წყლის გამაცხელებლის შერჩევა


დღეს წყლის გამაცხელებელი მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ, საბჭოთა წინაპრებისგან  განსხვავებით, ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ და ალბათ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც გადასახადებს პატიოსნად იხდის, თავს უფლებას არ მისცემს, აბაზანაში წყლის მარაგი ცხელი წყლით შეავსოს. კარგია თუ არა ეს, თავად განსაჯეთ, ჩვენი საუბრის თემა კი წყლის გამაცხელებლებია და სწორედ მათ შესახებ მოგახსენებთ. მოდი, თავდაპირველად ელექტროგამაცხელებლებზე შევჩერდეთ. ყველაზე გავრცელებული საშუალება ე.წ. “ატმორია”, რომელსაც ონკანზე ამაგრებენ და ერთადერთი სირთულე, რომელიც მის დამონტაჟებას ახლავს თან, დამიწების უზრუნველყოფაა. თუ ელექტრობაში საფუძვლიანად არ ერკვევით, გირჩევთ, მის დასამონტაჟებლად სპეციალისტს მიმართოთ. “ატმორის” მთავარი მინუსი არაეკონომიურობაა, თუმცა მისი შეძენა სულ რაღაც 18 ლარად შეიძლება.
კიდევ ერთი დეტალი: თუ მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობთ და დამიწებისთვის რკინის მილები გამოიყენეთ, ფხიზლად იყავით – შესაძლოა, რომელიმე მეზობელმა რემონტი წამოიწყოს და ლითონის მილები პლასტმასით შეცვალოს. ეცადეთ, მეზობლები საქმის კურსში ჩააყენოთ, რათა, თუ მსგავსი განზრახვა ექნებათ, წინასწარ გაგაფრთხილონ.
ელექტროავზები, რომლებსაც უმეტესად სამზარეულოში ამონტაჟებენ, უმთავრესად ჩინური წარმოებისაა. რუსული “პროსტორი” და “ტრიუმფიც” იმავე პრინციპით მუშაობს, რომლითაც ჩინური გამაცხელებლები, თუმცა განსხვავება მაინც არის: მილები, რომელშიც წყალი გაედინება, რუსულ ნაწარმში  თუჯისაა და, შესაბამისად, შედარებით გამძლეა, ჩინური ავზები კი არამყარი ლითონის მილებისგან არის დამზადებული და იოლად იმტვრევა, ვერც ტემპერატურის ხშირ ცვალებადობას უძლებს. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ერთ დღეს თქვენი წყლის გამაცხელებელი შადრევნად იქცეს და ყოველი მხრიდან წყლის ჭავლმა გადმოხეთქოს.
წყლის გამაცხელებლებს იმის მიხედვითაც აფასებენ, რამდენი ლიტრი წყალი ჩადის ავზში და რამდენ ხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. თუ წყალს გრაფიკით გაწვდიან, ავზი საუკეთესო გამოსავალია. მისი შეძენისას გაითვალისწინეთ: გამაცხელებელს უთუოდ უნდა ჰქონდეს ავტომატური გამორთვის ღილაკი, რათა, თუ მისი გამორთვა დაგავიწყდათ, მოწყობილობა არ გადაიწვას.
საერთო ნიშანი, რომლითაც ელექტროგამაცხელებლები ერთმანეთს ჰგავს, არაეკონომიურობაა – ელექტროენერგია ხომ ბუნებრივ აირთან შედარებით ძვირია.

ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლის შერჩევისას, მით უფრო – თუ იაფი პროდუქციის შეძენა გაქვთ განზრახული, გაითვალისწინეთ:
. ჩინური ნაწარმის მთავარი ნაკლი მყიფე მეტალის მილებია, რომლებიც შეიძლება ჭანჭიკის დაჭერისასაც კი შემოგემტვრეთ ხელში.
. საუკეთესო ხარისხით წყლის იტალიური გამაცხელებლები “პრონტო” და “რაინი” გამოირჩევა. ისინი უსაფრთხოა და თუ სწორად დაამონტაჟეთ, დიდხანს გემსახურებათ.
. იმ მილის სიგრძე, რომლითაც ნამწვი აირი გარეთ გადის, ოთხ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ეცადეთ, გამაცხელებელი აბაზანაში არ დაამონტაჟოთ – ნესტი ლითონზე უარყოფით გავლენას ახდენს.
. თუ გამაცხელებელს ავზიც აქვს, მისი შეძენა ერთიორად ძვირი დაგიჯდებათ. სამაგიეროდ, თუნდაც წყალს შეზღუდულად გაწვდიდნენ, თბილი წყალი არასდროს მოგაკლდებათ.
ერთი უარყოფითი დეტალი: წყლის გამაცხელებლებს მექანიკური გათიშვის მექანიზმი არ აქვს, ასე რომ, თუ წყლის მოშვება დაგავიწყდათ და გამაცხელებელი ისე ჩართეთ, დიდია ალბათობა, ზამბარა გადაიწვას. საზოგადოდ, ზამბარა გამაცხელებლის აქილევსის ქუსლია: მისი გადაწვა არც იმ შემთხვევაშია გამორიცხული, თუ გამაცხელებელმა 4 საათზე მეტხანს გადაბმულად იმუშავა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად