ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სპორტი და ფიტნესი >>ჟურნალი "ავერსი" N78
ვარჯიშები ბავშვებისთვის


4-6 წელი
მოძრაობისთვის პაწაწინებს ხვეწნა არ სჭირდებათ. ჩვენც, როგორი დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, როგორმე ამის საშუალება უნდა მივცეთ. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, მთელი დღე ჯარისკაცებივით თქვენს თვლაზე იმოძრაონ. აი, რამდენიმეწუთიანი  ვარჯიში კი არ აწყენთ _ მათ სხეულს გაუკაჟებს, კუნთებს გაუძლიერებს, მოსმენას ასწავლის, თქვენთან ერთად დროის გატარების საშუალებას მისცემს. მთავარია, ეს სისტემატურად გააკეთოთ, ოღონდ ფრთხილად იყავით, ზედმეტი მონდომებით ფიზკულტურა სამუდამოდ არ შეაჯავროთ. ისიც გახსოვდეთ, რომ პატარასთვის რამის სწავლისა და მიჩვევის ყველაზე ოპტიმალური გზა თამაშია.

მაია ხვიჩია
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურის მეთოდისტი
– წინასასკოლო ასაკში ვარჯიშის მიზანია, მივაჩვიოთ პატარა ფიზიკური კულტურის ელემენტებს, დავეხმაროთ მოძრაობათა დახვეწაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ხერხემალს: მალე პატარა სკოლისკენ უნდა გაეშუროს, სადაც ზურგის კუნთებს საკმაოდ მძიმე გამოცდა _ ხანგრძლივი ჯდომა ელით. როგორც ყოველთვის, კომპლექსში პრაქტიკულად ყველა ჯგუფის კუნთის განმავითარებელი ვარჯიშები შედის, მათთან ერთად კი _ ტანდეგობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც. შეგახსენებთ, ბავშვი ყველაზე უკეთ მიბაძვით, უფროსების მაგალითზე სწავლობს. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ უჩიჩინოთ და აკეთებინოთ, უბრალოდ აჩვენეთ. ამით საკუთარ ჯანმრთელობააც არგებთ, შვილთან ერთად დროის გატარების საშუალებაც მოგეცემათ. თუ პატარამ ვარჯიშზე უარი გითხრათ, ფიზიკური უნარ-ჩვევების განმტკიცება ცოტა ხნით (ოღონდ მართლა ცოტა ხნით) გადადეთ.

1. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი დგას წელში გამართული, ფეხები – მხრების სიგანეზე, დაბლა დაშვებული და ოდნავ გაშლილი ხელებით ჯოხი უკავია. თვლაზე "ერთი": ნელა აიწიოს ფეხის წვერებზე და ამავე დროს ორივე გამართული ხელით ჯოხი თავს ზემოთ ასწიოს (ჩასუნთქვა ცხვირით). თვლაზე "ორი" დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას (ამოსუნთქვა პირით). გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. საწყისი მდგომარეობა – იგივე, ოღონდ ჯოხი გამართული ხელებით მკერდის სიმაღლეზე უჭირავს. თვლაზე "ერთი" ნელა ჩაბუქნოს და ცხვირით ჩაისუნთქოს, თვლაზე "ორი" დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და პირით  ამოისუნთქოს. გაიმეორეთ 10-ჯერ.
3. საწყისი მდგომარეობა:  ბავშვი დგას წელში გამართული, ფეხები – მხრების სიგანეზე, მარცხენა ხელით სკამის საზურგეს ეყრდნობა, მარჯვენათი დოინჯს შემოიყრის. აიქნიოს მარჯვენა გამართული ფეხი გვერდზე და მაქსიმალურად მაღლა. გაიმეოროს 10-ჯერ. შემდეგ სკამს მარჯვენა ხელით და დაეყრდნოს და იგივე მარცხენა ფეხით გაიმეოროს.
4. მერცხალი. ეს ვარჯიში მაკორეგირებელ ვარჯიშებს მიეკუთვნება და ტანდეგობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
საწყისი მდგომარეობა: ბავშვი დგას წელში გამართული, ფეხები _ მხრების სიგანეზე, გამართული ხელები განზე აქვს გაშლილი. დაეყრდნოს მარჯვენა ფეხს და ხელების მდგომარეობის შეუცვლელად მთელი ტანით წინ გადაიხაროს, მარცხენა ფეხი უკან გაჭიმოს, თავი მაღლა ასწიოს. საუკეთესო შემთხვევაში შემთხვევაში სხეული და მარცხენა ფეხი იატაკის პარალელურად, ერთ ხაზზე უნდა გაიჭიმოს. შეყოვნდეს 20 თვლამდე, ან სადამდეც შეძლებს. გაიმეოროს მეორე ფეხით.
5. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი ზის იატაკზე, ფეხები ფართოდ აქვს გაშლილი, ხელები – განმკლავში. თვლაზე "ერთი" სხეული, ხელები და თავი მარჯვნივ მიაბრუნოს, თვლაზე "ორი" დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას; "სამი" – ტანი, ხელები და თავი მიაბრუნოს მარცხნივ, "ოთხი" – დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 10-ჯერ.
6. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წევს ზურგზე, ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული. თვლაზე “ერთი” ასწიოს ორივე გამართული ფეხი მაღლა, “ორი” – აწეული ფეხები გაშალოს, “სამი” – შეაერთოს, “ოთხი” – დაუშვას. თავი და მხრები იატაკს არ ააცილოს. გაიმეორეთ 10-ჯერ.
7. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წევს მუცელზე, ხელები წინ აქვს გაწვდილი და ცალი ხელის მტევანი მეორეზე უდევს. თვლაზე “ერთი” ასწიოს ხელები, თავი და მკერდი, “ორი” – დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ფეხები იატაკს არ ააცილოს. გაიმეორეთ 10-ჯერ.
8. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი მარჯვენა მუხლზეა ჩამჯდარი და მარცხენა ფეხი გვერდზე აქვს გაჭიმული ისე, რომ იატაკს მარჯვენა მუხლითა და მარცხენა ტერფით ეყრდნობა. ხელები წინ აქვს გამართული და მსუბუქი ჰანტელები უკავია. თვლაზე "ერთი" ჩაჯდეს მუხლზე და ხელები ქვემოთ დაუშვას. გაიმეორეთ 10-ჯერ. შემდეგ ფეხები შეცვალოს და მარცხენა ფეხით გააკეთოს იგივე.
ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლია მიმართოთ “ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურს. ტელ: 506 506(5568)

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად