ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>თავის მოვლა და სილამაზე >>ჟურნალი "ავერსი" N77
ყველაფერი პილინგის შესახებ

ასაკთან ერთად ქარი და მზის სხივები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის კანზე. ამ მრავალ  დარ თუ ავდარგამოვლილი კანის დაზიანებული ფენის მოშორება ნატვრასავით ჟღერს. თანამედროვე  ქალების უმრავლესობისთვის პილინგი კარგა ხანია აღარ არის უცხო სიტყვა. და მაინც, ზუსტად რას წარმოადგენს ეს პროცედურა, რა შედეგის იმედი შეიძლება გვქონდეს, როგორ შევარჩიოთ მრავალსახეობიდან ჩვენთვის შესაფერისი?.. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” დერმატოკოსმეტოლოგი  ირინა იაშვილი:
– პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ეს ”დაბერებული” კანის არაოპერაციული მეთოდით “გაახალგაზრდავების” მეთოდია. ინგლისურად peel ზოგიერთი ხილის გაფცქვნას, აშრევებას, აქერცვლას ნიშნავს, ხოლო პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას. მკვდარი უჯრედების ქვეშ ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული.
– რა შედეგი შეიძლება მოგვცეს ამ პროცედურამ?
– პილინგი აძლიერებს ბაზალური (კანის ღრმად მდებარე) შრის უჯრედების გაყოფას და კანს არბილებს და ანაზებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი  ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, თმის ჩაბრუნებას მამაკაცებში  და სხვა.
– პილინგის საიდუმლო მხოლოდ XX საუკუნეში აღმოაჩინეს?
– ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძველ ეგვიპტეში კარგად იყო ცნობილი ქიმიური პილინგის – კანის გაახალგაზრდავების – მეთოდი. წყაროებში არ არის ნაპოვნი ჩანაწერები ამგვარი ხსნარების შემადგენლობის შესახებ, თუმცა გამოკვლევებით დადგენილ იქნა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი მჟავე რძე იყო. ბუნებრივია, ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ  დიდგვაროვნები თუ მისცემდნენ. შუა საუკუნეების წყაროებში ჩნდება ჩანაწერები ღვინისა და ძმრის ინგრედიენტებად გამოყენების შესახებ. სადღეისოდ დადასტურებულად არის მიჩნეული წყაროებში მითითებული ზოგიერთი ხსნარის შემცველობაში არსებული  ხილის მჟავების (ალფა-ოქსიმჟავების)  გამაახალგაზრდავებელი თვისება. ასე რომ, როგორც ხედავთ, პილინგის ერთ-ერთ სახეობას, სახელდობრ, ქიმიურ პილინგს ძველადაც მიმართავდნენ.
– თქვენ ქიმიური პილინგი ახსენეთ. პილინგის სხვა მეთოდებიც არსებობს?
– განასხვავებენ ქიმიურ, ფერმენტულ, მექანიკურ, ლაზერულ, რადიოტალღურ და სხვა სახის პილინგებს. პილინგის ყოველგვარი სახეობა ამცირებს რქოვანა შრის სისქეს, აცილებს კანს მცირე კომედონებს, ამცირებს ფორებს, არბილებს კანს. პილინგი შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე საშუალო და ღრმა.
– როგორ ხდება პილინგის სიღრმისა შერჩევა? 
– პილინგის სიღრმე დამოკიდებულია გამოსაყენებელი ნაერთის პროცენტულ შემადგენლობაზე (აქტივობა 15-დან 70%-მდე მერყეობს), პაციენტის კანის მდგომარეობა-მზადყოფნაზე (სქელი კანი უნდა გათხელდეს, ანთებითი განიკურნოს და ასე შემდეგ), ამა თუ იმ კოსმეტიკური პრობლემის დროს ამა თუ იმ სახის პილინგის შედარებითი ეფექტურობა კი თანდართულ ცხრილში იხილეთ.
– რაზეა დამოკიდებული პილინგის ეფექტი?
–ნაერთების შემადგენლობასა და თვისებებზე, კანის PH-ზე; ბუფერული სისტემის არსებობაზე, თავისუფალი მჟავას კონცენტრაციაზე, არჩეულ ტექნოლოგიაზე, აპლიკაციების რაოდენობაზე, ექსპოზიციის დროზე და სხვა.
– როგორ მიმდინარეობს პროცედურა?
– თავდაპირველად კანი ცხიმისგან იწმინდება,  შრება, სახეზე პილინგის აგენტი იდება, შემდეგ ხდება ჩამობანა და  შემდგომი მოვლა ფოტოდამცავი და დამატენიანებელი კრემებით.
– მტკივნეულია პროცედურა? 
– ზედაპირული და საშუალო პილინგი უმტკივნეულოა. დასაშვებად მიჩნეულია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მჟავას ნეიტრალიზაციის შემდეგ გაივლის. თუ კანი მგრძნობიარეა, წვის შეგრძნება რამდენიმე საათი გრძელდება.
– რა არის მოსალოდნელი პროცედურის შემდგომ?
– დამახასიათებელია კანის შეწითლება 24 საათის განმავლობაში, ზოგჯერ შეინიშნება შეშუპება, ესეც 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოვლენები უფრო მეტხანს გაგრძელდა, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. კარგად ჩატარებული პროცედურის მაჩვენებელია წარმოქმნა თეთრი აპკისა (ეგრეთ წოდებული ფროსტისა), რომელიც კანს მთლიანად ფარავს.
– როდის არ შეიძლება პილინგის ჩატარება?
– პროცედურა არ ტარდება ზაფხულში, ასევე – კანის ინფექციური დაავადების, ქრონიკული დერმატოზის, ჰიპერტრიქოზის, აკნეს (ანთებითი აკნეს), მენსტრუაციის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
– რა ასაკიდან და რა სიხშირით არის მიზანშეწონილი პილინგის რეგულარული ჩატარება?
– 20 წლის ასაკამდე ჰორმონული ცვლილებები იწვევს კანის დამახასიათებელ პრობლემებს – ისეთებს, როგორიც არის აკნე, ცხიმიანი კანი, აკნეს შემდგომი ჰიპერპიგმენტაციები, კომედონები. ასეთ დროს ვიყენებთ ზედაპირულ და საშუალო სიღრმის პილინგს.
20-30 წლის ასაკში აქტუალურია პრობლემური (ცხიმოვანი, გამომშრალი, გამონაყარიანი) კანის მკურნალობა. ამ ასაკში თავს იჩენს ფოტოდაბერების პირველი ნიშნები. ამ დროს პილინგისთვის გამოიყენება ხილის მჟავებზე დამზადებული საშუალებები.
30-40 წლის ასაკში თავს იჩენს ბატის თათები თვალის კუთხეებში და ჰორიზონტალური ნაოჭები შუბლის არეში. პილინგის კურსი აუმჯობესებს კანის ტონუსს და ელასტიურობას, ამცირებს ზედაპირული ნაოჭების რაოდენობას, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას.
40-50 წლის ასაკში პილინგი გამოიყენება კანის გაუწყლოების, კერატოზის, პიგმენტაციის დროს.

ზედაპირული ქიმიური პილინგი ტარდება კურსობრივად. კურსი მოიცავს 7-10  სეანსს. სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის კანის ტიპზე და პრობლემის სირთულეზე. სეანსებს შორის  შუალედი საშუალოდ 10 დღეა. გარდა ამისა, ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია, რომელსაც პაციენტი სახლის პირობებში იტარებს.
საშუალო სიღრმის პილინგი ტარდება თვეში ერთხელ, თუმცა წელიწადში 2-3 პროცედურაზე მეტის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. საშუალო სიღრმის  პილინგის წინ  ტარდება კანის ორკვირიანი მომზადება სპეციალური საშუალებებით და 1 ან 2 ზედაპირული პილინგი, რათა შემდგომ ჩატარებულმა პროცედურამ კანის თანაბარი აქერცვლა გამოიწვიოს.
– ურჩევთ თუ არა ქალბატონებს მზა კოსმეტიკური პროდუქციის (სკრაბის) გამოყენებას?
– ექიმის კონსულტაციის გარეშე რომლისაც გნებავთ კოსმეტიკური პროდუქციის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – შესაძლოა, მან კონტაქტური ალერგიული დერმატიტი გამოიწვიოს, ინფექციური პროცესი გაამწვაოს...
– რა გართულებები ახასიათებს არასწორად ჩატარებულ პილინგს?    
– ჰიპერპიგმენტაცია, კანის ინფექციური დაავადების გამწვავება, კანის გამოშრობა და კუპეროზის წარმოქმნა (სიწითლე). აუცილებელია მკაცრი დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან – კანის ფოტოტიპის შესაბამისად.
– რას გვირჩევდით ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად?
– ახალს ალბათ არაფერს ვიტყვი: ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა მხოლოდ პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს, მხოლოდ ამგვარად შეიძლება არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენს კლინიკას გახსნის დღიდან უამრავი ქალბატონი ენდობა. აქ მუშაობენ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე სერტიფიცირებული დერმატოკოსმეტოლოგები, რომელთაც აქვთ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება. აღარაფერს ვამბობ თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აღჭურვილობის არსენალზე, რომლითაც ასე ვართ განებივრებული. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად დავსვათ კვალიფიციური დიაგნოზი, თითოეულ პაციენტს მკურნალობის ინდივიდუალური სქემა შევურჩიოთ და შესაბამისი რეკომენდაციებიც მივცეთ. რაც მთავარია, მიუხედავად უმაღლესი ხარისხისა, ჩვენი ფასები მართლაც ხელმისაწვდომია.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად