მერვე გაკვეთილი
 
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ქრონიკული ჰიპერგლიკემია აზიანებს მსხვილი და წვრილი კალიბრის სისხლძარღვებს, პერიფერიულ და ავტონომიურ ნერვულ სისტემას (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც შინაგან ორგანოთა ფუნქციობას არეგულირებს) და, შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის ქრონიკულ გართულებათა განვითარების მიზეზად იქცევა.
თვალი და თირკმელი
წვრილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეულ გართულებებს მიკროანგიოპათიური გართულებები ეწოდება. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება თვალის ბადურასა და თირკმლის მკვებავი სისხლძარღვები, რის შედეგადაც ქვეითდება ამ ორგანოების ფუნქცია. შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ თვალის დაზიანებას დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. შორს წასულ სტადიაში ის მხედველობის პროგრესულ დაქვეითებას განაპირობებს. დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტიკა გულისხმობს თვალის ფსკერის დათვალიერებას, რაც შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს. აღსანიშნავია, რომ სიბრმავის განვითარების რისკი დიაბეტიან პაციენტებთან 10-20-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.
შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ თირკმლის დაზიანებას დიაბეტური ნეფროპათია ეწოდება. თირკმელი ადამიანის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ცხოველქმედების პროდუქტებისგან ორგანიზმის გათავისუფლება, რაც ხელს უწყობს მისი შინაგანი გარემოს მუდმივობის (ჰომეოსტაზის) შენარჩუნებას; მონაწილეობს წყალმარილოვანი, მჟავატუტოვანი ცვლისა და ჰემოდინამიკის რეგულაციაში; თირკმლის მიერ გამოყოფილი ერითროპოეტინი ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. შაქრიან დიაბეტს წამყვანი ადგილი უკავია თირკმლების ქრონიკული უკმარისობის განვითარების მიზეზებს შორის. დიაბეტიანი პაციენტების 10-20%-ის სიკვდილის მიზეზი სწორედ თირკმელების უკმარისობაა. თირკმლის ფუნქცია სპეციფიკური ანალიზების მეშვეობით ფასდება, ისეთებისა, როგორებიცაა სისხლში – კრეატინინის, 24-საათიან შარდში კი მიკროალბუმინურიისა და კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა. ზ`ა გამოკვლევები ექიმის რეკომენდაციით წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროთ.
გული და ქვედა კიდურები
მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებას შაქრიანი დიაბეტის მაკროანგიოპათიური გართულებები ეწოდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარული არტერიების) დაზიანება, რაც ვლინდება სტენოკარდიითა და მიოკარდიუმის ინფარქტით, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება, რაც შესაძლოა ინსულტით გამოვლინდეს და ქვედა კიდურების მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება, რომელსაც ქვედა კიდურების ქრონიკულ არტერიულ უკმარისობამდე და იშემიურ განგრენამდე მივყავართ. ქვედა კიდურების მკვებავი არტერიების შეფასება ხდება გოჯ-მხარისა და თით-მხარის ინდექსების განსაზღვრით და თავად არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევით. ზ`ა გამოკვლევები ექიმის რეკომენდაციით წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.
გულის კორონარული დაავადება დიაბეტიან პაციენტებთან 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. შაქრიანი დიაბეტის მაკროანგიოპათიური გართულებების განვითარებაში ქრონიკულ ჰიპერგლიკემიასთან ერთად წამყვან როლს ასრულებს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და არტერიული ჰიპერტენზია.
დიაბეტური ნეიროპათია
ქრონიკული ჰიპერგლიკემიით გამოწვეულ პერიფერიული და ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანებას დიაბეტური ნეიროპათია ეწოდება. ის შაქრიანი დიაბეტის ყველაზე ხშირი გართულებაა – უვითარდება პაციენტების 50%-ზე მეტს. დიაბეტური ნეიროპათიის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჰიპერგლიკემიის ხარისხსა და ხანგრძლივობასთან. ყველაზე ხშირად ზიანდება ქვედა კიდურების ნერვები, რაც ხშირად ტერფების დაბუჟების, “ჭიანჭველების ცოცვის”, წვის, სიმხურვალის ან სიცივის შეგრძნებით გამოიხატება. ხშირად იჩენს თავს ტკივილი, უპირატესად – მოსვენებისას ან ღამით. დიაბეტური პერიფერიული პოლინეიროპათია და მაკროანგიოპათია ქვედა კიდურებზე წყლულების ჩამოყალიბების მიზეზებია. კიდურის ამპუტაცია დიაბეტიანებთან 20-40-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. შაქრიანი დიაბეტის დროს ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება ხშირად ნაწლავთა მოქმედების დარღვევით (ფაღარათი ან ყაბზობა), ტაქიკარდიით, კანის სიმშრალით ან ჭარბი ოფლიანობითY გამოვლინდება.
შაქრიანი დიაბეტის მართვა კომპლექსური პროცესია, რომელიც გლიკემიის კორექციასთან ერთად შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების დროულ გამოვლენასა და მათ სათანადო მენეჯმენტსაც გულისხმობს.
შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებები აქვეითებს შრომის უნარს და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხს, ამიტომ ამ დაავადების მკურნალობის ძირითადი მიზანი სწორედ ქრონიკული გართულებების თავიდან აცილებაა. ვინაიდან დიაბეტის გართულებათა მკურნალობა ნაკლებეფექტურია, უფრო გონივრულია, საქმე გართულებებამდე არ მივიყვანოთ და მთელი ძალისხმევა მათ პრევენციას მოვახმაროთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინისა და არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა და შენარჩუნება, რის შესახებაც წინა გაკვეთილებზე არაერთხელ გვისაუბრია. მოდმევნო გაკვეთილზე დაწვრილებით შევეხებით შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი და მძიმე გართულების, დიაბეტური ტერფის, განვითარების მიზეზებსა და მისი პროფილაქტიკის გზებს.
გვესაუბრა „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად