დაგეგმე შენი მომავალი

  ყოველთვის მიკვირდა, რატომ დავობდნენ ამდენს აბორტის აკრძალვა-არაკრძალვის თაობაზე. მეგონა, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც კონტრაცეფციის უამრავი საშუალება არსებობს, არასასურველი ორსულობა ძალზე იშვიათი იყო, აბორტის თემა კი არააქტუალური. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელოვნურად შეწყვეტილ ორსულობათა დაუჯერებელი რიცხვი მხოლოდ უფროსი თაობის ქალების მონათხრობ შოკისმომგვრელ ისტორიებში გვხვდებოდა. ქალთა კონსულტაციის ცენტრში ერთი დღის გატარება საკმარისი აღმოჩნდა, რათა გამეგო, რომ, კონტრაცეფციის უამრავი საშუალების მიუხედავად, ოჯახის დაგეგმვა ქალებს დღესაც არ გამოსდით.
აბორტთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებს ამჯერად არ შევეხები, მხოლოდ მის სამედიცინო მხარეზე მოგახსენებთ.
ალბათ ყველა ხვდება, რაოდენ საზიანოა აბორტი ქალის ორგანიზმისთვის და რა საფრთხეს უქადის მის შვილოსნობის უნარს. გარდა ამისა, ქალები ხშირად გვიან მიდიან ექიმთან, რის გამოც იზრდება კრიმინალური აბორტების რიცხვი, კრიმინალური აბორტი კი, მოგეხსენებათ, საფრთხეს ერთიორად ზრდის.
მიზეზი აშკარაა – განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობა კონტრაცეფციის მეთოდებს თითქმის არ იცნობს. უამრავ გოგონას წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაიცვას თავი არასასურველი ორსულობისგან. არადა იხარჯება აუარება ფული, იმართება უამრავი სამედიცინო კონფერენცია და კონგრესი, ექიმები ეძებენ გზებს, რათა წყვილებამდე კონტრაცეფციის შესახებ სწორი და გასაგები ინფორმაცია მიიტანონ.
ორსულობისგან თავის დაცვა მართლაც ბევრი რამით შეიძლება: ბუნებრივი მეთოდებით, ბარიერული საშუალებებით, აბებით, პროგესტაგენური იმპლანტებით, საშვილოსნოსშიდა საშუალებებით, უკიდურეს შემთხვევაში – სტერილიზაციითა და ვაზექტომიით. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გიამბობთ, გაგაცნობთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, აგიხსნით მოქმედების მექანიზმს, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდია.
კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდებით დავიწყოთ. ისინი ქალის მენსტრუალური ციკლის ფერტილური დღეების დადგენას ემყარება, მათი არსი კი ამ დღეებში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავებაა. აქვე შევთანხმდეთ ტერმინებზეც: ფერტილურია ის პერიოდი, როცა დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია, ინფერტილური კი ის, როცა დაორსულება არ ხდება.
დაუგეგმავი ორსულობა იმის ბრალიც არის, რომ ქალების უმრავლესობა არ იცნობს საკუთარ ორგანიზმს. ვფიქრობ, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ფუნქციობს მისი რეპროდუქციული სისტემა. მოგეხსენებათ, ციკლის დასაწყისში ქალის საკვერცხეებში ფოლიკულები იწყებს მომწიფებას და ზრდას; ერთი მათგანი (ტყუპი ორსულობის დროს – მეტი) “დაწინაურდება” და ზომით ყველას გაასწრებს. მას დომინანტი ეწოდება. დომინანტი ფოლიკული შეიცავს კვერცხუჯრედს, რომელიც სპერმატოზოიდმა უნდა გაანაყოფიეროს და დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს. ციკლის შუა ფაზაში დომინანტი ფოლიკული სკდება და ფოლიკულს გადმოისვრის. ამ პროცესს ოვულაცია ჰქვია. სწორედ ოვულაციის შემდეგ იწყება ქალის ფერტილური პერიოდი. კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდების გამოსაყენებლად უნდა გავარკვიოთ, როდის ხდება ოვულაცია და ამ პერიოდში სქესობრივი კონტაქტებისგან თავი შევიკავოთ.
დადგენილია, რომ ბუნებრივი მეთოდების წარუმატებლობის მაჩვენებელი 100 მომხმარებელზე წელიწადში 10-30 ორსულობაა. მათთვის, ვინც რთულად მიიჩნევს აღნიშნულ მეთოდებს, რეკომენდებულია კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება.
მენსტრუალური ციკლის ფერტილური ფაზის დადგენა და შემდგომი თავშეკავება საფუძვლად უდევს ბუნებრივი კონტრაცეფციის შემდეგ მეთოდებს:
* კალენდარულ მეთოდს;
* სხეულის ბაზალური ტემპერატურის მეთოდს;
* საშვილოსნოს ყელის ლორწოს ან ოვულაციის (ბილინგსის) მეთოდს;
* სიმპტო-თერმალურ მეთოდს.
ეს მეთოდები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონტრაცეფციულ საშუალებებთან ერთადაც. მაგალითად, ფერტილურ ფაზაში წყვილს შეუძლია, თავდაცვის ბარიერული მეთოდი გამოიყენოს. ფერტილური დღეების დადგენა იმ ქალებისთვისაც მნიშვნელოვანია, ვისაც დაორსულება სურს.
კონტრაცეფციის ბუნებრივ მეთოდებს, ცხადია, აქვს როგორც უპირატესობები, ისე ნაკლოვანებებიც. თავდაპირველად უპირატესობები ჩამოვთვალოთ:
* არ გააჩნია გვერდითი მოვლენები;
* წყვილები უკეთ ეცნობიან საკუთარ ფიზიოლოგიას და რეპროდუქციულ ფუნქციებს;
* ოჯახის დაგეგმვაში ორივე პარტნიორი მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციას;
* უფასოა და სათანადო ტრენინგის შემდეგ წყვილი დამოუკიდებლად შეძლებს მის გამოყენებას. ვფიქრობ, ამისთვის ჩვენი სტატიის ყურადღებით წაკითხვაც საკმარისი იქნება.
ახლა კი ნაკლოვანებებიც ვახსენოთ:
* კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები სხვა მეთოდებზე ნაკლებეფექტურია;
* ორივე პარტნიორის ჩართულობასა და ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული;
* საჭიროა ხანგრძლივი ტრენინგი;
* ქალისთვის მომაბეზრებელია ფერტილობის ნიშნების ყოველდღიური მეთვალყურეობა;
* ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება ხშირად სირთულებს წარმოშობს;
* არარეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე და მეძუძური ქალებისთვის ეს მეთოდი გამოუსადეგარია.
კონტრაცეფციის ბუნებრივ მეთოდებს ის წყვილები იყენებენ, რომელთაც არ სურთ, სხვა მეთოდებს მიმართონ. ამას მრავალი მიზეზი აქვს: ზოგს ეშინია, ზოგი რელიგიური ან მსოფლმხედველობრივი მოსაზრებით ამბობს უარს, ზოგისთვის კი სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის.
კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი იმ ქალებისთვის, რომელთა ჯანმრთელობას ორსულობის გამო საფრთხე ემუქრება.
სიფრთხილე მართებთ მოზარდ გოგონებს და ანოვულატორული ციკლის მქონე ქალებს, ასევე – ქალებს მენოპაუზის წინა პერიოდში. ცნობილია, რომ რეპროდუქციული ასაკის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოვულაცია არარეგულარულია, რაც ფერტილობის ნიშნების დადგენას ართულებს. ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ორივე პარტნიორი კარგად არის ინფორმირებული და მკაცრად იცავს აბსტინენციის პერიოდებს.

კალენდარული ანუ რითმული (ოგინო-კნაუსის) მეთოდი
კონტრაცეფციის კალენდარული მეთოდის გამოსაყენებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მივიღოთ ბოლო ექვსი მენსტრუალური ციკლის შესახებ და შემდეგ გავაანალიზოთ იგი. ამისთვის ქალმა ექვსი თვის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს ციკლის პირველი დღე. შემდეგ უნდა დავადგინოთ ყველაზე ხანგრძლივი და ხანმოკლე ციკლი. პირველი ფერტილური დღის გამოსათვლელად ყველაზე ხანმოკლე ციკლს აკლდება 18, ხოლო უკანასკნელი ფერტილური დღის გამოსათვლელად ყველაზე ხანგრძლივ ციკლს აკლდება 11. მაგალითად, თუ ბოლო ექვსი მენსტრუალური ციკლი გაგრძელდა 28, 26, 29, 27, 29 და 27 დღე, ფერტილური ფაზის პირველი დღე იქნება 26-18, ანუ მე-8, ხოლო უკანასკნელი – 29-11, ანუ მე-18. ამრიგად, თავშკავება საჭიროა ციკლის მერვედან მეთვრამეტე დღის ჩათვლით.

ბაზალური ტემპერატურის მეთოდი
ბაზალური ტემპერატურის მეთოდი ოვულაციის პერიოდში ემყარება სხეულის ტემპერატურის მატებას, რასაც ყვითელი სხეულის მიერ პროგესტერონის სეკრეცია განაპირობებს.
ოვულაციის შემდეგ სხეულის ტემპერატურა საშუალოდ 0,50C-ით იმატებს და მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე შენარჩუნდება. ინფერტილური პერიოდი იწყება მას შემდეგ, რაც ტემპერატურა ზედიზედ 3 დღე იქნება მომატებული წინა 6 დღესთან შედარებით. ეს მეთოდი მისაღებია მათთვის, ვისაც არარეგულაური მენსტრუალური ციკლი აქვს და კალენდარულ მეთოდს ვერ მიმართავს.
ამ მეთოდის გამოსაყენებლად ქალმა სწორად უნდა გაიზომოს ტემპერატურა. ამისთვის აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
* თერმომეტრი საწოლთან ახლოს უნდა იდოს, რომ ადვილად მისწვდეთ.
* დაწოლამდე ვერცხლისწყლის მაჩვენებელი უნდა იყოს 350C. დილით, ტემპერატურის გაზომვამდეც შეამოწმეთ. თუ მაჩვენებელი 35 0C-ზე მეტია, სასურველ მაჩვენებლამდე ქალის პარტნიორმა ან სხვა პირმა უნდა მიიყვანოს, ვინაიდან ზედმეტი მოძრაობის შედეგად შესაძლოა ცრუ ჩვენება მივიღოთ.
* ტემპერატურა უნდა გავიზომოთ გაღვიძებისთანავე, ლოგინიდან აუდგომლად, ცივი ან ცხელი სასმლის მიღებამდე. თუ ქალი ღამით მუშაობს, ტემპერატურის გაზომვა შეიძლება დღის განმავლობაში ან საღამოს, მაგრამ აუცილებლად სამსაათიანი მოსვენების შემდეგ.
* ტემპერატურა უნდა გაიზომოს ერთსა და იმავე დროს.
* ტემპერატურა შეიძლება გაიზომოს ორალურად, ვაგინალურად ან რექტალურად. რექტალური და ვაგინალური გზები უფრო მოხერხებულია.
* ორალური გაზომვისას თერმომეტრის თავი 5 წუთით უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ.
* რექტალური გაზომვისას უნდა გამოიყენოთ რექტალური თერმომეტრი, რომლის ბოლოზეც წაუსვამთ ვაზელინს. ამ დროს უნდა იწვეთ გვერდზე, მუხლებში მოხრილი, თერმომეტრი სწორ ნაწლავში შეიტანოთ 2,5 სმ სიღრმეზე და 3 წუთით დაიტოვოთ.
* ვაგინალური გაზომვისას თერმომეტრი საშოში უნდა მოთავსდეს 4,5 სმ სიღრმეზე 3 წუთის განმავლობაში.
* ყოველთვის გამოიყენეთ ტემპერატურის გაზომვის ერთი და იგივე მეთოდი. გამოყენებული თერმომეტრი უნდა გაიწმინდოს გრილი წყლით.
ოვულატორულ ციკლს ორფაზიანი ტემპერატურა ახასიათებს. სხეულის ბაზალური ტემპერატურა ოვულაციამდე დაბალია, ოვულაციის შემდეგ იმატებს 0,2-0,4 0C-ით ან უფრო მეტით და მომდევნო ციკლის დასაწყისამდე შენარჩუნდება.
სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება საჭიროა მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან მანამდე, ვიდრე სხეულის ბაზალური ტემპერატურა ზედიზედ სამი დღე არ აღმოჩნდება მომატებული. ამის შემდგომი პერიოდი მენსტრუაციის დასაწყისამდე უსაფრთხოდ მიიჩნევა.
გაითვალისწინეთ: არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ტემპერატურის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს. ესენია ტემპერატურის გაზომვა დღის სხვა მონაკვეთში, გაზომვის წესების დაუცველობა, ავადმყოფობა, მშფოთვარე ძილი, გარემოს ტემპერატურის ცვლილება, ემოციური სტრესი და ალკოჰოლი.
ამრიგად, უკვე იცნობთ ბუნებრივი კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებულ და მოხერხებულ მეთოდებს, იცით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ისინი მისაღებია, წარმატებას გისურვებთ.
თამარ არქანია

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად