ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ძვალ-სახსართა პათოლოგიები >>ჟურნალი N40
ოსტეოქონდროზი, დისკოპათია

      ცხოვრების თანამედროვე წესმა – უმოძრაობამ, კვების რეჟიმის დარღვევამ და ა.შ. – ადამიანის ჯანმრთელობას უამრავი სირთულე შეუქმნა. როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ სანდლერი ამბობს, სწორედ ამ ფაქტორებმა აქცია ოსტეოქონდროზი XX - XXI საუკუნეების მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად:
    ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე წანაზარდების (კალციფინატების) წარმოქმნა, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს. ოსტეოქონდროზის ერთერთი გამოვლინებაა დისკოპათია, რომელსაც შეცდომით დისკოზს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის ფრაგმენტაცია ანუ სეკვესტრაცია.
    ოსტეოქონდროზის პირველი სიმპტომი ტკივილია. მანამდე, როგორც წესი, დაავადებას ყურადღებას არავინ აქცევს. ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გადაცემითი. ეს უკანასკნელი მაშინ ვითარდება, როდესაც ძვლის სტრუქტურა ან მალათაშუა დისკი ნერვს აწვება. ასიდან 99 შემთხვევაში ოსტეოქონდროზი სწორედ ტკივილით ვლინდება. შესაძლებელია ასევე პარესთეზიული მოვლენების (დაბუჟება, წვა და ა.შ.) არსებობა. კლინიკური ნიშნები დაზიანების ანატომიაზეა (დაზიანების დონე, ზეწოლის მიმართულება და სხვა) დამოკიდებული.
    უმეტესად (ასიდან 60-70 შემთხვევაში) წელის მალების პრობლემა გვხვდება, რაც ჩვენი მჯდომარე ცხოვრების ბრალია. მას მოსდევს გულმკერდისა და კისრის მალების დაზიანება. გამოთვლილია, რომ ძალა, რომლითაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის წელის მალები აწვება მალათაშუა დისკებს, ორმაგდება დგომისა და სიარულის დროს და ოთხმაგდება ჯდომის დროს. ამის მიზეზი გახლავთ ჯდომისას კუდუსუნის დაყრდნობა საჯდომ ზედაპირზე და კუნთების მოდუნება.
     რაც შეეხება დიაგნოზის დასმას, მთავარია, პაციენტი ვიწრო სპეციალისტთან – ნევროპათოლოგთან მოხვდეს, რომელიც გასინჯვით დაახლოებით დაადგენს დაზიანების ადგილს, პრობლემის ხასიათს და მდგომარეობის სირთულეს. ხერხემლის ამა თუ  მონაკვეთის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს არა ოსტეოქონდროზით, არამედ სიმსივნით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, პარაზიტული დაავადებით, ანევრიზმით, მიოზიტით (კუნთის ანთებით), ანემიით ან შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებებით. მაგალითად, ბეჭის ქვედა არეში ტკივილს ზოგჯერ თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუ ჭის წყლულოვანი დაავადება განაპირობებს, წელის ტკივილს – თირკმლის დაწევა (ნეფროპტოზი). ასეთ ავადმყოფებს ხშირად აბსოლუტურად ნორმალური შარდის ანალიზი აქვთ, ულტრასონოგრაფიული კვლევითაც ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როგორც კი ფეხზე მდგომი პაციენტის კვლევას განაგრძობენ, გამოჩნდება თირკმლის როტაცია (შემოტრიალება) ან პტოზი (დაწევა).
    ნევროპათოლოგმა უნდა განსაზღვროს, ტკივილის მიზეზი ნერვულია თუ არა, დაადგინოს, რომელი სტრუქტურაა ჩართული პროცესში: ზურგის ტვინი, თავის ტვინი თუ პერიფერიული ნერვული სისტემა; შესაძლოა, მხოლოდ კუნთი ან მყესი იყოს დაზიანებული ანდა ტკივილი შინაგანი ორგანოს დაავადებით იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ყველა ავადმყოფს ვუნიშნავ რენტგენოლოგიურ კვლევას და სისხლის საერთო ანალიზს. ამასთანავე, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვიყენებ სპეციალური გაიდ-პროგრამის სქემას, რომელშიც მითითებულია, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ნეიროვიზუალიზაცია, რენტგენოგრაფიაა საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფია თუ მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია.
    რაკი ოსტეოქონდროზის მთავარი მიზეზი ჰიპოდინამია და ზედმეტი წონაა, პროფილაქტიკაც, უწინარესად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას ანუ ფიზიკური დატვირთვისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამასთანავე, სასურველია, კვების რაციონში შედიოდეს კალციუმი (რძის ნაწარმი), ფოსფორი (თევზეული). ძვლის სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს გაზიანი სასმელები (სხვათა შორის, აშშ-ის სკოლების უმეტესობაში მათი გაყიდვა აიკრძალა). სპორტის სახეობებიდან იდეალურია ცურვა – ცურვისას კუნთები ძლიერდება, ხოლო მალებზე ზეწოლა არ ხდება.
    ჩვენში ძალიან არის გავრცელებული ბრტყელტერფიანობა, რომელიც არასწორ ცენტრაციას და ხერხემალზე არათანაბარ ზეწოლას განაპირობებს. ამ დაავადების მქონე ადამიანმა სუპინატორიანი ფეხსაცმელი უნდა ატაროს. თუ ბრტყელტერფიანობა ძლიერია, სუპინატორი ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს.
    დიდი მნიშვნელობა აქვს საწოლს. იგი არ უნდა იყოს არც მეტისმეტად მაგარი და არც მეტისმეტად რბილი. იდეალური ვარიანტია ორთოპედიული მატრასი, რომელიც წოლისას  ხერხემალს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უნარჩუნებს.
    დაიხსომეთ: როდესაც საქმე გვაქვს მსუბუქ ოსტეოქონდროზთან გამწვავების გარეშე, ცურვა და სიარული მოძრაობის იდეალური ვარიანტია. კუნთები რომ ტონუსში იყოს, დღეში საშუალოდ 7 კილომეტრი უნდა გავიაროთ, ძუნძულის უფლება კი პაციენტს ექიმმა უნდა მისცეს. რაც შეეხება ვარჯიშს, აქ ინსტრუქტორის მეთვალყურეობაა საჭირო, რადგან ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულება საშიშია.
   რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია მედიკამენტური თერაპია, ხრტილის გასაძლიერებლად – ქონდროპროტექტორები, დაჭიმული კუნთის მოსადუნებლად – მიორელაქსანტები, დაზიანებული ნერვისა და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად – B ჯგუფის ვიტამინები, ანთების ჩასაცხრობად – ანტიანთებითი საშუალებები და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ბევრი თვითნებურად ხმარობს ჰორმონულ პრეპარატებს, რაც ოსტეოქონდროზის საწყის ეტაპზე არ არის სასურველი. ისინი მაშინ გამოიყენება, როდესაც სხვა წამლები უეფექტოა. ამასთანავე, ჰორმონის მიღებას თავისი წესი აქვს: უნდა განისაზღვროს, როგორია დასაშვები დოზა, რა სახით მიეწოდოს ავადმყოფს… ამ ტიპის პრეპარატების არასწორი ხმარება იწვევს ოსტეოპოროზს (ძვლიდან კალციუმის გამოდევნის გამო), ენდოკრინულ პრობლემებს.
   ოსტეოქონდროზის იოლი ფორმის დროს მედიკამენტური თერაპია და  დატვირთვის შეზღუდვა ან წოლითი რეჟიმი სავსებით საკმარისია. მწვავედ გამოხატული რადიკულოპათიის, ნერვის ანთების, კუნთის ტონუსის კლებისას და ა.შ. ვამატებთ ფიზიოპროცედურებს, ბალნეოთერაპიას, წყალქვეშა (ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ) გაჭიმვას, მშრალ გაჭიმვას, წერტილოვან მასაჟს, მანუალურ თერაპიას, სამკურნალო მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას, მაგრამ ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
   მსუბუქი ოსტეოქონდროზი დაწოლას, დასვენებას და უმოძრაობას ითხოვს, მაგრამ რაკი სამსახურიდან ხშირად გათავისუფლება შეუძლებელია, უნდა მივმართოთ იმობილიზაციას, დაზიანებული ადგილის სპეციალური ქამრით ფიქსაციას. ეფექტიანად ვიყენებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწარმს , “ტონუს ელასტის” საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელიც მრავალფეროვნებით და ზომიერი ფასებით გამოირჩევა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად