თავის ტკივილი

 
ვის არ სტკივებია თავი? ასეთი ადამიანი ალბათ არც არსებობს. ის კი არა, 15 წლამდე ასაკის სამი ბავშვიდან ორისთვის ეს პრობლემა ნაცნობია, ათი ზრდასრული ადამიანიდან ცხრა კი სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეუწუხებია თავის ტკივილს.
თავის ტკივილი სამსახურის, სკოლის გაცდენისა და ექიმთან ვიზიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. და, რაღა თქმა უნდა, მკურნალობის გარეშე იგი ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ აქტივობას.
არსებობს ოჯახები, რომელთა წევრებს განსაზღვრული ტიპის თავის ტკივილი ახასიათებთ. არც ის არის გამორიცხული, ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ტიპის თავის ტკივილს უჩიოდეს. ასეთი ტიპი კი არცთუ ისე ცოტაა – საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, 150-ზე მეტი სახის პირველად და მეორეულ თავის ტკივილებს გამოყოფენ.
პირველადი თავის ტკივილები
პირველადი თავის ტკივილი დამოუკიდებელი მიზეზით ვითარდება და სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული. დანამდვილებით არავინ იცის, სახელდობრ რა პროცესები იწვევს ტკივილს. პირველადი თავის ტკივილებს ჯგუფს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და დაძაბვის თავის ტკივილი.
მეორეული თავის ტკივილები
მეორეული თავის ტკივილი სხვა დაავადების გამოვლინებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს სიცხემ, ინფექციამ, მედიკამენტის ზედოზირებამ, სტრესმა, ემოციურმა კონფლიქტმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, ფსიქიატრიულმა დარღვევებმა, თავის დაზიანებამ, ტრავმამ, ინსულტმა, სიმსივნემ და პერიფერიული ნერვების პათოლოგიებმა (მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგია).
სიხშირე
თავის ტკივილის სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგი თვეში 15 დღეა თავმტკივანი. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს.
ტკივილი მსუბუქიც შეიძლება იყოს და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ზემგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ, რაც ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.
მექანიზმი
თავად ტვინის ქსოვილი ტკივილს არ შეიგრძნობს, რადგან მას არ გააჩნია ტკივილმგრძნობიარე რეცეპტორები. თავისა და კისრის არეში შეხების, ტკივილის, ტემპერატურის შესახებ ინფორმაცია თავის ტვინში სამწვერა ნერვის საშუალებით მიემართება. იგი იმ თორმეტ ნერვთაგანია, რომლებიც თავის ტვინის ფუძესთან იწყება. მას აქვს სამი მგრძნობიარე ტოტი, რომლებსაც მიაქვთ შეგრძნებები თავის ქალას კანიდან, ქალას გარე და შიდა სისხლძარღვებიდან, მენინგეალური გარსიდან, სახიდან, კისრიდან, ყურებიდან თვალებიდან და ყელიდან. ნერვების ტკივილმგრძნობიარე დაბოლოებები, ნოციცეპტორები, თავის ტკივილის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებენ (ისეთებზე, როგორიც არის სტრესი, ზოგიერთი საკვები, სუნი, მედიკამენტი) და იმპულსებს სამწვერა ნერვის საშუალებით გზავნიან თალამუსში. ეს უკანასკნელი აკონტროლებს ორგანიზმის მგრძნობელობას სინათლისა და ხმაურის მიმართ და გზავნის იმპულსებს ტვინის სხვა ნაწილებისკენ, რომლებიც აცნობიერებენ ტკივილს და უზრუნველყოფენ ემოციურ პასუხს. შესაძლოა, პროცესში ტვინის სხვა ნაწილებიც ჩაერთონ, რაც გულისრევის შეგრძნებას, პირღებინებას, დიარეას, კონცენტრაციის დარღვევას და სხვა ნევროლოგიურ სიმპტომებს გამოიწვევს.
ექიმთან ვიზიტს მოითხოვს:
. თავის უეცარი, მწვავე ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდულობა (დაჭიმულობა, როდესაც თავის დახრა მტკივნეული და შეუძლებელია);
. თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება;
. თავის ტკივილთან ერთად ცნობიერების არევა, სისუსტე, მხედველობის გაორება, ან ცნობიერების დაკარგვა;
. ტკივილი, რომელიც დღეობით ან კვირაობით გრძელდება და იცვლის ხასიათს;
. განმეორებადი ტკივილი ბავშვებში;
. თავის ტრავმის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი;
. თავის ტკივილი და სხეულის რომელიმე ნაწილში სისუსტე ან მგრძნობელობის დაკარგვა – ეს შესაძლოა ინსულტზე მიანიშნებდეს;
. კრუნჩხვებთან დაკავშირებული თავის ტკივილი;
. თავის ტკივილი და ქოშინი;
. თავის ტკივილი კვირაში ორჯერ და მეტად;
. მუდმივი ტკივილის აღმოცენება, როცა მანამდე ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდა, განსაკუთრებით – 50 წლის შემდეგ;
. თავის ტკივილის აღმოცენება შიდსის ან სიმსივნის ისტორიის მქონე პაციენტებში.
როგორ ისმება დიაგნოზი

ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმს ძალიან დაეხმარება თავის ტკივილის “დღიური“: პაციენტმა უნდა ჩაინიშნოს თარიღი, დღის მონაკვეთი, როდესაც ტკივილი დაიწყო, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა, ასევე – ჰქონდა თუ არა მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის, სუნების მიმართ, რა ფიზიკური აქტივობა უძღოდა წინ ტკივილს, რა წამალი ჰქონდა მიღებული, რამდენ ხანს ეძინა წინა ღამით, ხომ არ გადაუტანის სტრესი ან ძლიერი მღელვარება, ხომ არ გაცივდა, ამინდი ხომ არ შეცვლილა იმ დღეებში, რა ჭამა და დალია უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა (ხომ არ ჰქონდა სხვა დაავადების სიმპტომიც), ოჯახში ვინმეს ხომ არ აწუხებდა მსგავსი პრობლემა. ქალებმა ამ მონაცემებს უნდა დაამატონ, ციკლის მერამდენე დღე აქვთ.
ზოგადი და ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა გამოკვლევებიც: სისხლისა და შარდის ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში – თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრამა.  
დაძაბვის თავის ტკივილი
თავის ტკივილებიდან ყველაზე მეტად დაძაბვის თავის ტკივილია გავრცელებული. იგი გამოწვეულია მხრების, კისრის, თავისა და ყბის კუნთების დაჭიმულობით, რაც ხშირად უკავშირდება სტრესს, დეპრესიას, შფოთვას. დაძაბვის თავის ტკივილი განსაკუთრებით გემუქრებათ, თუ მეტისმეტად მუშაობთ, ცოტა გძინავთ, ცუდად იკვებებით და ალკოჰოლს ეტანებით.
შაკიკი
თუ შაკიკი გაწუხებთ, არ გეგონოთ, რომ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც ამით იტანჯება. აშშ-ში მოსახლეობის 12%-ს შაკიკი აქვს.
შაკიკი სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია. თავის ტვინში დაქსაქსული სისხლძარღვის კედლებში არსებული ნერვული ბოჭკოების გააქტიურება სისხლძარღვების დროებით შევიწროებას იწვევს, სისხლის ნაკადი მცირდება და, შესაბამისად, ტვინი ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადს.
კლინიკური სურათი
შაკიკს განმეორებითი ტკივილი ახასიათებს, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობისაც იყოს. ტკივილი ზოგჯერ პულსირებს და თავში დარტყმის შეგრძნებას იწვევს. ხშირად იგი თავის ცალ მხარეს არის ლოკალიზებული. მკურნალობის გარეშე შეტევა 4-დან 72 საათამდეც კი გრძელდება. შაკიკის სხვა გავრცელებული სიმპტომებია ზემგრძნობელობა სინათლის, ხმაურისა და სუნების მიმართ, აგრეთვე – გულისრევა და ღებინება. ჩვეულმა ფიზიკურმა დატვირთვამ, მოძრაობამ და ჩახველებამაც კი შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს. შაკიკი დილის დაავადებაა. ხშირად იგი გაღვიძებისთანავე იჩენს თავს. ზოგიერთმა გამოცდილებით წინასწარ იცის, როდის ეწყება ტკივილი (მენსტრუაციის წინა პერიოდი, უქმე დღეები დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ). შაკიკის შემდეგ ადამიანი ხშირად გამოფიტული და გადაღლილია, თუმცა შეტევებს შორის პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შეინიშნება.
რა ზრდის შაკიკის რისკს
შაკიკის განვითარების რისკი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს. ის ზოგჯერ ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორებიცაა:
. ამინდის ან გარემო პირობების უეცარი ცვლილება;
. ჭარბი ძილი ან ძილის უკმარისობა;
. ძლიერი სუნები და ორთქლი;
. ემოციები;
. სტრესები;
. გადატვირთვა;
. ხამამაღლი ბგერები ან უეცარი ხმაური;
. ნჯღრევა, რწევა (მაგალითად, ოღროჩოღრო გზაზე ავტომობილში ან გემზე);
. სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა;
. ტრაპეზის გამოტოვება;
. თამბაქოს წევა;
. დეპრესია;
. შფოთვა;
. თავის ტრავმები;
. ნაბახუსევი ;
. მედიკამენტები;
. ჰორმონული ცვლილებები;
. მკვეთრი ან მოციმციმე შუქი;
. წამლის გამოტოვება ან ზედოზირება.
საინტერესოა, რომ შაკიკით დაავადებულთა ნახევარს შეტევა ეწყება ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ. ასეთია უმთავრესად ასპარტამის, ნატრიუმის გლუტანატისა და კოფეინის შემცველი პროდუქტები, ასევე – ღვინო, სხვა ალკოჰოლიანი სასმელები, შოკოლადი, დაძველებული ყველი, ზოგიერთი ხილი, თხილეული, მწნილი, საფუარის შემცველი საკვები, ქიმიკატებით დამუშავებული ხორცის პროდუქტები. ამიტომ თავის ტკივილი მიზეზის დასადგენად საკვების რაციონიც კარგად უნდა გააანალიზოთ.
ვის ემართება შაკიკი

შაკიკი ბავშვებსაც ემართებათ და დიდებსაც, მაგრამ უმეტესად ის ქალების ხვედრია. მათ შაკიკი მამაკაცებთან შედარებით სამჯერ უფრო ხშირად აწუხებთ. დამტკიცებულია შაკიკისადმი გენეტიკური მიდრეკილებაც – დაავადებულთა უმეტესობას შაკიკის ოჯახური ისტორია აქვს. შაკიკი ხშირად ემართებათ ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანებს. თავის მხრივ, შაკიკით დაავადებულებს უფრო მეტად ემუქრებათ დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული დარღვევები, ძილის დარღვევები, ეპილეფსია. ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ შაკიკის წინამორბედი სიმპტომების ერთობლიობა – აურა, მომატებული აქვთ ინსულტის განვითარების რისკი.
ქალებში შაკიკი ხშირად უკავშირდება ჰორმონულ ცვლილებებს; დაავადება თავს იჩენს ორსულობის დროს, პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყებისას, ასევე – ყოველი ციკლის დაწყებამდე. ასეთი ქალების უმეტესობას მენოპაუზის შემდეგ ტკივილები უწყდება და შვებას გრძნობს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ხელოვნურად გამოწვეულ კლიმაქსზე – საკვერცხეების ქირურგიული ამოკვეთის შემთხვევაში შაკიკის სიმპტომები უფრო შემაწუხებელი ხდება.
შაკიკის შეტევების სიხშირესა და ტკივილის ინტენსივობას ზრდის ორალური კონტრაცეპტივების ხმარება. ის კი არა, შესაძლოა, ქალს შაკიკი არც კი აწუხებდეს და მხოლოდ ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ განუვითარდეს.
კლასტერული თავის ტკივილი
თავის ტკივილის ერთ-ერთი საინტერესო სახეობაა კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც, მართალია, იშვიათად გვხვდება, მაგრამ, შაკიკისგან განსხვავებით, უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. იგი დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე, ზუსტად ერთსა და იმავე დროს იჩენს თავს (უმეტესად – დღის პირველიდან ორ ან სამ საათამდე) და ასე გრძელდება დაახლოებით თორმეტი კვირა (საუკეთესო შემთხვევაში კი 4-8 კვირაში გაივლის). ტკივილი ერთბაშად იწყება, წესისამებრ, ლოკალიზებულია თვალის უკან და მის გარშემო და ძალიან ძლიერია. მტკივნეულ მხარეს თვალი და ცხვირი შესაძლოა გაწითლდეს და შეშუპდეს. ზოგჯერ შეინიშნება ცრემლდენა და ცხვირიდან გამონადენიც.
იშვიათად ტკივილი რამდენიმე საათს გასტანს, უმეტესად კი 45-90 წუთს.
შეტევები ზოგჯერ გაზაფხულს ან შემოდგომას ემთხვევა.
სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ ტკივილმა შესაძლოა კვირების, თვეების, წლების განმავლობაშიც კი აღარ შეგახსენოთ თავი.
რა ვიღონოთ
თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ასპირინს, აცეტამინოფენს, იბუპროფენს ან ნაპროქსენს.
ვიდრე გამაყუჩებელს მიიღებდეთ, თვალი გადაავლეთ მის ინსტრუქციას, გაეცანით გვერდით ეფექტებს და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას. თუ კითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით ექიმს ან აფთიაქშივე ჰკითხეთ ფარმაცევტს.
გაითვალისწინეთ: ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ასპირინის მიცემა არ შეიძლება.
უმჯობესია, წამალი დროულად მიიღოთ, ვიდრე ტკივილი ახალი დაწყებულია. თუ გამაყუჩებელმა არ გიშველათ, ოჯახის ექიმს მიაკითხეთ, რომელიც სხვა ჯგუფის პრეპარატს დაგინიშნავთ: ანტიდეპრესანტს, ანტიეპილეფსიურ მედიკამენტს ან ბეტა ბლოკერს. ეს პრეპარატები თავის ტკივილის შეასუსტებს, თუმცა ყოველთვის არ იქნება ეფექტური – მათი ეფექტის მისაღებად ექვსი კვირა და მეტია საჭირო. ძალზე მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით დაცვა.
თუ თავის ტკივილი თვეში სამჯერ და მეტად გაწუხებთ, სასურველია პროფილაქტიკური მკურნალობა: სხვადასხვა პრეპარატის მიღება, სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან ენერგიული სიარული. პროფილაქტიკისთვის ხშირად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას, ზოგ შემთხვევაში კი, პირიქით, სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს უნიშნავენ. მკურნალობის პროცესში (განსაკუთრებით – შაკიკის დროს) შეიძლება ჩაირთოს ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები კალციუმის ბლოკატორები და სხვა.
სხვა საშუალებები
თავის ტკივილი ყოველთვის არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას; არსებობს საშუალებები, რითაც შეგიძლიათ ტკივილს უწამლოდ მოერიოთ. უშუალოდ ტკივილის დროს შეგიძლიათ თავი და კისერი ჩაითბუნოთ, ცხელი შხაპი მიიღოთ, ცხელი სათბური დაიდოთ, რადგან სითბო დაჭიმულ კუნთებს მოდუნებაში ეხმარება, თუმცა ზოგჯერ ყინულის დადებაც ეფექტურია – მას გამაბუჟებელი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ტკივილის შეგრძნება გააყუჩოს. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, თავის ტკივილს რომ გაუმკლავდეთ, ეცადეთ:
. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და დილითაც ერთსა და იმავე დროს ადგეთ;

. ძილსა და დასვენებას საკმაო დრო დაუთმოთ, თუმცა თვის ტკივილს გადაჭარბებული ძილიც იწვევს;
. თავი არიდოთ სტრესს;

. არ გამოტოვოთ დილის საუზმე – შიმშილი ხშირად იწვევს თავის ტკივილს;
. მიირთვათ ერთსა და იმავე დროს;

. ფეხით იაროთ;
. რეგულარულად ივარჯიშოთ. შეგიძლიათ სპორტის სხვა სახეობებთან ერთად გამოიყენოთ იოგა და რელაქსაციაც.
ეცადეთ, პრობლემას დასაწყისშივე მიხედოთ, ვიდრე ის დიდ უსიამოვნებად იქცევა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად