უქეიფობის მიზეზი


                                         
საახალწლო დამწვრობები

    მრავალი ოჯახისთვის საახალწლო ზეიმი ტრაგედიით სრულდება. ამ დღეებში თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს ან, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ – დამწვრობის ცენტრს პაციენტები ემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება ბესიკ იაშვილი, აკადემიკოსი, ცენტრის დირექტორი და გადაუდებელი დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალსიტი თეა უროტაძე. 
   
თ. უროტაძე: უმეტესად სახის, მტევნების დამწვრობა ვითარდება, ზოგჯერ სერიოზულად ზიანდება თვალი.
   ხშირად ბავშვები სამზადისით გართული მშობლების მოუცლელობის გამო იწვებიან – ინდაურისა და გოჭისთვის მომზადებულ მდუღარეს ან ქაფქაფა ნახარშს გადაისხამენ, გავარვარებულ ქურას შეეხებიან ხოლმე... ხშირია ელექტროტრავმაც. იყო შემთხვევა, როდესაც ელექტროგაყვანილობიდან ნაძვის ხეს მოეკიდა ცეცხლი, იქიდან კი – ბამბის წვერს, რომელიც თოვლის პაპის როლში მყოფ ბავშვს ეკეთა.
   ცხადია, ზამთარში გათბობა ყველას სჭირდება. ბევრი გასათბობად ნებისმიერ ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებს, უსაფრთხოებაზე კი ნაკლებად ფიქრობს. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მოხუცებს – მათ ხშირად ცეცხლი ტანსაცმელზე ეკიდებათ, რაც სიცოცხლისთვის საშიშ დამწვრობას იწვევს. ჩვენს კლინიკაში 60-80 წლის უამრავი პაციენტი ხვდება.
   ბოლო ხანს ორ წლამდე ასაკის ბავშვებშიც კი შეგვხვედრია ვოლტის რკალით (ელექტრორკალით) დამწვრობის რამდენიმე შემთხვევა. ასეთი დამწვრობა მოსალოდნელია ასევე მოპარული მავთულის, კაბელის ღიად დატოვებულ ბოლოებზე შემთხვევითი შეხებისას. ასეთ დროს ბავშვმა შესაძლოა კიდური დაკარგოს, უარეს შემთხვევაში, დაიღუპოს კიდეც. მავთულის მოპარვის დროსაც ბევრი ზიანდება.
    ბ. იაშვილი:  საახალწლო ელექტროტრავმები უმეტესად ნაძვის ხის განათებას უკავშირდება: ბავშვი ხშირად ხელს ჰკიდებს ნათურებს და თუ მავთული დაზიანებული აღმოჩნდა, კონტაქტური დამწვრობა ვითარდება. რკალით დამწვრობა შედარებით ზედაპირულია, რადგან ხანმოკლეა და სითბური ენერგია ქსოვილებში ღრმად ვეღარ აღწევს, მაგრამ თუ კონტაქტი გაგრძელდა, ელექტროკონტაქტური დამწვრობა ღრმა ქსოვილების დაზიანებას იწვევს. შესაძლოა, ძვლოვან სისტემამდეც კი ჩააღწიოს.
   დაზიანების სიმძიმე ტრავმის მექანიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად, მაშხალით გამოწვეული დამწვრობა მძიმე არ არის, მაგრამ თუ მაშხალის ნაპერწკალმა ტანსაცმლის აალება გამოიწვია, ღრმა დამწვრობა განვითარდება. აქ სხვა საშიშროებაც არსებობს: სტრესულ სიტუაციაში ადამიანმა შესაძლოა გავარვარებული ჰაერი შეისუნთქოს. ხალხში იტყვიან, ალი გადაყლაპაო. სინამდვილეში კი არ ვყლაპავთ, ვისუნთქავთ, რასაც ფილტვებისა და სასუნთქი გზების დამწვრობა მოსდევს და სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიშია.
   ყველაზე მძიმედ ითვლება III ბ ხარისხის დამწვრობა. გამოყოფენ IV ხარისხის დამწვრობასაც, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, უკვე ქსოვილის გარკვეული ნაწილის დანახშირებაა. სწორედ ღრმა დამწვრობებს მოჰყვება ყველა ის მძიმე გართულება, რომელმაც შეიძლება დაშავებულის სიკვდილი გამოიწვიოს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანების ფართობს.
    მაშ, როგორ მოვიქცეთ, თუ კანი მსუბუქად დავიწვით?
   თ. უროტაძე:  პირველ ყოვლისა, დამწვარი კანი გამდინარე გრილი წყლით უნდა ჩამოვიბანოთ – პირველი 15 წუთის განმავლობაში გახურებული უჯრედები წვას განაგრძობს, სიმხურვალე ქვემდებარე შრეებს გადაეცემა და პროცესი სიღრმისკენ მიდის, გრილი წყალი კი დამწვრობას იმ დონეზე აჩერებს, რომელზეც მივუსწრებთ. გადაუდებელი დახმარებისათვის არსებობს აეროზოლები (პანთენოლის, ოლაზოლის), რომლებსაც კრიოთერაპიული ეფექტი აქვს. გავარვარებულ უჯრედებს სწორედ გაციება სჭირდება, რაც, თავის მხრივ, გაუტკივარებასაც განაპირობებს.
    ბ. იაშვილი:  ჩემი მხრივ, დავურთავ, რომ დამწვრობისას აუცილებლად სტერილური საფენი (მაგალითად, სტერილური დოლბანდი) უნდა გამოვიყენოთ.
ანთებითი პროცესი დამწვრობის მეოთხე დღიდან იწყება. ამ პერიოდიდან ვითარება უარესდება და სხვადასხვა გართულებას ეძლევა დასაბამი.
   დამწვრობის მიერ დატოვებული ჰიპერტროფიული თუ კელოიდური ნაწიბურებიც მრავალ პრობლემას ქმნის, მაგალითად, ზღუდავს მოძრაობას მტევნების არეში, ხელს უშლის პირის გაღებას, თვალების დახუჭვას და ა.შ. პრობლემა უფრო მწვავდება, როდესაც მკურნალობა იმთავითვე არასწორად არის დაწყებული, ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ რაც უფრო მალე მიმართავს დახმარებისთვის კვალიფიციურ სპეციალისტს, მით უფრო კეთილსაიმედო იქნება შედეგი.
   შესაძლებელია დამწვრობითი დაავადების ორგვარი მკურნალობა: კონსერვატიული და ოპერაციული. ნებისმიერი მათგანის შემთხვევაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება დამწვრობითი დაავადების ზოგად გართულებებს. უშუალოდ ჭრილობას ვმკურნალობთ სხვადასხვა ბიომასტიმულირებელი საშუალებით, სადეზინფექციო, ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ბოლო დროს ფართოდ გამოიყენება ე.წ. სორბციული საშუალებები, რომლებიც დამწვრობის ზედაპირზე განვითარებული ინფექციის სორბციას ახდენს.
   შედეგი ღრმა დამწვრობის ფართობსა და დაშავებულის ასაკზეა დამოკიდებული. ხანდაზმულებში ღრმა დამწვრობის ასიდან 15 შემთხვევა შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. ჩვილ ბავშვებში ღრმა დაზიანება, მცირედიც კი, შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდეს, როცა მოზრდილები 50-70%-იანი დამწვრობის შემდეგაც გადარჩენილან.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად