ვასწავლოთ ბავშვებს... დამარცხება!

უცნაური მოწოდებაა, არა?
“როგორ, შვილს დამარცხება ვასწავლო?! პირველობის დათმობა?! წარუმატებლობას შევაგუო?! არავითარ შემთხვევაში!” – იტყვის ზოგიერთი თქვენგანი და სტატიის ბოლომდე ჩაკითხვის სურვილიც არ გაუჩნდება.
მაგრამ თუკი არ დაიზარებთ და მომდევნო სტრიქონებსაც წაიკითხავთ, მიხვდებით, რასაც გულისხმობს სათაური:
ფაქტია, რომ მუდმივად გამარჯვებული ან ყოველგვარ სიტუაციაში ერთმნიშვნელოვნად მოგებული ადამიანი არ არსებობს. გამარჯვება და წარმატება პირობითი და წარმავალი ცნებებია, ისევე, როგორც დამარცხება და წარუმატებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვობიდან ჩამოგვიყალიბდეს სწორი წარმოდგენა როგორც მოგებაზე, ისე წაგებაზე.
ნებისმიერმა მშობელმა საკუთარ შვილთან ურთიერთობის შედეგად იცის, როგორია მოგებაზე ან წაგებაზე ბავშვის რეაქცია.
თუ დააკვირდებით, პატარასთან თამაშის ან “გაჯიბრების” დროს უფროსი უმეტესად ისე წარმართავს პროცესს, რომ წაგებული თავად დარჩეს, მოგების სიხარულით ტკბობა კი პატარა “მოწინააღმდეგეს” დაუთმოს. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, როგორ რეაგირებს ბავშვი გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე სხვა დროს, სხვებთან? გარდა ამისა, შემთხვევით მოპოვებული გამარჯვება, ან უშრომლად, დაუმსახურელად მიღწეული წარმატება ხომ დიდი ვერაფერი მონაპოვარია. აი, წარუმატებლობისა და დამარცხების მედგრად და ღირსეულად გადალახვა და ასევე ღირსეული გამარჯვებისკენ სწრაფვა კი მართლა მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარია ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად.
 ბავშვებს ხშირად უჩნდებათ ერთმანეთთან გაჯიბრების, საკუთარი შესაძლებლობების თანატოლების შესაძლებლობებთან შედარების სურვილი. ბაღში თუ სკოლაში, შინ თუ ეზოში ისინი მუდამ იმის გარკვევას ცდილობენ, ვინ პირველი მოასწრებს თასმების შეკვრას, ვინ დაასრულებს სადილს სხვაზე ადრე, ვინ გაიმარჯვებს საგნობრივ ოლიმპიადასა თუ სასკოლო ვიქტორინაში, ვინ დარბის ყველაზე სწრაფად... ასეთ დროს ჩარევა ან შედეგების წინასწარ მოდელირება, ცხადია, უფროსების ძალებს აღემატება და ისე ხდება, რომ ბავშვი, მოლოდინის მიუხედავად, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე.
გამარჯვება-დამარცხება, სასურველის მიღება, დასახული მიზნის მიღწევა ან მცდელობა – სწორედ ამ საკითხებს გვინდა დავუთმოთ ამჯერად ჩვენი რუბრიკა. ჩვენს შეკითხვებს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი ნანა ჟორდანია უპასუხებს:
– როგორ მოვიქცეთ, რომ ამ არცთუ მარტივ სიტუაციებში ბავშვებს სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შესაძლებლობების, წარუმატებლობის ან გამარჯვების მიმართ?
– აუცილებელია, ყველა მშობელს ესმოდეს: სასათბურე პირობების შექმნა და ბავშვის განრიდება ნებისმიერი ისეთი სიტუაციისგან, სადაც ის შესაძლოა არ აღმოჩნდეს “ყველაზე მაგარი” ან “გამარჯვებული”, მავნეა მისი განვითარებისთვის. უფროსების მიზანი ბავშვების ნებისმიერი შესაძლო პრობლემისგან იზოლირება კი არ უნდა იყოს, არამედ იმის სწავლება, როგორ დაიძლიოს სირთულე. რაც უფრო ადრე დაიწყებთ წარუმატებლობასთან გამკლავების სწორი სტრატეგიის შემუშავებას ბავშვებთან ერთად, მით უფრო გაუიოლდებათ მათ ცხოვრება მომავალში.
– განაპირობებს თუ არა ბავშვის რეაქციას თავად მშობლის მოსალოდნელი ან უკვე კარგად ნაცნობი რეაგირება?
– დადასტურებულია, რომ ბავშვის რეაქცია წაგებასა და წარუმატებლობაზე 90%-ით მშობლების ქცევით არის განპირობებული. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, მნიშვნელოვანია ყველა ასპექტის გათვალისწინება – როგორ იქცევა მშობელი როგორც საკუთარი, ისე შვილისა თუ მესამე პირის წარუმატებლობის შემთხვევაში. თუ მარცხი თქვენთვის ტრაგედიაა და ადანაშაულებთ მოგებულს, ან სხვადასხვა მიზეზს იშველიებთ მარცხის გასამართლებლად, იმავეს გაიმეორებს ბავშვიც და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მან ვერ შეძლო შექმნილი სიტუაციიდან მნიშვნელოვანი და ღირებული დასკვნების გამოტანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაკვეთილი ამაოდ ჩაივლის და წაგება იმედგაცრუებას და უმოქმედობას გამოიწვევს.
– გამოდის, რომ წაგებას, დამარცხებას, წარუმატებლობასაც კი შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარე...
– დიახ, ასეა. ძალიან რომ განვაზოგადოთ, გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება და ადამიანის მსოფლხედვა, რომელიც ბავშვობიდანვე ყალიბდება, ან “უძრავი” და ფიქსირებულია (ერთ ადგილზე გაყინული), ან მოქნილი და დროისა და სიტუაციების შესაბამისად ცვალებადი. “ფიქსირებული” მსოფლშეგრძნების მქონე ბავშვებს გაცილებით მეტად უჭირთ მარცხთან შეგუება, ისინი ადვილად ნებდებიან უიღბლობას, ცდილობენ, უამრავი გარეშე მიზეზი გამოძებნონ დამარცხების გასამართლებლად, აიგნორებენ და სასწრაფოდ ივიწყებენ უსიამოვნებას ან, პირიქით, მეტისმეტად დარდობენ და განიცდნიან.
მეორე მხრივ, ბავშვებს, რომლებსაც შეუძლიათ სიტუაციისა და მოცემულობის ადეკვატურად აღქმა, ცხადია, ასევე აწუხებთ დამარცხება ან წარუმატებლობა, მაგრამ ისინი მეტად არიან ორიენტირებული შეცდომების გამოსწორებაზე და მიღებული გაკვეთილიდანაც უკეთ შეუძლიათ სასარგებლო დასკვნის გამოტანა – რა შეიძლება გამოასწორონ ან შეცვალონ სამომავლოდ. ეს ნიშნავს, რომ ისინი იწრთობიან და ვითარდებიან მიღებული გამოცდილების შესაბამისად და უკეთ ართმევენ თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვი დამარცხების შემთხვევაში იმედგაცრუებული ან სასოწარკვეთილი არ დარჩეს?
– ასეთ დროს მოსალოდნელი და სავსებით ნორმალურია, ბავშვმა გამოხატოს ძლიერი ემოცია – გაღიზიანდეს, გაბრაზდეს, ატირდეს... ნუ ეცდებით ამ ემოციების ჩახშობას. ყვირილიც, ფეხების ბაკუნიც და აღშფოთებაც სავსებით დასაშვებია, თუკი ეს არ გადაიზრდება საკუთარი თავის ან მოწინააღმდეგის შეურაცხყოფაში ან ფიზიკურ აგრესიაში. ამ შემთხვევაში კი, ცხადია, ჩარევა აუცილებელია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთხელ დამარცხების შემდეგ ბავშვი გადაჭრით აცხადებს უარს მსგავს აქტივობაში მეორედ მონაწილეობაზე ან საკუთარ თავში იკეტება და წარმატებისკენ აღარ მიისწრაფის.
ზოგჯერ სიტუაციის განმუხტვის მიზნით მშობლები ცდილობენ თავი ისე დაიჭირონ, თითქოს არაფერი მომხდარა – მერე რა, რა მნიშნელობა აქვს, წააგებ თუ მოიგებ, ეს რა სანერვიულოა. ამგვარი პოზიციაც გაუმართლებელია. ასეთ დროს ის უფრო მნიშვნელოვანია, მშობელმა ბავშვის წუხილი გაიზიაროს. უფრო მეტად მისაღები რეაქცია დაახლოებით ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: “წარმომიდგენია, როგორ განიცდი დამარცხებას...” მოგვიანებით კარგი იქნება სიტუაციის დეტალურად განხილვა და იმ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება, რომელთა გამოსწორებაც ბავშვს ხელეწიფება, ან რომლებიც ვარჯიშისა და მეცადინეობის შედეგად შესაძლებელია აღმოიფხვრას. აუცილებლად აღნიშნეთ და წაახალისეთ შედეგის გაუმჯობესების მცდელობა: “ხედავ, ხუთჯერ არ გამოგივიდა, მაგრამ მეექვსედ უკეთესად გააკეთე”, – და ასე შემდეგ.
– ეს რჩევები პოსტფაქტუმ მდგომარეობას მიესადაგება. შეიძლება თუ არა, ბავშვი წინასწარ შევამზადოთ ცხოვრებისეული სირთულეებისთვის?
– აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ ბავშვთან ურთიერთობას. ხშირად ეთამაშეთ სხვადასხვა თამაში და ნუ ეცდებით, ყოველთვის მოაგებინოთ. არსებობს სპეციალური საკორექციო თამაშიც, რომელიც ძალზე შედეგიანია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან. მეთოდიკა ითვალისწინებს ისეთი თამაშების გამოყენებას, სადაც უფროსს ადვილად შეეძლება პროცესის მართვა (მოძრავი თამაშებიდან – ბურთის დაჭერა, გასწრობანა და სხვა, სამაგიდო თამაშებიდან –  ლოტო, გამოცანები, ფაზლი...). ბავშვს წინასწარ უთანხმებთ წესებს, რომელი შემთხვევა ითვლება მოგებად და რომელი – წაგებად, და იქვე – ერთი მნიშვნელოვანი წესიც: თუ წავაგე – არ ვტირი, ან: თუ წავაგე – თამაშს არ ვწყვეტ (იმის მიხედვით, ქცევის რომელი მოდელის კორექციაა აუცილებელი). ამის შემდეგ იწყებთ თამაშს და თავად არეგულირებთ საკუთარი და ბავშვის წაგებათა რაოდენობას. თამაშის დასასრულს “მოწინააღმეგეები” ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ. აუცილებელია შედეგების გახმოვანებაც: “დღეს მე წავაგე, მაგრამ არ ვტირი (ან: არ შემიწყვეტია თამაში)”, ანდა “დღეს შენ წააგე, მაგრამ ყოჩაღ, რომ თამაში არ შეგიწყვეტია”. მომდევნო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მცდელობისა და წაგების შემთხვევაში ღირსეული საქციელის წახალისება. ამგვარი ინტერაქტივით მტკიცდება წაგებისა და მოგებისამდი სწორი დამოკიდებულება და მოსალოდნელია, რომ ბავშვმა ქცევის ამგვარი მოდელი სხვებთან ურთიერთობაშიც გადაიღოს.
ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთიერთობის დროს მასთან ისე საუბარი, თითქოს იგი თქვენი მეგობარი, თანატოლი იყოს. თავისუფლად და ზედმეტი იწილო-ბიწილოს გარეშე ესაუბრეთ მას მისთვის საინტერესო თემებზე, გაიხსენეთ საკუთარი გამოცდილებაც. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება ან მაღალი შეფასება წარმატების ერთადერთ საზომი არ არის. გულმოდგინე მცდელობა და მიზნის მისაღწევად გამოყენებული ნებისმიერი ღირსეული საშუალება ისევე დასაფასებელია, როგორც პირველი ადგილი და გამარჯვება. ასე ბავშვი შეძლებს შეინარჩუნოს მაღალი თვითშეფასება (ოღონდ არა გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, რასაც უცილობლად იწვევს ზედმეტი ან დაუმსახურებელი ქება-წახალისება) და ღირსეულად მიიღოს ცხოვრებისეული გამოწვევები.
სტატიის დასასრულს მინდა, თქვენი ყურადღება რამდენიმე ტრაფარეტულ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფორმულირებაზეც შევაჩერო. ჩვენ ხშირად გვესმის და თავადაც ვამბობთ ხოლმე გასამხნევებლად: “წაგება და მოგება ძმები არიან”, ან “გაიმარჯვა მეგობრობამ !” ვფიქრობ, არც ერთი ეს ფრაზა არ შეიცავს იმ ჯადოსნური სიტყვებს, რომლებსაც ერთ ხელის მოსმით შეუძლია პრობლემის გაცამტვერება. კაცმა რომ თქვას, ასეთი გამამხნევებელი რეცეპტი საერთოდ არ არსებობს, რადგან უმთავრესი ისაა, რომ გვახსოვდეს: წარმატებისთვის ცალკე აღებული წაგება ან მოგება როგორც ფაქტი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მათდამი დამოკიდებულება და სწორი დასკვნების გასმოტანის ხელოვნება.
“ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში ცხრა ათასზე მეტი ბურთი ავაცილე მიზანს, სამას მატჩზე მეტი წავაგე, ოცდაექვსჯერ მომანდეს გადამწყვეტ მომენტში ბურთი, რათა კალათში ჩამეგდო და გუნდი დამარცხებისგან მეხსნა და ოცდაექვსჯერვე ავაცდინე. მედგრად და უდრეკად ვიტან მარცხს მარცხზე და სწორედ ამიტომ ვარ ჩემპიონი!“ – ეს სიტყვები ლეგენდარულ კალათბურთელს მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის. ადამიანს, რომელსაც სწორედ წარუმატებლობისა და მარცხისადმი მართებულმა დამოკიდებულებამ მოუტანა მსოფლიო აღიარება და მრავალი გამარჯვება.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად