ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფსიქოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N82

ყურადღების დეფიციტის სინდრომი



 სკოლიდან დავბრუნდით, ვისადილეთ, – დროა, წიგნებს მივუსხდეთ, მაგრამ ჯერ ათასი საქმე გამოგვიჩნდება განსახილველი, მერე ხან რვეულს ვკარგავთ, ხან – კალამს; როგორც იქნა, ვსხდებით, მაგრამ წამდაუწუმ ვპოულობთ მეცადინეობის შეწყვეტის საბაბს: ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ეზოში ვინ გაიარა, მერე ხეზე აცოცებული ფისუნიას ბედი გვაწუხებს, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ზუსტად არ გვახსოვს, რომელი სავარჯიშოს დაწერა დაგვავალეს.... ნაცნობი სიტუაციაა, არა? ბავშვები ჩვენც ვყოფილვართ, მეცადინეობაც დაგვზარებია, ათასი საბაბიც გვიპოვია “თავის საშველად“, როცა ერთ ადგილზე ჯდომას ეზოში ნავარდი გვერჩივნა... არც შვილის ცუღლუტობაა საგანგაშო, თუ ეს მართლა ცუღლუტობაა და არა კლინიკური დიაგნოზი. დიახ, ბავშვის ეს თითქოსდა ბუნებრივი მოუსვენრობა შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის გამოვლინება იყოს და პატარას საგრძნობლად ურთულებდეს ცხოვრებას, მშობლების ჩიჩინი და საყვედურები კი მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებდეს. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად დახმარება ბავშვთა ნევროლოგსა და ფსიქოლოგს ვთხოვეთ.
მაია გაბუნია, “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” პროფესორი:
– თანამედროვე მედიცინა ამ მდგომარეობას ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD – Attention Deficit Hyperactivity Disorder) უწოდებს. ის ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული განვითარების აშლილობაა. ქცევის ამ ტიპის დარღვევას სკოლის ასაკის ბავშვთა 3-9%-ში ვხვდებით და მოსწავლეთა მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს ყველაზე ხშირად ამ მიზეზით მოგვმართავენ. ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მსგავსად, ADHD სინდრომიც ვაჟებში სამჯერ უფრო ხშირია, თუმცა ამ ფარდობის გარკვეული ცდომილება მოსალოდნელია, რადგან გოგონებში ჭარბობს მხოლოდ უყურადღებობის სიმპტომებით მიმდინარე შემთხვევები, რომლებიც ყურადღებას ნაკლებად იპყრობს და დიაგნოზის დასმაც გვიანდება.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა მოუსვენარი და ანცი ბავშვის მშობელმა სჯობს ექიმს მიაკითხოს?
– თუ ეჭვი გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჯობს, ის სპეციალისტს ან პედიატრს მაინც გავუზიაროთ. მოუსვენრობა, უყურადღებობა, დაუფიქრებლობა მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვს ახასიათებს და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ მაშინ, როცა რომელიმე ეს სიმპტომი (ან სიმპტომთა ნებისმიერი კომბინაცია) იმდენად არის გამოხატული, რომ ბავშვს თანატოლებისგან მკვეთრად გამოარჩევს და ხელს უშლის გაკვეთილების მოსმენასა და გააზრებაში, როცა მისი ნიშნები მკვეთრად ჩამოუვარდება მისსავე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და თანატოლებთან ურთიერთობაც უჭირს, ADHD აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ. გარდა ამისა, სინდრომი რომ დავარქვათ, აუცილებელია, სიმპტომებმა 7 წლამდე იჩინოს თავი, მჟღავნდებოდეს ბავშვის ცხოვრების ორ სფეროში მაინც (მაგალითად, სკოლაში და შინ, შინ და სათამაშო მოედანზე) და ქრონიკული ხასიათი ჰქონდეს (6 თვეზე მეტხანს გრძელდებოდეს).
– რა ნიშნებით ვლინდება აღნიშნული სინდრომი? რამ შეიძლება მიიქციოს მშობლის ყურადღება?
– ქცევის დარღვევები შეგვიძლია სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:
- უყურადღებობა: გაფანტულობა, დეტალების მიმართ უყურადღებობა და დავალების შესრულებისას ხშირი შეცდომა, ასაკის შესაბამის უნართან შედარებით ინსტრუქციის გაგების სიძნელე, გარკვეული ხნით ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბოლომდე მიყვანის პრობლემები, რუტინული საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, გულმავიწყობა;
- ჰიპერაქტიურობა: ზოგადი მოუსვენრობა, მოჭარბებული მოტორული აქტივობა, გაუჩერებლად ლაპარაკი, ერთ ადგილზე გაჩერების სიძნელე;
- იმპულსურობა: მოუთმენლობა, რიგითობის დაცვის სიძნელე, გაუაზრებელი მოქმედება საკუთარი სურვილის მყისიერად შესრულების მიზნით.
იმისდა მიხედვით, ამ სამი ჯგუფიდან რომლის სიმპტომები მეტად არის გამოხატული, ვსაუბრობთ უპირატესად ყურადღების დეფიციტის, უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსურ და კომბინირებულ ტიპებზე. ისიც შეიძლება, ასაკის მატებასთან ერთად სინდრომის ტიპი შეიცვალოს: სკოლამდელ ასაკში ჭარბობდეს ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობა, დაწყებით კლასებში შეინიშნებოდეს  სინდრომის ყველა ძირითადი სიმპტომი, ხოლო  მოგვიანებით – მხოლოდ უყურადღებობა.
– ADHD სინდრომი მხოლოდ ბავშვებს  ახასიათებთ?
– უკანასკნელ დრომდე სინდრომი მხოლოდ ბავშვთა ასაკის დარღვევად განიხილებოდა,  თუმცა დაგროვდა მონაცემები, რომ ADHD-ის მქონეთა 30-75%-ს სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც უვლინდება, ზოგჯერ კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ადამიანს წლობით აქვს, დიაგნოზს მხოლოდ ზრდასრულ ასაკში სვამენ.
– ცნობილი თუა, რა იწვევს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს?
– ვარაუდობენ, რომ ADHD-ს ჩამოყალიბებაში მრავალ ფაქტორს მიუძღვის ბრალი. განსაზღვრულ როლს უნდა ასრულებდეს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორები: ინფექცია, ტყვიით ინტოქსიკაცია, ნაყოფზე ალკოჰოლისა და ნიკოტინის ზემოქმედება. სისხლით
 ნათესავებში სინდრომის მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირე გენეტიკურ ფაქტორზე მიუთითებს, შესაბამისი გამოკვლევებიც სინდრომის მემკვიდრეობითი გადაცემის მაღალ ალბათობას (75-80%) ადასტურებს.
მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სინდრომის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ნაწილის (შუბლის წილის წინა ნაწილის – ე.წ. პრეფრონტალური არის) სისუსტე და შუბლ-ქერქქვეშა ნეირონული კავშირების ფუნქციური არასრულფასოვნება. პრეფრონტალური ქერქის, განსაკუთრებით – მისი მარჯვენა ნახევრის, ფუნქცია ყურადღების რეგულაცია ანუ ყურადღების შენარჩუნება, მისი გადატანა და მოთხოვნის შესაბამისად განაწილებაა. თავის ტვინის იმავე უბანში ხდება მოქმედების დაგეგმვა მიზნის მისაღწევად და ქცევისა და იდეის  ორგანიზება. შუბლ-ქერქქვეშა ნერვული კავშირების არასრულფასოვნება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – კატექოლამინების – არასწორი გადანაწილება ყურადღების პროცესების დარღვევას იწვევს. ძნელდება მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო სტიმულების ერთმანეთისგან გარჩევა და მათზე ადეკვატური პასუხის უნარი, უმნიშვნელოს იგნორირება, მნიშვნელოვანზე კი სათანადო პასუხის შერჩევა და მომზადება და აგზნების კერის საკმარისი ხნის შენარჩუნება. ქერქის დამთრგუნველი ზემოქმედების შესუსტება კი იწვევს რეაგირებას ისეთ სტიმულებზეც, რომლებიც მოქმედებას არ მოითხოვს და ამ უკანასკნელის შედეგად იმატებს იმპულსური და ჰიპერაქტიური ქცევა. თანამედროვე მეთოდებით მიღებული მონაცემები ამ ჰიპოთეზების მართებულობას ამტკიცებს. იმავეზე მიუთითებს ფსიქოსტიმულანტების ეფექტურობა ADHD სინდრომის დროს. ამ ჯგუფის მედიკამენტები კატექოლამინების უკუშეწოვის პროცესებს ანელებს, რის გამოც მათ ნერვულ დაბოლოებებზე უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება უხდებათ.
– როგორ ხდება ADHD სინდრომის დიაგნოსტიკა?
– ლაბორატორიული ტესტი, რომლითაც სინდრომს დავადგენდით, არ არსებობს. დიაგნოზი ქცევის დარღვევების შეფასების საფუძველზე დაისმის, ეს კი საკმაოდ სუბიექტურია. დიაგნოზს ერთი ექიმი კი არა, მულტიდისციპლინური გუნდი: პედიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, პედაგოგი, – და თუ საჭიროა სხვა სპეციალისტებიც: ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტი, – სვამენ; ზუსტი დიაგნოზი და თანმხლები დაავადების არსებობის შეფასება მოითხოვს მრავალი მიდგომის გამოყენებას და მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
ADHD სინდრომის დიაგნოზი, როგორც აღვნიშნეთ, მოითხოვს სირთულეების დადასტურებას ბავშვის ფუნქციობის სულ მცირე ორ სფეროში. ამიტომაც ინფორმაცია უნდა შეგროვდეს რამდენიმე წყაროდან, კლინიკური ინტერვიუსა და ქცევის შეფასების სპეციალური კითხვარის გამოყენებით. ეს არის სპეციალური კითხვარები, მინიმუმ, ბავშვის ქცევის შესახებ მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  მონაცემებს ბავშვის აკადემიური მოსწრების შესახებ. აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ სხვა დაავადებები, რომლებიც ამგვარადვე ვლინდება და დავადგინოთ, ხომ არ აქვს ბავშვს სხვა ფსიქიკური გადახრებიც. ADHD-ს ხშირად  ახლავს თან ოპოზიციურ-გამომწვევი აშლილობა, ქცევითი აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, გუნება-განწყობის აშლილობა,  დასწავლის უნარის დარღვევები.
– როგორ მკურნალობენ ADHD სინდრომს?
– თანამედროვე მედიცინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავა. ძირითადი ნაწილი ფსიქოლოგიურ ტექნიკებსა და მიდგომებს მოიცავს. მედიკამენტებიდან კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ფსიქოსტიმულანტებია მოწოდებული. მათი ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება. სხვა ჯგუფის მედიკამენტები ამ პათოლოგიის სამკურნალოდ მოწოდებული არ არის.
განვითარებულ ქვეყნებში ძალზე ხშირია სინდრომის მართვაში ერთადერთ და პირველი რიგის მკურნალობად მედიკამენტური საშუალებების გამოყენება და ეს მართვის ერთ-ერთ საკამათო საკითხად მიიჩნევა. მსოფლიოში წარმოებული ფსიქოსტიმულანტების 80%-ს აშშ-ში მოიხმარენ. როგორც პრაქტიკულად ყველა მედიკამენტი, გვერდითი მოვლენებისგან არც ფსიქოსტიმულანტები არიან დაზღვეულნი. მათი გამოყენება ექიმის მუდმივ ზედამხედველობას მოითხოვს.
ამჟამად არსებული საუკეთესო კლინიკური მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ ის შემთხვევები წარმოადგენს სტიმულანტების გამოყენების ჩვენებას, როცა არსებობს საშუალო ან მძიმე პრობლემები ორ სხვადასხვა გარემოში (მაგალითად, სკოლასა და ოჯახში), ანუ ბავშვი, რომელსაც აქვს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი უპირატესად ყურადღების დეფიციტით და სერიოზული აკადემიური პრობლემები როგორც გაკვეთილზე, ისე საშინაო დავალების მომზადებისას, სტიმულანტის დანიშვნის კანდიდატია. ასეა თუ ისე, საქართველოში ფსიქოსტიმულანტები ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის (თუმცა გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებენ). შესაბამისად, არც ამ პრეპარატების გამოყენების გამოცდილება გვაქვს.
ასეა თუ ისე, უნდა გვახსოვდეს, რომ სინდრომის მკურნალობა მულტიმოდალური უნდა იყოს – მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე სფეროს და მხოლოდ წამლის იმედად არ უნდა დავრჩეთ.


ნათია ჩოჩუა, ბავშვთა ფსიქოლოგი:
– მიუხედავად ნევროლოგიური თუ გენეტიკური საფუძველისა, გროვდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ფსიქოლოგიური ტექნიკები, ქცევის მოდიფიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია და ამ სინდრომის მქონე პატარებს ინტელექტუალური პოტენციალის გამომჟღავნებაში ეხმარება. დამტკიცდა, რომ ბავშვები, რომლებიც სათანადო დახმარებას იღებენ მასწავლებლების, მშობლებისა და ექიმისგან, გაცილებით იოლად სძლევენ პრობლემებს და უკეთ ეგუებიან სასკოლო გარემოს.
ბავშვის ინდივიდუალური პრობლემების გათვალისწინებით ფსიქოლოგები ინდივიდუალურ გეგმას ვადგენთ და იდეალურ შემთხვევაში ვმუშაობთ არა მარტო ბავშვთან, არამედ მშობლებთან, პედაგოგებსა და იმ მოზრდილებთან, ვისთანაც
 ბავშვს ურთიერთობა აქვს. ქცევის მოდიფიკაცია, სწავლისა და განვითარებისთვის სასურველი გარემოს შექმნა მხოლოდ ბავშვის კი არა, მის ირგვლივ არსებული ყველა უფროსის ქცევის შეცვლას მოითხოვს, ამიტომ ფსიქოლოგის  რჩევები უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ ბავშვმა, არამედ, პირველ რიგში, მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციამ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოზრდილებს ბავშვის ქცევის მიმართ სწორი, ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ, არც აზვიადებდნენ პრობლემას და არც ზედმეტად ამარტივებდნენ. მშობელი, პედაგოგი და ფსიქოლოგი ერთმანეთთან უნდა უნდა თანამშრომლობდნენ. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლება. ბუნებრივია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციები სხვადასხვანაირია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ზოგად საკითხზე შევჩერდებით, რომელთაც ADHD-ის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, თუმცა მათი უმრავლესობა ამ სინდრომის არმქონე ბავშვებისთვისაც ძალიან სასარგებლოა:
- შეუქმენით შესაფერისი გარემო. საკლასო ოთახში ADHD სინდრომის მქონე ბავშვი ფანჯრისა და კარებისგან მოშორებით, მასწავლებლის მაგიდის სიახლოვეს, მშვიდი, წარმატებული თანაკლასელის გვერდით დასვით, სახლში მყუდრო, გარეშე სტიმულებისგან მაქსიმალურად დაცული სამეცადინო კუთხე მოუწყვეთ, სასურველია, ისეთი, სადაც ბავშვი მხოლოდ მეცადინეობს და ყველა საჭირო ნივთი ხელთ აქვს.
- შეადგინეთ დღის რეჟიმი. დაგეგმეთ ყოველდღიური აქტივობები. განრიგში გაითვალისწინეთ დრო საშინაო დავალებებისა და თამაშისთვის (როგორც შინ, ასევე გასეირნებისას). განრიგი მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. თუ ცვლილებას შეიტანთ, ეს წინასწარ აცნობეთ ბავშვს, რათა სიახლე მისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს.
- მოაწესრიგეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები. თავ-თავისი ადგილი მიუჩინეთ ყველა ნივთს (ტანსაცმელს, სასკოლო ნივთებს, სათამაშოებს). სკოლაში წასვლის წინ შეუმოწმეთ, უდევს თუ არა ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი.
- შემოიღეთ წესები, ჩამოწერეთ და მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას მოელიან მისგან.
- შემოიღეთ შეზღუდვები: ეს არ არის სასჯელი; შეზღუდვა აკავებს და აწყნარებს ბავშვს. გამოიჩინეთ თანამიმდევრულობა და თავდაჯერება. ნუ ჩაერთვებით რთულ დისკუსიებში, ისინი მხოლოდ ყურადღებას უფანტავენ ბავშვს.
- გაუმეორეთ ინსტრუქციები. რამდენიმეჯერ გაუმეორეთ ბავშვს, რის გაკეთებას ითხოვთ მისგან.
-გაუმარტივეთ რთული დავალებები. რთული, გრძელი დავალება ბავშვს უჩენს განცდას, რომ მას ვერასოდეს გაართმევს თავს, ამიტომ მის შესრულებას არც კი ცდილობს. როდესაც დავალება მცირე ნაწილებადაა დაყოფილი, ცალკეული მონაკვეთების შესრულება უფრო ადვილია. ხშირად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. დავალების გამარტივება და ნაწილებად დაყოფა ბავშვს საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს, ყოველი წარმატებული საფეხურის შემდეგ შექება კი პატარას კიდევ უფრო აუმაღლებს თვითშეფასებას. შეაქეთ ბავშვი ყოველი კარგად შესრულებული დავალებისათვის და გახსოვდეთ, “კარგი” არ ნიშნავს “სრულყოფილს”.
- ასწავლეთ სწავლა: აქტიურად გამოიყენეთ დასწავლის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ხმამაღალი კითხვა, კონსპექტის გაკეთება, გეგმის ჩამოყალიბება; მიაჩვიეთ სამუშაოს დაგეგმვასა და ორგანიზებას.
.  მიეცით ბავშვს შესვენების საშუალება. დაე, თუ სჭირდება, ოთახიდანაც გავიდეს. ეს მას თვითკონტროლის გამომუშავებაში დაეხმარება.
- უყურეთ თვალებში. ხშირი ვიზუალური კონტაქტი დაგეხმარებათ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვი “რეალობას დაუბრუნოთ”. ზოგჯერ მზერასაც კი შეუძლია ბავშვის დაწყნარება.
- ყოველთვის შეაფასეთ მისი საქციელი. დაეხმარეთ ბავშვს უკეთ გაიგოს, რას ელით მისგან და მიაღწია თუ არა მან სასურველ შედეგს. აღნიშნეთ მისი ყოველი კარგი საქციელი, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის.
- თვალი ადევნეთ ბავშვის წარმატებებს და აღნიშნეთ ისინი. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები იმდენ წარუმატებლობას განიცდიან, რომ მათთვის ყოველი დადებითი რეაქცია მნიშვნელოვანია. ქება არასოდეს არის ზედმეტი. ბავშვებს მოსწონთ, როდესაც აქებენ, უამისოდ მათი თვითშეფასება უფრო მეტად ეცემა, ამიტომ ეცადეთ, ქების უმნიშვნელო საბაბიც კი გამოიყენოთ.
- იყავით თანამიმდევრული. ბავშვს დანაპირები ყოველთვის აუსრულეთ. მითითებებისა და დავალებების ბევრჯერ გამეორებას არავითარი აზრი არ აქვს. თუ ბავშვი არღვევს წესებს, ზედმეტად ნუ უყვირებთ, მხოლოდ ერთხელ უთხარით, რომ უკმაყოფილო ხართ და დასაჯეთ იგი ისე, როგორც დაჰპირდით (ეცადეთ, არ გამოიყენოთ ფიზიკური დასჯის მეთოდი – ეს ხშირად მდგომარეობას აუარსებს. ფსიქოლოგები გვთავაზობენ დასჯის შემდეგ მეთოდებს: პრივილეგიების ჩამორთმევას, ტაიმ-აუტს და სხვა. ამ ცოტა ხნის წინ მათ შესახებ დაწვრილებით ვწერდით – იხ. “ავერსი” #3 (76), 2011).
- გახალისდით, მიეცით თავს მოდუნების საშუალება. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები ენერგიით არიან სავსე და ვერ იტანენ მოწყენილობას. ისინი ყოველთვის ენთუზიაზმით რეაგირებენ სიახლეებზე, ამიტომ ეცადეთ, იყოთ ენერგიული, მხიარული, თუმცა დროული ჩარევით უნდა შეძლოთ სიტუაციის მართვაც, რათა ბავშვს ზედმეტი აღგზნების საშუალება არ მისცეთ.
- ჩართეთ ბავშვი ფიზიკურ ვარჯიშებში. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ფიზიკური ვარჯიშია. ის მათ ჭარბი ენერგიის დახარჯვაში ეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ფიზიკურმა აქტივობამ ბავშვს სიამოვნება მიანიჭოს. მაშინ ის მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცევა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად