კვერცხუჯრედს მისამართი შეეშალა

  სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდი  და უკვე ერთი სული გაქვს, დედა გახდე. მოუთმენლად ელი იმ ბედნიერ წუთებს, როცა პატარას ხელში აიყვან და მთელი გულით მოეფერები. ამ ფიქრებში გადის ხანი და... დგება ნანატრი დღე – მენსტრუაცია რამდენიმე დღით გადაგიცდა. გულის ფანცქალით ყიდულობ ორსულობის ტესტს, გულდასმით კითხულობ ინსტრუქციას და თავი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი გგონია, როცა აღმოაჩენ, რომ ტესტის პასუხი დადებითია. იწყებ ფიქრს ბავშვის სახელზე, თვალების ფერზე, თვისებებზე, ჩვევებზე, ყველაფერზე, რაც მას უკავშირდება... ერთადერთი, რაც გადარდებს, ის არის, რომ უსაშველოდ ხანგრძლივი გეჩვენება ცხრა თვე, რომელიც პატარას გულში ჩახუტებას გაშორებს.
ასეთი რამ ალბათ თქვენს უმეტესობას განუცდია. თუ არა, მერწმუნეთ, ქალის ცხოვრებაში ძნელად თუ მოიძებნება უკეთესი წუთები. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ორსულობა სასურველი შედეგით არ მთავრდება. თითქოს ყველაფერი რიგზეა და უეცრად იწყება ტკივილი, სისხლდენა... შეშინებული მიდიხარ ექიმთან, დიაგნოზი კი განაჩენივით ჟღერს: საშვილოსნოსგარე ორსულობა! მკვდარი ნაყოფი!
მდგომარეობა ერთიორად რთულდება, როცა გაიგებ, რომ ამ დიაგნოზის თავიდან აცილება შეგეძლო.
როგორ მოვიქცეთ, ასეთი მძიმე სიტყვები რომ არ გავიგონოთ? რით შეიძლება საშვილოსნოსგარე ორსულობის პროფილაქტიკა? როგორ მკურნალობენ მას ან ძნელია თუ არა გადატანილი გარეორსულობის შემდეგ ხელახლა დაორსულება? ამ საკითხებზე კლინიკა “ინ ვიტროს” ექიმი მეან–გინეკოლოგი, რადიოლოგი მანანა ქოჩიაშვილი გვესაუბრება.
– რას ნიშნავს საშვილოსნოსგარე ორსულობა და რა იწვევს მას?
– საშვილოსნოსგარე, იგივე ექტოპიური ორსულობა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორსულობა საშვილოსნოს ღრუს გარეთ მიმდინარეობს: კვერცხსავალ მილში (მას ფალოპის მილსაც ვუწოდებთ), საშვილოსნოს ყელში, საკვერცხეში ან მცირე მენჯის ღრუში. ნორმალური ჩასახვის დროს ჯერ სპერმა ჩაიღვრება საშოში, შემდეგ სპერმატოზოიდი გაივლის საშვილოსნოს ყელის ცერვიკალურ არხს (რომელიც საშოსა და საშვილოსნოს ერთმანეთთან აკავშირებს), საშვილოსნოს ღრუს და გადავა ფალოპის მილში, სადაც ხვდება საკვერცხიდან გადმოსულ კვერცხუჯრედს. აქვე, მილში ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ზიგოტა, მილიდან საშვილოსნოში გადადის, ემყნობა მის კედელში და 9 თვის განმავლობაში იქ რჩება. ვინაიდან განაყოფიერება საშვილოსნოს მილში ხდება, გარეორსულობა უმეტესად სწორედ მილისმიერია. თუ ანთებითი ან შეხორცებითი ცვლილებების გამო მილი შეშუპებულია, ხოლო მისი გამტარობა _ დაქვეითებული, შესაძლოა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ გადავიდეს საშვილოსნო ღრუში და მილში ჩარჩეს. სწორედ ამას ეწოდება მილისმიერი ორსულობა. კვერცხუჯრედის მილში დარჩენას ზოგიერთ შემთხვევაში ანატომიური თავისებურებებიც, მაგალითად, მილის მეტისმეტი სივიწროვე, უწყობს ხელს.
ზოგჯერ ფალოპის მილი ზომაზე მეტად არის გაფართოებული და პერისტალტიკის უნარი დარღვეული აქვს. ასეთ დროს სპერმატოზოიდი დაუბრკოლებლად გაივლის მთელ მილს და შესაძლოა, საკვერცხემდე მიაღწიოს. თუ იქ ახლახან გამსკდარი ფოლიკულის ახლოს დაეცა და მოხდა განაყოფიერება, ვითარდება საკვერცხისმიერი ორსულობა. ხშირად ასეთივე მექანიზმი, მილების მოძრაობის მოდუნება, უდევს საფუძვლად მცირე მენჯის ღრუში განვითარებულ გარეორსულობას. სპერმატოზოიდი ამ შემთხვევაშიც იმავე გზას გაივლის, მაგრამ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საკვერცხეში აღარ ჩერდება და მუცლის ღრუში ვარდება. გარდა ამისა, ყოველთვის არის ალბათობა, საშვილოსნო გაიხსნას და ზიგოტა ამ გზით მოხვდეს მუცლის ღრუში. განსაკუთრებით ხშირად ხდება ასე საშვილოსნოზე ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ. მაგალითად, თუ ქალს ამოჰკვეთეს მიომური კვანძი, ოპერაციიდან მალევე, ნაწიბურის გამყარებამდე დაორსულდა და კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელს ნაწიბურთან ახლოს მიემაგრა, შესაძლოა ნაკერი გაიხსნას და ნაყოფი მუცლის ღრუში გადავარდეს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, მრავალკვანძოვანი მიომის, ენდომეტრიოზის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, საშვილოსნოს ღრუში ნაყოფის განვითარებისთვის არახელსაყრელი პირობებია, რის გამოც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მაგრდება საშვილოსნოს ღრუში,  ჩამოდის ქვემოთ, ყელში, და იქ აგრძელებს განვითარებას. ეს უკვე ყელის ორსულობაა _ ექტოპიური ორსულობის ყველაზე მძიმე და პროგნოზულად არაკეთილსაიმედო ნაირსახეობა.
– რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოსგარე ორსულობას?
– საწყის ეტაპზე ექტოპიური ორსულობა არავითარ სიმპტომს არ იწვევს. ისევე როგორც ჩვეულებრივი ორსულობის დროს, ამჯერადაც ხდება მენსტრუაციის გადაცდენა და ორსულობის ტესტიც დადებითია, რადგან ქორიონული გონადოტროპინი (ქგ) _ ჰორმონი, რომლის რაოდენობის მიმართაც მგრძნობიარეა ტესტი _ ამ შემთხვევაშიც მომატებულია. ამრიგად, თუ ორსულობა მხოლოდ ტესტით დადგინდა და ექოსკოპიურად არ დადასტურდა, მის ექტოპიურობაზე განსაზღვრულ დრომდე არაფერი მიგვანიშნებს დაახლოებით მე–4 კვირიდან კი თავს იჩენს სიმპტომები. საშვილოსნოს ღრუდან იწყება სისხლიანი გამონადენის დენა. მოგვიანებით იმ მხარეს, სადაც ექტოპიური ორსულობაა, თავს იჩენს ტკივილისა და ქაჩვის შეგრძნება. მოსალოდნელია ტემპერატურული რეაქციაც. ეს სიმპტომები პაციენტს აუცილებლად მიიყვანს ექიმამდე. გარეორსულობის დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალება, ქორიონული გონადოტროპინის კონტროლთან ერთად, გახლავთ ექოსკოპიური გამოკვლევა. თუ ტესტი დადებითია, ქორიონული გონადოტროპინი _ მომატებული, საშვილოსნოს ღრუში კი არ ვიზუალიზდება სანაყოფე პარკი, საავარაუდოა ექტოპიური ორსულობა.  
– ამბობენ, ზოგჯერ გარეორსულობის დიაგნოსტიკა ვერ ხერხდება და მკვდარი ნაყოფი წლობით რჩება დედის ორგანიზმშიო...
– ასეთი რამ მართლაც ხდება. აი, მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ექოსკოპიური გამოკვლევის დროს მუცლის ღრუში დაინახეს წარმონაქმნი, ეგონათ ნაწლავების პათოლოგია, ჩაატარეს სადიაგნოსტიკო ოპერაცია და როცა წარმონაქმნი ჰისტოლოგიურად შეისწავლეს, დეციდუალური ქსოვილი, წლების წინ ჩაკირული სანაყოფე პარკი აღმოჩნდა. თუმცა ამგვარი შემთხვევები ძალზე იშვიათია. საბედნიეროდ, საქართველოშიც გვაქვს მაღალი დონის აპარატები, რომლებსაც, გამორიცხულია, ასეთი რამ გამოეპაროს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის ჩატარებაც.
– როგორ მკურნალობენ გარეორსულობას?
– ქირურგიული გზით. ცხადია, ოპერაციის ტაქტიკა იმაზეა დამოკიდებული, რომელ ორგანოში მოხვდება ჩანასახი. მილისმიერი და საკვერცხისმიერი ორსულობის დროს ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაცია. თუ სანაყოფე პარკი მილის ისთმურ ნაწილში, საშვილოსნოს ტანთან ახლოს, ან შუა დონეზეა, მილი ვერ გადარჩება –  მისი ამოკვეთამოუწევთ, მაგრამ თუ ფიბრიულ, საკვერცხესთან ახლოს მდებარე ნაწილშია, გამოცდილმა ქირურგმა შესაძლოა მოაცილოს სანაყოფე გარსი, ქორიონული (ჩანასახოვანი) ქსოვილი და შეინარჩუნოს მილი. საკვერცხისმიერი ორსულობის დროსაც, მდგომარეობის კვალობაზე, ხდება ან საკვერცხის ნაწილის, ან მთელი საკვერცხის ამოკვეთა. საქმე გაცილებით რთულადაა, თუ ექტოპიური ორსულობა საშვილოსნოს ყელშია _ ოპერაციის დროს ქირურგმა შესაძლოა ვერ მოახერხოს ყელის ქსოვილში ჩაზრდილი ქორიონული ქსოვილის მოცილება და საშვილოსნოს ექსტირპაცია, ამოკვეთა მოუხდეს. ასეთი აბორტი (მედიცინის ენაზე ამას აბორტი ეწოდება) აუცილებლად სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს, რადგან დიდია საშვილოსნოდან პროფუზული, ძლიერი სისხლდენის ალბათობა.
– შესაძლოა თუ არა, მრავალნაყოფიანი ორსულობა ისე წარიმართოს, რომ ერთი ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში იყოს, მეორე კი გარეთ?
– დიახ, ასეთი რამეც მოსალოდნელია. ასეთ დროს ყოველ ღონეს ვხმარობთ, რომ საშვილოსნოში მიმდინარე ორსულობა შევინარჩინოთ. ლაპაროსკოპიის დროს მცირე მენჯის ღრუ აირით იბერება. ნორმალურ ორსულობას ეს ზოგჯერ საფრთხეს უქადის. მეორე მხრივ, ლაპაროტომიის (ღია წესით ოპერაციის) შემდეგ მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები ვითარდება, ამიტომ ქირურგები მაინც ლაპაროსკოპოიულ მეთოდს ამჯობინებენ. ამოიკვეთება ფალოპის მილი ან საკვერცხე, საშვილოსნოს ღრუში კი ორსულობა შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდია მისი შეწყვეტის ალბათობაც.
– შესაძლებელია თუ არა გარეორსულობის პროფილაქტიკა?
– შესაძლებელია. როგორც აღვნიშნეთ, ექტოპიური ორსულობის განვითარებას ხშირად უწყობს ხელს ინფექციური და ვენერული დაავადებები, აგრეთვე სხვა პათოლოგიები – ენდომეტრიოზი, ადენომიოზი. მიზეზად, განსაკუთრებით _ მარჯვენამხრივი ექტოპიური ორსულობისთვის, შეიძლება იქცეს ნებაზე მიშვებული აპენდიციტი, ქრონიკული სალპინგოოოფორიტი (კვერცხსავალი მილისა და საკვერცხეების ანთება). ამიტომ გარე ორსულობის პროფილაქტიკა სწორედ ამ ანთებითი დაავადებების დროულ გამოვლენას და  ადეკვატურ მკურნალობას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე სავალალო გართულებამდე მივიდეს.
– გარეორსულობის შემდეგ რამდენი ხანი უნდა მოიცადოს ქალმა, ვიდრე ხელმეორედ დაორსულდება?
– ქალს შეუძლია, ერთი თვე დაისვენოს და მეორე თვეშივე დაგეგმოს დაორსულება. ამ მხრივ გადატანილი გარეორსულობა უკუჩვენება არ არის. მაგრამ, ცხადია, იმისთვის, რომ მომდევნო ორსულობაც ექტოპიური არ აღმოჩნდეს, საჭიროა იმ მიზეზის მკურნალობა, რამაც გარეორსულობა გამოიწვია. ხშირად ასეთი მკურნალობა ლაპარასკოპიის დროსვე ტარდება _ ოპერაციის მსვლელობისას შეხორცებები ითიშება, საშვილოსნის ღრუ გამოსუფთავდება, მერე კი ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, რაც ანთებითი პროცესების მკურნალობის წინა პირობაა.  
– იკლებს თუ არა დაორსულების ალბათობა გადატანილი გარეორსულობის შემდეგ?
– თუ ოპერაციის დროს საშვილოსნო და ყელი ამოიკვეთა, ცხადია, ქალი ვეღარ დაორსულდება. ბუნებრივია, დაორსულების ალბათობა იკლებს მილის ან საკვერცხის დაკარგვის შემთხვევაშიც, ზოგჯერ _ 50%–ითაც კი. თუმცა პაციენტს რჩება მეორე მილი და საკვერცხე, შესაბამისად _ დაორსულების შანსიც. თუ გადატანილი გარეორსულობის შემდეგ მეორე ორსულობაც ექტოპიური აღმოჩნდა, და პაციენტმა მეორე მილიც დაკარგა, დაორსულების შანსი ფაქტობრივად აღარ რჩება, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს არც ეს მიიჩნევა განაჩენად, ქალს ასეთ დროსაც შეუძლია შვილის გაჩენა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით.
გვანცა გოგოლაძე

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად