ექოსკოპიის ენა

  თქვენც დაგმართიათ? – მიხვალ ექიმთან, ჩაიტარებ ექოსკოპიურ გამოკვლევას, თუ ბედმა გაგიღიმა და გულისხმიერი ექიმი შეგხვდა, მისგან ათას გაუგებარ ტერმინს მოისმენ, დაბრუნდები შინ ულტრაბგერის პასუხით ხელში, მაგრამ რაც ამ ფურცელზე წერია, შენთვის ჩინურია. მაინც, რა ენაზე წერენ და ლაპარაკობენ ექიმები? ფაქტია, ბევრს უჭირს პაციენტებთან კომუნიკაცია, დიაგნოზის მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა. მოდი, ერთად ვისწავლოთ რადიოლოგების ენის ანბანი. ამაში ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი რადიოლოგი გიგი სილაგაძე დაგვეხმარება. ცხადია, ერთ ინტერვიუში მთელი ექოსკოპიის მიმოხილვა გაგვიჭირდება, ამიტომ ამჯერად მხოლოდ მუცლის ღრუს ორგანოებსა და მათ ყველაზე გავრცელებულ ექოლოგიურ პრობლემებზე შევჩერდებით.
– სანამ ექოლოგიურ დიაგნოზებზე გადავიდოდე, მინდა, ექოსკოპიისთვის მომზადების წესებზე გესაუბროთ. ხშირად პაციენტები ჩვენთან გამოკვლევისთვის მოუმზადებლები მოდიან, რის გამოც ზოგიერთი ორგანოს გამოკვლევა გვიჭირს. აი, მაგალითად, დაუწერელი წესია – ნაღვლის ბუშტი კარგად რომ გამოვიკვლიოთ, პაციენტი იმ დღის უჭმელი უნდა იყოს. საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტი იკუმშება და ნაღვლისგან იცლება, ცარიელ ორგანოში კი მცირე ზომის კენჭის ან პოლიპის დანახვა ძნელია. უზმოზე ადვილია აგრეთვე კარის ვენის (ღვიძლში შემავალი სისხლძარღვის) დოპლეროგრაფიული გამოკვლევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ღვიძლის ციროზის დიაგნოსტირებისთვის. გამოკვლევის ჩატარება დილით ჯობს. თუ მოუცლელობის გამო მხოლოდ საღამოს შეგიძლიათ ექიმთან მისვლა, ბოლო კვებიდან 6-8 საათი მაინც უნდა იყოს გასული. არც ყავის ან რაიმე ტკბილი სითხის მიღება შეიძლება. ნებდართულია წყალი. გამოკვლევას ხელს უშლის მეტეორიზმი – ნაწლავებში აირების სიჭარბე. საქმე ის გახლავთ, რომ აირები ულტრაბგერას აირეკლავს და ორგანოებში მის ღრმად გავრცელებას აფერხებს, რის გამოც მუცლის ღრუს ორგანოების ვიზუალიზაცია ძნელდება. თუ პაციენტს მუცლის შებერილობა აწუხებს, ჯობს, ექოსკოპიის ჩატარების წინა ღამეს მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები მიიღოს.
– ბოლო დროს ულტრაბგერითი გამოკვლევის დასკვნებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ცხიმოვანი ჰეპატოზის დიაგნოზს. რამდენად მძიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?
– ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია ან ღვიძლის სტეატოზი, მართლაც ხშირი დიაგნოზია. ის, მარტივად რომ ვთქვათ, ღვიძლის გაცხიმოვნებას ნიშნავს. ამ დროს ღვიძლის პარენქიმაში ცხიმოვანი ელემენტები ლაგდება, რომლებიც ექოსკოპიურადაც ვლინდება (ცალკეული პარამეტრები მკითხველისთვის, ვფიქრობ, არ იქნება საინტერესო). ცხიმოვანი ჰეპატოზი ყველაზე ხშირად ჭარბი წონის შედეგია, თუმცა მისი არსებობა არც ღვიძლის სხვა პათოლოგიების (ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების) ფონზეა გამორიცხული. ანალოგიური ცვლილებები პანკრეასშიც შეიძლება მოხდეს. ამას პანკრეასის სტეატოზი – ცხიმოვანი ინფილტრაცია ჰქვია. პანკრეასში ასაკობრივი ცვლილებებიც ხშირად ვითარდება, კერძოდ, მასში ფიბროზული ქსოვილი ლაგდება, რაც ექოლოგიურად ასევე ადვილი შესამჩნევია. ასეთი რამ უმეტესად შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულებს ახასიათებთ.
– გარდა ცხიმოვანი ჰეპატოზისა, კიდევ რის აღმოჩენა შეიძლება ექოსკოპიით ღვიძლში?
– საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ღვიძლის წარმონაქმნებს, მაგალითად, ჰემანგიომებს. ჩვენ მათ ასე აღვწერთ: მკვეთრკონტურებიანი, ჰიპერექოგენური წარმონაქმნი. როცა ღვიძლში ჰემანგიომის ტიპის ჩანართს პირველად ვნახულობთ, აღნიშნულ დიაგნოზს ხშირად ვუსვამთ კითხვის ნიშანს, რადგან მისი მსგავსი ექოლოგიური სურათი ღვიძლის სხვა კეროვან წარმონაქმნებსაც (მაგალითად, მეტასტაზურ დაზიანებას) აქვთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია განმეორებითი გამოკვლევა. თუმცა ღვიძლის ჰემანგიომის ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით არის შესაძლებელი. ღვიძლის სიმსივნურ დაზიანებას ექოლოგიური სურათის მრავალფეროვნება ახასიათებს, თუმცა საერთოა ერთი ნიშანი – არასწორი კონტურები. ამგვარი წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტს აუცილებლად კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ვგზავნით. ღვიძლის ცისტაც ხშირია. ის შეიძლება იყოს მარტივი (ერთეული ან მრავლობითი) ან პარაზიტული. მარტივი ცისტა აღიწერება როგორც მკვეთრკონტურებიანი, ანექოგენური შიგთავსის მქონე წარმონაქმნი, პარაზიტულ ცისტას კი ხშირად არაერთგვაროვანი შიგთავსი ან`და ტიხრები აქვს.
– ქართველებს ნაღვლის ბუშტიც ხშრად გვაწუხებს...
– გეთანხმებით, თუმცა არც ისე ხშირად, როგორც გვგონია. მუცლის ღრუს ორგანოების გამოსაკვლევად მოსული პაციენტების 80%-ს მიაჩნია, რომ მისი ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის ბრალია, თუმცა, ცხადია, რეალურად ის გაცილებით ნაკლებს აწუხებს. ექოლოგიურად შესაძლებელია ნაღვლის ბუშტის კენჭისა და პოლიპის დანახვა. ორივე მათგანი ჰიპერექოგენური ჩანართის სახით ვლინდება, თუმცა, ცხადია, მათ შორის განსხვავებაც არის – პოლიპი კედელზეა ფიქსირებული და პაციენტის გადაბრუნების შემდეგაც არ იცვლის მდებარეობას, კონკრემენტი (ასე ვუწოდებთ კენჭს) კი ნაღვლის ბუშტში დაგორავს. გარდა ამისა, კენჭი, პოლიპისგან განსხვავებით, მისი შემადგენლობის გამო აკუსტიკურ ჩრდილს იძლევა.
რაც შეეხება ქოლეცისტიტს – ნაღვლის ბუშტის ანთებას, ექოლოგიურად ის ყოველთვის არ ვლინდება. ზოგჯერ ნაღვლის ბუშტის კედელი სქელდება, ექოგენურობას იცვლის. ნაღვლის ბუშტის ირგვლივ იშვიათად არის გამონაჟონიც. ნაღვლის ბუშტში ბილიარული ნალექი კი ძალიან ხშირი მოვლენაა და სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს.
თამარ არქანია

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად