ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>მოვლა და ფიზიკური განვითარება >>ჟურნალი N39
კოსმეტიკა პატარებისთვის

      ამ წერილისთვის თვალის გადავლებას სწორედ იმ დედიკოებს ვურჩევთ, პატარასთვის პირველი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა რომ განუზრახავთ.
რა საჭიროა?
     ახალშობილის თოთო კანს განსაკუთრებული ყურადღება რომ სჭირდება, სიახლე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, ბავშვს გაუთავებლად ვუსვათ კოსმეტიკური ზეთი და ფუმფულა დუნდულებზე პამპერსის ყოველი შეხსნისას პუდრი შევაფრქვიოთ.
     დროულად (ანუ 9 თვის შემდეგ) დაბადებული ახალშობილის კანი თავის ფუნქციას ისევე ასრულებს, როგორც ზრდასრული ადამიანისა: ორგანიზმისთვის დამცავი ბარიერია, მონაწილეობს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში, წინააღმდეგობას უწევს მავნე მიკრობების გამრავლებას და ა.შ. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო უკეთესად ასრულებს კანი თავის ფუნქციას.
     ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ახალშობილის კანს აქვს ზოგიერთი თავისებურება, რომელთა გათვალისწინებაც მზრუნველ დედიკოსა და მამიკოს ნამდვილად არ აწყენთ:
. ახალშობილის კანი მეტად თხელია და სათუთი, ამიტომაც იოლად ღიზიანდება.
. თოთო კანი წყლით არის გაჟღენთილი და ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ამიტომ კანზე წასმული ნებისმიერი ნივთიერება კანში (შესაბამისად – ორგანიზმშიც) იოლად აღწევს.
. სისხლძარღვების ფუნქციური მოუმწიფებლობის გამო ახალშობილთა თერმორეგულაცია ჩამოუყალიბებელია. ამის გამო ორგანიზმი კანიდან სითბოს სწრაფად გასცემს, ანუ ბავშვი იოლად ცივდება.
     თუ მშობლებს ეს ნიუანსები ეცოდინებათ, არ გაუჭირდებათ, სათანადოდ მოუარონ ყველაზე სათუთ და საყვარელ კანს დედამიწის ზურგზე. მთავარი პრინციპი ზომიერებაა: თუ ბავშვს ჯანმრთელი (გამონაყარისა და გამოყელვისგან სუფთა) კანი აქვს, ეცადეთ, კოსმეტიკური საშუალებები მოკრძალებული ოდენობით გამოიყენოთ, ― ხოლო მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც შამპუნისა თუ კრემის შეძენისას უნდა იხელმძღვანელოთ, ხარისხია.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
       თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები შემადგენლობით თუ არომატით ერთიმეორეზე უკეთესია, ამიტომ არჩევანის გაკეთება მართლაც არ არის ადვილი. ბევრი ალალბედზე იძენს რომელიმე შამპუნს იმ იმედით, რომ თუ არ გამოადგა, მეორით შეცვლის. იგივე შეიძლება ითქვას კრემებზე, ლოსიონებზე, კოსმეტიკურ ზეთებზე, ტანის დასაბან გელებზე…
      დროისა და, რაც მთავარია, თანხის დაზოგვის მიზნით გირჩევთ, ზუსტად განსაზღვროთ, რა სჭირდება პატარას.
მოდი, არჩევანი ერთად გავაკეთოთ.
. დასაბანად გამოგადგებათ საბავშვო საპონი (თხევადიც და მყარიც), ქაფი, გელი და შამპუნი. შეგხვდებათ ე.წ. ეკონომიური ვარიანტებიც – ორი ერთში, რომელიც როგორც თავის, ისე ტანის დასაბანად არის განკუთვნილი. არჩევანი თქვენზეა. ერთი რამ კი უთუოდ გაითვალისწინეთ: დასაბან საშუალებას ნეიტრალური pH უნდა ჰქონდეს და მცენარეულ ზეთს შეიცავდეს.
     შეგიძლიათ, ჩვილს კანი დროდადრო კი არ დაბანოთ, უბრალოდ, გაუწმინდოთ. ამისთვის გამოგადგებათ საგანგებოდ ჩვილის კანისთვის განკუთვნილი გამწმენდი რძე, ლოსიონი ან ზეთი. თუ უფრო მოხერხებულად მიიჩნევთ, შეგიძლიათ, გამწმენდი ხელსახოცებით ისარგებლოთ.
საფენის ქვეშ მოქცეული კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან ძნელად სუნთქავს (ჰაერგამტარ საფენში – უკეთესად, თუმცა არა სრულყოფილად), თანაც ხშირად სველდება.
     გირჩევთ, ჩვილს დუნდულებზე ყოველდღე წაუსვათ საბავშვო კოსმეტიკური ზეთი ან დამცავი კრემი. თუ პატარა ტაკუცებზე კანი მაინც გაღიზიანდა, ალერგიული გამონაყარით დაიფარა და გამოიყელა, შეიძინეთ საბავშვო კრემი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის დამაამებელი ეფექტი აქვს. ამგვარი მოქმედებით გამოირჩევა კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც თუთია და პანთენოლი შედის.
თუ პატარას მასაჟით ანებივრებთ, კანზე წასასმელად უთუოდ შეიძინეთ სპეციალური ბალზამი ან ზეთი. სხვაგვარად თოთო კანი ხახუნისგან გაღიზიანდება.
ახალშობილს კანი ალაგ-ალაგ გამომშრალი აქვს? დაუყოვნებლივ წაუსვით დამატენიანებელი რძე ან ლოსიონი, ხოლო მეტისმეტი ოფლიანობის შემთხვევაში (უპირატესად – ნაკეცებში) ტალკი შეაფრქვიეთ.
      განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კანის შიშველ უბნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა სასეირნოდ მიგყავთ. თუ გარეთ სუსხია, გირჩევთ, სპეციალური დამცავი კრემი შეიძინოთ და ბავშვს სახეზე ნაზად გადაუსვათ. თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, საბავშვო კოსმეტიკური ზეთი გამოიყენოთ.
     არანაკლებ მნიშვნელოვანია თოთო კანის მოვლა მაშინ, როდესაც მზე მეტისმეტად აცხუნებს. ამ დროს ბავშვისთვის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური საშუალების შეძენა მოგიწევთ. წაუსვით, თუნდაც ჩრდილში აპირებდეთ სეირნობას, მზის პირდაპირ სხივებს კი მოარიდეთ – მზისგან დამცავი საშუალება, SPF-ის რა მაღალი შემცველობაც არ უნდა ჰქონდეს, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ბავშვის კანი მაქსიმალურად იქნება დაცული მწველი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან.
უსაფრთხოა?
     შევთანხმდით: კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – მაშინ, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება. ასე რომ, ვიდრე სასურველ კრემს თუ ლოსიონს შეიძენდეთ, ურიგო არ იქნება, მისი შემადგენლობით დაინტერესდეთ.
ეტიკეტზე ყველაზე ხშირად შემდეგ სიტყვებს შეხვდებით:
   პანთენოლი – იგივე B5 ვიტამინია. მას დამაამებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, აფერხებს კანის გამოშრობას.
ტოკოფეროლი – ესეც ვიტამინია, მხოლოდ E. იგი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. მას ხშირად უმატებენ კოსმეტიკურ საშუალებებს, როგორც კონსერვანტს.
   ალანტოინი – ნივთიერება, რომელსაც გაღივებული ხორბლისგან იღებენ, დამარბილებელ და დამატენიანებელ ეფექტს ფლობს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და კანის უჯრედების განახლებას.
   ლანოლინი – ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შემადგენლობით ადამიანის კანის ცხიმოვან ნივთიერებას უახლოვდება. მას დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება აქვს.
    თუთია – მას უპირატესად გაღიზიანებული, ანთებადი კანისთვის (უპირატესად გამოყელვისას) განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს, რადგან თუთიის სამკურნალო ნაერთი (ოქსიდი) მიკრობსაწინააღმდეგო ეფექტს ფლობს.
    მცენარეული ექსტრაქტი და ზეთი – ისინი საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების აუცილებელი კომპონენტებია. უმეტესად გვირილის, კალენდულას, ალოეს ექსტრაქტს, კალენდულას, ჟოჟობას, ატმისა და ყურძნის ზეთებს შეხვდებით. ისინი კანს იცავს, კვებავს და აშუშებს.
    მეორე (ხშირად – პირველი და უმთავრესი) საკითხი, რომელიც მშობლებს აღელვებთ, კონსერვანტებისა და საღებავი ნივთიერებების შემცველობაა. ისინი უპირატესად ხელოვნური გზით გახლავთ სინთეზირებული (ამიტომაც მოიხსენიებენ სინთეზურ ნივთიერებებად) და შესაძლოა, კანი გააღიზიანოს. საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები სინთეზურ კომპონენტებს მინიმალური ოდენობით  შეიცავს. რაც შეეხება კონსერვანტებს, ისინი კრემებსა და საცხებში ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და  მათი შენახვის ვადას ახანგრძლივებს, ამიტომ, კოსმეტოლოგების აზრით, მათი შემცველობა აუცილებელიც კია. საბავშვო კოსმეტიკა მეტად დამზოგველი მოქმედების კონსერვანტებს შეიცავს და, შესაბამისად, არც პაწაწინას კანს ემტერება. ესენია: მეთილპარაბენი, ბუთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.
     სხვა სინთეზური კომპონენტები, რომლებმაც შესაძლოა მშობლების ყურადღება მიიქციოს, ზეთებია, მათ შორის – ვაზელინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერების ფუძეს წარმოადგენს. იმ კონცენტრაციით, რომლითაც მათ საბავშვო კოსმეტიკა შეიცავს, ეს ნივთიერებანი სრულიად უვნებელია.
საბავშვო შამპუნებსა და ქაფებში ყოველთვის არის ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებანი (რუსულ პროდუქციაში მათ ПАВ წარწერით ამოიცნობთ): ბეტაინი, გლუკოზიდები. რაც შეეხება ლაურილსულფატს, მისი მაღალი კონცენტრაცია კანს ძლიერ აღიზიანებს.
კოსმეტიკური ხრიკები
     თუ კოსმეტიკური საშუალებები უკვე მოაგროვეთ, შეგვიძლია, მათი გამოყენების თავისებურებებზე გადავიდეთ.
. ჩვილისთვის ის კოსმეტიკური საშუალება სჯობს, რომლის შეფუთვაზე ან ანოტაციაში გარკვევით იქნება მითითებული: “ახალშობილისთვის”, “სიცოცხლის პირველივე დღეებიდან” ან “0 ასაკიდან”. სხვა შემთხვევაში კოსმეტიკა პატარას მხოლოდ 2 წლის ასაკიდან გამოადგება.
. საჭირო არ არის, ბავშვი საპნით ყოველდღე ბანოთ. ყოველდღიური ჭყუმპალაობისთვის გვირილას ან ორკბილას ნაყენიც გამოგადგებათ, საპნით კი, უმჯობესია, პატარა კვირაში 1-2-ჯერ დაბანოთ.
. თუ ჩვილს საფენისმიერი გამოყელვა (გამოწვა) განუვითარდა, დამატენიანებელი კრემები და ლოსიონები სრულიად უსარგებლოა, ზოგ შემთხვევაში – მავნებელიც კი.
. ტალკისა და კრემის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება, საფენის ქვეშ ტალკისა და პუდრის ხშირი წასმა კი რეკომენდებული არ არის.
. კოსმეტიკური ზეთით ჩვილის მთელი სხეულის დაფარვა არამც და არამც არ შეიძლება. ასე ითრგუნება კანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია – სუნთქვა.
. ზამთარში სეირნობისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები ბავშვს კანის ღია უბნებზე შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე წაუსვით. გადაუსვით თხელ ფენად, დაელოდეთ, ვიდრე კანი საჭირო ოდენობის მასას შეიწოვს, ნარჩენი კი ხელსახოცით ფრთხილად მოაცილეთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად