ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ინფექციური დაავადებები >>ჟურნალი "ავერსი" N75
დაფრინავს თუ არა მენინგიტი

მფრინავი მენინგიტის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მისი შიშით ყველა დედას წინასწარ უსკდება გული. ყველაზე ნაკლებინფორმირებული ხალხი კი ექიმები არიან – ასეთ ტერმინს მედიცინა უბრალოდ არ იცნობს. ის წმინდა ქართული მოვლენაა. “ფრთები” მას რუსული ენის ცუდმა ცოდნამ შეასხა: ლეტალური ლათინურად სასიკვდილოს ნიშნავს (ეს სახელი ალბათ ანტიბიოტიკებამდელ ეპოქაში დაარქვეს), ქართველებმა კი, როგორც ხედავთ, ტერმინი ფრენას (летать) დავუკავშირეთ და მენინგიტს ახალი, არარსებული თვისება შევძინეთ.
რაც შეეხება სახელის მეორე ნაწილს, ისიც ლათინური წარმოშობისაა და ტვინის გარსების ანთებას ნიშნავს. ზურგისა და თავის ტვინს დაზიანებისგან ძვლოვან კარკასთან ერთად რამდენიმე გარსიც იცავს, ანუ ამ დროს თვით ტვინის უჯრედები არ ზიანდება, ანთება მათ გარეთაა. თუ ინფექცია ტვინის ნივთიერებასაც შეეხო, მაშინ მენინგოენცეფალიტთან ან მენინგომიელიტთან გვექნება საქმე, იმისდა მიხედვით, თავისაა ტვინი თუ ზურგისა.

ეპითეტის კვალდაკვალ
მენინგიტს სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იწვევს. შემთხვევათა 90% ვირუსული (ძირითადად ენტეროვირუსული) წარმოშობისაა. საბედნიეროდ, ასეთი ანთება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ნაკლებ გართულებას იწვევს. ბაქტერიული მენინგიტი უფრო მძიმე და საშიშია. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება  შეგვხვდეს პნევმოკოკით, მენინგოკოკით, ჰემოფილუსის ან ტუბერკულოზის ჩხირით და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული მენინგიტები. მენინგოკოკური მენინგიტი პირველადი მენინგიტია, მაშინ როცა სხვა მენინგიტები ძირითადი დაავადების გართულებას წარმოადგენს და გადამდები არ არის.
მენინგოკოკური ინფექციის სეზონი შემოდგომის მიწურულიდან ადრე გაზაფხულამდე გრძელდება, თუმცა თითო-ოროლა შემთხვევა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. 1998-2002 წლებში წლიურად საშუალოდ 72 შემთხვევა აღირიცხებოდა. 2003 წელს 64 შემთხვევა დაფიქსირდა, 2004 წელს კი – 46. შესადარებლად: 2004 წელს ტუბერკულოზური მენინგიტის 26 შემთხვევაა აღრიცხული.
დაავადებას ახასიათებს მრავალწლიანი ციკლურობა. 2008 წელს ქვეყანაში აღრიცხულია ბაქტერიული მენინგიტის 171 და მენინგოკოკცემიის 33 შემთხვევა.
საქართველოს ყოველი 100-150 მკვიდრიდან ერთის ცხვირ-ხახაში მენინგოკოკები 2-3 კვირა ცხოვრობენ და არავითარ ზიანს არ აყენებენ მასპინძელს, მაგრამ მათ შეუძლიათ დაასნებოვნონ (ახლო და ხანგრძლივი კონტაქტისას) სხვა ადამიანები, რომლებსაც კლინიკური ნიშნები ასევე არ გამოაჩნდებათ. ასე ცირკულირებს ეს გამომწვევი მოსახლეობაში. ამ ჯანმრთელი მატარებლების 10-15%-ს შესაძლოა განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი – ცხვირ-ხახის ანთება, რომელიც, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს და 2-3-იდან 5 დღემდე გრძელდება, ისე, რომ სამედიცინო დახმარება შესაძლოა არც კი დასჭირდეს.
სამწუხაროდ, ინფიცირებულთა 1%-ს (უმთავრესად – ბავშვებს, რომელთა ორგანიზმში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დამცველობითი ფუნქციები) შესაძლოა გენერალიზებული მძიმე ფორმები – მენინგოკოკცემია ან მენინგიტი – განუვითარდეს. პირველ შემთხვევაში კლინიკურ სურათში წამყვანი ტვინისა და მისი გარსების დაზიანება კი არა, სისხლში მენინგოკოკებისა და მათი ტოქსინის (შხამის) დიდი რაოდენობით გადასვლაა. ტვინის გარსების ანთება, ჩვეულებრივ, ამ ფორმასაც ახლავს თან, თუმცა მისი კლინიკური ნიშნები უფრო გვიან, შოკიდან გამოსვლის შემდეგ ვლინდება.

ამოვიცნოთ
ეს არც ისე იოლია. თავდაპირველად მენინგიტი ჩვეულებრივ გრიპს წააგავს. სპეციფიკური სიმპტომები ერთი-ორი დღის შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ყველა სიმპტომი არც კი გამომჟღავნდეს ან ზოგიერთი მათგანი სხვა, შედარებით მსუბუქი დაავადების ნიშანი იყოს. ასე რომ, ნურც პანიკა აგიტანთ და ნურც ზედმეტად დაიმშვიდებთ თავს. ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვიც კი ყოველგვარ თვითშემოქმედებას გამორიცხავს. ერთადერთი რამ არის საჭირო: ავადმყოფი რაც შეიძლება მალე მოხვდეს პროფესიონალების ხელში. ამ დროს არამცთუ საათებს, ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საგანგაშო ნიშნები:
* მაღალი სიცხე;
* ძლიერი თავის ტკივილი;
* კისრის კუნთების რიგიდულობა (კუნთები ისეა დაჭიმული, რომ ნიკაპის მკერდთან მიტანა შეუძლებელია);
* გულისრევა, ღებინება;
* ცნობიერების არევა ან კონცენტრაციის (ჩვილებში – თვალით კონტაქტის დამყარების) უუნარობა;
* კრუნჩხვა;
* ძილად მივარდნა ან ძნელად გაღვიძება;
* სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* გამონაყარი (მენინგოკოკური ინფექციის დროს).
უფრო ადრეული ნიშნებიდან, რომლებიც მძიმე ინფექციაზე (თუმცა არა მაინცდამაინც მენინგიტზე) მიუთითებს, შეიძლება გამოვყოთ:
* ფეხის ტკივილი;
* ხელის მტევნებისა და ტერფების გაყინვა;
* კანის ანომალიური სიფითრე.
ახალშობილებსა და ჩვილებს მენინგიტის ზოგიერთი კლასიკური ნიშანი, მაგალითად, კისრის გაშეშება, შესაძლოა არც გამოაჩნდეთ, ზოგიერთი კი, თუნდაც თავის ტკივილი, ძნელი შესამჩნევია. ამ ასაკის ბავშვები მენინგიტის დროს შესაძლოა:
*  გამუდმებით ტიროდნენ;
* ძილად იყვნენ მივარდნილნი ან იოლად ღიზიანდებოდნენ;
* ცუდად ჭამდნენ;
* ყიფლიბანდი ამობურცული და დაჭიმული ჰქონდეთ.
მენინგოკოქცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანი გამონაყარია. დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად – მეორე დღეს კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევები ჩნდება. ზოგიერთი მათგანი წერტილოვანია, ზოგიერთის დიამეტრი კი 2-15 სმ-საც აღწევს. არც სიმეტრია ახასიათებთ. გამონაყარი უმეტესად ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე ჩნდება. სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. საზოგადოდ, თუ ეს სიმპტომი გაჩნდა, შესაძლოა დახმარება უკვე დაგვიანებული იყოს.
გვხვდება მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმებიც. ამ დროს დაავადება უაღრესად სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში პროგრესირებს. დილით ავადმყოფს პირველი სიმპტომები უვითარდება, რომელთა მიხედვითაც დასმა ძნელია დიაგნოზის, ხოლო საღამოს, როცა ტიპური სიმპტომები ჩამოყალიბდება, მკურნალობა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თავისებურებებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მხოლოდ გავრცელებული ცრურწმენის აღმოფხვრას ვცდით.
მენინგიტის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა და ამ პროცედურაზე უარის თქმა ანდა გაჭიანურება, მეტი რომ არ ვთქვათ, უგუნურებაა. ამ დროს ხერხემლის არხიდან მხოლოდ და მხოლოდ სითხეს იღებენ და არა ტვინს. ტვინის დაბოლოება ამ ადგილის ზემოთ პროეცირდება, ასე რომ, ტვინის დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. პროფესიონალის ხელში ეს მანიპულაცია ისევე უსაფრთხოა როგორც, ვთქვათ, ვენიდან სისხლის აღება.

არ გავიკაროთ
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მენინგოკოკური ინფექციის განსაზღვრული ტიპების საწინააღმდეგო ვაქცინები, იმის გამო, რომ გამომწვევი სხვადასხვა ტიპისაა (A, B, C, Y, W135, X და სხვა), ისინი ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება.
მენინგოკოკით გამოწვეული ეპიდემია დიდ მასშტაბს არ აღწევს. თუ თქვენი შვილის ბაღის ამხანაგი ან თანაკლასელი მენინგოკოკური მენინგიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადება მთელ კლასს წითელასავით ვერ მოედება. ერთი ან ორი შემთხვევა თითო კერიდან – ასეთია ჩვეულებრივი სტატისტიკა. და მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შენობა საგულდაგულოდ უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო ხსნარებით. ვინაიდან მენინგოკოკები გარემოში ერთ წუთში იღუპებიან, უბრალო განიავება, მზის სხივების შემოშვება და სველი წესით დალაგებაც ძალზე ეფექტურია. ამასთანავე, საჭიროა, მთელ კოლექტივს აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი და მატარებლები ასე გამოავლინონ. მენინგოკოკური ინფექციის საინკუბაციო პერიოდი (დრო გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრიდან დაავადების დაწყებამდე) 1-10 დღეა, უმეტესად – 3-4 დღე, ამიტომ უკანასკნელი ავადმყოფის გამოვლენიდან ათი დღის განმავლობაში ბავშვებს დღეში ორჯერ ვუზომავთ სიცხეს, ვუთვალიერებთ ყელსა და კანს. ბავშვთა დაწესებულებებში, სკოლებში, ცხადდება ათდღიანი კარანტინი. ამდენივე ხნით კრძალავენ კოლექტივში ახალი წევრების, აგრეთვე იმ ბავშვების მიღებას, რომლებიც დაავადების გამოვლენისას ამა თუ იმ მიზეზით არ დადიოდნენ. კარანტინი ეხება მხოლოდ იმ ჯგუფს, კლასს, ახალწვეულთა იმ ოთახს, სადაც მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებული ფორმით დაავადებული თუნდაც ერთი ავადმყოფი გამოვლინდა. დაავადებულთან ძლიერ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს (და, ძმა, უახლოესი მეგობრები) თუ ნაზოფარინგიტი გამოაჩნდათ, გართულების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკებს უნიშნავენ.
საზეპირო
 . ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვიც კი ყოველგვარ თვითშემოქმედებას გამორიცხავს. ერთადერთი რამ არის საჭირო: ავადმყოფი რაც შეიძლება მალე მოხვდეს პროფესიონალების ხელში. ამ დროს არამცთუ საათებს, ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
. თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშის აღება პროფესიონალის ხელში ისევე უსაფრთხოა როგორც, ვთქვათ, ვენიდან სისხლის აღება.
. მენინგოკოკები გარემოში ერთ წუთში იღუპებიან, ოთახის განიავება და მზის სხივების შემოშვება, სველი წესით დალაგება ძალზე ეფექტურია.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად