კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა

ადამიანს მუდამ რაღაცის ეშინია. გასულ საუკუნეში საყვარელი საფრთხობელა რუსულ-ამერიკული ურთიერთობა, ცივი ომი და ატომური ბომბი იყო, კიდევ უფრო ადრე – ინფექციური დაავადებები, ათასობით, ათიათასობით ადამიანს რომ ავლებდა მუსრს... ძველი შიშები მეტ-ნაკლებად დაძლეულია. სამაგიეროდ, არავინ არ იცის, რა მოუხერხოს ახალს – კლიმატის ცვლილებას, თუმცა ზოგიერთს თუ მისი ხსენებაც თავზარს სცემს, ზოგისთვის ის მითი უფროა, ვიდრე რეალური საფრთხე.

კლიმატის ცვლილებას ბევრი მეტისმეტად მაღალ ტემპერატურასთან აიგივებს. სინამდვილეში ძლიერი სიცხე ათტომეულის მხოლოდ ერთი ტომია. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს: ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების (საკვების, საწვავის...) მწვავე დეფიციტსაც კი.
 გლობალური საფრთხე რომ ყოველი მხრიდან გვიტევს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წამდაუწუმ გვახსენებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რეალურად რას წარმოადგენს იგი, რატომ გვემუქრება და როგორ დავიცვათ მისგან თავი. ამ შეკითხვებზე ძალზე მოკლე პასუხებს გაგცემთ, თუმცა მალევე განვავრცობთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ინტრიგის მოლოდინშია.
თავდაპირველად დაგამშვიდებთ – კლიმატი ცვლილებას მუდამ განიცდიდა. “უჩვეულოდ ცხელი” ზაფხული ნებისმიერ საუკუნეში იქნებოდა, მაგრამ ეს პრობლემა იმ დროისთვის დიდად არავის აწუხებდა – მეცნიერები ჯერ კიდევ ვარსკვლავებს ითვლიდნენ და არამც და არამც არ სურდათ დაჯერება, რომ დედამიწა მრგვალი იყო და თანაც ბრუნავდა. კლიმატის ცვლილებასა და გლობალური დათბობაზე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ალაპარაკდნენ, სწორედ იმ დროიდან, როდესაც მთელი მსოფლიოს ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. საწარმოო-ტექნიკური რევოლუციის კვალდაკვალ გაუარესდა გარემო: დაბინძურდა ატმოსფერო, გათხელდა ოზონის შრე... ამ ცვლილებებმა კლიმატზეც მოახდინა გავლენა და საბოლოოდ გლობალური დათბობა მოგვიტანა. გლობალური – იმიტომ, რომ მთელი დედამიწა მოიცვა, დათბობა კი იმიტომ, რომ წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მთელი წლის ტემპერატურის მაჩვენებლებს გადავავლებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ ზოგიერთი დღის განმავლობაში გაცილებით მაღალი ტემპერატურა აღირიცხებოდა და ასეთი დღეების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იყო.
როგორც უკვე გითხარით, კლიმატის ცვლილებას, გარდა ტემპერატურის მატებისა, სხვა უსიამოვნებებიც ახლავს თან, მაგრამ მოდი, ჯერ მაინც გლობალურ დათბობაზე ვისაუბროთ.
ზაფხულში ყოველთვის ცხელა, მაგრამ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, პაპანაქება სიცხე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო შეინიშნება. დედამიწაზე ტემპერატურის მატებას კი ასე ხსნიან: წარმოიდგინეთ მინის სათბური, სადაც მზის სხივები შედის, მაგრამ უკან ვეღარ გადის, შენობაში რჩება და მცენარეებს ათბობს. დედამიწასაც სწორედ ასე დაემართა: ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესის შედეგად ატმოსფეროში ბევრი მავნე აირი გამოიტყორცნება, რომლებიც ოზონის შრის ქვეშ იყრის თავს. მზის სხივები, ისევე როგორც სათბურის კედლებიდან, ოზონის შრიდანაც აღწევს ჩვენამდე, ათბობს დედამიწას, მისი ზედაპირიდან აიტყორცნება და უკან გაღწევას ლამობს. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა, დედამიწის ზედაპირიდან ასხლეტილი სითბო ოზონის შრის გავლით უკანვე რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ატმოსფეროში დაგროვილი მავნე ნივთიერებები მათ ბოჭავენ და გასაქანს არ აძლევენ. ასე გროვდება სითბო დედამიწის გარშემო, რაც ჰაერის გავარვარებას და კლიმატის ცვლილებას იწვევს.
დედამიწის გარშემო ტემპერატურამ იმდენად იმატა, რომ მყინვარებმა დნობა იწყო, ოკეანეებმა კი ადიდება. ამ უკანასკნელი კლიმატური სასწაულის მიზეზი, სავარაუდოდ, დამდნარი თოვლია. ამას ისიც ემატება, რომ წყალმა ძლიერი აციდიფიკაცია განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოკეანე მჟავე ნივთიერებებით აივსო (ატმოსფეროში არსებული არასასურველი ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი მჟავები წვიმამ ოკეანეში ჩარეცხა). თითქოს არაფერი, მაგრამ ეს წყლის ბინადრების სიცოცხლისუნარიანობაზე აისახა... მეცნიერულ წიაღსვლებს რომ მოვწყდეთ, გეტყვით: მეტისმეტი სითბო მხოლოდ ოკეანეში მცურავ ვეშაპებსა და ზვიგენებს კი არა, ადამიანსაც ვნებს.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ექიმს ასეთი დიაგნოზი დაესვა: “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კუჭის წყლული”. მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილებას სულ უფრო მეტ დაავადებებს უკავშირებენ. პირველ ადგილზე ტრავმატიზმია. ეს გასაგებია: ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მრავალი ადამიანი იღებს ტრავმას. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერები ცდილობენ, კლიმატის ცვლილებას ისეთი პათოლოგიებიც დაუკავშირონ, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ძუძუს კიბო, ალერგია... გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან კავშირი ასე გამოიკვეთა: მეტისმეტად ცხელ დღეებში, რომლებსაც კლიმატოლოგები “სიცხის ტალღებს” უწოდებენ, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების რისკი. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც ჩატარდა კვლევა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებათა უმეტესობა, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში აღირიცხა, სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებით იყო გამოწვეული. ამ დაავადებების გამო განხორციელებულ გამოძახებათა მეორე პიკი თებერვალზე მოდიოდა, განსაკუთრებით კი იმ დღეებზე, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა. ერთი სიტყვით, აშკარაა – გულ-სისხლძარღვთა სისტემა მძაფრად განიცდის ტემპერატურის ყოველგვარ ცვლილებას. ტემპერატურის ცვლილება კი კლიმატის ცვლილების განუყრელი ნაწილია.
კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ნუსხაში მოხვდა დიარეაც. კავშირი, ალბათ, იოლი მისახვედრია: მაღალ ტემპერატურაზე ტოქსიკოინფექციის რისკი იზრდება. უფრო გლობალურად მოაზროვნე ადამიანები სხვა მიზეზსაც ასახელებენ: წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო ასე გახშირდა, ირღვევა სუფთა წყლით მომარაგების მექანიზმი, მწყობრიდან გამოდის კანალიზაცია, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა დიდი ჯგუფები იძულებულნი არიან, მცირე ზომის შენობებში დაბინავდნენ, რაც ინფექციის გავრცელებას აადვილებს.
ალერგია რომ ალერგიაა, იმასაც კი გლობალურ დათბობას უკავშირებენ: თურმე მეტისმეტად თბილი და ხანგრძლივი ზაფხული ზოგიერთი მცენარის ყვავილობას ახანგრძლივებს, ხოლო თუ ადამიანს ამ მცენარის მტვერზე აქვს ალერგია, ცხადია, ცხვირცემინება და ცრემლდენა გაცილებით მეტხანს შეაწუხებს.
რაკი კლიმატის ცვლილება ჰაერის დაბინძურებასა და ტენიანობის მომატებასაც უკავშირდება, არც ასთმის გახშირება უნდა იყოს გასაკვირი...
შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები კლიმატის ცვლილებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ურთიერთკავშირსაც კი მოწმობს.
2003 წლის ზაფხულში ”სიცხის ტალღების” დროს ევროპაში 35 000 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან მხოლოდ საფრანგეთში – 14 800. გარდაცვლილთა უმრავლესობა მოხუცი, ბავშვი, ქრონიკული დაავადების მქონე და უსახლკარო იყო. დიახ, ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა კლიმატის სიურპრიზების მიმართ.
ლეტალური შედეგის მთავარი მიზეზი მაღალი ტემპერატურის დროს განვითარებული სითბური დაავადებაა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში – მოთენთილობასა და უღონობას, ხოლო მძიმე შემთხვევაში სითბურ დაკვრას, კომას და სიკვდილს იწვევს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, დროულად რომ მომზადებულიყვნენ, საზოგადოება მოსალოდნელი პაპანაქების შესახებ გაეფრთხილებინათ და ესწავლებინათ, როგორ დაეცვათ თავი გადახურებისგან, ამგვარი შედეგის თავიდან აცილება იოლად მოხერხდებოდა.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წინასწარი შეტყობინების სამსახურები. ისინი მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობენ და ამინდის პროგნოზს აკეთებენ, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ხალხს ატყობინებენ და განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებზე ზრუნავენ – მედ. პერსონალი გულით ავადმყოფებს, მოხუცებსა და ბავშვებს განსაკუთრებულად მეთვალყურეობს, ხოლო სასწრაფო სამედიცინო სამსახური საგანგებო რეჟიმით მუშაობაზე გადადის.
არ გეგონოთ, “სიცხის ტალღებისგან” თავის დაცვა განსაკუთრებულ ფილოსოფიას მოითხოვდეს. რეკომენდაციები, რომლებსაც წინასწარი შეტყობინების სამსახურები იძლევა, მარტივზე მარტივია: თუ ტემპერატურა ზღვარს გადააჭარბებს, ქუჩაში სიარულს მოერიდეთ, შენობაში დარჩით, დახურეთ ფანჯრები, ფეხები გრილ წყალში ჩაყავით, თუ პაპანაქებამ ქუჩაში მოგისწროთ და თავშესაფარი ვერ იპოვეთ, მოძებნეთ წყალი, დაასველეთ ხელსახოცი და თავზე შემოიხვიეთ.
2004 წელს, “სიცხის ტალღების” მორიგი შემოტევის დროს, ეს ბანალური რჩევები ევროპას ძალზე გამოადგა.

სიცხე-პაპანაქება
სულ ცოტაც და პაპანაქება სიცხეს დაიჭერს. ამ  საზაფხულო განსაცდელის გადატანაში რამდენიმე მარტივი რჩევა დაგვეხმარება:
. სვით წყალი. ნუ დაელოდებით, როდის მოგწყურდებათ. თუ ფიზიკურად ბევრს არ მუშაობთ, დღის განმავლობაში 2-3 საშუალო ზომის ჭიქა სავსებით საკმარისია. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრის სმის უფლებას არ გაძლევთ, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რამდენის მიღებაა თქვენთვის უვნებელი.
. ნუ დაეწაფებით ალკოჰოლის შემცველ და ტკბილ სასმელებს – მათ შარდმდენი მოქმედება აქვთ და შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიონ. ნურც მეტისმეტად ცივი წყლით მოიკლავთ წყურვილს – გამორიცხული არ არის, კუჭისა და ნაწლავების ჭვალი დაგემართოთ.
. შეივსეთ მინერალების მარაგი. ჭარბი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან მიკრო- და მაკროელემენტები გამოიდევნება. გირჩევთ, მათი მარაგის შესავსებად მინერალური წყალი სვათ. თუ სიცხეში ვარჯიშობთ კიდეც, სვით ფიტნესისთვის განკუთვნილი  სპეციალური წყალი, რომელიც მინერალური ნივთიერებებით არის გამდიდრებული.
. თუ სიცხეში შინ დარჩენას ამჯობინებთ, შეძლებისდაგვარად ხალვათად, გრილად და მსუბუქად ჩაიცვით. თუ შინიდან გასვლას აპირებთ, გირჩევთ, ფართოფარფლებიანი ქუდი დაიხუროთ და სათვალე გაიკეთოთ. ნურც მზისგან დამცავი კრემის წასმას დაივიწყებთ. ამ უკანასკნელს SPF (მზისგან დამცავი ფაქტორის აღმნიშვნელი) ინდექსი 15-ზე მაღალი უნდა ჰქონდეს. წაისვით კრემი შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე, მერე კი – ინსტრუქციაზე მითითებული სიხშირით.
. თუ შინიდან აუცილებლად უნდა გახვიდეთ, ამისთვის დილა ან საღამო შეარჩიეთ. შუადღისას და ნაშუადღევს ქუჩაში სიარულს ერიდეთ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეცადეთ, დაჩრდილულ ადგილას იაროთ. თუ პაპანაქება სიცხეში არა მარტო სიარული, არამედ ვარჯიში ან მუშაობაც მოგიხდათ, გაითვალისწინეთ – ეს ორგანიზმს მეტისმეტად ტვირთავს. თუ შეატყვეთ, რომ დაიღალეთ, მოითენთეთ ან თავბრუ დაგეხვათ, ვარჯიში (ან მუშაობა) შეწყვიტეთ და დაისვენეთ.
. შენობაში ყოფნისას ჩართეთ კონდიციონერი. ევროპაში 2003 წლის “სიცხის ტალღების” დროს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შინ კონდიციონერი არ ჰქონდა, ურჩევდნენ, დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის შეეფარებინათ თავი. მცირედ შვებას გრილ რეჟიმზე ჩართული თმის საშრობიც მოგგვრით, თუმცა მასზე უკეთესად მაინც გრილი შხაპი გაგაგრილებთ. ასევე გირჩევთ, სიცხეში გაზქურის ხშირ გამოყენებას ერიდოთ – ბინა სიგრილეს უფრო უკეთ შეინარჩუნებს.
. ნუ დატოვებთ ბავშვებს მანქანაში. თუ ავტომობილს კონდიციონერი არ აქვს და ფანჯრები ჩამოწეულია, ეს კიდევ უფრო უარესია, რადგან სიცხე იოლად შეაღწევს შიგნით და სალონს გაავარვარებს. თუნდაც ავტომობილი კონდიციონერით იყოს აღჭურვილი – არც ეს ნიშნავს იმას, რომ სალონში ბავშვის დიდხანს დატოვებაა მიზანშეწონილი. მით უმეტეს, თუ ჩაეძინა.

ვის უფრო ცხელა
სიცხე ყველას აწუხებს, თუმცა ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად. არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა იოლად ერევა და სითბური დაკვრა თუ სხვა უსიამოვნებები (მოთენთილობა, გამონაყარი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება და ა.შ.) უფრო მალე უვითარდება.
სიცხემგრძნობიარენი არიან:
. მცირეწლოვანი ბავშვები ;
. 65 წელს გადაცილებულები ;
. ჭარბწონიანები;
. სპორტსმენები და ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ;
. ქრონიკული პათოლოგიის მქონენი, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა აწუხებს ან ავადმყოფობის გამო განსაზღვრული მედიკამენტის მიღება უწევს. ამ კუთხით სახიფათოა ანტიდეპრესანტები, საძილე საშუალებები და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი წამლები.

ცხელ-ცხელი დაავადებები
იმისდა მიხედვით, როგორ ცხელა, რამდენ ხანს დაყოფს ადამიანს მზის გულზე ან რა მდგომარეობაშია მისი ორგანიზმი, ძლიერი სიცხის დროს მოსალოდნელია:

სითბური დაკვრა
მას შემდეგი ნიშნებით ამოიცნობთ:
. სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება;
 . შეწითლებული, მშრალი და გავარვარებული კანი, რომელზეც დროს ოფლის ნასახიც არ ჩანს;
. ძლიერი და სწრაფი პულსი;
. თავის ტკივილი;
. პირღებინება;
. ძლიერი მოთენთილობა;
. თავბრუხვევა;
. გონის დაკარგვა.
თუ ასეთი რამ თქვენს გვერდით მყოფს დაემართა, ასე მოიქეცით:
. გადაიყვანეთ მოჩრდილულ ადგილას.
. გააგრილეთ ნებისმიერი მეთოდით: შეასხით ცივი წყალი, დაზილეთ ცივ წყალში დასველებული ნაჭრით, თუ გონზეა, აიძულეთ, გრილი შხაპი მიიღოს.
. აკონტროლეთ სხეულის ტემპერატურა. არ შეწყვიტოთ გაგრილება, სანამ ტემპერატურა 37 გრადუსს არ ჩამოსცდება.
. ნუ მისცემთ წყალს, ნურც სხვა სასმელს.
. სანამ გადახურებული ადამიანის მოსულიერებას ცდილობთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. თუ თავად ვერ მოახერხებთ, ვინმეს სთხოვეთ.

სიცხისმიერი მოთენთილობა
ეს სითბურ დაკვრაზე მსუბუქი მდგომარეობაა, მაგრამ ჯეროვან ყურადღებას მაინც მოითხოვს. სიცხისმიერი მოთენთილობა და გამოფიტვა უპირატესად გარემოს მაღალი ტემპერატურის რამდენიმედღიანი ზემოქმედების, სითხის ბალანსის არაადეკვატური შევსების შედეგია და უმეტესად მოხუც, ქრონიკული დაავადების მქონე და აქტიურად მოვარჯიშე ადამიანებს უვითარდებათ.
სიცხისმიერ მოთენთილობას ამოიცნობთ:
. ძლიერი ოფლიანობით;
. სიფითრით;
. კუნთების ტკიივლით;
. ძლიერი დაღლილობით;
. სისუსტით;
. ძილად მივარდნით;
. თავის ტკივილით;
. გულისრევითა და პირღებინებით.
ამ დროს კანი შესაძლოა გრილი და ნოტიო იყოს, პულსი – სუსტი და სწრაფი.
თუ მოთენთილობას არ უმკურნალებთ, შესაძლოა, სითბურ დაკვრაში გადაიზარდოს.
მოიქეცით ასე:
. ასვით გრილი სითხე, ოღონდ არამც და არამც – ალკოჰოლური სასმელი;
. აიძულეთ, მოისვენოს, წამოწვეს, მაგრამ უთუოდ კონდიცირებულ ოთახში;
. ურჩიეთ, მიიღოს გრილი შხაპი ან დაეხმარეთ სხეულის გრილი ღრუბელით დაზელაში;
. აიძულეთ, მოჭერილი ტანსაცმელი გაიხადოს და ხალვათად შეიმოსოს.

სიცხისმიერი ჭვალი
ის უპირატესად კუნთების ტკივილითა და სპაზმისმაგვარი შეტევით იჩენს თავს. მიზეზი გახლავთ გადაჭარბებული ოფლიანობის შედეგად ორგანიზმიდან მინერალური ნივთიერებების გამოდევნა, რაც კუნთების მუშაობაზე აისახება. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც სიცხეში ბევრს მუშაობენ ან ვარჯიშობენ და იმავდროულად უმარილო დიეტას იცავენ. კუნთების სიცხისმიერი ჭვალი სითბური მოთენთილობის ერთ-ერთი გამოვლინებაც არის.
ამ დროს:
. უმალვე შეწყვიტეთ ვარჯიში ან მუშაობა;
. დალიეთ გრილი წყალი, სასურველია, მინერალური;
. ნუ გააგრძელებთ ვარჯიშს ან მუშაობას, სანამ ჭვალი სულ მთლად არ გაივლის;
. თუ კუნთებში უსიამოვნო შეგრძნებამ ერთი საათის განმავლობაში არ გაიარა, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

დამწვრობა
მზისგან დამწვრობის ნიშნებს ყველა იცნობს: კანი გავარვარებული, წითელი და შეხებისას საშინლად მტკივნეულია. ექიმს მიმართეთ, თუ დამწვრობა ერთ წლამდე ასაკის ბავშვს განუვითარდა ან კანი აუტანლად გტკივათ, მისი უმეტესი ნაწილი ბუშტუკებით არის დაფარული და სხეულის ტემპერატურამაც მოიმატა. მსუბუქ შემთხვევაში კი ასე მოიქეცით:
. გაეცალეთ მზეს.
. დამწვარ კანზე გრილი კომპრესი დაიდეთ.
. გადაისვით დამატენიანებელი ეფექტის მქონე საშუალებები – კრემი, გელი... მარგებელია მაქონიც.  ერიდეთ ზეთს, კარაქს.
. არამც და არამც არ გახეთქოთ ბუშტუკები.

სითბური გამონაყარი
ეს პრობლემა თავს ძლიერი ოფლიანობის დროს იჩენს, უმეტესად – ბავშვებში. ამ დროს კანი ღიზიანდება და გამონაყარით – წითელი წინწკლებით ან ბუშტუკებით – იფარება (უმეტესად კისერზე, მხრებზე, გულმკერდის ზედა ნაწილში, ზედა კიდურებზე). ასეთ დროს:
. დაუყოვნებლივ მოშორდით ცხელ, ტენიან გარემოს;
. ეცადეთ, გამონაყარი მშრალად შეინარჩუნოთ. საამისოდ შესანიშნავი საშუალებაა საბავშვო პუდრი.
. დაზიანებულ კანს არ მიაკაროთ მოჭერილი ტანსაცმელი. ჩაიცვით მსუბუქად.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად