატებას, ქავილს, გამონაყარს და მსგავს რეაქციებს იწვევს.
ვის დავაბრალოთ
ალერგიული რეაქცია ნებისმიერმა ნაწილაკმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგი ადამიანი მხოლოდ ერთი ნივთიერების მიმართ არის ალერგიული, ზოგი – რამდენიმეს მიმართ. მოდი, ყველაზე გავრცელებული ალერგენები და მათთვის თავის არიდების გზები გავიხსენოთ.
საკვები
ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად ხამანწკები, არაქისი, თხილი, თაფლი, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული იწვევს. გარდა ამისა, ადამიანს ალერგია უვითარდება რძის, კვერცხის, მარცვლეულის მიმართ. ძლიერ ალერგენულია საღებავებითა და კონსერვანტებით გაჯერებული საკვებიც. ძალზე ძლიერი და საშიში ალერგენია მწერების შხამი. ნაკბენი ზოგჯერ ანაფილაქსიურ შოკს და სიკვდილსაც კი იწვევს.
არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც თავად არ იწვევს ალერგიას, მაგრამ მის სიმპტომებს ამძაფრებს, ამიტომ მათაც უნდა ერიდოთ. ყველაზე ძლიერი გამღიზიანებელი თამბაქოს კვამლია, თუმცა არანაკლებ საშიშია:
. აეროზოლები;
. დაბინძურებული ჰაერი;
. ძლიერი ტენიანობა;

ალერგია. მძაფრსუნიანი ნივთიერებები;
. ქარი;
. კვამლი.
მცენარეული მტვერი

მის მიმართ ალერგია უმეტესად რინიტითა და კონიუნქტივიტით ვლინდება და სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან გამწვავება დამნაშავე მცენარის ყვავილობას ემთხვევა. თუ თქვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ადრე გაზაფხულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგიას რომელიმე ხემცენარეზე გაძლევთ – ფიჭვზე, ჭადარზე, ალვაზე, კაკალზე, ევკალიპტზე, წაბლზე, მურყანზე. მაისიდან ივლისამდე მარცვლოვნები ყვავილობენ: ჭვავი, ტიმოთელა, შვრია, სათითურა, – ზაფხულის მიწურული და შემოდგომა კი სარეველათა ყვავილობის დროა. დამნაშავის საპოვნელად ექიმებს ალერგიული სინჯების ჩატარება დასჭირდებათ. თუ გეცოდინებათ, როდის უფრო მეტად გაწუხებთ ალერგია, ძებნას საგრძნობლად გაუადვილებთ.
მტერს თქვენამდე მოღწევა რომ გაუძნელდეს, სულ უბრალო რამ არის საჭირო:
. ეცადეთ, მძიმე პერიოდი სხვა კლიმატურ რეგიონში გაატაროთ, სადაც თქვენმა მტერმა უკვე დაიყვავილა ან აყვავებას ჯერ არ აპირებს. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, კანიდან და თმიდან ალერგენის მოსაცილებლად ყოველ საღამო მიიღეთ შხაპი ან აბაზანა. ერიდეთ ქუჩაში სეირნობას, განსაკუთრებით – მშრალ, ქარიან დღეებში. ასეთ ამინდში შინ შეიკეტეთ, კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ დაგმანეთ და კონდიციონერები აამუშავეთ, ოღონდ გახსოვდეთ: ამ უკანასკნელთ წვრილი ნაწილაკების შემაკავებელი საიმედო ფილტრი უნდა ჰქონდეთ.
ობი
ეს მიკროსკოპული პარაზიტი სოკოები სპორებს გამოყოფენ, რომლებიც მტვრის ნაწილაკებივით ჰაერში დაფარფატებენ. ამ ვაჟბატონს ვერც ერთი თავმოყვარე დიასახლისი ვერ შეეგუება, ხოლო თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია გაწუხებთ, ობს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ.
. გააჩუქეთ ოთახის ყვავილები – ობის სოკო შესანიშნავად მრავლდება ტენიან მიწაზე.
. ხშირად გაწმინდეთ საშხაპე, ნიჟარები, აბაზანა, დროულად შეაკეთეთ მილები, რათა წყალი არ ჟონავდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სანაგვე ყუთებს, მაცივარს.
ცხოველის ბეწვი
შინაური ცხოველების ბეწვი, საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი და ნერწყვში შემავალი ცილები ზოგიერთ ადამანში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი ალერგია რომ განვითარდეს, ზოგჯერ წლებია საჭირო, სიმპტომების გაქრობას კი კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვეც კი შეიძლება დასჭირდეს.
თუ ძაღლი, კატა ან თუთიყუში გააშვილეთ, ნუ იფიქრებთ, რომ ბინა ცხოველებისგან გაათავისუფლეთ. დაუპატიჟებელი სტუმრები – თაგვები, ვირთხები, ტარაკნები – მაინც მოგაგნებენ, მათი ექსკრემენტები კი არანაკლებ ძლიერი ალერგენებია, ასე რომ, ბრძოლა მათთანაც მოგიწევთ.
...და მტვერი
ეს პოტენციური ალერგენების მთელი ნაკრებია. რას არ იპოვით იქ: ქსოვილის ნაწილაკებს, ცხოველების ბეწვს, ბაქტერიებს, სოკოს სპორებს, საკვების ნამცეცებს. ეს კიდევ არაფერი; ამ ნაკრებში თურმე მიკროსკოპულ ორგანიზმებს – მტვრის ტკიპებს – ჰყვარებიათ ბინის დადება. მათ ყველაზე მეტად თბილი, ტენიანი ადგილები მოსწონთ. ეტანებიან ისეთი ქსოვილის ბოჭკოებსაც, იშვიათად რომ ირეცხება. მიმოიხედეთ – ასეთ რამეებს შინ მრავლად ნახავთ: ბალიშებს, ლეიბებს, ხალიჩებს, გობელენებს...
. ეცადეთ, ოთახებში დაახლოებით 21 0Cტემპერატურა და 30-50%-იანი ტენიანობა შეინარჩუნოთ.
. ხალიჩებსა და ფარდაგებზე, აჯობებს, უარი თქვათ. ხის იატაკი და ლინოლეუმი ნაკლებ მტვერს აგროვებს. ავეჯიც ხის, ტყავის ან პლასტმასისზედაპირიანი შეარჩიეთ. თუ მთელ სახლში მისი გამოცვლა შეუძლებელია, საძინებელში მაინც მოახერხეთ – სიცოცხლის მესამედს ხომ აქ ატარებთ.
. მტვრის ტკიპები სინთეტიკურ ლეიბებსა და ბალიშებში ვერ ძლებენ, ამიტომ ალერგიით დაავადებულს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი საწოლი შეეფერება.
. თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ და 550C-ზე მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხეთ. ხშირად რეცხეთ ფარდებიც.
. ყველა ზედმეტი ნივთი კარადაში ან პლასტმასის ყუთში გამოკეტეთ.
. კვირაში ერთხელ მაინც დაალაგეთ სახლი სველი წესით. თუ ალერგიული თავად ბრძანდებით, ამ დროს პირბადე აიფარეთ, ანდა ეს საქმე ოჯახის არაალერგიულ წევრს გადააბარეთ. მასვე მიანდეთ მტვერსასრუტი, რომელსაც მტვრის ნაწილაკების შემაკავებელი კარგი ფილტრი ექნება, თავად კი ოთახიდან გაბრძანდით. დაპირებისამებრ, ამ ტიპის ალერგენზე ქვემოთ უფრო ვრცლად გესაუბრებით.
მარცვლისოდენა პრ
ობლემა
ის, რაც საფრთხეს უქადის ჩვენს ჯანმრთელობას, ხშირად მარცვალზე გაცილებით პატარაა, მიკროსკოპით თუ დაინახავ. ამჯერად არც ვირუსს ვგულისხმობთ და არც სოკოს სპორებს –მტვრის ტკიპაზე გესაუბრებით, რომელიც ალერგიის ერთ-ერთი მიზეზია.
მტვრის ტკიპა ადამიანის კანის უჯრედებით იკვებება, მაგრამ არა ცოცხალით, არამედ უკვე ჩამოფცქვნილ-ჩამოცვენილით. წყალს ტკიპა საერთოდ არ სვამს – ის გარემოდან იწოვს ტენს. მისთვის იდეალური გარემოა რბილი ავეჯითა და ნოხებით გაწყობილი ინტერიერი. განსაკუთრებით უყვარს საწოლი ოთახი, სადაც საკვებსაც იოლად პოულობს და ტენსაც. ალერგია კი იმ ცილაზე აქვს ადამიანს, რომელსაც ტკიპა გამოყოფს.
მტვრის ტკიპის ალერგია ანუ მტვრის ალერგია უმეტესად მსუბუქად, ცხვირცემინებით, ცრემლდენითა და სურდოთი მიმდინარეობს. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ასთმის სიმპტომებით იჩინოს თავი.
თუ ტკიპამ ზედა სას
უნთქ გზებს შეუტია, უმალვე შეგვაწუხებს:
. ცხვირცემინება;

. სურდო;
. ცხვირის გაჭედვა;

. ქავილის შეგრძნება ცხვირსა და ყელში;
. ხველა;
. ტკივილი სახის არეში;
. თვალების ქვემოთ კანის შეშუპება და სილურჯე.
თუ ალერგია ქვედა სასუნთქ გზებსაც ერჩის, თავს იჩენს:
. გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება;
. სუნთქვის გაძნელება;
. ამოსუნთქვისას სტვენის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ექიმმა გაიგონოს მოსმენისას;
. ძილის დარღვევა, რაც დაუოკებელი ხველით, ცხვირცემინებითა და სუნთქვის უკმარისობით არის გამოწვეული.
თუ ამას გაციება – სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია დაერთო, სიმპტომები მძიმდება.
ვუტევთ ტკიპას
მტვრის ალერგიის დამარცხება ძნელია – ტკიპას თავი რომ დააღწიოთ, სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული ზედმოწევნით უნდა გაწმინდოთ მტვრისგან, რაც, თავადაც ხვდებით, წარმოუდგენელია, მაგრამ თუ მოინდომეთ, ალერგენების აგრესიულ ზემოქმედებას საგრძნობლად შეასუსტებთ. ამისთვის:
. გამოიყენეთ ჰიპოალერგიული საბნები, ლეიბები და ბალიშები. მათ სპეციალური ზედა ფენა აქვთ, რომელიც მათ სიღრმეში მობინადრე ტკიპას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.
. ქვეშაგები ყოველკვირა რეცხეთ. ალერგენი რომ განადგურდეს, წყლის ტემპერატურა 54,4 გრადუსი მაინც უნდა იყოს. თუ ვერ მოახერხეთ, იმავე ტემპერატურაზე 20 წუთით საშრობში შეალაგეთ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 24 საათის განმავლობაში გაყინვა (მაგალითად, თეთრეულის საყინულეში შეწყობა) ტკიპას ანადგურებს, მაგრამ ალერგენს, მის მიერ გამოყოფილ ცილას, ვერაფერს აკლებს. ამიტომ ნივთების გაყინვის შემდეგ აუცილებელია მათი გარეცხვა.
. ეცადეთ, ოთახში ტენიანობა 30-50%-ზე მეტი არ იყოს.
. ხშირად რეცხეთ რბილი სათამაშოები და მოარიდეთ ისინი ბავშვის საწოლს.
. საგულდაგულოდ გადაწმინდეთ მტვერი სველი ჩვრით, სპეციალური თხევადი საწმენდი საშუალებებით.
. ჩვეულებრივი მტვერსასრუტი ტკიპას ვერ გაუმკლავდება – ისეთია საჭირო, რომელსაც ორმაგი მოქმედების მიკროფილტრი ან მტვრის შესრუტვის ძლიერი უნარი აქვს (ასეტ მტვერსასრუტს აწერია HEPA (High Efficiency Particulate Air). თუ თავად ბრძანდებით ალერგიული, მტვერსასრუტით ბინის დასუფთავებას თავი არიდეთ, ეს საპასუხისმგებლო საქმე სხვას ანდეთ, თავად კი ოთახში დალაგებიდან 20 წუთის შემდეგ შედით.  
. აუცილებლად მოაცილეთ ბინას ხალიჩები და ყველა ის დეკორატიული ნივთი, რომელიც, თქვენი აზრით, აგროვებს მტვერს. მაგალითად, მძიმე ფარდები.
უეცარი სპაზმი
ალერგიის ერთ-ერთი გამოვლინება ბრონქოსპაზმია. ის  სხვა არაფერია, თუ არა ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პასუხად. ამ დროს ადამიანი თავისუფლად ჩაისუნთქავს, მაგრამ ამოსუნთქვა უჭირს – ეს სასუნთქი გზების მნიშვნელოვან კუნთოვან დატვირთვას მოითხოვს, რასაც თან ახლავს დამახასიათებელი მაღალი ტემბრის მსტვენი ხმიანობა. ამასთან ერთად ბრონქოსპაზმს ახასიათებს დისკომფორტი, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა, ქოშინი და ამოხველების მოთხოვნილება. არსებითად, სწორედ ბრონქოსპაზმია, ოღონდ ქრონიკული ბრინქოსპაზმი, ასთმა – ბრონქების დაავადება, რომელიც მათი გლუვი კუნთების შექცევადი სპაზმით, მათი ლორწოთი ამოვსებით, ანთებითა და ლორწოვანის შეშუპებით მიმდინარეობს.
სპაზმის მიზეზები
ბრონქოსპაზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
. თამბაქოს წევა – როგორც აქტიური, ისე პასიური. კვამლი არღვევს ფილტვის ფუნქციას, ამცირებს მედიკამენტებისადმი მგრძნობელობას და ხელს უშლის დაავადების კონტროლს (განსაკუთრებით – ასთმის დროს). თურმე ჩვილებს, რომელთა დედებიც ეწევიან, სიცოცხლის პირველ წელს 4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ ხიხინით მიმდინარე დაავადებები;
. რესპირაციული ვირუსული ინფექციები – იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მრავალი ნიშნით ჰგავს  ასთმას;
. შენობისშიდა და შენობისგარე ალერგენები – ოთახის მტვრის ტკიპა, ბეწვიანი ცხოველები (ძაღლები, კატები, მღრღნელები), ფრინველები, ტარაკნები, მცენარეები, ობისა და საფუარის სოკოები და სხვა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ოთახის მტვრის ტკიპებით, ძაღლისა და კატის ბეწვით სენსიბილიზაცია ასთმის მსგავს სიმპტომებს იწვევს;
. ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ ის ბრონქოსპაზმის ერთადერთი მიზეზიც კია, მაგრამ ფიზიკურ აქტივობას, სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან განსხვავებით, პაციენტი არ უნდა ერიდოს. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა დატვირთვის წინ ექიმის მიერ დანიშნული ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტის მიღება;
. ძლიერი ემოციები – სტრესი, დეპრესია, შფოთვა;

. ქიმიური აგენტები, მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ფორმალდეჰიდი) და აეროზოლური ნივთიერებები;
. პროფესიული აგენტები. იგულისხმება სამუშაო გარემოში არსებული ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპაზმი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში. თურმე ცნობილია 300-მდე ასეთი პროფესიული ალერგენი;
ბავშვებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში იზრდებიან, შესუსტებული აქვთ ფილტვების ფუნქცია, თუმცა ასთმის განვითარებასთან მისი კავშირი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
. საკვები, კვებითი დანამატები და კონსერვანტები (სულფიტები, რომლებსაც კონსერვანტებად იყენებენ ზოგიერთი საკვების, ლუდის და ღვინის დამზადებისას). დადგენილია, რომ იმ ბავშვებში, რომლებსაც ჩვილი ასაკიდანვე კვებავენ ხელოვნური ნარევებით, ძროხის ან სოიის რძით, ხიხინით მიმდინარე დაავადებები უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე დედის რძით გამოზრდილებს;
. ძლიერი ქარი, სიცივე, ნესტი;

. აეროალერგენების სეზონური მატება, რაც ხშირად ალერგიულ რინიტთან არის ასოცირებული;
. ზოგიერთი მედიკამენტი – ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, ე.წ ბეტაბლოკერები);
. მემკვიდრეობითი განწყობა – თუ ორივე მშობელს აქვს ასთმა, ალბათობა, ის შვილსაც განუვითარდეს, 50%-ია, ერთ-ერთი მშობლის დაავადებისას – 25%, თუ ორივე ჯანმრთელია – 10%-ზე ნაკლები;
. სიმსუქნე – ამ დროს სისხლში მომატებულია ზოგიერთი ჰორმონი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევას და ასთმის განვითარებას;
. ფსიქოსოციალური ფაქტორები – სტრესი, ოჯახური პრობლემები და სხვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან სპაზმი
ბრონქოსპაზმის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რისკფაქტორების აღმოფხვრა. არც ასთმით დაავადებული ადამიანი, არც მისი ოჯახის წევრები და, ზოგადად, გარემოცვა არ უნდა ეწეოდნენ. უნდა ერიდოთ ბრონქოსპაზმის გამომწვევ მედიკამენტებს, საკვებსა და კვებით დანამატებს, ასევე – მძაფრსუნიან ნივთიერებებს. საწოლის თეთრეული და, შეძლებისდაგვარად, საბნებიც კვირაში ერთხელ ცხელ წყალში გარეცხოთ და მზეზე ან ცხელ საშრობში გააშროთ. აუცილებელია ბალიშისა და ლეიბის ჰაერგაუმტარ შალითებში ჩასმა.  უმჯობესია, თუ ლეიბს შემოკრული ექნება სპეციალური შალითა, რომელსაც მტვერი არ ედება. ხალიჩები მაგარი იატაკით უნდა შეცვალოთ, განსაკუთრებით – საწოლ ოთახში. სასურველია ბინის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით, ოღონდ ისეთ დროს, როცა ბრონქოსპაზმის მქონე ადამიანი  შინ არ არის. თუ გარემოში ალერგენები მომატებულია, ფანჯრები მჭიდროდ უნდა დაიხუროს, ხოლო ტენიანობა სახლში 50%-მდე შემცირდეს. მიზანშეწონილი არ არის შინ (უკიდურეს შემთხვევაში, საწოლ ოთახში მაინც) ცხოველების ყოლა. იმ ადამიანთა სახლებში, რომელთაც მომატებული აქვთ მგრძნობელობა ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოების მიმართ, დამატენიანებელი, გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დაკაწრულ-დაფოთლილი

არავინ იცის, სად აექავება უეცრად კანი. არც ის, რა შეიძლება   მოჰყვეს ერთ უბრალო წამოქავებას. ასეთი დისკომფორტი ხშირად ალერგიული რეაქციის ნიშანია, რომელმაც უწყინარ გამონაყართან ერთად სხვა, უფრო თვალსაჩინო და შემაწუხებელი სიმპტომებიც შეიძლება გამოიწვიოს. მხოლოდ სახელი რად ღირს – ჭინჭრის ციება, რომელიც ფოთლებივით ედება სხეულს, ან კვინკეს შეშუპება, რომლის დროსაც ადამიანი ბურთივით იბერება.
ქავილის მიზეზები
კანის ალერგიული გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ანგიონევროზული შეშუპება ანუ კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი და ჭინჭრის ციება, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება.  ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია (urtica – ჭინჭარი) პოლიეტიოლოგური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ მას მრავალი ფაქტორი იწვევს, უმთავრესი მიზეზი კი მედიკამენტები, საკვები, ინფექციები, მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სითბოს, ვიბრაციის, ინსოლაციის, წყლის ზემოქმედებით ვითარდება. ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვობის ასაკში ამ პათოლოგიის მთავარ მიზეზს კვებითი ალერგენები წარმოადგენს, ყველაზე ხშირად – კვერცხი, რძე, არაქისი, სოია და ხორბალი. ბავშვებისგან განსხვავებით, მოზრდილებში საკვებისმიერი ალერგია იშვიათია.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც იწვევს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.
კონტაქტური დერმატიტი ორგვარია: მარტივი, რომელიც კანზე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით ვითარდება და ალერგიული, რომელიც კანთან ალერგენის კონტაქტის შემდეგ სპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქციის შედეგად ყალიბდება. მარტივი კონტაქტური დერმატიტი კანთან აგრესიული ფაქტორის პირველსავე კონტაქტს მოჰყვება. მაგალითად, დერმატიტის ნიშნები მჟავას ძლიერი დამაზიანებელი ზემოქმედებისთანავე იჩენს თავს. ისიც შეიძლება, ალერგიული რეაქცია ნაკლებად აგრესიულ აგენტთან (მაგალითად, სარეცხ საშუალებასთან) განმეორებითმა კონტაქტმა გამოიწვიოს. ალერგიული ხასიათის კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღეში ვითარდება.
კანის ალერგიულ დაავადებებს სხვადასხვა ნიშანი ახასიათებს. ჭინჭრის ციების შემთხვევაში გამონაყარი ძალიან ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება წამოყოს თავი და ძლიერ მქავანაა.
ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. ძალიან საშიშია პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარებული კვინკეს შეშუპება.
ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში: ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში – ვლინდება. ბავშვებში კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე წარმოიშობა და თავის ქალას თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარის ტიპური ადგილებია იღლიები, იდაყვისა და მუხლისქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს. კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება.
კანზე გამონაყარს მრავალი დაავადება იწვევს. ვინაიდან კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასმისას უნდა გამოირიცხოს სხვა, ასევე გამონაყარით მიმდინარე პათოლოგიები, მათ შორის – ინფექციური, იმუნოდეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი, ვარიკოზული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანდიდოზი, მუნი.
შემაშფოთებელი ნიშნები
კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რამაც შეიძლება ალერგია გვაფიქრებინოს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.
ალერგია შეიძლება ვიეჭვოთ იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს, მწვავდება რომელიმე საკვების მიღებისას ან ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ანდა მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს (ალერგია აქვთ ოჯახის წევრებს, ძირითადად – მშობლებს). ალერგიულ დაავადებას ხშირად თან სდევს ემოციური ლაბილურობა, აღგზნება, უძილობა.
პაწიებიც იტანჯებიან?
ბავშვებში ალერგიის განვითარების რისკი მაღალია. თუ ისინი ალერგიისადმი მემკვიდრეობით არიან განწყობილნი (ესე იგი ჰყავთ ალერგიული დედ-მამა), მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ. სასურველია, ბავშვმა:
. რაც შეიძლება მეტხანს წოვოს ძუძუ, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული საკვები მიიღოს;
. ხუთ თვემდე არ მიიღოს ცხოველური ცილები, რომლებიც უხვადაა ხორცში, თევზში, კვერცხში და ა.შ.;
გაითვალისწინეთ: ბავშვები
, რომლებსაც მცირე ასაკში უვლინდებათ კანის ალერგია, შემდეგში ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებენ, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ანტიალერგიული სტრატეგია

კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზი უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე დაისმის. უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტის დროს ალერგოლოგიური ანამნეზის შეკრება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს ყურადღება ექცევა ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას, ბავშვის კვების ხასიათს, ინფექციებს და ანტიბიოტიკებით მკურნალობას ჩვილ ასაკში და ა.შ.
თანმხლები რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ალერგიული დაავადების დროს საკმარის ინფორმაციას იძლევა ეგზოალერგენებით ჩატარებული კანის სინჯი, აგრეთვე – საერთო და ალერგენსპეციფიკური იმუნოგლობულინ E-ს განსაზღვრა. მძიმე პათოლოგიური პროცესის დროს დიაგნოზის დასაზუსტებლად არცთუ იშვიათად კანის ბიოფსიასაც მიმართავენ.
მკურნალობის პრინციპი კანის ალერგიული დაავადების მიხედვით განისაზღვრება. ასე, მაგალითად: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს, უწინარეს ყოვლისა, დგინდება და გამოირიცხება ალერგიის მიზეზი. თუ პრობლემის თავიდათავი საკვებია, ინიშნება ჰიპოალერგენული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, მისი მიღება უთუოდ უნდა შეწყდეს.
თუ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, უნდა გამოირიცხოს სხვა სისტემური დაავადება, რომელმაც შეიძლება ურტიკარია ან კვინკეს შეშუპება გამოიწვიოს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომურ მკურნალობას. ამ დროს ძირითადი საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატებია, მათი უეფექტობის შემთხვევაში კი კორტიკოსტეროიდები ინიშნება.
მან, ვისაც მწერის ნაკბენზე აქვს ალერგია, უმჯობესია თან ატაროს ადრენალინის ამპულა. ატოპიური დერმატიტის დროს ადგილობრვი კორტიკოსტეროიდული, კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის დროს არ შეიძლება ცხელი აბაზანის მიღება. საპონი უთუოდ დამარბილებელ კრემს უნდა შეიცავდეს. აბაზანის მიღებისას გირჩევთ, წყალს საჭმელი სოდა ან შვრიის ფქვილი დაამატოთ. არ არის რეკომენდებული კანზე ზეთის წასმა – ის კანს ეკვრის და მის დატენიანებას აფერხებს. არც პირსახოცით გამშრალებაა მიზანშეწონილი. დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის, ვაზელინის ან მინერალური ზეთის წასმას გირჩევთ. არ არის რეკომენდებული ლოსიონის გამოყენება, ვიანიდან ის ბევრ წყალსა და ცოტა ცხიმს შეიცავს. მრავალი მათგანის შემადგენლობაში სპირტიც შედის, რაც გაღიზიანებული კანისთვის სასურველი არ არის.
კანის ალერგიული დაავადებების დროს კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დიეტოთერაპიის მთავარი მიზანია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს სურსათი, რომელიც ალერგენად არის მიჩნეული. ამავე დროს, წყდება იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ჰისტამინის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერების) გამოთავისუფლებას უწყობს ხელს.

ჩვილ ასაკში განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩევა ძროხის რძე, რომელიც 16 სახეობის ანტიგენს შეიცავს. ძლიერ ალერგენულ თვისებებს ფლობს კვერცხი, რომლის მიღებასაც ალერგიულ პიურებს ყოველთვის ვუკრძალავთ. ამავდროულად დაუშვებელია მათთვის კვერცხის შემცველი მაიონზისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებაც. ცხოველური წარმოშობის ალერგენებიდან აღსანიშნავია თევზი. ნაკლებად აგრესიულია საქონლის ხორცი. უფრო საფრთხილოა ღორისა და ცხვრის ხორცი. ალერგენებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ნიგოზი და თხილი. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ კვებითი დანამატები, არომატული ნივთიერებები და საღებავები, რომლებსაც საკვებს ამატებენ. ძალზე აგრესიული დანამატია ტარტრაზინი – მოყვითალო ფერის საკვები საღებავი.
გაითვალისწინეთ, რომ კოსმეტიკური საშუალებები, ისევე როგორც სარეცხი ფხვნილები, ხშირად გვევლინება კონტაქტური დერმატიტის მიზეზად. მაგალითად, ტუში შეიცავს ემულგატორს, რომელიც ქუთუთოების კანს აზიანებს. თვალის ფანქარი ხშირად ნიკელს შეიცავს, რომელიც ასევე პროვოცირებას უწევს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას. ფრჩხილის ზოგიერთი ლაქი ფორმალდეჰიდის შემცველია, რომელიც ლაქის გაშრობის შემდეგ კანის ალერგიულ დაზიანებას იწვევს.
შოკიც ამას ჰქვია!
ალერგია თურმე კანის ქავილსა და ცხვირცემინებას არ სჯერდება – არ არის გამორიცხული, გამომწვევის აგრესიამ ორგანიზმი შოკში ჩააგდოს. არ ვაჭარბებთ – მძიმე ალერგიულ რეაქციას, რომელიც მრავალი ორგანოს დაზიანებით მიმდინარეობს, ანაფილაქსიური შოკი ეწოდება. ანაფილაქსიური შოკის მექანიზმი ჩვენ მიერ არაერთხელ აღწერილი ალერგიული რეაქციებისგან მხოლოდ სიმძაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაშიც უკვე სენსიბილიზებულ (მგრძნობელობამომატებულ) ორგანიზმში ალერგენის ხელახალი მოხვედრა მეტისმეტად აგრესიულ პასუხს იწვევს. ჩასაფრებული ანტისხეულები მათ თავდაუზოგავად ეკვეთებიან, მათი კომპლექსი ალერგიის მედიატორების (ჰისტამინის) გამოყოფას იწვევს, შედეგი გლუვი კუნთების სპაზმი, სისხლძარღვების გაფართოება და მათი განვლადობის მომატებაა. თანაც ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს – სულ რაღაც 10 წუთში მიმოქცევაში მყოფი სისხლის 50% ძარღვებს გარეთ აღმოჩნდეს. თავადაც მიხვდებით, ამ გამოცდას ორგანიზმი ძნელად თუ გაუძლებს. მხოლოდ დროულ და კვალიფიციურ ჩარევას შეუძლია შოკში მყოფი ადამიანის ხსნა. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რაც უფრო მალე იჩენს თავს პირველი კლინიკური სიმპტომები, მით უფრო მძიმე ანაფილაქსიური შოკია მოსალოდნელი. ჩვეულებრივ, პირველი 30 წუთის განმავლობაში ალერგენის მოხვედრის ადგილას აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც მალე სახეზე, ტუჩებზე გადაინაცვლებს. ადამიანს დისკომფორტი ეუფლება, მოუსვენრობა, შიში იპყრობს. ყოველივე ამას შეიძლება დაერთოს გამონაყარი (უმეტესად – ნაჭინჭრი), მუცლის სპასტიკური ტკივილები (ჭვალი), ღებინება, ფაღარათი, სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა, გულის აჩქარება, არითმია. თუ ზომები სასწრაფოდ არ მივიღეთ, ყალიბდება შოკის სურათი: ადამიანი ფითრდება, არტერიული წნევა ეცემა, პულსი უსუსტდება და უხშირდება და გონს კარგავს. ალერგენის ვენაში შეყვანის დროს ანაფილაქსიური შოკი უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს, სისუსტის, მოუსვენრობის და შიშის ხანმოკლე ეპიზოდის შემდეგ, ადამიანს გული მისდის, ოფლი ასხამს, ფითრდება, ვეღარ იკავებს შარდსა და განავალს, ეწყება კრუნჩხვა და ბოლოს კომაში ვარდება. ანაფილაქსიურ რეაქციებს თურმე ყველაზე ხშირად სამკურნალო
პრეპარატები იწვევს – ანტიბიოტიკები, საკონტრასტო ნივთიერებები, საანესთეზიო საშუალებები (თუნდაც იგივე ლიდოკაინი, რომელსაც სტომატოლოგები ასე ხშირად იყენებენ). თუმცა საავადმყოფოში მხოლოდ წამლის ალერგია როდი გვემუქრება. ლატექსი, რომლისგანაც მზადდება ქირურგიული ხელთათმანები, წვეთოვნები და კათეტერები ხშირად იქცევა ალერგიისა და ანაფილაქსიური რეაქციების მიზეზად (პრობლემა უმთავრესად მედიცინის მუშაკებსა და იმ ბავშვებს ეხება, ვისაც ხშირად სჭირდება ოპერაცია).
სააავადმყოფოს გარეთ მომხდარი შემთხვევებიდან პირველ ადგილზე საკვებით გამოწვეული ანაფილაქსია დგას. თხილი, არაქისი, კვერცხი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – მათი ერთი ციცქნა ულუფაც კი უმძიმეს რეაქციას იწვევს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. ამ შემთხვევაში ექიმები იდიოპათიურ ანაფილაქსიაზე საუბრობენ.
ანტიშოკური სტრატეგია
სწრაფი და ადეკვატური ჩარევა რომ აუცილებელია, ნათელია. თუ შოკური რეაქცია საავადმყოფოში განვითარდა, ბუნებრივია, პაციენტს ექიმები დაეხმარებიან. თუ ასეთ რამეს სახლში ან ქუჩაში შეესწარით, უპირველეს ყოვლისა, გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი, ვინაიდან სპეციფიკური დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, მოგიწევთ, ზოგად ღონისძიებებს დასჯერდეთ.
თუ ავადმყოფი გონზეა და სუნთქვა უჭირს, წამოსვით, ფანჯარა გამოაღეთ, გულშემატკივრები მოაცილეთ, რაც შეიძლება მეტი ჟანგბადით რომ უზრუნველყოთ. თუ ახლომახლო ვინმე ასთმიანს ბრონქების გამაფართოებელი სპეციალური ინჰალატორი აღმოაჩნდა, მისი გამოყენებაც სცადეთ. თუ გონება ებინდება, პულსი იმდენად სუსტია, რომ ძლივს ისინჯება, წნევა დაქვეითებულია, წამოაწვინეთ და ფეხები მაღლა ააწევინეთ.
თუ გონი დაკარგა, შეუმოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა და სტანდარტულ ABC-ს მიმართეთ. (იხ. “ჯანმრთელი სიცოცხლე” 2004 წ., №1-2).
ექიმებს საკმაოდ ძლიერი ანტიანაფილაქსიური არსენალი აქვთ – მთავარია, პაციენტი დროულად აღმოჩნდეს მათ ხელში, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს დარჩენა. ზოგჯერ ანაფილაქსია ტალღურად მიმდინარეობს და გამქრალი სიმპტომები გარკვეული ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს.
ანაფილაქსიური შოკის გადატანის შემდეგ ადამიანმა ალერგოლოგს უნდა მიმართოს, რათა მომხდარის მიზეზი დაადგინოს და მომავალში ამგვარი უსიამოვნებები თავიდან აიცილოს.
იცით თუ არა რომ...
დასავლეთის ქვეყნებში ალერგიულ პაციენტებს ბევრს არაფერს უკრძალავენ. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან. მეტიც – შესაძლოა, სპორტულ წარმატებებსაც კი მიაღწიონ. მაგალითად, 1984 წელს ხუთასზე მეტი ამერიკელი ოლიმპიელიდან ოცდათვრამეტი (უმეტესად – მოცურავეები) ასთმით იყო დაავადებული და მათმა 68%-მა ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

მოკლედ | ვრცლად

ფერმკრთალი, ანემიური

 
ასე ახასიათებენ ადამიანს, რომელსაც არც ლოყები აქვს შეფაკლული და, საზოგადოდ, უფერულია. მეცნიერებმა მრავალი საუკუნის წინ მიაგნეს ამ პრობლემის ახსნას და ბრალი, არც მეტი, არც ნაკლები, სისხლს დასდეს. სწორედ მას შემდეგ გახდა მედიცინაში სიტყვა “ანემიური” ესოდენ პოპულარული. არც ის ფაქტია ახალი მედიცინისთვის, რომ ანემიის მსხვერპლნი უმთავრესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. მოდი, ჯერ ანემიის არსში გავერკვეთ, მერე კი იმაში, რატომ არ სწყალობს ეს პათოლოგია ქალებს.
ანემია სისხლის დაავადებაა, რომელიც უპირატესად მისი ნაკლოვანებით ვლინდება. სწორედ სისხლნაკლებობის სახელით იხსენიებენ ამ ესოდენ გავრცელებულ პათოლოგიურ მდგომარეობას. რეალურად კი ანემია არა სისხლის მოცულობის შემცირებით, არამედ მისი ერთ-ერთი სტრუქტურის – წითელი უჯრედების, იმავე ერითროციტების რაოდენობის, ფორმისა და ფუნქციის შემცირებით გამოიხატება. მოდი, თავდაპირველად სისხლის შემადგენლობას და მისი კომპონენტების ფუნქციას გადავავლოთ თვალი. ასე უკეთ გავიგებთ, რა იწვევს ანემიას და როგორ ვლინდება ის და, რაც მთავარია, უკეთ მივხვდებით, რატომ ემართებათ იგი უმეტესად ქალებს.
ვიჭყიტებით მიკროსკოპში
სისხლი სხვადასხვა კომპონენტის ნარევია: წითელი უჯრედებისა ანუ ერითროციტებისა, თეთრი უჯრედებისა – ლეიკოციტებისა, თრომბოციტებისა და პლაზმისა. სწორედ ეს “ინგრედიენტები” ქმნიან უნივერსალურ პროდუქტს – სისხლს. “სამზარეულო”, სადაც სისხლი იწარმოება, ძვლის ტვინია. სწორედ აქ წარმოიქმნება სისხლის ფორმიანი ნაწილაკები. პლაზმა კი სხვა არაფერია, თუ არა ნაწლავებიდან შეწოვილი სითხე, რომელიც სისხლძარღვებში ხვდება.
ერითროციტები ცალ მხარეს ჩაჭყლეტილ ბურთებს მოგვაგონებენ, წითელ შეფერილობას კი ცილოვან ნივთიერება ჰემოგლობინს უნდა უმადლოდნენ. სხვათა შორის, ჟანგბადს აქეთ-იქით სწორედ ჰემოგლობინი დაატარებს. არ გეგონოთ, ქაოსურად – არა, სავსებით მოწესრიგებულად: ფილტვებში ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ორგანიზმის ყველა კუთხე-კუნჭულამდე მიდის, უკანა გზაზე კი სისხლის წითელი უჯრედები ნახშირორჟანგით დამძიმებულები მიიწევენ ფილტვებისკენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ერითროციტები დაცოტავდა, ან ისე იცვალა ფორმა, რომ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამ ცვლილებების შედეგია ანემია. სისხლის სხვა კომპონენტებზე საუბარს ამჟამად თავს ავარიდებთ, რადგან ისინი ანემიის ჩამოყალიბებაში არ მონაწილეობენ. ასე რომ, ანემია სხვა არაფერია, თუ არა სისხლში ჰემოგლობინისა და`ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, რაც, თავისთავად ცხადია, ნეგატიურად აისახება მათ მუშაობაზე. დადგენილია, რომ ანემიის ალბათობას რამდენიმე ფაქტორი ზრდის. მათგან აღსანიშნავია ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება, ძლიერი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები, უხვი მენსტრუაცია, ორსულობა, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ანემიის ოჯახური ისტორია ანუ ამ პათოლოგიის შემთხვევები სისხლით ნათესავებში. თუ გაქვთ ანემიის სიმპტომები ან მისი აღმოცენების რისკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი დროულად დაისვას და სათანადო მკურნალობა დაინიშნოს. ერითროციტების ფუნქციის დაკნინებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. შესაბამისად, ანემიაც სხვადასხვა ტიპისაა. განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, აპლაზიურ ანემიებს. კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება.
რკინა მაინც რკინაა
რკინა არა მარტო ბუნებაში, არამედ ჩვენს ორგანიზმშიც მოიპოვება. არ იფიქროთ, გვამძიმებდეს. პირიქით, როდესაც ეს ელემენტი გვაკლია, სწორედ მაშინ ვგრძნობთ თავს ცუდად. ლოგიკურია: მისი დეფიციტი ორგანიზმს
 ზიანს რომ არ აყენებდეს, ექიმები იმის ძიებაში არ იქნებოდნენ, როგორ შეევსოთ ნაკლოვანება. რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა. თქვენ წარმოიდგინეთ, შეძლებულ სოციალურ ფენაშიც საკმაოდ არის გავრცელებული და თითქმის ყველა ასაკში გვხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ხანს რკინადეფიციტური ანემიით ავადობამ საქართველოშიც მოიმატა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: თუ 1985-90 წლებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი მოზრდილებში მხოლოდ 1,6% იყო, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია. კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ბავშვებში – 90-იან წლებში ანემიის ეს ფორმა დაუდგინეს ბავშვთა 5,4%-ს, ათი წლის შემდეგ კი რკინადეფიციტური ანემიის წილად 21, 5% მოდის, ესე იგი ყოველი 100 ბავშვიდან 21-ს რკინა აკლია.
საქართველოში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების გავრცელებაში დამნაშავე უმთავრესად საკვებით მისი ათვისების შეფერხებაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, რკინის პ
რეპარატებისა და რკინით გაჯერებული საკვების მიღებით, ძნელია. ამიტომ არის, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგია ფართო მოხმარების საკვები პროდუქტების რკინით გამდიდრებას ისახავს მიზნად.
სად იმალება და ქრება რკინა
რკინა მხოლოდ ჰემოგლობინში როდია; ეს ელემენტი ორგანიზმში სამ უბანზეა გადანაწილებული: დეპო ორგანოებში ანუ იქ, სადაც მარაგად ინახება (ძვლის ტვინი, ღვიძლი...), სხვა ქსოვილებსა და ერითროციტებში. რკინის დეფიციტის დროს ამ ელემენტს პირველად დეპო ორგანოები კარგავს. ამ მდგომარეობას მედიცინაში რკინის პრელატენტური დეფიციტი ეწოდება. ამის შემდეგ ვითარდება ლატენტური დეფიციტი – რკინის გაცემას იწყებს ქსოვილები: ცენტრალური ნერვული სისტემა, კუნთები, ფერმენტები, თმა, ფრჩხილები, კანი. თუ ამ დროისთვის  ორგანიზმს რკინა ეგზოგენურად (გარედან, საკვებისა და რკინის პრეპარატების მეშვეობით) არ მივაწოდეთ, ყალიბდება რკინის აშკარა დეფიციტი ანუ რკინადეფიციტური ანემია.
ცნება “რკინადეფიციტური მდგომარეობა” რკინის ლატენტური დეფიციტისა და რკინადეფიციტური ანემიის ერთობლიობას გულისხმობს. რკინის ლატენტურ დეფიციტზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია, მაგრამ რკინის ქსოვილოვანი დეფიციტის მოვლენები უკვე აშკარაა.
რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს:
. ქრონიკული სისხლდენა გინეკოლოგიური, ონკოლოგიური პათოლოგიების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბუასილის დროს;
. საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება;
. რკინის მომეტებული ხარჯვა აქტიური ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე – ორსულობის, ლაქტაციის, სპორტითა და ფიზიკური შრომით ჭარბი დატვირთვის დროს;
. ბავშვის დაბადებისას რკინის არასაკმარისი მარაგი ან ლაქტაციისას (ძუძუს წოვებისას) მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღება;
. რკინის შეწოვის დარღვევა კუჭის ოპერაციის ან ნაწლავთა დაავადებების შედეგად;
. რკინის ტრანსპორტირების (გადატანის) დარღვევა ამ პროცესში მონაწილე ფერმენტების დეფიციტის შედეგად.
არც ის არის გამორიცხული, რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბება რამდენიმე ფაქტორის ერთობლივმა მოქმედებამ გამოიწვიოს.
ვამხელთ დეფიციტს
რკინადეფიციტური ანემია, სხვა ანემიების მსგავსად, კლინიკურად შესაძლოა არასპეციფიკური სიმპტომებით გამოვლინდეს, რომლებიც სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. ეს სიმპტომებია: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურების შუილი, გულისცემის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ძილიანობა, გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება, მჩხვლეტი ტკივილი გულის არეში. ხშირად დაავადება ნელა ვითარდება, ამიტომ ადამიანი მდგომარეობას ეგუება და მხოლოდ ღრმა ანემიის შემთხვევაში თუ მიმართავს ექიმს.
გარდა ამისა, შესაძლოა ყურადღება მიიპყროს უშუალოდ რკინის დეფიციტთან დაკავშირებულმა სიმპტომებმაც – კანის სიმშრალემ, პირის კუთხეების დახეთქვამ, თმის ბოლოების გაყოფამ, ფრჩხილების გათხელებამ, განშრევებამ, მტვრევადობამ და კოვზისებრმა ჩადრეკამ, მადის დაქვეითებამ, ყლაპვის გაძნელებამ, შეკრულობამ ან დიარეამ, გლოსიტმა – წითელი ფერის, შეშუპებულმა, მტკივნეულმა ენამ, ენის წვამ. დამახასიათებელია გემოვნების გაუკუღმართება – ადამიანს ცარცის, მიწის, უმი ხორცის ფარშის ჭამის სურვილი უჩნდება. ხშირია აცეტონის, ბენზინის და სხვა მსგავსი სუნების მიმართ უჩვეულო მიდრეკილებაც.
ანემიისთვის ტიპობრივია ლორწოვანისა და კანის სიფითრე, ზოგჯერ – მათი მომწვანო ელფერიც, რასაც ქლოროზს უწოდებენ. ამ პათოლოგიის დროს ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს შარდის შეუკავებლობას სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ – ღამის შეუკავებლობასაც. რკინადეფიციტური ანემიის აღმოსაჩენად, უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინისა და  ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას ავლენს. უნდა ითქვას, რომ ამ დროს ძირითადად მაინც ჰემოგლობინის შემცირება აღინიშნება. ხშირად ყურადღებას იპყრობს ერითროციტების ზომის შემცირებაც – ასეთი უჯრედები სპეციალური ლაბორატორიული საღებავით უფრო ბაცად იღებება. თანამედროვე აპარატურის წყალობით სისხლის საე
რთო ანალიზი გვაწვდის რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, თუმცა მისი დეტალური განხილვა ამჯერად შორს წაგვიყვანს.
რკინის დეფიციტის გამოსავლენად განისაზღვრება შრატში რკინის, ფერიტინის (ორგანიზმში რკინის მარაგის მთავარი მაჩვენებლის) შემცველობა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. საზოგადოდ, ფერიტინის ოდენობის დაქვეითება რკინადეფიციტური ანემიის ტიპური ნიშანია. რკინადეფიციტ
ური ანემიის დიაგნოსტიკა რთული არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ იგი დამოუკიდებელ დაავადებად არ მიიჩნევა – მხოლოდ სინდრომია, რომლითაც ზოგიერთი სხვა პათოლოგია რთულდება. საბედნიეროდ, ამ პათოლოგიების დიდი ნაწილი იკურნება. ასე რომ, რკინადეფიციტური ანემიის მიზეზის დადგენას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტიკის პროცესი ძლიერ შრომატევადია.
ხანდახან სისხლის კარგვა იმდენად თვალსაჩინოა, რომ პაციენტი ამჩნევს შარდის ფერის ცვლილებას ან განავალში სისხლის არსებობას. სისხლდენის შედეგად ზოგჯერ განავალი კუპრისმაგვარ შესახედაობას იღებს. ასეთ შემთხვევებში ექიმი იღებს განსაზღვრულ ორიენტირს, რომელიც უჩვენებს, რა მიმართულებით უნდა ჩატარდეს კვლევა. თუმცა სისხლის კარგვის მიზეზი ყოველთვის აშკარა არ არის. ასეთ დროს ტარდება განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე. სისხლდენის დადასტურება ნიშნავს, რომ ის
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იკარგება. საბოლოო მიზეზის დასადგენად ხშირად აუცილებელი ხდება:
. გასტროსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. ამ გზით შესაძლოა აღმოაჩინონ სისხლმდენი წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
. კოლონოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ამ გზით მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზს ადგენენ.
ვაშლი თუ ბროწეული?
რკინით მდიდარი საკვების მიღება სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ როცა ანემია ჩამოყალიბებულია, დეფიციტის მხოლოდ და მხოლოდ საკვებით შევსება, რა მდიდარიც უნდა იყოს ის რკინით, შეუძლებელია. ასეთ დროს აუცილებ
ელია რკინის პრეპარატების სათანადო დოზითა და  ხანგრძლივობით დანიშვნა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რკინის ათვისება ყველაზე იოლად ცხოველური საკვებიდან ხდება, ასე რომ, კილოგრამობით ვაშლი და ბროწეული გაცილებით ნაკლებ ეფექტს გამოიღებს, ვიდრე ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი. ასი გრამი ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს; ცუდი ის არის, რომ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს, ამიტომ ანემიისგან განსაკურნებლად ადამიანს რამდენი ვაშლის, ჭარხლისა თუ ბროწეულის წვენიც არ უნდა ვასვათ, ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება. თუმცა მცენარეული საკვები მაინც სასარგებლოა: იგი ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს.
რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ აუცილებელია რკინის შემცველი პრეპარატების მიღება. ამ დროს უპირატესობა ენიჭება პერორალურ (ტაბლეტირებულ) ფორმას, ვინაიდან ეს არის რკინის მიღების ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი გზა. ამასთანავე, დადგენილია, რომ ინექციების (ნემსების) მეშვეობით რკინის მიწოდებისას მისი შემცველობა ნელა რეგულირდება. რკინის პრეპარატების საინექციო ფორმების დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში – კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს – არის მიზანშეწონილი.
დაიხსომეთ:
. რკინადეფიციტური ანემიის დროს B12 ვიტამინის მიღება არ შეიძლება – იგი საგრძნობლად აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
. მართალია, მკურნალობის შემთხვევაში ჰემოგლობინის დონე მალე უბრუნდება ნორმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანემია განკურნებულია. თერაპია კიდევ რამდენიმე (დაახლოებით 4-5) თვე უნდა გაგრძელდეს. სხვაგვარად ანემია ისევ განვითარდება.
. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების კორექცია. ბავშვის მენიუ რკინით მდიდარი და იმავდროულად იოლად ასათვისებელი უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ:
. რკინის შეწოვას აქვეითებს: ანტაციდები, ენტეროსორბენტები, კარბონატები,  ლევომიცეტინი, ფიტინი, ტეტრაციკლინი, ოქსალატები, რძე, უჯრედისი, ცხიმები, კალციუმის მარილები, ჩაის ტანინი, კვერცხის ცილა;
. ხელს უწყობს: ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, ჩ ვიტამინი,  ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინომჟავები ჰისტიდინი, ლიზინი და ცისტეინი, ფორთოხლის წვენი.
კრიტიკული ასაკის პრობლემები
რკინადეფიციტური ანემია ძალიან ხშირად ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში ვითარდება. ეს გასაგებიცაა: მზარდ ორგანიზმში ამ ელემენტის ბალანსი უფრო ნელა ივსება, ვიდრე იხარჯება. უმთავრესად სწორედ ამიტომ ემართება მოზარდთა უმრავლესობას რკინადეფიციტური ანემია, თანაც გოგონებს – 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟებს. როგორც ჩანს, მენსტრუალური სისხლდენის შედეგად ორგანიზმი ბევრ რკინას კარგავს. ამერიკელებმა ისიც კი გამოთვალეს, რომ თინეიჯერი გოგონების 75% სათანადოდ არ იკვებება, მაშინ როცა ვაჟების მხოლოდ 17% “შიმშილობს”.
როგორც ექიმი და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ლოიდ ვან ვინკლი აღნიშნავს, საფრთხე უმთავრესად იმ გოგონებს ემუქრებათ, რომლებსაც გარდატეხის ასაკში უხვი მენსტრუაციული სისხლდენა აქვთ. ცნობისათვის: ასეთი სისხლდენა ამერიკელი ქალების 10%-ს აღენიშნება. ამას ისიც ემატება, რომ მოზარდი გოგონებიხშირად არ ამხელენ, რომ მენსტრუალური ციკლი არცთუ მოწესრიგებული აქვთ – ამაზე საუბრისა რცხვენიათ. ყველაფერთან ერთად, მრავალ თინეიჯერს არამც და არამც არ სურს კვების რეჟიმის შესახებ საუბარი – რკინით გაჯერებული დიეტა, რომელიც უპირატესად ხორცეულს შეიცავს, დახვეწილი ფორმების მოსისხლე მტრად მიიჩნევა.
რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ალბათობა იზრდება, როდესაც მოზარდი გოგონა:
. ხორცს იშვიათად ჭამს ან საერთოდ არ მიირთმევს;

. დიეტას იცავს და მკვეთრად იკლებს წონას;
. არ საუზმობს, არ სადილობს ან არ ვახშმობს;
. მენსტრუაციის დროს უხვად კარგავს სისხლს;
. სწრაფად იზრდება;
. მისდევს სპორტს და ფიზიკურად მეტისმეტად იტვირთება.
რკინის დღიური ნორმა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის
ასაკი (წლები)     რკინა (მგ)
4-8        10
9-13        8
14-18     11 (ვაჟებისთვის); 15 (გოგონებისთვის)
ამერიკაში შეამჩნიეს, რომ მოზარდები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მაჩვენებლები ჰქონდათ (უჭირდათ მასალის ათვისება-დამახსოვრება, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა...), უმეტესად რკინადეფიციტური ანემიით იყვნენ დაავადებულნი. ამერიკელებმა ცდაც კი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ “ჩამორჩენილმა” მოსწავლე გოგონებმა, რომლებმაც რკინის პრეპარატების აქტიური მიღება და რკინით მდიდარი საკვების ჭამა დაიწყეს, საგრძნობლად გაიუმჯობესეს აკადემიური მაჩვენებლები.
მოზარდ გოგონებში ანემიის დასაძლევად საუკეთესო საშუალება რკინით მდიდარი საკვების მიღებაა, მაგრამ თუ რაიმე მოსაზრებით (თუნდაც ვეგეტარიანელობის გამო) თინეიჯერი თავს არიდებს ცხოველურ საკვებს, გირჩევთ, რკინის შემცველი მულტივიტამინების კომპლექსი შესთავაზოთ. თუ მოზარდს რკინის დეფიციტი აქვს, სასურველია მიიღოს 60 მგ რკინა დღეში 1-2-ჯერ. ეს სტანდარტული დოზაა, თუმცა ზოგჯერ ისიც არ კმარა ანემიის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ანემია მთელი ცხრა თვე
ანემიამ სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შემოგვიტიოს. საკმარისია, თვალი მოუხუჭო, რომ სისხლნაკლებობაც არ დააყოვნებს. თუმცა ქალის ცხოვრებაში არის ეტაპი, როდესაც ანემია ერთგვარად ბუნებრივ მოვლენად იქცევა. ასეთი დროა ორსულობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდში ქალი ანემიას შეეგუოს და მის დასამარცხებლად არაფერი იღონოს.
გვჭირდება რკინა
ორსულობის დროს უმთავრესად რკინადეფიციტური ანემია ვითარდება, თუმცა რამდენადმე განსხვავებული მექანიზმით: ქალის ორგანიზმი ორსულობის დროს მეტი მოცულობის სისხლს წარმოქმნის, ძირითადად – პლაზმის ხარჯზე. მიზეზი იოლი მისახვედრია: სისხლი დედიკომ თავის სხეულში მობინადრე პაწიასაც უნდა უწილადოს. ამიტომ არის, რომ ორსულობისას სისხლის მოცულობა ხშირად მთელი 50%-ით იზრდება.
მეტი მოცულობის სისხლს მეტი რკინა სჭირდება, რათა მეტი ჰემოგლობინი წარმოქმნას და, შესაბამისად, მეტი ჟანგბადის ტრანსპორტირება შეძლოს. სამწუხაროდ, ქალის ორგანიზმში, როოგრ წესი, არ არის იმდენი რკინა, რომ მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ამასთან ერთად, ამ ელემენტს ბავშვის ორგანიზმი და პლაცენტაც ითხოვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რკინაზე მოთხოვნილება მეორე და მესამე ტრიმესტრში უფრო მეტად იზრდება და ანემიაც უფრო მეტად მძიმდება.
თუ რკინის დეფიციტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სისხლის მოცულობის მატებაა, ანემია მსუბუქია, მაგრამ თუ “ფიზიოლოგიურ” სისხლნაკლებობას სხვა პათოლოგიური პროცესებიც დაერთო, – მაგალითად, ძლიერი ტოქსიკოზი, – ა
ნემია უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ანემია უმთავრესად იმ ქალებს ემართებათ, რომლებსაც:
. ორსულობიდან ორსულობამდე შუალედი მეტისმეტად მოკლე, ერთ წელიწადზე ნაკლები ჰქონდათ;

. მუცლით ტყუპ  ნაყოფს ატარებენ;
. აქვთ ორსულთა გესტოზი (ტოქსიკოზი) და ხშირად აღებინებთ, განსაკუთრებით – დილაობით;
. აქვთ რკინის დეფიციტი, რადგან არ იღებენ ამ ელემენტით მდიდარ საკვებს;
. დაორსულებამდე ჰქონდათ უხვი მენსტრუალური სისხლდენა.
კიდევ რა
ორსულებს უმთავრესად რკინადეფიციტური ანემია ემართებათ, თუმცა არც ფოლიუმდეფიციტური და ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემიებია გამორიცხული.
თუ ანემია ნებაზე მივუშვით და არ ვიმკურნალეთ, მოსალოდნელია:
. ნაადრევი მშობიარობა;
. მცირე წონის ახალშობილის დაბადება;
. მშობიარობის შემდგომი დეპრესია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობიარობის შემდეგ დეპრესია უმეტესად იმ ქალებს ეუფლება, რომლებიც ორსულობისას რკინის დეფიციტს განიცდიდნენ.
თუ ქალმა მშობიარობის დროს ბევრი სისხლი დაკარგა, შესაძლოა მძიმე ანემია განუვითარდეს და სისხლის გადასხმა დასჭირდეს.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შემთხვევაში, გარდა ნაადრევი მშობიარობისა და წონანაკლული ახალშობილის დაბადებისა, მოსალოდნელია, ბავშვს ნერვული სისტემის მძიმე თანდაყოლილი დაზიანება – ნერვული მილის დეფექტი
(სპინა ბიფიდა) აღმოაჩნდეს.
B12 ვიტამინის დეფიციტიც ხშირად უწყობს ხელს მუცლადყოფნის პერიოდში ნერვული სისტემის დეფექტის განვითარებას.

ორსულობის დროს ანემიაზე მიუთითებს:

. კანის და ტუჩების ძლიერი სიფითრე;
. საერთო სისუსტე, იოლად დაღლა;
. თავბრუხვევა;
. ჰაერის უკმარისობა;
. გულისცემის აჩქარება;
. კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
. მადის გაუკუღმართება და ისეთი ნივთიერებებისკენ ლტოლვა, როგორიცაა ცარცი, თიხა, ყინული... ამ შემთხვევაში ორსულს ვურჩევთ, ექიმს მიმართოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანემია ყოველთვის არ ვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით. ისიც შესაძლოა, ზემოხსენებული სიმპტომები სულ სხვა დაავადების ნიშანი იყოს. ასე რომ, ანემიის გამოსავლენად გირჩევთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის რუტინული გამოკვლევა.
ვავლენთ, ვააშკარავებთ
ანემიის გამოსავლენად თავდაპირველად სისხლის საერთო ანალიზი კეთდება. ამ გამოკვლევას ექიმი ორსულს კონსულტაციაში პირველივე ვიზიტის დროს უნიშნავს. ანემიის არსებობა-არარსებობაზე ინფორმაციას ჰემოგლობინის დონე გვაწვდის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰემატიკრიტის განსაზღვრაც – ამ გზით ვადგენთ, როგორია ერტითროციტების პროცენტული მაჩვენებელი სისხლის პლაზმის განსაზღვრულ ულუფაში.
სისხლის ანალიზი მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – ორსულობის დასაწყისში, როდესაც ანემია ეს-ესაა იღებს სტარტს და მისი ნიშნები ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. თუ ორსულობის საწყის ეტაპზე ანემია არ გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შემდგომ შეგვაწუხებს, ამიტომ სისხლისთვის თვალყურის დევნება მომდევნო თვეებშიც არის საჭირო.
ვებრძვით დეფიციტს
თუ ორსულს ანემია აღმოაჩნდა, ექიმი რკინის პრეპარატების მიღებას ურჩევს. დოზა ანემიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. უმეტესად დღეში 60-დან 120 მგ რკინა ინიშნება.
გაითვალისწინეთ: პრეპარატის ანოტაციაში ან შეფუთვაზე მითითებული დოზა უმთავრესად რკინის შემცველობის მაჩვენებელია – დამატებითი ნივთიერებების ოდენობას არ ითვალისწინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ანოტაციაში რკინის ნაერთის მოცულობაა მითითებული. მაგალითად, რკინის პრეპარატი ხშირად რკინის სულფატის სახით იწარმოება; ამის კვალობაზე, შეფუთვაზე შესაძლოა მითითებული იყოს არა რკინის, არამედ მისი ამ მარილოვანი ნაერთის შემცველობა. რკინის სულფატის დღიური ნორმა 325 მილიგრამია და 60 მგ რკინას შეიცავს. იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება რკინის გლუკონატი, რომლის 300 მილიგრამი 35 მგ რკინას შეიცავს, და რკინის ფუმარატი, რომლის 325 მილიგრამში 105 მგ რკინაა.
საზოგადოდ, რკინის უკეთ ათვისებისთვის სასურველია პრეპარატის მშიერ კუჭზე დალევა და ისიც შეიძლება წყლის ნაცვლად ფორთოხლის წვენი დააყოლოთ – ჩ ვიტამინ ხომ რკინის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს. არ არის სასურველი რკინის პრეპარატის დალევა რძით, ჩაით და ყავით. რკინის პრეპარატები პატარებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, რადგან მოზრდილი ადამიანის დოზა ბავშვისთვის შესაძლოა ტოქსიკურიც კი აღმოჩნდეს. საზოგადოდ კი, სასურველია, დიდებმაც ზუსტად დაიცვან რკინის პრეპარატის დოზირება. თუ რკინის პრეპარატის დოზას გადააჭარბეთ, ამან შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, შეკრულობა, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და დიარეაც კი გამოიწვიოს.
ეცადეთ, რკინის პრეპარატი დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიიღოთ და დააკვირდეთ, რა ჯობს. მაგალითად, თუ პრეპარატი კუჭს გიღიზიანებთ და გულძმარვას იწვევს, უმჯობესია, ძილის წინ მის მიღებას ერიდოთ, რადგან წოლისას დისკომფორტი უფრო საგრძნობია. გარდა რკინის პრეპარატებისა, ექიმი ორსულს რკინით მდიდარი საკვების (ხორცის, კვერცხისა და რძის ნაწარმის) მიღებასაც ურჩევს.
თავის დასაცავად
რკინის დეფიციტის
 თავიდან ასაცილებლად ეცადეთ მიირთვათ ამ ელემენტით მდიდარი საკვები: მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ფორტიფიცირებული ფქვილისგან გამომცხვარი პური, მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული, მზესუმზირა, კვერცხი;
C ვიტამინით მოგამარაგებთ ციტრუსები (წვენიც), კივი, მარწყვი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის კი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულს, ციტრუსებს, ფორტიფიცირებულ პურს,  ხმელ პარკოსნებს მიეძალეთ.
რკინა საკვებში
შევთანხმდეთ: იმისთვის, რომ ორგანიზმი რკინის უკმარისობამ არ შეაწუხოს, ყოველდღიურად 10 მგ ეს ელემენტი მაინც უნდა მივაწოდოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მარტო იმის ცოდნა, რომელი საკვები შეიცავს რკინას, არ კმარა. ამ ელემენტს სხვადასხვა საკვებიდან ორგანიზმი სხვადასხვანაირად ითვისებს. მეტსაც გეტყვით – თავად რკინა არსებობს საკვებში სხვადასხვა ფორმით. მის ორ ძირითად ფორმას მეცნიერები პირობითად ჰემინურსა და არაჰემინურს უწოდებენ. უფრო იოლად ასათვისებელი და, ამის კვალობაზე, უფრო
სასარგებლოც ჰემინური რკინაა, რომელიც უხვად არის ხამანწკებში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში. საქონლისა და ფრინველის ხორციც, ისევე როგორც თევზი, საკმაოდ მდიდარია ჰემინური რკინით.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა, დაადასტურა, რომ ჰემინური რკინა, გარდა იმისა, რომ თავად შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმში, არაჰემინურის ათვისებასაც უწყობს ხელს.
იმავე უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემებით, რკინის დაახლოებით 60% ხორცში არაჰემინური სახითაა თავმოყრილი. ასეთივე რკინაა ბოსტნეულში, ხილში, პარკოსნებში, პურში, თხილეულში და ფორტიფიცირებულ მარცვლეულშიც. რკინით საკმაოდ მდიდარია კვერცხი და რძის ნაწარმიც, თუმცა მათში ჰემინური და არაჰემინური ფორმების თანაფარდობა ჯერჯერობით უცნობია.
გაკვრით უკვე ვახსენეთ, ახლა კი უფრო ვრცლად მოგახსენებთ იმ საკვების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას, განსაკუთრებით კი არაჰემინური რკინისას. ასეთია C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ციტრუსები, ნესვი, მარწყვი, ბროკოლი, თეთრთავა კომბოსტო, პ
ომიდორი, რიბოფლავინით გაჯერებული რძის ნაწარმი.
შეერკინე საკვებს
მოდი, შევადგინოთ დღიური მენიუ, რომელიც რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიის პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.

. საუზმე: რკინით გამდიდრებული მარცვლეულის ბურბუშელა (მიუსლი, ჰერკულესი), 4 ჩ. კ. ქიშმიში, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი. ასეთი საუზმის წყალობით თქვენი ორგანიზმი 13 მგ-მდე რკინას მიიღებს, რომლის ათვისებაშიც ფორთოხლის წვენში არსებული C ვიტამინი დაეხმარება.
დაიხსომეთ: ჩაი და ყავა კოფეინის შემცველობის გამო ხელს უშლის რკინის შეწოვას. ასე რომ, თუ რკინით მდიდარი დიეტის დაცვა განიზრახეთ, ამ სასმელებისგან ერთხანს თავის შეკავება მოგიხდებათ.
. ლანჩი: სენდვიჩი (რკინით გამიდრებული პურის ორი თხელი ნაჭერი და 85 გ მჭლე ხორცი), 1 ჭიქა თხლად დაჭრილი მარწყვი, სტაფილო და 1 ჭიქა ნაკლებცხიმიანი იოგურტი. ეს საკვები 5 მგ-მდე რკინას შეიცავს. გაითვალისწინეთ: თეთრი პური რკინის შეწოვას აფერხებს, ამიტომ გირჩევთ, ასეთი დიეტის დროს მასაც ერიდოთ.
. სადილი: 80-90 გ ქათმის ხორცი, საშუალოდ მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი 1 ჩ. კ. მაიონეზით, 1 ჭიქა ბარდით ან ლობიოთი და მოშუშული ბროკოლით. ეს სადილი ორგანიზმს 5-6 მგ-მდე რკინით. ნახევრად გამომცხვარი კარტოფილი და ბროკოლი ჩ ვიტამინის შემცველობის წყალობით რკინის ათვისებაში დაგეხმარებათ.
დიეტას პლუს რკინა
უკვე შევთანხმდით, რომ მკაცრი დიეტის დროს ანემია უფრო მეტად მძიმდება, მაგრამ როდესაც ქალს და, მით უმეტეს, ჯიუტ მოზარდ გოგონას არამც და არამც არ სურს ჩვეულ რაციონზე უარის თქმა, ისღა დაგვრჩენია, შიმშილობის იდეას შევეგუოთ და საკვებს რკინა შევაპაროთ.

ეს სტრატეგია რამდენიმე ეტაპად შეიძლება განვახორციელოთ:
I ეტაპი: დიეტის პარალელურად მიიღეთ რკინის პრეპარატი, რომელიც სასურველია ექიმის რჩევით იყიდოთ.
II ეტაპი: დიეტა ეფექტური რომ იყოს, მენიუდან მხოლოდ პურისა და გამომცხვარი საკვების ამოღება არ კმარა; ყველაზე სწრაფ შედეგს ცხიმიანი ხორცის მჭლით ჩანაცვლება გამოიღებს. ასეთი ხორცი იმდენივე რკინას შეიცავს, რამდენსაც ცხიმიანი, ამდენად,
რკინის დეფიციტი აღარ დაგვემუქრება, თანაც ასეთი ტაქტიკის წყალობით დღეში 500-ით ნაკლებ კალორიას მიიღებთ. საუკეთესოა ინდაურისა და ქათმის მჭლე, კანგაცლილი ხორცი. მუქი ხორცი რკინით შედარებით ღარიბია.  
III ეტაპი: უარი თქვით ჩიპსებსა და კანფეტებზე და, საზოგადოდ, ე.წ. ჯანკ-საკვებზე, რომელიც დროებით აცხრობს მადას. თუ სახელდახელოდ წახემსება განიზრახეთ, ჯობს, ყველი და პარკოსნები მიირთვათ. ცხიმმოხდილი რძის ნაწარმი საუკეთესოა მადის მოსატყუებლად, მაგრამ მასში რკინის შემცველობა არც ისე მაღალია.
IV ეტაპი: ეცადეთ, რკინით მდიდარი საკვები, მაგალითად, ქათმის, ინდაურის ხორცი, ლობიო, თხილი, ნუში, ნიგოზი, C ვიტამინით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულთან (ფორთოხალთან, ბროკოლთან, ბულგარულ წიწაკასთან) ერთად მიირთვათ.
V ეტაპი: დიეტას შეუხამეთ ვარჯიშიც. საუკეთესო შემთხვევაში, კვირაში 5 დღე, დღეში 45-60 წუთი უნდა ივარჯიშოთ. ამისთვის სავარჯიშო დარბაზში სიარული არ არის აუცილებელი; საკმარისია ფეხით სეირნობა, ძუნძული სკვერში, ცეკვა.
ვავსებთ რკინის ლიმიტს
თუ ქალს მენსტრუაციის დროს უხვი სისხლდენა აქვს, გასაკვირი არ არის, ანემია განუვითარდეს. დაკარგული სისხლის აღსადგენად აუცილებელია ცოლებით, რკინით, B ვიტამინით, ვიტამინებით მდიდარი საკვებისგან შემდგარი დაბალანსებული რაციონი.
მენსტრუაციის პერიოდში გირჩევთ მიირთვათ:
. ზღვის პროდუქტები, საქონლისა და ფრინველის ხორცი. ეს საკვები შეიცავს ცილებს, B ვიტამინების მთელ კომპლექსს და, რაღა თქმა უნდა, რკინას. განსაკუთრებით მდიდარია ამ კომპონენტებით საქონლისა და ფრინველის ხორცი და ღორის ღვიძლი. მნიშვნელობა არ აქვს, ხორცი მსუქანია თუ მჭლე. ასე რომ, წონის კონტროლი არ გაგიჭირდებათ. მენიუში შეგიძლიათ ჩართოთ სოსისი, სარდინი და ხამანწკებიც.
. მიკროელემენტებით გამდიდრებული პროდუქტები. ასეთია უმთავრესად მარცვლეული, რომელსაც ხშირად რთავენ დიეტურ რაციონში. ზოგიერთი სახის მიუსლი და ჰერკულესი 20 მგ-მდე რკინას შეიცავს, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, დღიური ნორმაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორტიფიცირებულ საკვებში მიკრო- და მაკროელემენტების შემცველობას სურსათისა და მედიკამეტების ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებს და ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, გაჯერებულია ყველა ელემენტის დღიური ნორმით.
. პარკოსნები – ლობიო ერთ-ერთი ალტერნატიული საკვებია, რომელიც ხორცის მაგივრობას გაგიწევთ, თუმცა არა სრულყოფილად. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პარკოსნებზეც. ერთი ჭიქა ლობიო ან ბარდა რკინის დღიურ მოთხოვნილებას მხოლოდ 25 პროცენტით აკმაყოფილებს, ხოლო ფოლიუმის მჟავას დღიურ მოთხოვნილებას – 75 პროცენტით.
. მწვანე ბოსტნეული – ეს დაბალკალორიული საკვები ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. ერთი ჭიქა მოხარშული ისპანახი რკინის დღიური ნორმის 40%-ს, ფოლიუმის მჟავას დღიური ნორმის 70%-ს და 5 გ ცილას შეიცავს. გარდა ამისა, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული მდიდარია B2 ვიტამინით, რიბოფლავინითა და C ვიტამინით, რომლებიც ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მოკლედ | ვრცლად

                                                                    ალერგია ბავშვებში

  ალერგიის გამომწვევი ფაქტორები, ალერგენები, ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფრებულნი. საკმარისია, პაწიამ შინიდან ცხვირი გაყოს, რომ ჰაერში მოფარფატე ნამცეცა აგრესორი უმალ თავს დაესხმება...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                 ასთმის მკურნალობის თავისებურებანი

  ასთმა დაავადებაა, – წესისამებრ, ქრონიკული, – რომელიც სასუნთქ გზებში ჰაერის დინების გაძნელებით ვლინდება. ჰაერგამტარი გზების უეცარი სპაზმი სულხუთვას იწვევს. სპაზმს ერთვის ავტომატის ჯერივით ხშირი ხველის შეტევა... მართლაც მძიმე მდგომარეობა დავხატეთ, მაგრამ შთაბეჭდილების გასანეიტრალებლად აქვე მოგახსენებთ: ასთმა იკურნება!..


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                        ტესტები ალერგიის დასადგენად

  ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ, რომ ალერგიის დროს ორგანიზმი წრეგადასულ რეაქციას ავლენს ზოგიერთ ნივთიერებაზე, რომელიც მივირთვით, ჩავისუნთქეთ ან შევეხეთ (თუმცა, მაგალითად, წამალი შესაძლოა ორგანიზმში ინექციის საშუალებითაც მოხვდეს), უშუალო დამნაშავე კი ყოველთვის აშკარა და ადვილად ამოსაცნობი როდია...


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                                      ალერგიული ხიბლი

  “რაც უფრო ძვირფასია კოსმეტიკური საშუალება, მით უკეთესია ეფექტი!” – ამ დევიზით ხელმძღვანელობს მრავალი ქალბატონი, მაგრამ იმედგაცრუებული მათ შორისაც ბევრი ყოფილა...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                                     რა არის ანაფილაქსია

  ანაფილაქსიის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2641 წელს მომხდარა, როცა კრაზანის თითქოსდა უწყინარ ნაკბენს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ეგვიპტის მეფე მენესი შეუწირავს...


                                                             უფრო ვრცლად »»»


1  2  3  შემდეგი>  ბოლო >>

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად