ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ნევროლოგია, ფსიქიატრია >>ჟურნალი "ავერსი" N77
აუტიზმი


მთავარი თემის კონსულტანტია
მაია გაბუნია
 “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გენერალური მდივანი

შევაშველოთ ჩვენი ხმა მათ, ვისთვისაც საკუთარი აზრისა თუ განცდის გამოხატვა, სხვისთვის გაზიარება უდიდესი, ზოგჯერ გადაულახავი პრობლემაა, და ამაში მარტო დაავადებას კი არა, არამედ ჩვენს გულგრილობას, უცოდინრობასა თუ უმოქმედობასაც მიუძღვის ბრალი. მივცეთ საშუალება, საკუთარი ნიჭი თუ შესაძლებლობები წარმოაჩინონ ან უბრალოდ ჩვენგანნი, ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ.

2 აპრილს საქართველო პირველად შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფლიო დღეს, რომელსაც განვითარებული მსოფლიო უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ თარიღი 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა. სხვათა შორის, გაეროს სულ სამი დაავადების შესახებ აქვს მსგავსი რეზოლუცია მიღებული. თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ გამოხმაურებებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახების მოსაზრებებს გადავავლებთ თვალს, ვისაც პათოლოგია უშუალოდ შეეხო, რეზოლუცია მათთვის იმედის სხივია: მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლას, გააადვილოს სახსრების მოძიება და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადოს აუტიზმით დაავადებულთა უკეთ დახმარება.
გაეროს გადაწყვეტილებას კი ბიძგი მისცა შემაშფოთებელმა სტატისტიკამ: აუტისტური სპექტრის აშლილობათა სიხშირე თანდათან იმატებს. 1966 წლის მონაცემებით, ამ ტიპის აშლილობა 2000-დან 5 კაცს ჰქონდა, 2001 წელს – 1000-დან დაახლოებით 17-ს, ხოლო 2009 წელს აშშ-ის 3-დან 17 წლამდე ასაკის მოსახლეობაში აუტისტური სპექტრის აშლილობები აღმოაჩნდა 67 300 ადამიანს ანუ გადააჭარბა 1%-ს და გახდა 1,1% ანუ 60-იანი წლების მონაცემებთან შედარებით 4-ჯერ მოიმატა.
იქნებ გგონიათ, რომ ცალკეული ადამიანების (მეტადრე – არასპეციალისტების) მონდომება აუტიზმის დასამარცხებლად სრულიად ამაოა... ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის Autism speaks პრეზიდენტს გარი გოლდშტეინს ასეთი შედარება მოჰყავს: 30 წლის წინ იმ ბავშვთა 95%, ვისაც ლეიკემიის დიაგნოზს უსვამდნენ, იღუპებოდა, დღეს კი მათი 80% იკურნება. ყურადღებამ, ინტენსიურმა კვლევებმა, შემოწირულებებმა, როგორც ხედავთ, ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. აუტისტური სპექტრის აშლილობები მსგავსი გამარჯვებებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში წინსვლა მაინც შთამბეჭდავია: შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება; დედებს (როგორც წინათ) შვილის ცუდად აღზრდის გამო აღარ საყვედურობენ; დანერგილია ადრეული ინტერვენციის პროგრამები; დიაგნოზის დასმამდეც კი თითოეულ ბავშვთან მუშაობას იწყებს ფსიქოლოგი, ფიზიკური, მეტყველების, ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები. ისიც დამტკიცდა, რომ თუ ჩარევა ადრე (2 წლამდე) დაიწყო და ინტენსიურია (დღეში მინიმუმ 3 საათი, კვირაში მინიმუმ ხუთი დღე), ამ ბავშვებს საზოგადოებაში ადაპტაციის მეტი შანსი აქვთ. ამავე დროს კვლევა ინტენსიურად გრძელდება და აქტივისტები  იმედოვნებენ, რომ მომავალში ზუსტად დაადგენენ აუტიზმის მიზეზებს, ტვინსა და ნერვულ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებების გამოვლენა კი მათი აღმოფხვრის ფარმაკოლოგიურ გზებს გვაპოვნინებს. საბოლოო ჯამში, იმედი აქვთ, რომ ლეიკემიის მსგავს პროგრესს მიაღწევენ: აუტისტური სპექტრის პათოლოგიათა ნაწილი განიკურნება, ნაწილის ეფექტური მართვა გახდება შესაძლებელი, ნაწილი კი კვლავ მომავლის გამოწვევად დარჩება.
სწორედ ამ დიდი ბრძოლის ნაწილია აუტიზმის მსოფლიო დღის დაწესებაც.
საქართველოში კი ბრძოლა უფრო შორიდან გვაქვს დასაწყები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 4 მლნ ახალშობილი იბადება და მათგან 36500-ს აუტიზმი აქვს. ამ ფარდობას თუ საქართველოს მივუსადაგებთ და გავითვალისწინებთ, რომ ჩვენში ყოველწლიურად 50 000-მდე ბავშვი იბადება, მივიღებთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 450 (!) ბავშვს.
საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის თანახმადაც, აუტისტური სპექტრის აშლილობა 110-დან ერთ ადამიანს აღენიშნება. არა და სინამდვილეში სულ თითებზე ჩამოსათვლელთ თუ აქვთ დასმული დიაგნოზი დადგენილი და ისიც – ბევრად უფრო მოზრდილ ასაკში. ბავშვები სახლში ჰყავთ გამოკეტილი, მშობლები მათი ქცევის გამო იტანჯებიან, ვერაფერს ასწავლიან... ადრეულ ინტერვენციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ასე რომ, მოდი, ერთად შემოვკრათ განგაშის ზარს, გავიგოთ მეტი, გამოვავლინოთ, მოვითხოვოთ, მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვევების ასათვისებლად შესაფერისი გარემო ჰქონდეთ. და თუნდაც 2 აპრილი ამ ბრძოლის დაწყების დღე გახდეს.

წვიმის კაცზე გაცილებით მეტი
როგორია ჩვენი წარმოდგენა აუტიზმზე? აკვიატებული მოძრაობები, განუხრელად ერთნაირი რეჟიმი, კბილის საჩიჩქნების თვალის დახამხამებაში დათვლისა და სატელეფონო ცნობარის ერთი წაკითხვით დამახსოვრების უნიკალური ნიჭი... დიახ, ასეთ პაციენტებსაც შეხვდებით, მაგრამ დასტინ ჰოფმანის მიერ შექმნილი ეკრანული სახე მთელი სპექტრის საილუსტრაციოდ არ გამოგვადგება.
თუ წინა გვერდი ყურადღებით წაიკითხეთ, შეამჩნევდით: აუტიზმზე კი არა, აუტისტური სპექტრის აშლილობებზე (ასა) ვსაუბრობთ. საქმე ის არის, რომ ეს ერთი დაავადება კი არა, დაავადებათა ჯგუფია, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ ჯგუფში –  ნეიროგანვითარებით დარღვევებში – შედის. რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ბავშვის ნეიროგანვითარებაზე (ჟურნალი “ავერსი”, №10(72), 2010წ) და იმ მნიშვნელოვან საფეხურებზე, რომლებიც ბავშვმა ამა თუ იმ ასაკში უნდა დაძლიოს. საყურადღებო ნიშნები (რომლებიც ყოველ ასაკთან მივუთითეთ) აუტისტური სპექტრის აშლილობათა სიმპტომებსაც მოიცავს.
აუტისტური სპექტრის აშლილობებს უმთავრესად სამი: სოციალური, კომუნიკაციისა და  ქცევის – სფეროს დარღვევები ახასიათებს. ის, რასაც, ჩვეულებრივ, ყოველგვარი ძალისხმევისა გარეშე, დაუფიქრებლად ვაკეთებთ, ამ დროს პრობლემური ხდება. რამდენიმე თვის ჩვილი თვალს თვალში გიყრით და ამით თქვენი გუნება-განწყობის გამოცნობას ცდილობს. თუ უღიმით, უხარია, მოღუშული სახის დანახვაზე კი შესაძლოა ატირდეს კიდეც. ეს სოციალური ჩვევების ათვისების პირველი დასტურია, პირველი ნაბიჯი, რომლითაც პაწაწინამ საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნა უნდა შეძლოს. ამ ნაბიჯის გარეშე უფრო რთული ჩვევების ათვისება შეუძლებელია. ასა-ს მქონე ბავშვები ხშირად საკუთარ სახელზე სუსტად რეაგირებენ და თვალებით კონტაქტს თავს არიდებენ, უჭირთ სხვისი ემოციების აღქმა, არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი, უჭირთ სხვა ბავშვებთან თამაში.
კომუნიკაციის დარღვევები მის როგორც ვერბალურ (სიტყვიერ), ისე არავერბალურ (სხეულის ენით, ჟესტებით) ნაწილს ეხება. აუტისტური სპექტრის აშლილობისას ბავშვები უმეტესად გვიან იდგამენ ენას და საუბრისას საკუთარ თავს ხშირად მესამე პირში იხსენიებენ; მხოლოდ რამდენიმე თემაზე ლაპარაკობენ, თანაც ისე, რომ თანამოსაუბრის აზრი არც კი აინტერესებთ; თანამოსაუბრეს თვალებში არ უყურებენ; არ იწყებენ და არ ერთვებიან დიალოგში; ლაპარაკობენ არაბუნებრივი, უჩვეულო ტონითა და რიტმით (წამღერებით ან რობოტივით);  შეუძლიათ სიტყვების ან ფრაზების გამეორება, მაგრამ არ იციან, როგორ გამოიყენონ ისინი; ზოგჯერ უკვე ნასწავლი სიტყვების ან წინადადებების გამოყენების უნარსაც კარგავენ.
სიმპტომების მესამე ჯგუფი კი ქცევით სფეროს მოიცავს. ასა-ს მქონე ბევრ ბავშვს აქვს განმეორებითი მოძრაობები (ბრუნვა, ტრიალი, რხევა, ხელების ქნევა) ან თვითდამაზიანებელი ქცევა (კბენა, თავის რტყმა), სპეციფიკური რიტუალები და რეჟიმი და ძალიან წუხან, როცა მათი დარღვევა უწევთ; განუწყვეტლივ მოძრაობენ, ზოგჯერ კი შეიძლება დიდი ხნით მოინუსხონ საგნის რომელიმე ნაწილით, მაგალითად, სათამაშო მანქანის მბრუნავი ბორბლით.
ხშირად ასეთ ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ტკივილის შეგრძნება, სამაგიეროდ მძაფრად რეაგირებენ ხმაურზე, შეხებაზე, სუნზე... შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი იმისა, რომ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მათ არ უყვართ ჩახუტება, ხელში აყვანა, სხვებთან სიახლოვე.
ასა-ს ყოველი ცალკეული შემთხვევა მკვეთრად ინდივიდუალურია. ზოგჯერ ეჭვი სიცოცხლის პირველივე თვეებში ჩნდება, ზოგჯერ კი მხოლოდ ორი წლის შემდეგ. შესაძლოა, განვითარება რამდენიმე თვე ან წელიც კი ნორმალურად მიმდინარეობდეს და ბავშვმა მოგვიანებით დაკარგოს მანამდე ათვისებული უნარები, გამოაჩნდეს ქცევის, სოციალური თუ კომუნიკაციის პრობლემები. ასეა თუ ისე, დაავადება 3 წლამდე იჩენს თავს და მთელი სიცოცხლე გაჰყვება ადამიანს. აუტიზმის მქონე ზოგიერთი ბავშვი ზრდა-განვითარებასთან ერთად სწავლობს სხვებთან ურთიერთობას და ქცევაც უუმჯობესდება; ის, ვისაც ნაკლებად მძიმე პრობლემები აქვს, ცხოვრობს ნორმალური ან თითქმის ნორმალური ცხოვრებით. ზოგს, პირიქით, მეტყველებისა და სოციალური უნარ-ჩვევების კუთხით პრობლემები უფრო მეტად უმძიმდება, რასაც მოზარდ ასაკში ქცევის გაუარესებაც ემატება.
ახალი უნარ-ჩვევების ათვისება ასა-ს დროს, ჩვეულებრივ, გაძნელებულია, ინტელექტის დაქვეითება კი სულაც არ გახლავთ პათოლოგიის აუცილებელი ნაწილი. ისევე როგორც საერთო პოპულაციაში, ამ ბავშვებიდან ზოგს საშუალოზე დაბალი ინტელექტი აქვს, ზოგს – საშუალო, ხოლო ზოგიერთს – საშუალოზე მაღალიც კი. უკანასკნელ შემთხვევაში ბავშვები ადვილად სწავლობენ, მაგრამ უჭირთ ურთიერთობა, ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება და სოციალური ადაპტაცია. იშვიათად კი ”აუტისტ გენიოსებსაც” ვხვდებით, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული მუსიკალური, მათემატიკური ან სხვა სახის ნიჭი.

რისი ბრალია
მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ასა-ს ყველა მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვარაუდობენ, რომ ასა-ს სხვადასხვა ტიპს მიზეზიც სხვადასხვა უნდა ჰქონდეს. იმ ფაქტორთა ჯგუფში, ასა-ს განვითარებას  უფრო მეტად მოსალოდნელს რომ ხდის, გარემო, ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორებიც უნდა შედიოდეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს აუტიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე გენი; გამოითქვა ვარაუდი, რომ გენური დეფექტი მუცლადყოფნის ადრეულ პერიოდში თავის ტვინის ნორმალური განვითარებისა და ნეირონების ურთიერთკავშირის რეგულაციის დარღვევას განაპირობებს. გამოკვლევებმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანთა ტვინის რამდენიმე მიდამოს არათანაბარი განვითარება გამოავლინა. როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული არ არის ეჭვი, რომ შესაძლოა, დამნაშავე ნეიროტრანსმიტერების (ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ერთი ნერვული უჯრედიდან მეორეზე ინფორმაციის გადატანას უზრუნველყოფენ) ანომალიური გადანაწილებაც იყოს.
ორსულობის დროს ზოგიერთი ტოქსიკური მედიკამენტის, მაგალითად ვალპროის მჟავას ან თალიდომიდის მიღება შესაძლოა ზრდიდეს ასა-ს განვითარების რისკს.
ვირუსული ინფექციებისა და საყოფაცხოვრებო ან პროფესიულ ტოქსინების კავშირი ასა-ს შესაძლო განვითარებასთან მრავალი თანამედროვე კვლევის ინტერესის საგანია, თუმცა სარწმუნო დასკვნების გამოსატანად შედეგები ჯერჯერობით საკმარისი არ არის.
ყველაზე ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები კი ასა-სა და წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ათიოდე წლის წინ განხორციელებულმა მცირე მასშტაბის დაკვირვებამ შესაძლო კავშირის თაობაზე ეჭვი წარმოშვა, მას შემდეგ ჩატარებულმა ინტენსიურმა გამოკვლევებმა ურთიერთკავშირი არ დაადასტურა.

ვის ემუქრება
აუტიზმით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი რასისა და ეროვნების ადამიანი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მისი განვითარების ალბათობა მკვეთრად მატულობს. ეს ფაქტორებია:
ბავშვის სქესი – აღმოჩნდა, რომ ვაჟებს 3-4-ჯერ უფრო ხშირად აქვთ აუტიზმი, ვიდრე გოგონებს.
მემკვიდრეობითი განწყობა – ოჯახში, სადაც ერთ ბავშვს აუტიზმი აქვს, უფრო დიდია ალბათობა, ის მეორესაც გამოაჩნდეს. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლებსა და ნათესავებს ხშირად აქვთ სოციალური და კომუნიკაციური სფეროს პრობლემები ან აუტისტური ქცევები. ასა-ს რისკი საგრძნობლად იმატებს, თუ მშობლის და ან ძმა აუტისტური სპექტრის აშლილობით არის ავად. ასეთი ბავშვების მეათედს შესაძლოა სხვა გენეტიკური პათოლოგიაც, მაგალითად, დაუნის სინდრომი ან ტუბეროზული სკლეროზი, აღმოაჩნდეს.
სხვა დარღვევები – ზოგიერთი დაავადების დროს მაღალია აუტიზმის თანხლების ალბათობა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მყიფე X სინდრომი, ტუბეროზული სკლეროზი, ტურეტის სინდრომი და ეპილეფსია.
მამის ასაკი – გამოკვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მამის ასაკოვნება აუტიზმის რისკს ზრდის. ერთ-ერთი სერიოზული გამოკვლევის თანახმად, 40 წელს გადაცილებულ მამებს 6-ჯერ უფრო ხშირად ჰყავთ აუტიზმის მქონე შვილები, ვიდრე 30 წლამდე ასაკისას. დედის ასაკთან ამგვარი კავშირი დადგენილი არ არის.

გამოვავლინოთ
აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტიკა არცთუ ისე ადვილია. ჯერ ერთი, ძალზე მრავალფეროვანია მისი კლინიკური გამოვლინება, მეორე – არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც ერთმნიშვნელოვან პასუხს გაგვცემდა. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის ნიშნები ხშირად 18 თვემდე ვლინდება, პრობლემას 2-3 წლამდე ვერ ამჩნევენ, ანუ მანამდე, სანამ თვალსაჩინო არ გახდება მეტყველების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობის პრობლემები. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი პედიატრებსა და  ოჯახის ექიმებს მოუწოდებს, მშობლების ეჭვებს გულისყურით მოეკიდონ – გამოკვლევები მოწმობს, რომ მშობლები ექიმებზე გაცილებით ადრე და გაცილებით ხშირად ამჩნევენ ნორმიდან გადახრას. თუმცა ექიმთან ვიზიტის დროს შესაძლოა მშობელს არც კი გაახსენდეს შემჩნეული პატარ-პატარა თავისებურებები, ანდა ისინი უმნიშვნელოდ მიიჩნიოს. დროის დაკარგვა კი, როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის წარმატებული მომავლის შანსს საგრძნობლად ამცირებს. სამაგიეროდ, თუ ინტერვენცია (ანუ სამედიცინო ჩარევა) სამ წლამდე დაიწყო, ადამიანი არა მხოლოდ დამოუკიდებლად ცხოვრებას, არამედ უმაღლესი განათლების მიღებასაც კი მოახერხებს.
ამ ხარვეზის ამოსავსებად ჯანდაცვის პირველადი რგოლის სპეციალისტებისთვის აუტისტური სპექტრის აშლილობათა (ასა) სკრინინგისა და მეთვალყურეობის სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს. სკრინინგი შეფასების ხანმოკლე პროცედურაა, რომელიც გვეხმარება, გამოვავლინოთ ის ბავშვები, განვითარების შეფერხების დასადგენად უფრო ღრმა გამოკვლევა რომ სჭირდება. განვითარების შესაფასებელი სკრინინგული გამოკვლევა დიაგნოსტიკის ყველაზე იაფ და მგრძნობიარე საშუალებად ითვლება. თუ სკრინინგული კვლევით აუტიზმის არსებობა საეჭვოა, საჭიროდ მიიჩნევენ უფრო ღრმა გამოკვლევას, უფრო დაწვრილებით შეფასებას. სარწმუნო დიაგნოზისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური (სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან – ფსიქოლოგისგან, ნევროლოგისგან, ფსიქიატრისგან, მეტყველების თერაპევტისგან – შემდგარი) გუნდი. ბავშვს შეიძლება ჩაუტარონ ფსიქოლოგიური, მეტყველების ან სმენის ტესტირება. განვითარების შესაფასებელი ტესტები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან თუ ერთი მაინც გეცნოთ, სპეციალისტთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ხშირად ეს გადახრები რამდენიმე კვირაში ან თვეში თავისთავად გამოსწორდება, მაგრამ ამის იმედად ნუ დარჩებით – ჯობს, 10 ბავშვიდან 9 ტყუილუბრალოდ მივიყვანოთ შესაფასებლად, ვიდრე თუნდაც ერთს დიაგნოზი და მკურნალობა დაუგვიანდეს.

საყურადღებო ნიშნები
2 წლამდე
* არ რეაგირებს სახელის დაძახებასა და მიმართვაზე, თითქოს არც ესმოდეს
* როცა ეფერებით, ელაპარაკებით, აცმევთ, თვალებში არ გიყურებთ
* არ მოსწონს ხელში აყვანა, ჩახუტების მაგივრად უკან იხრება
* ვერ ხვდება სხვის ემოციებს ან უჭირს მათი აღქმა. თქვენი ხმის კილოსა და სახის გამომეტყველების მიხედვით ვერ ხვდება, კარგ გუნებაზე ხართ თუ ცუდზე, გიხარიათ თუ გწყინთ
* გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობებს (ბრუნვა, ტრიალი, რხევა, ხელების ქნევა) ან აქვს თვითდამაზიანებელი ქცევა (კბენა, თავის რტყმა)
* 12 თვისთვის არ ტიტინებს
* 12 თვისთვის არ იყენებს ჟესტებს (თითით მინიშნება, დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა)
* 16 თვისთვის არ ამბობს არც ერთ სიტყვას
* 24 თვისთვის არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზას (გამეორება არ ითვლება)

2 წლის შემდეგ:
* დაკარგა მანამდე შეძენილი სამეტყველო და სოციალური უნარ-ჩვევები
* გვიან დაიწყო ლაპარაკი და საკუთარ თავს ხშირად იხსენიებს მესამე პირში (და არა როგორც ”მე”-ს)
* დაკარგა მანამდე ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების უნარი
* ლაპარაკობს არაბუნებრივი, უჩვეულო ტონითა და რიტმით (წამღერებით ან რობოტივით)
* არ წამოიწყებს საუბარს, არ ერთვება დიალოგში
* აქვს განსაკუთრებული რიტუალები და რეჟიმი და ძალიან წუხს, როცა ისინი ირღვევა
* დიდი ხნით მოინუსხება ხოლმე საგნის რომელიმე ნაწილით, მაგალითად, სათამაშო მანქანის მბრუნავი ბორბლით
* განსაკუთრებით მგრძნობიარეა შეხების, სინათლისა და ხმაურის მიმართ, მაგრამ იშვიათად გამოხატავს რეაქციას ტკივილზე.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად