რატომ ახველებს ბავშვს


ერთი-ორჯერ წამოახველებს პატარას თუ მთელი დღე გაუჩერებლად ახველებს, მშობლები ერთნაირად ღელავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს შემაწუხებელი და, რაც მთავარია, ხმაურიანი სიმპტომი ჩაახშონ: პაწიას ხან სოდიან წყალს ავლებენ ყელში, ხან თბილ რძეს ასმევენ, თუ შინაურმა  მეთოდებმა ვერ გაჭრა, აფთიაქს მიაშურებენ და “ხველების წამალს” ითხოვენ.
ხველას მკურნალობა, რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ სრულიად დედამიწის მშობლები რომ დავამშვიდოთ, ვიტყვით, რომ ის არცთუ ისე ცუდია.
ხველა თავდაცვითი რეფლექსია, რომელიც სასუნთქ გზებს ზედმეტი ნაწილაკებისგან წმენდს. ამ კეთილშობილურ საქმეს უწვრილესი წამწამები სჩადიან, რომლებითაც სასუნთქი გზებია ამოფენილი. შეწუხებული წამწამები მოიქნევენ ხოლმე კუდს და დაუპატიჟებელ სტუმრებს თვალის დახამხამებაში გამოაძევებენ თავიანთი ტერიტორიიდან.
რაც უფრო მეტად არის დაბინძურებული სასუნთქი გზები, მით უფრო მეტად სჭირდებათ მათ რეფლექსი, სახელად ხველა, ხოლო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების დროს ის უბრალოდ აუცილებელია, რათა ბრონქები მყუდროდ მოკალათებული ვირუსებისა და ბაქტერიებისგან და ანთების გამო ჭარბად წარმოქმნილი ლორწოსგან გათავისუფლდეს.
ზოგჯერ პაწია ახველებს, მაგრამ ბრონქებიდან ლორწო არ გამოიდევნება. ეს მშრალი, არაპროდუქტიული ხველაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა ისევე სჭირდება, როგორც ნახველიან, პროდუქტიულ ხველას.

მშრალი თუ სველი
თავდაპირველად პაწიას წამოახველებს, რამდენიმე დღეში კი, სად იყო და სად არა, ნახველიც წამოყოფს თავს.
სასუნთქ გზებში გაჭედილ ლორწოს გარეთ გამოსვლაში უნდა დავეხმაროთ. ამისთვის მეტისმეტად წებოვანი ნახველი ჯერ უნდა გავათხიეროთ, შემდეგ კი სასუნთქი გზების დატოვება ვაიძულოთ. ამაში ამოსახველებელი საშუალებები  გვეხმარებიან.
პატარა ონავარს ამოხველებაში დაეხმარება თბილი სითხეებიც, მაგალითად, ბულიონი, ჟოლოსმურაბიანი ან ლიმონიანი ჩაი, სოდიანი წყლის ან ევკალიპტის ნაყენის თბილი ინჰალაცია (თუკი ამგვარი სავლები პატარას ყელის ლორწოვანს არ უღიზიანებს).
მცირე ასაკის ბავშვებს პედიატრები ნახველის გასათხიერებლად ხშირად უნიშნავენ ფერმენტ პეპსინის შემცველ პრეპარატებს. შეგიძლიათ, ესეც სცადოთ.

თუ ხველა მშრალია, ხველის დამთრგუნველი მედიკამენტის შეძენა მოგიწევთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე პაწიას პრეპარატს შეურჩევდეთ, კონსულტაციისთვის პედიატრს მიმართეთ. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა სახის ხველის წამალი სჭირდება ბავშვს. საზოგადოდაც, გირჩევთ, ხველის ხასიათის გასაგებად და მართებული მკურნალობის დასანიშნავად პატარა უთუოდ პედიატრს აჩვენოთ. შესაძლოა, ერთი შეხედვით უვნებელი ხველის უკან საკმაოდ რთული პათოლოგია, მაგალითად, ბრონქული ასთმა იმალებოდეს.

მოიწვიეს ექიმად…
ხველა საშიში არ არის (როგორც გითხარით, საჭიროც კია), მაგრამ არის შემთხვევები, როცა მეტი ყურადღება გვმართებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუკი:
. ბავშვს სუნთქვა უჭირს ან მეტისმეტად სწრაფად სუნთქავს;
. უკვე რამდენიმე დღეა, მაღალი სიცხე აქვს;
. ტემპერატურა არცთუ ისე მაღალია, მაგრამ პაწია ჯერ სამი თვისაც არ არის;
. ბავშვი ახალშობილია და დიდხანს ახველებს;
. ნახველი სისხლიანია ან მოყვითალო-მომწვანო ელფერი დაჰკრავს;
. ხველა მსტვენია და შორ მანძილზეც ისმის.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად