ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფსიქოლოგია და აღზრდა >>ჟურნალი "ავერსი" N76
განვავითაროთ წვრილი მოტორიკა

თანამედროვე სათამაშოების უზარმაზარ და ძვირადღირებულ ასორტიმენტში ხშირად წააწყდებით წარწერას: “ავითარებს წვრილ მოტორიკას”.
ვერაფერს იტყვი, ყოველი მშობლისთვის მიმზიდველი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მითითებაა, თუნდაც სიტყვები “წვრილი მოტორიკა” ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს.
სკოლამდელი ასაკის ადამიანისთვის სამყაროს შეცნობისა და შემეცნების ერთ-ერთი ძირითადი გზა სწორედ თამაშია, ამიტომ სათამაშოს გონივრული შერჩევა  აუცილებელია, თუმცა სულაც არ არის საჭირო, ხელფასის მოზრდილი ნაწილი ზემოთ ნახსენებ ძვირად ღირებულ სათამაშოებში დახარჯოთ. საკმარისია, მიმოიხედოთ და თავადვე დარწმუნდებით, რომ თქვენი ბინა ულევი საბადოა ბავშვის ფანტაზიისა და ენერგიის დასაოკებლად, ბავშვთან ერთად მშვიდი გართობა და მისთვის დაუვიწყარი (და სასარგებლო!) შეგრძნებების მინიჭება კი სულ ადვილი რამ.
არსებობს უამრავი სავარჯიშო, რომლებიც ფსიქოლოგებმა, ფიზიოლოგებმა, პედიატრებმა და ლოგოპედებმა შეიმუშავეს და რომელთა შესრულება მშობლებისგან არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარს. სამაგიეროდ, ბავშვს უვითარებს წვრილ და მსხვილ მოტორიკას, რაც მძლავრი სტიმულია აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნებისა და მეტყველების განსავითარებლად.

რა არის წვრილი მოტორიკა
მოტორიკა მოძრაობას ნიშნავს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არის ადამიანის ორგანიზმის ან მისი ცალკეული ორგანოების მოძრაობის, აქტივობის აღნიშვნელი სიტყვა. განასხვავებენ მსხვილ (მიხრა-მოხრა, ცოცვა, სირბილი, ხტომა...) და წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებითა და თითებით შესრულებული მოძრაობების ერთობლიობა).
მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანის თავის ტვინის ის უბანი, რომელიც განაგებს მეტყველებას, ძალიან ახლოს მდებარეობს უბანთან, რომელიც ხელის თითების მოძრაობას უზრუნველყოფს, ხელის თითების მიზანმიმართული ვარჯიში კი, თავის მხრივ, მეტყველებისა და სხვა მეზობელ უბნებსაც ააქტიურებს. ამიტომ აუცილებელია, ბავშვის ხელები საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში ჩავრთოთ, მით უმეტეს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობები.
წვრილი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოების შესრულებას შეგვიძლია სულ მცირე ასაკიდან შევუდგეთ.
დავიწყოთ მასაჟით.
ხელის მტევნებისა და თითის ფალანგების მსუბუქი მასაჟი სრულდება ყოველდღე, 3-5 წუთის განმავლობაში. მოიცავს წრიულ მოძრაობებს ხელისგულზე ცერა ან საჩვენებელი თითით, ფალანგების გაშლა-მოხრას, ფალანგების დაზელას წრიული მოძრაობით თითის ბოლოდან წვერისკენ (ხელისგულიდან ფრჩხილისკენ), “წვიმის წვეთებს” – მსუბუკ კაკუნს თითის ბალიშებით, “დამაუთოებელ” მოძრაობებს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილკბილება სავარცხელი და ნაზად “დავარცხნოთ“ ხელისგულები და თითები.
რეკომენდებულია  2-3 თვის ასაკიდან.
ახლა კი იმ საგულისხმო სიმპტომებს ჩამოვთვლით, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა ბავშვზე დაკვირვებისას:
ხუთი თვის ასაკისთვის ბავშვს ხელები მუშტად აღარ უნდა ჰქონდეს შეკრული, უნდა შეეძლოს მისთვის გაწვდილი სათამაშოს ჩამორთმევა, ხელის მტევნებისა და თითების დამოუკიდებლად გაშლა-მომუჭვა, ხელის გაწვდენა იმ ნივთისკენ, რომელიც დააინტერესებს, ერთი ხელიდან მეორეში ნივთის გადატანა, მონადირებული საგნის პირისკენ წაღება, ორი ნივთის ცალ-ცალკე ხელში დაჭერა და ერთმანეთზე დაკაკუნება.
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვი იყენებს მხოლოდ ერთ ხელს. მიაქციეთ ყურადღება: პათოლოგიაზე საუბარია მაშინ, როცა ბავშვი უფრო მარჯვედ კი არ ხმარობს რომელიმე ხელს, არამედ მუდმივად, გამონაკლისის გარეშე, ამჯობინებს, ცალი ხელით შეასრულოს მოქმედება. ასეთ დროს საუბარია არა ცაციობა-მემარჯვენეობაზე, არამედ ფუნქციურ დარღვევაზე.

აი, თამაშის დროც დადგა.
ცუგა, ნუ იკბინები!
ხის ან პლასტმასის ფერადი სარჭებით (ყურადღება მიაქციეთ, რომ სარჭები მეტისმეტად არ უჭერდეს) უამრავი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.
წინასწარ გამოჭერით ფერადი მუყაოსგან მზე, ღრუბელი, გორაკი და ბავშვს ზედ სარჭები დაამაგრებინეთ – სხივებად, წვიმად, ბალახად...შეგიძლიათ, სარჭები ზღარბის ეკლებად აქციოთ ან უბრალოდ კოლოფის გასწვრივ ჩამოამწკრივებინოთ თანამიმდევრობით ან ფერების მონაცვლეობით. აამუშავეთ ფანტაზია და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში თქვენს პატარას გარანტირებული აქვს სერიოზული “სამაგიდო სამუშაო“.
ამავე სარჭებით შეგიძლიათ ბავშვს თითის ბალიშების მასაჟიც გაუკეთოთ: სარჭი გადაიქცევა ცუგად ან პაწაწა ნიანგად, რომელიც თანამიმდევრობით “კბენს” ყველა თითს (წინასწარ შეამოწმეთ მოჭერის ძალა საკუთარ თითებზე).

ვწერთ ხელისგულზე
სთხოვეთ ბავშვს, თვალები დახუჭოს და ხელი გამოგიწოდოთ. გაშლილ ხელისგულზე დააწერეთ ასოები, ციფრები, დაახატეთ წრე, კვადრატი, მზე, ღრუბელი, ყვავილი. შეგიძლიათ, “ტილოდ” ზურგიც გამოიყენოთ. ბავშვმა უნდა ამოიცნოს და დაასახელოს გრაფიკული გამოსახულება.
ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნება ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხუთი ძირითადი გრძნობიდან ერთ-ერთი პირველი ეხმარება პატარას სამყაროს შესწავლასა და შემეცნებაში. ამ შეგრძნების განვითარება სულ მცირე ასაკიდან არის შესაძლებელი. ამ უნარის განმავითარებელ სავარჯიშოებს ქვემოთაც მოვიყვანთ.
გარდა ხელისგულებისა და ზურგისა, სასარგებლოა თამაშში ფეხისგულების ჩართვაც. მაგალითად, არც ისე ძნელია სხვადასხვა ფაქტურის მქონე ქსოვილებისა და ნივთებისგან სპეციალური სამასაჟო ფარდაგის გაკეთება. შეიძლება გამოიყენოთ ხაოიანი პირსახოცი, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ტანის დასაბანი ნეჭა და სხვა ხელმისაწვდომი საგნები.

თხილამურები
პლასტმასის ბოთლის სახურავები “თხილამურებად“ აქციეთ. დაე, ჯერ ერთი, მერე მეორე ხელის თითებმა მოირგონს თხილამურები და დაძლიონ “დისტანცია”. პატარა თითებისთვის მშვენიერი სავარჯიშოა ამავე თავსახურების ბოთლებზე მოჭერა-მოშვებაც.

ვხატავთ თითებით
ფართო ლანგარზე ან მაგიდის ზედაპირზე დაყარეთ ნებისმიერი ბურღული, გადაასწორეთ და სთხოვეთ ბავშვს, თითით შიგ სწორი ან კლაკნილი ხაზები გაავლოს, დახატოს მისთვის საინტერესო ფიგურები. თითებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ თითის ბალიშების ამგვარი სტიმულირება ძალიან სასარგებლოა.
ჩაყარეთ ბურღული დიდ თასში, ჩამალეთ შიგნით “განძი“ – რაიმე პატარა საგანი – და ბავშვს მისი მოძებნა სთხოვეთ, შემდეგ კი კოვზით გადააცლევინეთ თასის შიგთავსი მომცრო ზომის ჭურჭელში.

ათასი წვრილმანი
ღილები, მძივები, ჩხირები, ასანთის ღერები – ნებისმიერი მათგანი გამოგადგებათ თითების წვრილი მაკოორდინირებელი სავარჯიშოების შესასრულებლად. შეიძლება მძივების აცმა ფერად ძაფზე, ჩხირებითა და ასანთით სახლის აშენება, ღილების შეკვრა-გახსნა, მათი გადახარისხება ფერისა და ზომის მიხედვით. შეგიძლიათ, ყველა ამ ნივთის კომბინაციით შექმნათ რაიმე ინსტალაცია და ოჯახის სხვა წევრები “სიურეალისტურ გამოფენაზე” მიიპატიჟოთ.

დამყოლი მასალა
პლასტილინი და ცომი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი გასართობია.
პლასტილინით ძერწვასთან ერთად ძალიან სასარგებლოა დარბილებული მასალით ხატვა მყარ ზედაპირზე. ბავშვს წინასწარ მოუხაზეთ კონტური და სთხოვეთ, პლასტილინით გააფერადოს, ცომს კი ნებისმიერი პატარა საკუთარი შეხედულებისამებრ მოუვლის. დაგორგვლა, გაბრტყელება, თითის ჩარჭობა, მარცვლეულით მორთვა ბავშვს შესანიშნავად გაართობს.

გამოცნობანა
რამდენიმე ჯამში ან პარკში ჩაყარეთ სხვადასხვა სახის მარცვლეული. ჩააყოფინეთ ბავშვს თითები – დაე, მოსრისოს, ხელიდან ხელში გადაიყაროს, ერთი სიტყვით, ყოველმხრივ შეისწავლოს. თან დაასახელეთ თითოეული მათგანი, დაახასიათეთ: თეთრია, მყარია, რბილია, ნოტიოა, ცივია... შემდეგ შესთავაზეთ, თვალები დახუჭოს და ბრმად გამოიცნოს, რომელი ბურღულის თასში აქვს ჩაყოფილი ხელი.
აი კიდევ ერთი შესანიშნავი გასართობი: ჩაყარეთ ნაჭრის ტომარაში პატარა სათამაშოები, ბავშვს შესთავაზეთ, შიგნით ხელი ჩაყოს და სათამაშოები სათითაოდ ამოიღოს, ოღონდ არ დახედოს – მხოლოდ შეხებით “დაინახოს” და დაასახელოს.

თითების სპექტაკლი
ასწავლეთ ბავშვს თითებით სხვადასხვა ცხოველის წარმოსახვა. აუხსენით სიტყვიერად და აჩვენეთ, როგორ განასახიეროს ბაჭია, კაცუნა, პეპელა, ხარი,  ზღარბი... როდესაც ბავშვი გაეცნობა ამ პერსონაჟებს, შეგიძლიათ, მასთან ერთად სცენარი შექმნათ და მინისპექტაკლი გამართოთ (აუცილებლად მიიწვიეთ მაყურებლები –ოჯახის წევრები).

რა თქმა უნდა, სახლი ამ საქმიანობის შემდეგ წინანდებურად მოწესრიგებული ვეღარ იქნება. სამაგიეროდ, ასეთი “შემოქმედებითი უწესრიგობა“ ფასდაუდებელი ინტელექტუალური ინვესტიციაა სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბაშვებისთვის, რადგან ჩამოთვლილი სახალისო თამაშები სავარჯიშოებია, რომლებიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას, წარმოსახვასა და აზროვნებას, სივრცით მიმართებებს (ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს, შორს...), არტისტიზმსა და შემოქმედებით ნიჭს. ამ თამაშების მეშვეობით ბავშვი ითვისებს ცნებებს “ფორმა”, “ფერი”, “ზომა”, ივსებს ლექსიკურ მარაგს და ხვეწს მეტყველებას. გარდა ამისა, თამაშის დროს პატარა უხვად იღებს მშობლების სითბოსა და ყურადღებას, რაც ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის შეუცვლელია.
ბოლოს და ბოლოს, არეული სახლის მოსაწესრიგებლად შეგიძლიათ უკვე გავარჯიშებული დამატებითი რესურსიც გამოიყენოთ – ბავშვები ნებისმიერ საქმიანობაში ხალისით ერთვებიან, თუკი დავაინტერესებთ და მოვანდომებთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად