ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სპორტი და ფიტნესი >>ჟურნალი "ავერსი" N38
რატომ გვეზარება ვარჯიში

 მხედველობაში ის ათასობით მიზეზი თუ საბუთი გვაქვს, ხელს რომ გიშლით, ექიმებს ან, უბრალოდ, საღ აზრს დაუჯეროთ და ფიზიკურ აქტივობას მეტი დრო მოახმაროთ. აღიარეთ: რა დროსა და ენერგიასაც საბაბთა მოგონებისა და განმტკიცებისთვის ხარჯავთ, ევერესტის თუ არა, ერთი-ორი სპორტული დარბაზის დალაშქვრას ნამდვილად ეყოფოდა.
აბა, სად მცალია!
    გაგიკვირდებათ და დროის დეფიციტი ხშირად მხოლოდ ილუზიაა. მსოფლიოში ყველაზე მოუცლელი ხალხი – პოლიტიკოსები, ბიზნესის გიგანტები, საქმიანი ქალბატონები, თავიანთი უაღრესად დატვირთული განრიგის მიუხედავად, სპორტისთვის კვირაში რამდენიმე საათის პოვნას მაინც ახერხებენ, თანაც – უფრო ადვილად ვიდრე უბრალო მოკვდავნი. წარმატების მისაღწევად მათ დროის სწორი დაგეგმვა და გადანაწილება ადრევე ისწავლეს და ეს უკვე ჩვევად აქვთ ქცეული.
ქანცის გასაწყვეტად სამსახურიც (საოჯახო საქმეებიც) მყოფნის
   დაძაბული დღის ბოლოს სრული გამოფიტვის შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია, ამ ფონზე კი მეგობრების მონათხრობი, რეგულარულად და, რაც მთავარია, სიამოვნებით რომ ვარჯიშობენ, მწარე დაცინვად გეჩვენებათ. სად ვიპოვოთ ძალა და ენერგია ჰანტელებით საბურთაოდ, როცა მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაც კი კატასტროფულად არ გვყოფნის?
    რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ჰანტელებით ბურთაობა აგავსებთ ახალი ძალით. ჯერ ერთი, ფიტნესი საქმიანობის შეცვლაა, რაც თავისთავად დასვენებას წარმოადგენს, მეორე – ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ქიმიური რეაქციების მთელ ჯაჭვს ააქტიურებს: ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სისხლში განსაზღვრული ჰორმონები გადმოიტყორცნება, რომლებიც ტონუსსაც სწევს და გუნება-განწყობასაც აუმჯობესებს.
ფიტნესისთვის იდეალურად ჯანმრთელი უნდა იყო
    ქალაქის მკვიდრთა უმეტესობას 30 წლისთვისაც კი ჯანმრთელობის უკვე საკმაოდ ბევრი პრობლემა გვიგროვდება. მრავალი მათგანი, თუნდაც ოსტეოქონდროზი, ისეა გავრცელებული, ლამის ნორმად ჩაითვალოს. მიზეზი დიდხანს ჯდომა და გაუნძრევლობაა.
    ფიტნესი ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ყველა საშუალო სტატისტიკური ქალაქელისთვის ხელმისაწვდომია.
    თუნდაც რამე სპეციფიკური პრობლემა გაწუხებდეთ, ვარჯიშზე უარის თქმა მაინც არ ეგების. მიმართეთ ექიმს, თუნდაც იმავე ფიტნესკლუბში – თქვენთვის ოპტიმალური დატვირთვისა და ფიტნესის სახეობის შერჩევაში სიამოვნებით დაგეხმარებიან.

ჩემს ასაკში რაღა დროს ვარჯიშის დაწყებაა?
     გაგიკვირდებათ და ასეთ აზრებს 25 წლისანიც ისევე ხშირად აფრქვევენ, როგორც 50 წლისანი. აბა, რა ვუპასუხოთ?! ალაბთ ის, რომ ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდებით ორგანიზმს საკუთარი რესურსების ეფექტურად გამოყენებას დაავიწყებენ და ისიც სანახევროდ დაიწყებს მუშაობას. სისხლის მიმოქცევის გაუარესება, ნივთიერებათა ცვლის შენელება – დაბერება სხვა რამ ხომ არ გგონიათ?! თუ თქვენს გეგმებში ახალგაზრდობის რაც შეიძლება მეტხანს შენარჩუნება შედის, მოგიწევთ, ხელი (სხვათა შორის, ფეხიც) გაანძრიოთ.
    ვარჯიშის დაწყება არასოდეს არის გვიან, შესაფერისი სახეობისა და დატვირთვის ინტენსივობის შერჩევა კი პროფესიონალების საქმეა. ბევრ ფიტნესკლუბს აქვს საგანგებო პროგრამა ხანდაზმულთათვის. ვარჯიშის დაწყებამდე ექიმის კონსულტაციაც ბევრგან წესად არის ქცეული, ოღონდ ეს ნამდვილად გულისხმიერი პროფესიონალის რჩევა უნდა იყოს და არა უბრალო ფორმალობა.
ამ კვირაში ერთი ვარჯიში უკვე გავაცდინე, ორშაბათიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ
   ასე მონდომებულად ვარჯიშობდით, ვახშამზეც გმირულად ამბობდით უარს და ეს ყველაფერი – ამაოდ. მექანიზმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დიეტის დროს: მთელი კვირა ცდილობთ, სწორად იკვებოთ, შემდეგ კი ხელი ნამცხვრისკენ წაგიცდებათ, ჩათვლით, რომ დიეტა წყალში ჩაიყარა და გოჭს თუ არა, ერთ ტორტს ზედ ნამდვილად დააყოლებთ.
    სინამდვილეში ერთი გაცდენილი ვარჯიში, ისევე, როგორც ნამცხვრის პატარა ნაჭერი, კატასტროფა არ გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი ადამიანი ხართ და იდეალურობამდე, ბუნებრივია, ბევრი გაკლიათ. თავს მკაცრად ნუ განსჯით. უბრალოდ, ადექით და ვარჯიშიც და დიეტაც მეორე დღესვე განაახლეთ.
    ნუ მისცემთ თავს პირობას, რომ ვარჯიშს მომავალ კვირას, თვეს თუ წელს შეუდგებით. ეს ფსიქოლოგიური მახეა. ორშაბათი შეუმჩნევლად გადავა სამშაბათში, ოთხშაბათში და არც მომდევნო კვირამდე დარჩება დიდი ხანი.  თუ რამის გაკეთება გსურთ, მოქმედება ახლავე, ზუსტად ამ წუთას დაიწყეთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად