ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

     ჯანმრთელობა ვის არ უნდა. სამაგიეროდ, ძალისხმევა, ამ უძვირფასესი განძის შესანარჩუნებლად რომ არის საჭირო, არავის მოგვწონს. როგორი ასატანია ყოველდღე ვარჯიში, საჭმელ-სასმელთან აფთიაქარის სასწორით მოქმედება, ძმასავით შემტკბარ თამბაქოსთან სამუდამოდ განშორება... ამ დროს კი გვესმის, რომ ეს ყველაფერი ზედმეტია. არსებობს სასწაულმოქმედი ტაბლეტი, რომელსაც გადაყლაპავ და... თითქოს თავიდან დაიბადეო. საქმეში რომ ჩაიხედავ და რამდენიმე კეთილისმსურველსაც გადაეყრები, აღმოაჩენ, რომ ერთ კი არა, უამრავ სასწაულზეა საუბარი. პირველი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის, მეორე მადას ამცირებს, მესამეს ნივთიერების ცვლის რეგულირებაში მთავარი სპეციალისტის დიპლომი დაუმსახურებია, მეოთხე ორგანიზმის გენერალურ დალაგებას აწყობს, მეხუთეს წიდა გამოაქვს, მეექვსე ალერგიას ებრძვის... სანამ დროა, შევწყვიტოთ, თორემ 127-ე, 799-ე თუ 1516-ე მუხლამდე ჩასვლას არც თქვენი მოთმინება ეყოფა და არც ჩემი. ზოგი ერთს აქებს, ზოგი – მეორეს. აბეზარი დისტრიბუტორები ნაირფერ ბუკლეტებს ხელში გვჩრიან და გვპირდებიან, გარანტიას გვაძლევენ, კიდევ ერთხელ (და არაერთხელ) იფიცებენ, რომ ჩვენი ყველა პრობლემა, ჭარბი წონიდან დაწყებული, გულმავიწყობით დამთავრებული, ამ ჯადოსნური აბების დახმარებით შარშანდელი თოვლივით გაქრება.
     ამთავითვე შევთანხმდეთ: ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, კარგია ბად-ები თუ ცუდი, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას ჯერჯერობით არ გააჩნია, ასე რომ, ნურც ამ პატარა სტატიას მოსთხოვთ. ჩვენ უფრო მოკრძალებული მიზანი გვაქვს: შეგიქმნათ წარმოდგენა, რა იმალება უცნაური აბრევიატურის – ბად-ის მიღმა, რა უნდა გაითვალისწინოთ, სარეკლამო ტრიუკების მსხვერპლად რომ არ იქცეთ და ამ ახალმა გამოგონებამ მხოლოდ სარგებლობა მოგიტანოთ.
    ბად-ებს, როგორი არაჩვეულებრივებიც უნდა ბრძანდებოდნენ, ორად ორი რამ შეუძლიათ: შეგვივსონ სასარგებლო ნივთიერებების მარაგი, საკვებში სანთლით საძებარი რომ გახდა და არ დაუშვან ორგანიზმის ზოგიერთი ფუნქციის დარღვევა. თუმცა ეს ორი ფუნქცია არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ჩვენი რაციონი რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, საკამათო, ვგონებთ, არ არის. ცარიელი კალორიებით უხვად გაჯერებული საკვები, გარდა ჭარბი წონისა, არაფერს გვაძლევს, ჩვენ კი ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები გვჭირდება. თვითონ პროდუქტიც, რომელიც სასარგებლო გვგონია, ხშირად გვიცრუებს იმედს. საწყობებში თვეობით ნადებმა, არაერთ სითბურ თუ ქიმიურ დამუშავებაგავლილმა, კონსერვანტებით გაჭყეპილმა დელიკატესებმა კვებითი ღირებულება ბევრად უფრო ადრე დაკარგეს, ვიდრე ჩვენს სუფრაზე თუ სუპერმარკეტის თაროზე მოხვდებოდნენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის 70%-ს ვიტამინებისა თუ მინერალების ნაკლებობა აღენიშნება, დაავადებათა 70% კი ამა თუ იმ კუთხით არასწორ კვებასთან არის დაკავშირებული. ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია: სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, ალერგია, სიმსივნური პროცესები, შაქრიანი დიაბეტი...
    სწორედ ჩვენს რაციონში არსებული ამ ხარვეზის ამოვსება და სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმის მობილიზება გახლავთ ბად-ების მთავარი ამოცანა, ეს კი ნამდვილად შეუძლიათ, თუ თვითონაც ხარისხიანები ბრძანდებიან და ჭკვიანურადაც გამოვიყენეთ.
    ნუ წამოეგებით სატყუარას, რაც ბუნებრივია, აუცილებლად უსაფრთხოაო. საშინელი შხამი კურარე გაიხსენეთ, ინდიელები ისრების მოსაწამლად რომ იყენებდნენ – ისიც ხომ მცენარის წვენია. აღარაფერს ვამბობთ ნამცხვარსა და ტკბილეულზე, ჩვენთვის სრულიად უვნებელი ნუგბარი რომ არის, დიაბეტით დაავადებული კი შეიძლება კომაშიც ჩააგდოს. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებაზე რაღა ითქმის? მაგალითად, ჟენშენის შემცველი დანამატები უკუნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის დროს; ვირისტერფამ ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა ღვიძლზე ტოქსიკურად იმოქმედოს, კრაზანა კი ახანგრძლივებს ანესთეტიკების (მაგალითად, ნარკოზის) მოქმედებას და სრულიად შეუთავსებელია ანტიდეპრესანტებთან, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან.
   საერთოდ, საჭიროა თუ არა ბიოდანამატების მიღება? ეს ყოველმა ჩვენგანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. უგუნურად სმას სჯობს, საერთოდ არ გავეკაროთ, მაგრამ თუ ყურადღებით შევარჩევთ, მართლაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
   ბად-ის შერჩევისას, პირველ რიგში, ეტიკეტი წაიკითხეთ. თუ შემადგენლობა მითითებული არ არის ანდა რომელიმე დაავადებისგან განკურნებას გპირდებათ, მასზე საერთოდ უარი თქვით. ამის შემდეგ მოიპოვეთ ცნობები ცალკეული კომპონენტების შესახებ. ყველაზე გონივრული იქნება, თუ რჩევას ექიმს ჰკითხავთ, განსაკუთრებით – თუ უკვე გადააბიჯეთ შუა ხნის ასაკს, რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, რაიმე წამალს სვამთ, პატარას ელოდებით, ბავშვს ძუძუს აწოვებთ ანდა განზრახული გაქვთ, ბადი თქვენს მცირეწლოვან შვილს დაალევინოთ.
   გახსოვდეთ: ბადები კარგია როგორც დამხმარე და არა ძირითადი საშუალება. მკურნალობისთვის ისინი საერთოდ არ არის მოწოდებული. თუ დისტრიბუტორი ნებისმიერი სენისგან ერთი ხელის მოსმით თავის დაღწევას გთავაზობთ, დაუყოვნებლივ გაეცალეთ – ეს ან უვიცობაა, ანდა უსირცხვილო ტყუილი.
    გახდომა გსურთ? ჭარბ წონას დიეტით, ვარჯიშით ებრძოლეთ. ცხადია, ამაში ბადებიც დაგეხმარებიან, მხოლოდ მათი იმედით ყოფნა კი არაფრით არ შეიძლება. სათოფეზე ნუ გაეკარებით დანამატებს, ჭარბი წონისგან ელვის სისწრაფით განთავისუფლების გარანტიას რომ გაძლევენ. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეფექტური და უსაფრთხო უმთავრესად ის საშუალებებია, რომლებიც წონას თანდათანობით (თვეში საშუალოდ 2 კგ-ით) ამცირებს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად