ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფსიქოლოგია და აღზრდა >>ჟურნალი "ავერსი" N78
მკითხველი აკვნიდან იზრდება


რა სჭირდება ახალმოვლენილ პაწიას, თავი ამქვეყნად უცხოდ რომ არ იგრძნოს? – თბილი და მყუდრო სახლი, დედიკოს სიახლოვე, სავსე მუცელი, მშრალი საფენი... გაგიკვირდებათ და ამ ჩამონათვალში თურმე წიგნიც მოიაზრება. ერთი შეხედვით, ჩვილისთვის წიგნის კითხვა შეიძლება დროის ფუჭ ფლანგვად მოგვეჩვენოს – პატარა ხომ წაკითხულის შინაარსს ვერ გაიგებს. მერე რა, პატარას ბევრი სხვა რამის აზრიც არ ესმის, მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ. როცა პირველად დაინახეთ, ალბათ მიესალმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გაიგო და არც პასუხი გაუცია; იავნანასაც უფრო ადრე უმღეროდით, ვიდრე ხმას შეგიწყობდათ; არც იმისთვის დაგიწყიათ ლოდინი, ხელის გამოწვდენასა და ნივთის ჩაბღუჯვას როდის ისწავლიდა, რომ სათამაშო მიგეწოდებინათ…
 ხმამაღლა კითხვა შესანიშნავი ერთობლივი საქმიანობაა, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს და სტიმულაციის მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს.
ხმამაღლა კითხვა:
. ასწავლის ჩვილს კომუნიკაციას;
. სახალისო ფორმით აცნობს მას ახალ ცნებებს – ისეთებს, როგორიც არის მოთხრობები, ასოები, ფერები, ფორმები;
. უვითარებს მოსმენის უნარს, მეხსიერებას, უმდიდრებს სიტყვიერ მარაგს;
. წარმოდგენას უქმნის მის ირგვლივ არსებულ სამყაროზე.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პირველი დაბადების დღისთვის ბავშვებს ათვისებული აქვთ ყველა ბგერა, რომელიც კი მშობლიურ ენაზე სალაპარაკოდ არის საჭირო. რაც უფრო მეტ მოთხრობას წაუკითხავთ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგონებენ, მით უფრო უკეთ ილაპარაკებენ. სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ბავშვებმა, რომელთაც მშობლები ხშირად ელაპარაკებიან და უკითხავენ, ორი წლისთვის თანატოლებზე მეტი სიტყვა იციან, კითხვასაც უფრო ადრე და უკეთ სწავლობენ.
კითხვისას ბავშვი ისმენს მრავალი სხვადასხვა ემოციის გამომხატველ ბგერებს, ეს კი მის სოციალურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს. კითხვისას ბავშვს ასევე ვიწვევთ, შეხედოს, მიუთითოს, შეეხოს, კითხვებს უპასუხოს, ეს ყველაფერი კი სოციალური და სააზროვნო უნარების განვითარებისთვის არის საჭირო. ამავე დროს ბგერების მიბაძვით, სურათების გამოცნობით, სიტყვების შესწავლით ჩვილი ენობრივ უნარებსაც ხვეწს.
და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ბავშვს წიგნი ვუკითხოთ, ის არის, რომ ნამცეცა თავისთვის ყველაზე საყვარელ რამეს – თქვენს ხმასა და სიახლოვეს – წიგნთან აკავშირებს; დედიკოს წიგნის წასაკითხად დრო რომ არ ენანება, პატარას არწმუნებს, რომ კითხვის შესწავლა ნამდვილად ღირს.

სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა ეტაპი
პაწიებმა შესაძლოა არ იცოდნენ, რას ნიშნავს წიგნში არსებული ნახატები, მაგრამ შეუძლიათ, დააკვირდნენ მათ, განსაკუთრებით – სახეებს, კაშკაშა ფერებს, კონტრასტებს; ნანებმა და საბავშვო ლექსებმა შესაძლოა გაართონ ისინი და დაამშვიდონ.
 4-დან 6 თვემდე ასაკის ჩვილები შესაძლოა წიგნით მეტად დაინტერესდნენ, ის ხელშიც აიღონ და ერთხანს დაიკავონ, თუმცა ამავე დროს პირშიც ჩაიდებენ, კიდეც დაღეჭავენ და გადააგდებენ. შეარჩიეთ ვინილის ან ქსოვილის წიგნები მკვეთრი ფერებითა და განმეორებადი ან გარითმული ტექსტით.
6-დან 12 თვემდე ბავშვი იგებს, რომ სურათები ნივთებს გამოსახავს; მოსალოდნელია, ზოგიერთი ნახატი, გვერდი ან მთელი მოთხრობა მეტად მოეწონოთ. სანამ კითხულობთ, პაწაწინა თავის აზრს წიგნის ჩაბღუჯვით ან ბგერებით გამოხატავს. 12 თვისთვის კი უკვე გადაფურცვლას (თქვენი დახმარებით), გამოსახულებებზე ხელის გადასმას ან მათკენ თითის გაშვერას და ბგერების გამეორებას დაიწყებს.

როდის და რა წავუკითხოთ
ამას საგანგებო მომზადება და დროისა და ფულის ხარჯვა რომ არ სჭირდება, თავადაც იცით; სულ სამი მოქმედი პირი ჰყავს – თქვენ, პაწია და წიგნი. ერთ ჯერზე სულ რამდენიმე წუთი კითხვა საკმარისია, ოღონდ ხშირად გაიმეორეთ. ნურც წიგნის დამთავრებაზე იდარდებთ; მეტი ყურადღება იმ გვერდებს დაუთმეთ, რომლებიც თქვენც მოგწონთ და თქვენს შვილსაც.
შეეცადეთ, კითხვისთვის ყოველდღიურად გამოყოთ განსაზღვრული დრო, შეიძლება როგორც შუადღის, ასევე ღამის ძილის წინ. გარდა იმისა, რომ ძილის წინ გულში ჩაკვრა პატარას ესიამოვნება, ამ ერთგვარი რიტუალის დაწესებით ცხოვრებას საგრძნობლად გაიიოლებთ – ის პატარას დაამშვიდებს და მიახვედრებს, რომ ძილის დრო მოვიდა.
დღის სხვა მონაკვეთებში კითხვაც არ არის ურიგო. შეარჩიეთ დრო, როცა პატარა მშრალია, მაძღარი და არ ეძინება. კითხვა მშვენიერი გამოსავალია, როცა სადმე რიგში ხართ გაჭედილი, ამიტომ თუ ექიმთან მიდიხართ, გამოსაცვლელ პამპერსთან ერთად წიგნიც წაიყოლეთ.

კიდევ რამდენიმე რჩევა
- თუ კითხვის დროს გულში ჩაიკრავთ, პატარა თავს უსაფრთხოდ, თბილად იგრძნობს და თქვენთან კავშირსაც უფრო ხელშესახებად აღიქვამს;
- მხატვრულად იკითხეთ, აუწიეთ და დაუწიეთ ხმას, სადაც საჭიროა ან სხვადასხვა პერსონაჟი სხვადასხვა ხმაზე გაახმოვანეთ;
- ნუ იდარდებთ, თუ ტექსტს ზუსტად არ მიჰყვებით. დროდადრო გაჩერდით და კითხვები დასვით ან სურათებსა და ტექსტზე კომენტარები გააკეთეთ (“სად არის ფისო? აი, სად ყოფილა! რა მშვენიერი შავი ფისუნიაა!”). შესაძლოა, პატარა პასუხის გაცემას ჯერ ვერ ახერხებდეს, მაგრამ ამით ეხმარებით, რომ მოგვიანებით მოახერხოს.
- უმღერეთ ლექსები, გამოაჯავრეთ ცხოველებს, აჯირითეთ პატარა მუხლზე, ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც პატარას მიახვედრებს, რომ კითხვა სახალისოა.
- ბავშვებს უყვართ გამეორება, ამით ისინი სწავლობენ, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, ერთი და იგივე წიგნი კვლავ და კვლავ წაუკითხოთ. როცა ასე იქცევით, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე აქცენტები გამოიყენეთ, როგორც ნაცნობი სიმღერის გამეორებისას მოიქცეოდით.
. როცა პაწია წამოიზრდება, წაახალისეთ, რომ შეეხოს და ხელში დაიჭიროს მაგარი ვინილის, ნაჭრის ან მუყაოს წიგნები. ბუნებრივია, წიგნების ღეჭვის წახალისებას არ მოისურვებთ, მაგრამ პირში ჩადებით პატარა მათ შეისწავლის, არკვევს, როგორი  ფაქტურა და გემო აქვთ, გამოდგება თუ არა საჭმელად.

რა წავუკითხოთ
ჩვილებისთვის განკუთვნილ წიგნებს მარტივი განმეორებადი ტექსტი და მკაფიო ილუსტრაციები უნდა ჰქონდეს. სიცოცხლის პირველ თვეებში პატარას მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება სიამოვნებს, ამიტომ შეგიძლიათ, ნებისმიერი რამ წაუკითხოთ, თუნდაც მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი ან თქვენი ფირმის კვარტალური ანგარიში. ასე საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებთ და ნებიერაც არ დაგრჩებათ უყურადღებოდ. ისე კი, ბუნებრივია, მარტივი და კეთილხმოვანი სასიმღერო ან გარითმული ტექსტები პაწაწინებისთვის წასაკითხად ბევრად უფრო შესაფერისია. როცა პატარა წამოიზრდება და საგნებზე დაკვირვებას დაიწყებს, ერთგვაროვან ფონზე გამოსახული მარტივი სურათებიანი წიგნები დაგჭირდებათ.
როცა პატარა ნივთების ჩაბღუჯვას ისწავლის, წაუკითხეთ სახეებიანი, მკვეთრფერებიანი და ფორმებიანი ვინილის ან ნაჭრის წიგნები; როცა შინაარსზე რეაგირებას დაიწყებს, ამას მიუმატეთ ხის წიგნები ბავშვების სახეებითა და ნაცნობი საგნებით, მაგალითად, სათამაშოებით; როცა აბაზანაში ჯდომას ან ხელით ჭამას ისწავლის, მოძებნეთ მარტივი მოთხრობები ყოველდღიური რუტინის, მაგალითად, დაძინების ან ბანაობის შესახებ; როცა ენას ამოიდგამს, მიაშველეთ წიგნები, რომელიც მარტივი სიტყვებისა და ფრაზების გასამეორებლად წაახალისებს.
ამ ასაკისთვის ძალიან კარგია სარკეებიანი და განსხვავებული ტექსტურის (ხორკლიანი, ნაზი, უხეში) მქონე, ჩამოსაშლელი ან დამალულსურათებიანი წიგნები. მუყაოს წიგნები ჩვილებისთვის უფრო ადვილი გადასაფურცლია, ნაჭრისა და ვინილის წიგნები კი ყველგან გამოსადეგი, აბაზანაშიც კი. ნებისმიერი ასაკის ჩვილებს მოსწონთ ფოტოალბომები ნაცნობი და საყვარელი ადამიანების სურათებით და ყველა ბავშვს სურს, ჰქონდეს საბავშვო ლექსების საკუთარი კოლექცია.
თუ გსურთ, დარწმუნებული იყოთ, რომ პატარა წიგნის მოყვარული გაიზრდება, საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, სახლში ყველგან წიგნები გეწყოთ. როცა ბავშვი ცოცვას ისწავლის და სათამაშოების კალათას მისწვდება, იზრუნეთ, რომ იქ რამდენიმე წიგნიც დახვდეს.
გარდა იმ წიგნებისა, შინ რომ მოგეძევებათ, შეგიძლიათ, სხვებისგან ანდა ბიბლიოთეკიდან ითხოვოთ. არ დაგავიწყდეთ სათქვენოს შერჩევაც – კითხვის სიყვარულის გასაღვივებლად პატარა მუდამ უნდა ხედავდეს, რომ უფროსები ხშირად და სიამოვნებით კითხულობენ.

და ჩვენი ქართული სინამდვილე
ასეა თუ ისე, წიგნების ნაკლებობას ვერ დავიჩივლებთ. რა ზომის, ფერისა თუ ფორმის საბავშვო წიგნს არ გადააწყდებით ქართულ მაღაზიებში. აი ერთ-ერთი მათგანიც, ჩემი ერთი წლის ვაჟისთვის ცოტა ხნის წინ რომ შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ ნაჭრისაა, ე ს სახანძრო მანქანა დადის კიდევაც, პატარა ბურთადაც იყენებს, ბალიშადაც, გადაფურცვლა და ნახატების თვალიერებაც შეუძლია. მოკლედ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ არა ის, რაც წიგნს წიგნად აქცევს.
“ძინ! ძინ! ზარი რეკავს,
ეღვიძება მეხანძრეს და სასწრაფოდ დგება.
ჭოკზე ჩამოსრიალდა, მანქანასთან მიქანდა,
სკუპ და – შიგნით შეხტა.
ადგილს მოსწყდა მანქანა, ქუჩა-ქუჩა მიჰქრის, 
ასიგნალებს ხმამაღლა და სირენაც კივის.
ყველა მეხანძრე მირბის შლანგებითა და კიბით,
აირბინა კიბე, წამითაც არ გაცდა,
ფისუნია კატასთან ზუსტად დროზე გაჩნდა.
ფისუნია გადარჩა,
ჩამქრალია ხანძარი,
ყოჩაღია მეხანძრე,
ქვეყნად არ ჰყავს ბადალი!”
 ვერ გეტყვით, როგორ ჟღერს ეს ლექსი დედანში, თარგმანი კი საბავშვო ლექსზე ჩემი წარმოდგენისგან მკვეთრად განსხვავდება. არ ვიცი, ჩემი განწყობის ბრალია თუ თვითონ ლექსისა, რომ წიგნის დანიშნულებისამებრ გამოყენებით პატარა ერთხელაც ვერ დავაინტერესე. ისე კი, ქართული საბავშვო ლიტერატურა იმდენად ვრცელი და მტკივნეული თემაა, უახლოეს ნომრებში მას აუცილებლად დავუბრუნდებით.
საზეპირო
ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, ბავშვებისთვის წიგნის კითხვა რაც შეიძლება ადრე, უკიდურეს შემთხვევაში, ექვსი თვიდან მაინც დავიწყოთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად