ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N42
გენეტიკური პათოლოგიები

ავადმყოფობის ისტორია
 პრეისტორიული ეპოქის ადამიანებმაც კი იეჭვეს, რომ ესა თუ ის ნიშან-თვისება თავისთავად კი არ ჩნდება, არამედ შთამომავლობას წინაპრებისგან გადაეცემა. ამას ადასტურებს ბაბილონში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები, რომლებზეც სხვადასხვა ჯიშის ცხენების შეჯვარებისას მიღებული შთამომავლობის სავარაუდო ვარიანტებია გამოსახული.
მემკვიდრეობითობის შესახებ პირველი მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრება ბერმა გრეგორი მენდელმა გამოთქვა (ჯერ კიდევ 1866 წელს!), რომელიც ექსპერიმენტს ბარდაზე ატარებდა. სწორედ მის სახელს ატარებს კანონი, რომელიც დამემკვიდრების თავისებურებებს აღწერს.
გენეტიკა (ბერძ. Genos – წარმოშობა) მეცნიერებაა, რომელიც ორგანიზმის მემკვიდრეობითობას და ამ პროცესების მართვას შეისწავლის. ტერმინი ინგლისელ მეცნიერს უილიამ ბეტსონს ეკუთვნის, ხოლო გენის ნათლია დანიელი ბოტანიკოსი ვილჰელმ იოჰანსენია.

დაავადებული მემკვიდრეობა
როგორც ჩანს, გენეტიკის მნიშვნელობას არც ჩვენში უარყოფდნენ: პატარძალს (თავისთავად ცხადია, არც სიძეს!) შინ არ შეუშვებდნენ, ვიდრე დაწვრილებით არ გაიკითხავდნენ, რას წარმოადგენდნენ მისი წინაპრები, მძიმე სენით ხომ არ იყო შეპყრობილი რომელიმე მათგანი ან მეტისმეტად უცნაური ხასიათი ხომ არ ჰქონდა.
მემკვიდრეობითი დაავადებები არც დღეს გახლავთ ინტერესმოკლებული. გენეტიკურ პათოლოგიებს დიდი ინტერესით იკვლევენ და დამნაშავე გენების სულ ახალ-ახალ ვარიანტებს ამხელენ.
მემკვიდრეობითი დაავადებების ჩამოყალიბებაში მხილებული გენები შეცვლილი სტრუქტურის მქონენი ანუ მუტაციური არიან. შესაძლოა, ცვლილება არა გენის, არამედ ქრომოსომის დონეზე მოხდეს (შეგახსენებთ, რომ უჯრედის ბირთვში ჩამალული ქრომოსომა გენებისგან არის “აწყობილი”). ამ მოვლენას ქრომოსომული მუტაცია ეწოდება.
საზოგადოდ, მემკვიდრეობითი დაავადებები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ერთ ჯგუფს მონოგენური პათოლოგიები შეადგენს, მეორეს – ქრომოსომული აბერაციები. მონოგენური პათოლოგიები რომელიმე ერთი გენის მუტაციის შედეგია, რომლის დამემკვიდრებაც სამი: აუტოსომურ-დომინანტური, აუტოსომურ-რეცესიული და სქესთან შეჭიდული – ტიპით წარმოებს. თუ მუტაციური გენი დომინირებს, გენეტიკური პათოლოგია გარდაუვალია, ხოლო რეცესიულის დომინირების შემთხვევაში – მას მხოლოდ მაშინ უნდა ველოდეთ, თუ პასიური გენი ინდივიდს მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან ერგო.
მონოგენური დაავადების მაგალითია ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა: მუტაციას განიცდის გენი, რომელიც ფერმენტების სინთეზზეა პასუხისმგებელი.
რაც შეეხება სქესთან შეჭიდულ მემკვიდრეობით პათოლოგიებს, მისი ერთ-ერთი ნიმუში ჰემოფილია გახლავთ. დაავადების გამომწვევი გენი სასქესო X ქრომოსომაშია მოთავსებული და, როგორც წესი, დედისგან ვაჟს გადაეცემა.
ქრომოსომული აბერაციები უმეტესად ჩასახვისას წარმოიშობა. ამ დროს ირღვევა ქრომოსომების სტრუქტურა და რაოდენობა. ამ ტიპის პათოლოგიებია დაუნის, კლაინ-ფელტერის, შერეშევსკი-ტერნერის, ედვარდსის სინდრომი.
ხშირად გენეტიკური პათოლოგიების ნუსხაში შეაქვთ თანდაყოლილი დაავადებები (მათ შორის – თანდაყოლილი მანკები). თავისთავად ცხადია, მემკვიდრეობითი პათოლოგიაც თანდაყოლილია (თუმცა შესაძლოა, გენის მუტაციის შედეგმა წლების შემდეგ იჩინოს თავი), მაგრამ ის, რასაც თანდაყოლილ დაავადებას ვუწოდებთ, გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე წინაპრებისგან მიღებული პათოლოგიურად შეცვლილი გენებისა. თანდაყოლილი პათოლოგიის ჩამოყალიბების რისკი იზრდება, თუ მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე ან განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე (ზიგოტაზე) ვირუსებმა, ტოქსინებმა ან რადიაციულმა გამოსხივებამ იმოქმედა.
აქვე უთუოდ უნდა შევეხოთ იმ დაავადებებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა გენეტიკურად ვიყოთ წინასწარგანწყობილნი.  შეცვლილი გენი თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოყოფს, თუ პათოლოგიის ჩამოყალიბებისთვის ხელის შემწყობი ფაქტორები ამუშავდა. საზოგადოდ, ითვლება, რომ ლამის ყველა დაავადება გენების “უწესო ქცევის” ბრალია, თუმცა ასეთი ქცევის სააშკარაოზე გამოტანა (ანუ დაავადების ჩამოყალიბება) ყოველთვის არ ხდება. ისეთი მძიმე პათოლოგიაც კი, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეა, გენეტიკოსთა აზრით, მემკვიდრეობითი ხასიათისაა. ასევე მშობლებს უნდა “ვუმადლოდეთ” შაქრიან დიაბეტს (ტიპ I-ს), შიზოფრენიას, ეპილეფსიას…

უფლისწულის ხვედრი
მემკვიდრეობითი დაავადებების ჩამოთვლას და, მით უმეტეს, მათ ნიშნებზე საუბარს ამჯერად არ მოვყვებით. თქვენს  ყურადღებას მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ. ეს ჰემოფილიაა, რომელსაც ჭეშმარიტად მეფური პოპულარობა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის ისტორიამ შესძინა.
დაავადება, რომელიც სისხლის შედედების ფაქტორის დეფიციტით ვლინდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, ნიკოლოზ II-ის უმცროს ვაჟს დედისგან ერგო. ეს მემკვიდრეობითი პათოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ვაჟებს ემართებათ, ქალები კი (ისევე, როგორც პატარა ალექსეის დედა) პათოლოგიური გენის მატარებლები არიან.
ჰემოფილიის დროს სისხლჩაქცევები აღინიშნება სხეულის ნებისმიერ უბანზე: კანში, სახსრებში, კუნთებში, შინაგან ორგანოებში. ამდენად, მას ძალზე მძიმე შედეგები მოჰყვება: ძლიერი სისხლჩაქცევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში ლეტალურად სრულდება, სხვა შემთხვევაში კი ინვალიდობას იწვევს.
ჰემოფილიის მკურნალობის ერთადერთი გზა ჩანაცვლებითი თერაპიაა, რომელიც ორგანიზმში სისხლის შედედების (VIII ან IX) ფაქტორების შეყვანას გულისხმობს.
ჰემოფილია და, საზოგადოდ, მემკვიდრეობითი პათოლოგიები სამეფო საგვარეულოებში მეტად ხშირი გახლდათ. რომანოვების ოჯახში მუტაციური გენის შემომტანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი მეუღლე იმპერატრიცა ალექსანდრა იყო, რომელსაც “ჰემოფილური მემკვიდრეობა” დედისგან – პრინცესა ალისასგან ერგო, მან კი ის, ტრადიციულად, დედისგან – დედოფალი ვიქტორიასგან მიიღო.
დედოფალ ვიქტორიას ცხრა შვილი ჰყავდა. ჰემოფილია მის ვაჟს, პრინც ლეოპოლდს გამოაჩნდა, რომელიც ამ მძიმე სენით 31 წლისა გარდაიცვალა, ქალიშვილებიდან კი პათოლოგიური გენი ალისას და ბეატრისს ერგოთ.
ბეატრისის ოთხი ვაჟიდან მხოლოდ ორი დაავადდა ჰემოფილიით, ხოლო ქალიშვილმა, ვიქტორია-ევგენიამ, რომელიც ესპანეთის მეფეს გაჰყვა ცოლად, ჰემოფილიით სამი ვაჟიდან ორი “დაასაჩუქრა”. ესპანეთის მეფის კარზე ავადმყოფ უფლისწულებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ: ბავშვებს სპეციალური ტანსაცმელი შეუკერეს, რომელიც ბამბით იყო გამოტენილი და ონავრებს ტრავმებისგან იცავდა. ესეც არ იკმარეს და სასახლის ეზოში ხეებს ტოტები დააჭრეს – ასე ბიჭებს ნაკლები საფრთხე ელითო.
ალისას შვიდი ვაჟიდან ჰემოფილია ერთს დაემართა, რომელიც სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.
ესპანეთის მეფის არ იყოს, ნიკოლოზ რომანოვიც გულმოდგინედ ზრუნავდა პატარა ალექსეის ჯანმრთელობაზე: მძიმე სენით შეპყრობილ ბიჭუნას გული რომ არ დასწყვეტოდა, ოჯახის ყველა წევრი მეტად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მათი ხშირი სტუმარი მხოლოდ კარის ექიმი გახლდათ.


როგორ ყალიბდება სქესი
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როდის და როგორ ხდება სქესის ფორმირება. ამას თვითონაც მიხვდებით, თუ განაყოფიერების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გადაავლებთ თვალს.
 ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს – ქალის სასქესო უჯრედს – და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავის თავში ატარებს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაცია უწვრილეს ძაფებში – ქრომოსომებშია შეკრებილი. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე (გენები!) დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებების შესახებ. თავისთავად, განაყოფიერების დროს “საიდუმლო მასალები” ირევა, მდედრისა და მამრის გენეტიკური “ფაილები” სხვადასხვა კომბინაციას ქმნიან, რასაც საბოლოო ჯამში სრულიად ახალი (თუმცა მშობლების მსგავსი) ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ადამიანის უჯრედის ბირთვი 46 (23 წყვილ) ასეთ “ფაილს” – ქრომოსომას შეიცავს. აქედან 23 მამრობითია, 23 – მდედრობითი, ანუ ერთ “ქალურ” ქრომოსომას ერთი “მამაკაცური” შეესაბამება (როგორც ჩანს, დაწყვილებისკენ სწრაფვა სწორედ უჯრედის ბირთვის დონეზე ჩაისახება).
როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომით არის დაკომპლექტებული, თუმცა გამონაკლისიც არსებობს და ეს სასქესო უჯრედებია: სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი 23-23 ქრომოსომას შეიცავს. სწორედ მათი შერწყმით წარმოიქმნება დაწყვილებული 46 ქრომოსომა.
ახლა ქრომოსომების ფორმასაც შევეხოთ. 44 მათგანი ერთნაირია, უკანასკნელი წყვილი კი – განსხვავებული. მდედრ უჯრედში ორივე ქრომოსომა X-ს ჰგავს (ანუ XX კომბინაცია წარმოიქმნება), ხოლო მამრობითი სქესის უჯრედებში ერთი – X-ის, მეორე კი Y-ის მსგავსია.
თუ წარმოვიდგენთ, რომ კვერცხუჯრედებში ყველა ქრომოსომა X-ის ფორმისაა, ხოლო მამაკაცის სასქესო უჯრედებში ზოგიერთი – X-ით, ზოგი კი Y -ით არის დაკომპლექტებული, იოლად მივხვდებით, როგორ ყალიბდება მომავალი ინდივიდის სქესი. კერძოდ, თუკი კვერცხუჯრედს, რომელიც ყოველთვის X ქრომოსომის მატარებელია, შეხვდა სპერმატოზოიდი, რომელიც ასევე 23-ე X-ქრომოსომას შეიცავს და შეხვედრა Happy End-ით დასრულდა, გოგონა ჩაისახება, ხოლო თუ კვერცხუჯრედი Y-ის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას ბიჭუნა მოევლინება.


***
 დღეს ბევრისგან გაიგონებთ, რომ ნაყოფის ანომალიები საკმაოდ გახშირდა. როგორც აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის მთავარი მეანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა სინაურიძე ამბობს, ნაყოფის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადება ან გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ან ქრომოსომული პათოლოგიებით.


მკითხველისთვის ცნობილია, რომ ადამიანის ნებისმიერი უჯრედი 23 წყვილ ქრომოსმას შეიცავს, რომელთაგან ნახევარი დედის გენოტიპიდან არის გადმოსული, ხოლო ნახევარი – მამისგან. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი რომელიმე გენეტიკური დაავადების მატარებელია, მაგრამ პათოლოგია კლინიკურად არ ვლინდება. შესაძლოა, ის არც წინაპრებსა თუ ახლო თაობის ნათესავებს შორის იყოს გამოვლენილი, მაგრამ საკმარისია, იგივე დაავადება მეუღლის გენოტიპშიც აღმოჩნდეს, რომ გენი გააქტიურდება, რეცესიულიდან დომინანტურ მდგომარეობაში გადავა და კლინიკურად გამომჟღავნდება. ამის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოში ინერგება ე.წ. გენეტიკური პასპორტის ცნება, რაც ოჯახის დაგეგმვისთვის მეტად მნიშვნელოვანია. კერძოდ, თუ ორივე პოტენციურ მშობელს რომელიმე იდენტური პათოლოგიის რეცესიული გენი აღმოაჩნდა, ეცოდინებათ, რომ მათ მომავალ შვილებს ამ დაავადების განვითარების დიდი ალბათობა აქვთ.
 შესაძლოა, ადამიანის გენოტიპში დაავადება არ იყოს, მაგრამ ახლო ნათესაური კავშირის შემთხვევაში ორი იდენტური გენის დაკავშირებამ რომელიმე პათოლოგია გამოიწვიოს, ამიტომაც რაც უფრო შორეული გენეტიკა ექნებათ მშობლებს, მით უკეთესია. ამ თვალსაზრისით არასასურველია ერის ჩაკეტვა.
სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში მძიმე გენეტიკური პათოლოგიების მქონე ადამიანები, ტრადიციისამებრ, ოჯახის შექმნას ერიდებიან.
ყველაზე მეტად ცნობილი გენეტიკური დაავადება ჰემოფილიაა, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება თალასემია, რომელიც საქართველოშიც საკმაოდ არის გავრცელებული.
საზოგადოდ,  თალასემიის თხუთმეტი ფორმაა ცნობილი, რომელთაც განსხვავებული სიმპტომატიკა აქვთ. ამ დაავადების დროს ორგანიზმი ზოგიერთი იმ ფერმენტის ნაკლებობას განიცდის, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების ცვლასა და განახლებას განაპირობებს. ამის კვალობაზე, თალასემია ხშირად ვლინდება ანემიით ან მისი საპირისპირო მდგომარეობით – ჰიპერჰემოგლობინემიით. სხვათა შორის, ეს პათოლოგია ხშირია აშკენაზ ებრაელებს შორის, ისევე, როგორც მეორე გენეტიკური დაავადება – ცისტოზური ფიბროზი, იგივე ცისტოფიბროზი.
გარდა გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი დაავადებებისა, არსებობს ქრომოსომული პათოლოგიები, რომლებიც ქრომოსომათა რაოდენობის შეცვლის ან მათი არასწორი შეერთების შედეგად ვითარდება.
ზოგადად, ქრომოსომულ პათოლოგიებს სხვადასხვა მიზეზი აქვს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისინი შესაძლოა ბანალურმა გაციებამაც კი გამოიწვიოს. უფრო დიდია მათი განვითარების ალბათობა ისეთი წინაპირობის შემთხვევაში, როგორიც არის გულის ორგანული მანკი და სხვა ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ორგანიზმს ფიტავს. მთავარი რისკფაქტორები კი ნარკომანია და ალკოჰოლიზმია, განურჩევლად იმისა, რომელი მშობლის ორგანიზმი განიცდის მუდმივ ინტოქსიკაციას – მამისა თუ დედის. ეს გახლავთ ქრომოსომული აბერაცია, რომელსაც გენეტიკურ დაავადებასთან საერთო არაფერი აქვს. იგი ერთი კონკრეტული შემთხვევაა, კონკრეტული სიტუაციის შედეგი, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე მომდევნო ორსულობისას აღარ გამეორდება.
ქრომოსომული ცვლილებისაგან არავინ არის დაზღვეული. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ვინაიდან მასზე დიდ გავლენას ახდენს მავნე გარემო – რადიაციული ფონის მომატება, ოზონის ხვრელის გაფართოება, ჩერნობილის ბირთვული ღრუბელი, შხამქიმიკატებითა და ემულგატორებით გაჯერებული საკვები და სხვა.
ქრომოსომათა რაოდენობრივი ცვლით განპირობებულ დაავადებებს შორის კარგად არის ცნობილი დაუნის სინდრომი. ამ შემთხვევაში აღინIშნება ე.წ ტრისომია – ქრომოსომათა 21-ე წყვილში ორის ნაცვლად სამი ქრომოსომაა.
ქრომოსომათა არასწორი გადაჯაჭვის – ქრომოსომული ტრანსფორმაციებისა და ტრანსლოკაციების – უამრავი ვარიანტი არსებობს. ყველაზე ხშირია ანენცეფალია, როდესაც ნაყოფს თავი არ აქვს, ასევე – ხერხემლის თიაქარი, ე.წ. სპინა ბიფიდა. დღეს მისი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია სიცოცხლესთან შეუთავსებელი, უმეტესად იგი ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება. პირადად მე რამდენიმე ქალი ვამშობიარე, რომლებსაც თავის დროზე სპინა ბიფიდა ჰქონდათ.
დაიხსომეთ: ქრომოსომული პათოლოგიების პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ მათი ხელშემწყობი ფაქტორები და შევამციროთ ამ დაავადებათა განვითარების ალბათობა. ამისთვის არსებობს მეტად მარტივი საშუალება – ფოლიუმის მჟავა, რომელიც ცოლ-ქმარმა სავარაუდო ჩასახვამდე სამი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს (ერთი ხუთმილიგრამიანი ტაბლეტი დღე-ღამეში), ქალმა კი დაორსულების შემდეგაც, 12 კვირის განმავლობაში, უნდა სვას. ჩვენში ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი, ამიტომ ორსულობის დადგენისთანავე, მისი მე-12 კვირის ჩათვლით, ნებისმიერმა ქალმა  უპირობოდ უნდა მიიღოს ეს პროვიტამინი.
 არსებობს პათოლოგიები, რომელთა გამოსწორება ორსულობის პერიოდშივე შეიძლება. მაგალითად, თალასემიის ზოგიერთი ფორმის განკურნებისთვის სპეციალური დიეტის დაცვაც საკმარისია. გენეტიკურ კვლევას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე. მაგალითად, როდესაც სპინა ბიფიდას არსებობა ჩვენთვის უცნობია, ადვილი შესაძლებელია, მშობიარობის პროცესში თიაქარი გასკდეს და დაინფიცირდეს, რაც ბავშვის სიკვდილის მიზეზად იქცევა, ხოლო როდესაც მისი არსებობის შესახებ  ვიცით, ამ გართულებას თავიდან ვიცილებთ.
ნაყოფის გენეტიკური კვლევის პროცედურის დროს  უწინარეს ყოვლისა, ტარდება ამნიოცენტეზი – საშვილოსნოს ღრუდან სანაყოფე სითხის ამოღება, რაც მუცლის მხრიდან გრძელი ნემსით და ულტრაბგერითი კონტროლით ხორციელდება. შემდეგ ხდება ამ სითხიდან ნაყოფის უჯრედების გამოყოფა და გამოზრდა ანუ კულტივაცია. გაყოფის მომენტში უჯრედებს ვყინავთ და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, გენეტიკური და ქრომოსომული დალაგების მიხედვით ვამუშავებთ. ამ მეთოდის გამოყენებისას ცდომილება, ფატობრივად, არ არსებობს. მისი სიზუსტე 99.9%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ამნიოცენტეზის გართულების ალბათობა მეტად მცირეა – დაახლოებით 0.3%, რაც ნაადრევ მშობიარობაზე მოდის, მისი თავიდან აცილების მიზნით ტარდება სკრინინგი – გაცრა. არსებობს რისკჯგუფები, რომლებსაც 15 კრიტერიუმის მიხედვით არჩევენ. ეს კრიტერიუმები კონსულტაციის ყველა ექიმისთვის ცნობილია. მათ რიცხვში შედის წინა ნაყოფის პრობლემა, მძიმე გენეტიკური მემკვიდრეობა, წინა ორსულობის თვითნებური შეწყვეტა, ერთ-ერთი მშობლის მუდმივი ინტოქსიკაციის ქვეშ ყოფნა და სხვა. რისკის ჯგუფში მოხვედრილ ქალებს ორსულობის მე-14-16 კვირას უფასოდ უტარებენ სისხლის ანალიზს სამ ჰორმონზე: ალფა ფეტოპროტეინზე, ქორიოგონინსა და ესტრიოლზე. თუ მათი მაჩვენებლები მაღალი აღმოჩნდა, ტარდება გენეტიკური კონსულტაცია ან გადადიან გამოკვლევის ღრმა მეთოდზე – ამნიოცენტეზზე, რომლის ოპტიმალური ვადა მე-16-18 კვირაა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად