ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სგგდ >>ჟურნალი "ავერსი" N39
B და C ჰეპატიტები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ბ ჰეპატიტის ვირუსით – 2 მილიარდზე მეტი, ხოლო C ჰეპატიტის ვირუსით – 170 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. პირველი რიცხვი მეორეს თითქმის ათჯერ აღემატება, თუმცა C ვირუსი გაცილებით ვერაგია: ჩუმად და ალერსიანად იპარება ორგანიზმში, – ხუთიდან ოთხ შემთხვევაში მასპინძელი ამას ვერ იგებს, – მყარად მოიკიდებს ფეხს ღვიძლის უჯრედებში და წასვლაზე აღარც კი ფიქრობს. შეადარეთ აგრესიულ  და მყვირალა B ჰეპატიტის ვირუსს: ეს ვაჟბატონი უცებ დაგიკარგავთ ხალისს და სტაფილოსავით გაგაყვითლებთ. სამაგიეროდ, თუ ზრდასრული და ჯანმრთელი ბრძანდებით, ასიდან 85-90 შემთხვევაში ეს შეხვედრა განკურნებით დასრულდება. სამწუხაროდ, დანარჩენი მეათედი არც ისე ცოტაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ – დედამიწაზე 350 მილიონი ადამიანი ქრონიკული B ჰეპატიტით არის ავად.
   ვირუსული ჰეპატიტი ქრონიკულად ითვლება, თუ  ორგანიზმის იმუნურმა ძალებმა დასნებოვნებიდან 6 თვის შემდეგაც ვერ შეძლეს ვირუსის განადგურება და გაძევება. ამ დროს თვითგანკურნების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, ანთებითი პროცესი სულ უფრო და უფრო მეტ უჯრედს სპობს და ნაწიბუროვანი ქსოვილით ანაცვლებს, ნაწიბურს კი ღვიძლის ფუნქციების შესრულებას ვერაფრით მოვთხოვთ, ასე რომ, უმნიშვნელოვანესი ორგანოს გარეშე ვრჩებით. თითქოს ციროზი არ კმაროდა – აღმოჩნდა, რომ ვირუსს შეუძლია, ღვიძლის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარება გამოიწვიოს და კიბომ უფრო ადრე მოგვიღოს ბოლო. ფაქტობრივად, ასეთია ქრონიკული ჰეპატიტის საბოლოო შედეგი, თუ, რა თქმა უნდა დრო ეყო. ამ პროცესს საშუალოდ 10-დან 50 წლამდე სჭირდება, თუმცა პერსპექტივა, იქნებ მანამდე მანქანა დამეჯახოსო, დამეთანხმებით, ვერაფერი შეღავათია.
  B და C ჰეპატიტების წყარო დაავადებული ადამიანია. ორივე ვირუსის საყვარელი გარემო ბიოლოგიური სითხეებია: სისხლი, ლიმფა, სპერმა, საშოს სეკრეტი, ნერწყვიც კი, – თუმცა ამ უკანასკნელში კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ ინფიცირებისთვის, როგორც წესი, არ კმარა.
  ვირუსი ყველაზე ადვილად სისხლის მეშვეობით გადაედება, უმთავრესად – ზიარი შპრიცის გამოყენებისას. ამიტომაც ავადდებიან ნარკომანები ასე ხშირად. საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, ნარკოტიკებზე უარის თქმაა, მათ კი, ვინც ვერა და ვერ ელევა ამ დამღუპველ ჩვევას, შევახსენებთ, რომ ერთჯერადი შპრიცი საფრთხეს შეამცირებს, თუ, სახელის შესაბამისად, მხოლოდ ერთხელ გამოიყენებთ.
   ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტა შესაძლოა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მიზეზად იქცეს. ცუდად ან არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო თუ კოსმეტიკური იარაღები გადაცემის კიდევ ერთი შესაძლო გზაა. მით უმეტეს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი, ვგონებ, ყველაზე გამძლეა ბუნებაში: დუღილს რამდენიმე საათი უძლებს, 180°C-ზე კი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ კარგავს აქტივობას. C ასეთი გამძლეობით არ გამოირჩევა, თუმცა თუ სიფრთხილეს მოადუნებთ, არც ის მოგერიდებათ.
   სიფრთხილე ოჯახშიც საჭიროა. ჰეპატიტით დაავადებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მაკრატელი. ინფიცირებულ ქალებს სიფრთხილე მართებთ მენსტრუაციული ციკლის დღეებში ჰიგიენური საფენებისა თუ ტამპონების გადაყრისას.  უბრალო განაკაწრიც კი ოჯახის ყველა წევრმა ბაქტერიოციდული ნივთიერებით უნდა დაიმუშაოს და პლასტირი დაიკრას.
   ვირუსის გადაცემის სქესობრივი გზაც B ჰეპატიტის დროს უფრო სახიფათოა, თანაც ქალები უფრო ადვილად ავადდებიან. C ჰეპატიტის დროს რისკი სულ 3-5%-ს თუ შეადგენს. მეუღლისგან ინფიცირების რისკი თანაცხოვრების ყოველ წელს იზრდება, თუმცა ყოველთვის იბადება კითხვა, სქესობრივი გზით მოხდა ეს თუ ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი წესების დარღვევის გამო.
   ვირუსის გადაცემის გზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
  
სენის საბოლოო დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ასკლეპიოსის მსახურებმა ორივე ვირუსთან მიმართებით უკვე დიდ გამარჯვებას მიაღწიეს.
   B ჰეპატიტს, შეგვიძლია, ისევე ავუკრძალოთ ჩვენს სიახლოვეს გამოჩენა, როგორც თავის დროზე ყვავილის გამომწვევს გავუმკლავდით: არსებობს ეფექტური ვაქცინა, ასე რომ, მედიცინის მუშაკებს და ინფიცირებულის ოჯახის წევრებს თავის დაცვა მარტივად შეუძლიათ. მეტიც: თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველი 12 საათის განმავლობაში აცრეს, დედა ინფიცირებულიც რომ იყოს, ვირუსისგან მაინც დაიცავს. ამიტომ იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ყველა ახალდაბადებულს სამშობიაროშივე ცრიან.
   C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ცდებს ნაყოფი ჯერჯერობით არ გამოუღია. სამაგიეროდ, მიაგნეს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის გასაადვილებლად ორგანიზმი ინტერფერონს გამოიმუშავებს. ეს ცილა ორგანიზმს გარედანაც შეგვიძლია მივაწოდოთ, თუმცა იგი საკმაოდ სწრაფად იშლება, ასე რომ, ვირუსს საშუალება ეძლევა, დრო იხელთოს და გამრავლდეს. სწორედ ამიტომ გენური ინჟინერიით მიიღეს ინტერფერონის გამძლე ფორმა – ნემსის კვირაში ერთხელ გაკეთების შემთხვევაში სისხლში მისი სტაბილური კონცენტრაცია იქმნება. ამას ემატება მეორე წამალი, რომელიც ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის და ინტერფერონს მუშაობას უადვილებს. თუ მკურნალობა დიდხანს (ნახევარი ან ერთი წელი) გაგრძელდა, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. პროცენტებს მოგახსენებთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მნიშვნელობა გენეტიკასაც ჰქონია (ჩვენსას კი არა ვირუსისას): I გენოტიპის შემთხვევაში განკურნების ალბათობა 60%-ს უდრის, მეორე ან მესამე გენოტიპის შემთხვევაში კი 80%-ზე მეტს. ვიმეორებთ: განკურნებას, ვირუსის ორგანიზმიდან სრულ გაძევებას ვგულისხმობთ და არა გამრავლების შეწყვეტას ანდა არააქტიურ ფორმაში გადასვლას. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე თამამად აცხადებს, რომ C ჰეპატიტი იკურნება. თუმცა გააჩნია სტადიას: რაც უფრო ცოტა ხანია, ვირუსის მასპინძელი ბრძანდებით, რაც უფრო ნაკლები ცვლილების გამოწვევა მოასწრო ღვიძლში მიკრობმა (წლებს ვგულისხმობთ და არა დღეებს ან თუნდაც კვირებს), მით უფრო მეტია განკურნების შანსი. როდესაც ადამიანი საწოლს არის მიჯაჭვული, მეგობრები თუ ნათესავები გაუჩენელს გააჩენენ ხოლმე, თუმცა, როგორც წესი, უკვე გვიანია. სამაგიეროდ, ბევრ ინფიცირებულს, ვიდრე თავს კარგად გრძნობს, ძვირადღირებული მკურნალობის დაწყება ვერ გადაუწყვეტია. გადაწყვეტილებას მის ნაცვლად, რა თქმა უნდა, ვერავინ მიიღებს, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია გირჩიოთ: XXI საუკუნეში ინფორმაციის მოპოვება სირთულეს აღარ წარმოადგენს; თვალი გაუსწორეთ პრობლემას, ნუ ენდობით ექიმბაშებსა და ექსტრასენსებს, რაც შეიძლება მეტი შეიტყვეთ და ეცადეთ, ვირუსისგან გათავისუფლდეთ. დღეს ეს უკვე შესაძლებელია.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად