ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>უროლოგია, ანდროლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N39
ვემზადებით მამობისთვის

 უცნაური სათაურია? ეს იმიტომ, რომ დროა, სამართლიანობა აღდგეს – მომავალი დედებისთვის თუ ზღვა ლიტერატურა არსებობს, მამებმა რა დააშავეს?! მართალია, მათი ბიოლოგიური როლი ხანმოკლე სასიამოვნო ეპიზოდით ამოიწურება, მაგრამ მრავალმილიონიანმა გვარდიამ თავი რომ არ შეირცხვინოს, ყველაზე ყოჩაღმა კვერცხუჯრედამდე მიაღწიოს და, რაც მთავარია, მასთან სწორი და დაუმახინჯებელი გენეტიკური ინფორმაცია მიიტანოს, მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ამიტომ, ბატონებო, მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა ახდენს გავლენას ესოდენ ძვირფასი ბიოლოგიური სითხის ჩამოყალიბებაზე, თქვენი გვარის გაგრძელება რომ დააკისრა ბუნებამ, შემდეგ კი ვიზრუნოთ, რომ ისიც თქვენსავით საუკეთესო ფორმაში იყოს.
   
ყველაზე კარგ დროსაც კი განაყოფიერებისთვის სპერმატოზოიდების მხოლოდ 50-70% თუ გამოდგება. მიზანსწრაფული კუდიანი სხეულაკები მეტად მგრძნობიარენი არიან – მათზე ათასი რამ ახდენს გავლენას. კიდევ ერთი: სპერმატოზოიდის მომწიფებას დაახლოებით 75 დღე სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მამრობით სასქესო უჯრედზე ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ჩადენილი ყოველი ცუღლუტობა აისახება. თუმცა დედასთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია: ჯერ ერთი, ქალებს დაბადებიდანვე აქვთ ყველა კვერცხუჯრედის ჩანასახი, მეორეც, ბავშვი მათ წიაღში ვითარდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში დედაზეა დამოკიდებული – ჰაერზე, რომლითაც ის სუნთქავს, საკვებზე, რომელსაც მიირთმევს, მის განწყობაზე... ასე რომ, მეუღლეს მზრუნველობა არ მოაკლოთ და არც საკუთარი თავი დაგავიწყდეთ.
ვალაგებთ აფთიაქს
    თუ მემკვიდრეზე ფიქრობთ, რაც უფრო ნაკლები წამალი მოხვდება თქვენს სისხლში, მით უკეთესი. ზოგიერთი მედიკამენტი სპერმაშიც ამოყოფს ხოლმე თავს და თვისებებს უცვლის. 
     ისეც არ გაიგოთ, თითქოს უფლება გაქვთ, ექიმის დანიშნულ ყველა მედიკამენტს სანაგვე ყუთში გადაუძახოთ. წამალი თქვენს ორგანიზმს ძნელად თუ მიაყენებს ისეთ დარტყმას, როგორსაც უკონტროლოდ მიშვებული ქრონიკული პათოლოგია. თანაც სქესობრივ ცხოვრებასა თუ სპერმის ხარისხზე წამლის გავლენა დროებითია და როცა მის მიღებას შეწყვეტთ, თავისთავად გამოსწორდება. ამ პლიუს-მინუსებს სამედიცინო ფაკულტეტებზე მრავალი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი პრაქტიკული მუშაობით აზუსტებენ. ასე რომ, ნუ მოინდომებთ, ყველაფერი ერთი სტატიით შეისწავლოთ. სამაგიეროდ, ექიმი ვალდებულია, ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ გაგაფრთხილოთ და ყველა შესაძლო ვარიანტი განგიმარტოთ. ისიც დააზუსტეთ, ხომ არ აჯობებს, ინტენსიური მკურნალობისას თქვენი ამქვეყნიური ვალის მოხდა მცირე ხნით გადადოთ (თავშეკავების ხანგრძლივობა დანიშნულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული). არც ის არის გამორიცხული, ექიმმა ამ საქმისთვის უფრო უვნებელი პრეპარატი დაგინიშნოთ.
გადავხედოთ გარემოს
     იყო დრო, როდესაც მავნე პირობებში მუშაობისთვის ხალხს რძეს უფასოდ ურიგებდნენ. ახლა საკუთარ თავზე თვითონვე უნდა ვიზრუნოთ. ასე რომ, მიმოიხედეთ. თუ ხშირად და ხანგრძლივად გიხდებათ პესტიციდების, სასუქების, რკინის, ნიკელის, ვერცხლისწყლის, ეთილენგლიკოლის ეთერების, ნავთობპროდუქტების შეხება და ჩასუნთქვა, შესაძლოა, სპერმა რაოდენობრივადაც შემცირდეს და ხარისხიც გაუფუჭდეს.
ვივიწყებთ მავნე ჩვევებს
     ქიმიკატებზე საუბრისას ნურც ის შხამი დაგავიწყდებათ, საკუთარი ნებით გულმოდგინედ რომ იწამლავთ თავს. მწეველების სპერმაში არაჯანსაღი და უსიცოცხლო კუდიანი (ცხადია, ავ სულებს არ ვგულისხმობთ) უფრო მეტია. თამბაქო სპერმატოზოიდის დნმ-საც აზიანებს,  რამაც, მეცნიერთა აზრით, შესაძლოა ნაყოფის ზრდაზე მოახდინოს გავლენა. მეტიც: მწეველთა შვილებს ზოგიერთი დაავადების, მათ შორის – კიბოს განვითარების საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ. არსებობს მონაცემები, რომ უიშვიათესი გულის მანკიც შესაძლოა თამბაქოსთან იყოს დაკავშირებული. თითქოს ეს არ კმაროდეს, მოწევა ერექციულ დისფუნქციას აძლიერებს. განსაკუთრებით საშიში თამბაქოსა და ალოკოჰოლის კომბინაციაა. მამაკაცებს, რომლებიც ერთსაც ეტანებიან და მეორესაც, ყველაზე ნაკლები და ყველაზე სუსტი (მოძრაობის უნარდაქვეითებული) სპერმატოზოიდები აქვთ.
    რაც შეეხება ალკოჰოლს: თუ ზომიერების ფარგლებს არ გადახვალთ ანუ დღეში ერთ-ორ ჭიქაზე მეტს არ დალევთ, არაფერი გემუქრებათ. ბევრი სპირტიანი სასმელი თუთიის დონეს ამცირებს, სპერმის ხარისხსა და ოდენობას აუარესებს. გაინტერესებთ, რა კავშირია მათ შორის? – ჰიპოსპერმიის მქონე ზოგიერთ მამაკაცს მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ თუთიის დეფიციტიც აღმოუჩინეს.

ვკითხულობთ, რას ვჭამთ
     სპერმის წარმოქმნასა და ხარისხს სასქესო ჰორმონები აკონტროლებენ, მათ კი უცნაური თვისება აქვთ: ნორმალური ოდენობით რომ წარმოიქმნან, სხეულის წონაც ნორმის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. ზომაზე მეტი ან ზომაზე ნაკლები და ან ტესტოსტერონის ოდენობა დაიკლებს, ან ესტროგენისა მოიმატებს, რაც სპერმის ოდენობისა და ხარისხის დაქვეითებას გამოიწვევს. ასე რომ, მრავალჯერ თქმულის გამეორება გვიწევს: დაიცავით დიეტა, ივარჯიშეთ. ოღონდ ზომიერებამ არ გიღალატოთ; თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა და სტრესი (საბედნიეროდ, დროებით) ცვლის ჰორმონის დონეს და აუარესებს სპერმის ხარისხს.
    საჭმლის მხოლოდ ოდენობას კი არა, შემადგენლობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ, მრავალფეროვანი, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული რაციონი გქონდეთ. თუთიით (ზემოთ რომ ვახსენეთ) მდიდარია ხორცი, გაუწმენდავი მარცვლეული, ზღვის პროდუქტები და კვერცხი. ასევე სასარგებლოა სელენი, რომელსაც თხილი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, სოკო და ბურღულეული შეიცავს. ცნობილი ანტიოქსიდანტები E და C ვიტამინები კი სპერმას დაზიანებისგან იცავს. ამ საუნჯის დაგროვება ნაბიჯ-ნაბიჯ, უფრო სწორად, ლუკმა-ლუკმაც შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი ექიმი თავის დაზღვევას და მულტივიტამინის მიღებას გირჩევთ.
ვინახავთ გრილად
    ეს წესი მხოლოდ წამლებს როდი ეხება. ამჯერად მამაკაცთა აქილევსის ქუსლს – მათ სათესლე ჯირკვლებს ვგულისხმობთ. სპერმატოზოიდების წარმოქმნისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 30-31°C-ია. ამიტომაც დააცილა ბუნებამ ისინი სხეულს. სათესლეების გადახურება (სინთეტიკურ საცვლებში, აბაზანაში, საუნაში) სპერმის ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. ვიწრო შარვალი და მოტმასნილი თეთრეული სათესლე პარკს ტანს აკრავს და, შესაბამისად, არც სპერმატოზოიდებს აყრის ხეირს. უბრალოდ ჯდომაც კი არ არის მათთვის სასარგებლო, მუხლებზე დადებული ნოუთბუქით მუშაობა კი სათესლე პარკში ტემპერატურას თითქმის 3°C-ით ზრდის.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად