ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ბავშვთა დაავადებები >>ჟურნალი "ავერსი" N42
ცერებრული დამბლა

 გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ეპილეფსიის  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნანა ტატიშვილი:

– ცერებრული დამბლა თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მოძრაობის დარღვევაა. ეს ერთი დაავადება არ გახლავთ – ამ კრებითი ტერმინით ჩასახვიდან ორ წლამდე თავის ტვინის სხვადასხვა მიზეზით დაზიანებას იხსენიებენ, რაც კლინიკურად უპირატესად მოტორული ანუ მოძრაობის სფეროს დარღვევით გამოიხატება. მოძრაობის გაძნელება, კუნთთა ტონუსის მომატება ან დაქვეითება ზოგჯერ ორივე ფეხში აღინიშნება, ზოგჯერ – მხოლოდ ცალ მხარეს, ზოგჯერ კი ამა თუ იმ ხარისხით ოთხივე კიდურია დაზიანებული. შესაძლოა, მოტორული დარღვევა უნებლიე მოძრაობებით ან სხვადასხვა პათოლოგიური პოზის მიღებით გამოიხატოს.
ცერებრულ დამბლას ხშირად ერთვის გონებრივი განვითარების მეტ-ნაკლები შეფერხება. დაავადებულთა (განსაკუთრებით – მძიმე ფორმების მქონეთა) ნახევარს ეპილეფსიის სხვადასხვა სახეც უვლინდება. ასევე ხშირად ვხვდებით ქცევის დარღვევებს (ჭირვეულობა, დაუმორჩილებლობა), შედარებით მსუბუქი ფორმების დროს კი – სწავლის სიძნელეებს.
 თავის ტვინის დაზიანება დაბადებისას უმეტესად უკვე აღინიშნება, მაგრამ მის გამოვლენას დრო სჭირდება. თუ, მაგალითად, ერთი წლის ბავშვი თავს ვერ იჭერს ანდა  ორი წლისა დამოუკიდებლად ვერ ზის, პათოლოგიას ნებისმიერი იეჭვებს, ნევროლოგებს კი სპეციალური სქემები გვაქვს, რომელთა მიხედვითაც საეჭვო ნიშნები ბევრად უფრო ადრე შეგვიძლია გამოვავლინოთ. ამიტომაც რეკომენდებულია, პრობლემური ორსულობა-მშობიარობის შედეგად დაბადებული ჩვილი 2, 4, 8 თვის ასაკში ნევროლოგმა გასინჯოს. თუ მოძრაობის სფეროში რაიმე დარღვევა აღმოვაჩინეთ, რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს კვლევები და დაიწყოს მართვა. დიაგნოზის დასმა, ჩვეულებრივ, 6-8 თვის ასაკისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ გამორიცხული არ არის, დარღვევა უფრო ადრე – ოთხი თვის ასაკშიც აღმოვაჩინოთ. ასეთ შემთხვევაში სჯობს, პაციენტი მაშინვე ჩაირთოს სარეაბილიტაციო პროგრამაში.
*
მკურნალობის ამჟამად არსებულ მეთოდებს თავის ტვინის დაზიანებული უჯრედების აღდგენა არ შეუძლია.  ცერებრული დამბლისა და მრავალი სხვა სახის უნარშეზღუდულობის მართვა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მოზარდ ტვინის პლასტიკურობის ძალიან მაღალი ხარისხი ახასიათებს და ფუნქციათა გადანაწილების უნარი აქვს: დაზიანებული უბნის ფუნქცია შესაძლოა ჯანსაღმა უბნებმა აიღონ თავის თავზე. ისეთი შემთხვევებიც კია ცნობილი, როდესაც ტომოგრაფია დაზიანებას ავლენს, კლინიკურად კი ადამიანს არავითარი გამოვლინება არ აღენიშნება.
დღეისთვის ცერებრულ დამბლას მხოლოდ ერთი სპეციალისტი კი არა, მთელი ინტერდისციპლინური გუნდი მკურნალობს. მასში შედიან ნევროლოგი, პედიატრი, მეტყველების სპეციალისტი, შრომითი და ფიზიკური თერაპიის სპეციალისტები (პირველი მათგანი პაციენტს შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება და ამით გარემოსთან შეგუებას უადვილებს, ხოლო მეორე ვარჯიშით, სწორი პოზების მიცემით, პათოლოგიურ პოზებთან ბრძოლით ამუჯობესებს მოძრაობით ფუნქციას), ფსიქოლოგი. გარდა ამისა, ჯგუფში აუცილებელია ორთოპედის ყოფნაც – ცერებრულ დამბლას ხშირად ახლავს თან ე.წ. კონტრაქტურები ანუ სახსრების ჩაკეტვა. თუ მათი მართვისთვის ვარჯიში საკმარისი არ არის, ორთოპედიული ოპერაციის საკითხი დგება.
მედიკამენტი, ცერებრულ დამბლას რომ არჩენდეს, არ არსებობს. წამლებს სულ რამდენიმე შემთხვევაში ვიყენებთ:
1. როდესაც პაციენტს აქვს გულყრები (თანმხლები ეპილეფსიაა), აუცილებელია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩართვა;
2. გამოხატული ქცევითი დარღვევებისას აუცილებელია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ქცევას აწესრიგებს;
3 კუნთთა ტონუსის მომატების დროს გამოიყენება ტონუსის დამქვეითებელი პრეპარატები. ბოლო ხანს განსაკუთრებით ინტენსიურად ვიყენებთ ბოტულინის ტოქსინს. გამოიყენება ბაკლოფენიც, რომელსაც ასეთივე მოქმედება აქვს. ზოგჯერ მედიკამენტი ერთჯერადად ან გახანგრძლივებულად სპეციალური პომპებით შეგვყავს ხერხემლის არხში.
*
ჩვენთან მეტად გავრცელებულია ახალშობილისთვის ამა თუ იმ ნევროლოგიური დიაგნოზის (ვთქვათ, ქალასშიგა წნევის მომატების) დასმა. ხშირად ეს დიაგნოზი სრულიად არაადეკვატურია, ამგვარი სიმპტომები ნერვული სისტემის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვებსაც აქვთ. ე.წ. ტვინის კვების გამაუმჯობესებელი მედიკამენტების გავლენაც საეჭვოა. განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი წამლების მიღება თუ მიუღებლობა არც დამბლის განვითარების რისკს ამცირებს და არც მის სიმძიმეს. უბრალოდ, საჭიროა ძალიან ფაქიზი დაკვირვება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. მომავალი გვიჩვენებს, ეს დარღვევა გარდამავალია თუ მძიმე მოტორული დარღვევის პირველ ნიშნებს წარმოადგენს. წამლები კი არამცთუ პროფილაქტიკისთვის, არამედ, როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობისთვისაც ძალიან შეზღუდულად გამოიყენება.
*
აღმოსავლეთ საქართველოში ცერებრული დამბლით დაავადებულთა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს თბილისის ნოდარ ქავთარაძის სახელობის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ასეთი ცენტრი ბათუმშია გახსნილი. ეს პროგრამა უფასოა, თუმცა პაციენტი, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება, ბევრად მეტია, ვიდრე პროგრამა ითვალისწინებს, ამიტომაც ყველას დახმარება ვერ ხერხდება.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად