ნუ გადადებთ პარაპროქტიტის მკურნალობას

დროული დიაგნოსტიკა ყოველგვარი დაავადების ეფექტური მკურნალობის საწინდარია, თუმცა არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთი მათგანია პროქტოლოგიური დაავადება – პარაპროქტიტი. პარაპროქტიტით დაავადებულები ხშირად უჩივიან რეციდივებსა და მოუგვარებელ პრობლემას. საინტერესოა, მართლა მოუგვარებელი პრობლემაა თუ არა პარაპროქტიტი და რატომ ახასიათებს მას ხშირი რეციდივი. პარაპროქტიტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე “ავერსის კლინიკის” პროქტოლოგი ნინო ტურიაშვილი გვესაუბრება:

– პარაპროქტიტი სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე, პარარექტული ქსოვილების ანთებაა. აღნიშნული დაავადება მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია, სწორი ნაწლავის დაავადებათა 30%-ს შეადგენს და მოსახლეობის დაახლოებით 0,5-1%-ში გვხვდება. ცნობილია, რომ პარაპროქტიტით მამაკაცები ქალებზე ორჯერ ხშირად ავადდებიან, დაავადებულთა ასაკი კი 20-დან 60 წლამდე მერყეობს.
პარაპროქტიტი გვხვდება როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმითაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი და იმავე დაავადების სხვადასხვა სტადია. დაავადება იწყება მწვავე პარაპროქტიტით, ვითარდება ჩირქოვანი ანთება, რომლის დრენირების შემთხვევაში წარმოიშობა სწორი ნაწლავის ფისტულა (ხვრელმილი). ამ შემთხვევაში საქმე უკვე ქრონიკულ პარაპროქტიტთან გვაქვს.
– რა იწვევს პარაპროქტიტს და მისი რა ფორმებია ცნობილი?
– განვასხვავებთ მწვავე პარაპროქტიტის ბანალურ, ანაერობულ, სპეციფიკურ და ტრავმულ ფორმებს. მწვავე პარაპროქტიტის გამომწვევი უმეტესად ნაწლავის ჩხირია სტაფილოკოკთან ან სტრეპტოკოკთან ერთად, უფრო იშვიათად – ენტეროკოკები და ანაერობული ბაქტერიები (როგორც კლოსტრიდიული, ასევე არაკლოსტრიდიული გამომწვევები). ანაერობების მონაწილეობით მიმდინარე პარაპროქტიტი მძიმე კლინიკური სურათით გამოირჩევა.
ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით ცალკე უნდა გამოვყოთ სპეციფიკური პარაპროქტიტი, რომელიც შედარებით იშვიათია. პარარექტალური ქსოვილების ანთება ასიდან მხოლოდ ორ შემთხვევაშია განპირობებული ათაშანგის, აქტინომიკოზის, ტუბერკულოზის გამომწვევებით.
ჩირქოვანი პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით პარაპროქტიტი კანქვეშა, ლორწქვეშა, იშიორექტული, პელვიორექტული ან რეტრორექტულია. კანქვეშა და ლორწქვეშა ფორმები შედარებით მსუბუქია, ვინაიდან პათოლოგიური პროცესი ზედაპირულად მდებარეობს, ხოლო იშიორექტული, პელვიორექტული და რეტრორექტული პარაპროქტიტის დროს ანთებადი კერა მენჯის ღრუში შედარებით ღრმადაა, ამიტომ პარაპროქტიტის ეს ფორმები უფრო მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა.
ქრონიკული პარაპროქტიტის (სწორი ნაწლავის ფისტულის) ფორმებია სრული და არასრული, რაც ხვრელმილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შიგნითა ხვრელის მდებარეობის მიხედვით განვასხვავებთ წინა, უკანა და გვერდით ფისტულებს, სფინქტერის ბოჭკოებისადმი სწორი ნაწილავის ფისტულის დამოკიდებულების მიხედვით კი ინტრასფინქტერულს (როცა ფისტულის არხი გაივლის სფინქტერის შიგნით), ტრანსსფინქტერულს (სფინქტერის მთელ სისქეში გამავალ) და ექსტრასფინქტერულს (როცა ფისტულის არხი სფინქტერს გარედან უვლის).
 დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ყაბზობა, ფაღარათი, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლის მოხმარება. განსაზღვრულ როლს ასრულებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმებიც. რექტუმის მთლიანობა შესაძლოა დაარღვიოს საკვების მოუნელებელმა ნაწილაკებმა (ძვალმა, ფხამ, კურკამ და სხვა), სამკურნალო მანიპულაციებმა, საყოფაცხოვრებო ტრავმამ, ქირურგიულმა ჩარევამ, სწორი ნაწლავის ანთებითმა და სიმსივნურმა დაავადებებმა, ანალურმა ნაპრალმა, ბუასილმა, კრიპტიტმა (სწორ ნაწლავში არსებული ანატომიური ჩაღრმავებების – მორგანის კრიპტების ანთებამ) და სხვა.
– როგორ ვითარდება პათოლოგიური პროცესი?
– ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ან რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორის არსებობისას ანალურ არხში, 2-3 სმ სიმაღლეზე არსებულ მორგანის კრიპტებში, ყალიბდება დეფექტი, საიდანაც სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე შრეებში ვრცელდება ინფექცია და მწვავე ჩირქოვან ანთებას იწვევს. გარდა მორგანის კრიპტებისა, სწორი ნაწლავიდან პარარექტული (სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე) ქსოვილებისკენ ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს სწორი ნაწლავის დაზიანებული კედლიდან, ასევე სისხლის ან ლიმფის მეშვეობით.
ამრიგად, პარაპროქტიტის დროს სწორ ნაწლავში ყოველთვის არის პათოლოგიური უბანი, ე.წ. ინფექციის ჭიშკარი – დეფექტი, საიდანაც პათოლოგიური პროცესი ანალური არხის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვრცელდება. ჩირქოვანი კერა სხვადასხვა ზომისა და მდებარეობისაა. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს კანქვეშა, ლორწქვეშა შრეებში, ასევე იშიორექტულ, პელვიორექტულ და რეტრორექტულ სივრცეებში.
– კლინიკურად როგორ ვლინდება პარაპროქტიტი, როდის უნდა ვიეჭვოთ მისი არსებობა?
– დაავადება იწყება სწორი ნაწლავისა და ანალური მიდამოს ტკივილით, რომლის ინტენსივობაც თანდათან იმატებს. აღინიშნება პერიანალური მიდამოს შესივება, ჰიპერემია, ტემპერატურის მატება, ჯდომისა და სიარულის გაძნელება, საერთო სისუსტე, რის გამოც პაციენტი იძულებულია დაავადების პირველსავე დღეებში მიმართოს ექიმს. შორს წასულ შემთხვევაში აღნიშნულ ჩივილებს ხშირად ერთვის დეფეკაციის გაძნელება, დიზურიული მოვლენები (შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა). ასე რომ, ანალურ არეში ტკივილის წარმოშობისას (რაც დაავადების პირველი სიმპტომია) პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს სპეციალისტთან.
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში აბსცესმა შესაძლოა განიცადოს თვითდრენირება – მისი შიგთავსი გარეთ გადმოედინოს. ამის შედეგად მდგომარეობა უმჯობესდება, ტკივილი ქრება, ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობას უვითარდება სწორი ნაწლავის ფისტულა ანუ ქრონიკული პარაპროქტიტი, რომლის მიზეზიც სწორედ ის მცირე დეფექტია, რომელიც ანალურ არხში თავდაპირველად წარმოიქმნა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ე.წ. შიგნითა ხვრელი, რომელიც  ინფექციის ჭიშკარს წარმოადგენს).
მწვავე პარაპროქტიტის სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციაზე, მის გავრცელებაზე, გამომწვევის სახეობაზე, ორგანიზმის რეაქტიულობაზე. შედარებით რთულად მიმდინარეობს პელვიორექტული პარაპროქტიტი, რომლის დროსაც ჩირქოვანი კერა მდებარეობს ღრმად, მენჯის ღრუში. დაავადების პირველ დღეებში ვითარდება ანთების საერთო სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, ტკივილი მენჯისა და მუცლის ქვედა ნაწილში, სახსრებში. პაციენტი მიმართავს ქირურგს, უროლოგს ან გინეკოლოგს. ხშირად პელვიორექტულ პარაპროქტიტს მკურნალობენ როგორც მწვავე რესპირატორულ დაავადებას. მოგვიანებით ტკივილის ინტენსივობა იმატებს მენჯისა და სწორი ნაწლავის არეში, გამოხატულია ყაბზობა, შარდის შეკავება, ზოგადი ინტოქსიკაცია.
– რით შეიძლება გართულდეს პარაპროქტიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ?
– პარარექტალური აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. სხვაგვარად პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა. საშიშროებას წარმოადგენს პროცესის გავრცელება ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, ინფექციის გენერალიზება, ანაერობული ინფექციის აღძვრა, სეფსისის, ენდოტოქსიკური შოკის განვითარება და ლეტალური გამოსავალიც კი. სწორედ ამ, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში, გართულებების თავიდან ასაცილებლად არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
– რა დიაგნოსტიკური საშუალებები არსებობს პარაპროქტიტის გამოსავლენად?
– მწვავე პარაპროქტიტის დიაგნოსტიკის მთავარი ამოცანა ჩირქგროვის ლოკალიზაციის დადგენაა. დიაგნოსტიკა ხდება პაციენტთან გასაუბრებით, ანამნეზის შეკრებით, ვიზუალური დათვალიერებით, პალპაციისა და ფიზიკალური კვლევის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ სწორი ნაწლავის ენდოსკოპიურ და ტრანსრექტალურ ულტრაბგერით კვლევას. ზოგჯერ ქირურგის, უროლოგის, გინეკოლოგის ან სეფსოლოგის კონსულტაციაც საჭიროა.
– როდის ვითარდება და როგორ ვლინდება ქრონიკული პარაპროქტიტი?
– ქრონიკული პარაპროქტიტი ვითარდება გადატანილი პარაპროქტიტის შედეგად, ჩირქგროვის სპონტანური ან ქირურგიული მეთოდით გახსნის შემდეგ. როცა არ ხდება შიგნითა ხვრელის ლიკვიდაცია, როგორც წესი, ვითარდება ქრონიკული პარაპროქტიტი ანუ სწორი ნაწლავის ფისტულა. ქრონიკული პარაპროქტიტი გვხვდება პროქტოლოგიურ დაავადებათა 30-40%-ში, ვლინდება სწორი ნაწლავის ხვრელმილის განვითარებით, საიდანაც პერიოდულად აღენიშნება ჩირქოვანი გამონადენი.
– როგორ მკურნალობენ მწვავე და ქრონიკულ პარაპროქტიტს?
– მწვავე პარაპროქტიტის მკურნალობა ქირურგიულია, თანაც ურგენტული, თუმცა საწყის ანუ ინფილტრაციის სტადიაში ზოგჯერ კონსერვატიული მკურნალობითაც მიიღწევა ანთებითი ცვლილებების უკუგანვითარება. ამ შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, ადგილობრივი საშუალებებისა და ჯდომითი აბაზანების გამოყენებას. აბსცესის ჩამოყალიბების სტადიაში კი სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირა. მწვავე პარაპროქტიტის გამო რადიკალური ქირურგიული ჩარევა გულისხმობს პარარექტალურ ქსოვილებში არსებული ჩირქგროვის ფართოდ გახსნა-დრენირებას, შიგნითა ხვრელის ლიკვიდაციას. ანთებითი უბნის ზუსტი ლოკალიზაცია და შიგნითა ხვრელის მდებარეობა უმეტესად საოპერაციო მაგიდაზე დგინდება, თუმცა არ არის გამორიცხული, ვერც ოპერაციის დროს მოიძებნოს ინფექციის ჭიშკარი და ვერ მოხერხდეს შიგნითა ხვრელის ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში ყალიბდება სწორი ნაწლავის ფისტულა (25-26%) და კეთდება გეგმური ოპარცია – სწორი ნაწლავის ფისტულის ამოკვეთა ანუ ფისტულექტომია.
– რატომ არის ხშირი პარაპროქტიტის რეციდივი, როგორ ავიცილოთ იგი თავიდან?
– ქრონიკული პარაპროქტიტი ხშირად მწვავე პარაპროქტიტის არასწორი ან თვითნებური მკურნალობის შედეგია. როგორც აღვნიშნეთ, ანალურ არხში არსებული დეფექტი (შიგნითა ხვრელი) ინფექციის ჭიშკარს წარმოადგენს. პაციენტებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში (კვირების, თვეების, წლების შემდეგ) იმუნური სისტემის დაქვეითების, გადაცივების, დეფეკაციის დარღვევის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების და სხვა ხელშემწყობი ფაქტორების გავლენით რეციდივი უვითარდებათ, უმეტესად – ისევ მწვავე პარაპროქტიტის სახით. ანალურ არხში არსებული შიგნითა ხვრელიდან პარარექტალურ ქსოვილებში ვრცელდება ინფექცია, იწყება ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და სხვა. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც პირველადი პარაპროქტიტის დროს, ოპტიმალურია რადიკალური მკურნალობა ოპერაციული გზით, რაც გულისხმობს ჩირქგროვის გახსნა-დრენირებას და შიგნითა ხვრელის ლიკვიდაციას დაზიანებულ კრიპტასთან ერთად. ასეთი ოპერაციებს, როგორც წესი, პროქტოლოგები აკეთებენ სპეციალიზებულ კლინიკებში. თუ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ანუ მოხერხდა ფისტულის შიგნითა ხვრელის აღმოჩენა და ლიკვიდაცია, პარაპროქტიტის რეციდივი მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება დაავადების პროფილაქტიკას, პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან დიეტა, მოიწესრიგონ დეფეკაცია, რათა თავიდან აიცილონ ხშირი შეკრულობა და ფაღარათი, გარდა ამისა, მოიძლიერონ იმუნური სისტემა, დროულად უმკურნალონ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ანალური ნახეთქები, ჰემოროიდული დაავადება.
პარაპროქტიტის განვითარების შემთხვევაში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს, რათა დაავადებას პროგრესირების საშუალება არ მისცეს, ვინაიდან თვითმკურნალობისას იკარგება დრო, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია დაავადების დროული და ეფექტური მკურნალობა, საუკეთესო შემთხვევაში – კონსერვატიული მეთოდით, ქირურგიული ჩარევის გარეშე.
თამარ არქანია

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად