ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>სტომატოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N74
პაროდონტის დაავადებები

ერთი შეხედვით უწყინარ სიმპტომებს _ ღრძილების შეწითლებას, ღრძილებიდან სისხლდენას, კბილების მომატებულ მგრძნობელობას _ ადამიანმა  შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ადამიანი მანამდე მიმართავს სტომატოლოგს, ვიდრე ჯანსაღ კბილებთან გამოთხოვება მოუწევს, ჩვენ კი პაროდონტის დაავადებებზე სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” ექიმ სტომატოლოგს სოფიო საბანაძეს ვესტუმროთ.

_ სოფიო, რა დაავადებებია პაროდონტიტი და პაროდონტოზი და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?
_ ვიდრე პაროდონტიტსა და პაროდონტოზზე დავიწყებდეთ საუბარს, მოდი განვმარტოთ, რა არის პაროდონტი.
პაროდონტი იმ ქსოვილთა კომპლექსია, რომლებიც კბილს კბილბუდეში აფიქსირებს. ეს კომპლექსი მოიცავს ღრძილს, კბილბუდის ძვლოვან ქსოვილს, პერიოდონტს (შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების კომპლექსი, რომელიც კბილს კბილბუდის ძვალთან აკავშირებს) და ცემენტს, რომლითაც დაფარულია კბილის ფესვი.
პაროდონტიტი პაროდონტის ანთებითი დაავადებაა, პაროდონტოზი კი დისტროფიული, არაანთებითი დაავადება.
_ რამდენად ხშირია პაროდონტის დაავადებები?
_ პაროდონტიტი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის გამო ადამიანი 5-ჯერ უფრო ხშირად კარგავს კბილებს, ვიდრე კარიესის გართულებათა გამო. განვითარებულ ქვეყნებში 21-იდან 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში მისი გავრცელება დაახლოებით 15%-ია, 50 წლის ზემოთ კი 30%. რაც უფრო ნაკლებად არის განვითარებული ქვეყანა, მით უფრო მეტია პაროდონტიტის გავრცელება.
პაროდონტოზი უფრო იშვიათი დაავადებაა, იგი მოსახლეობის 5-10%-ში გვხვდება.
_ რა იწვევს პაროდონტიტს?
_ პაროდონტიტი ვითარდება ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ადგილობრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ზოგჯერ ორგანიზმის ამა თუ იმ (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, ნერვული) სისტემის დაავადება პაროდონტში ისეთ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რომ ადგილობრივი ფაქტორები უკანა პლანზე გადადის. პაროდონტიტის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც.
რაც შეეხება ადგილობრივ ფაქტორებს: კბილის მიკრობული ბალთა, კბილის ქვა, არასწორად გაკეთებული ბჟენი და ორთოპედიული კონსტრუქცია, კარიესული ღრუები კბილების შემხებ ზედაპირებზე და კბილის ყელის მიდამოში, თანკბილვისა და ცალკეული კბილების დგომის ანომალია და სხვა ის მუდმივმოქმედი გამღიზიანებლებია, რომლებიც პაროდონტის ანთებას იწვევს და პაროდონტიტის მიმდინარეობას ამძიმებს.
კბილის მიკრობული ბალთა ანუ ბაქტერიული ნადები ანთების განვითარების პირველადი ეტიოლოგიური (გამომწვევი) ფაქტორია. ბაქტერიები ბაქტერიული ნადების 30%-ს შეადგენს. ამ მიკრობთა მეტაბოლიზმის პროდუქტების (ტოქსინებისა და ფერმენტების) ზემოქმედებით კბილის მიკრობული ბალთა პაროდონტის ანთებას იწვევს. ცნობისათვის: პირის ღრუში ბაქტერიების 350-ზე მეტი შტამია აღმოჩენილი.
_ როგორ ამოვიცნოთ პაროდონტიტი?
_ პაროდონტიტის ნიშნებია:
. ღრძილებიდან სისხლდენა;
. ჰიპერემიული (გაწითლებული), შესიებული და მგრძნობიარე ღრძილები;
. ღრძილებისა და კბილების დაშორიშორება (ღრძილები კბილის ზედაპირს მჭიდროდ აღარ ეკვრის);
. სივრცის გაჩენა კბილებს შორის;
. კბილების მორყევა, გადაადგილება;
. კბილებზე ქვებისა და ნადების არსებობა;
. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
სიმძიმის მიხედვით პაროდონტიტი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. სხვადასხვა სიმძიმის ფორმის დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები  სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გამოხეხვის დროს, უსიამოვნო სუნი და შეგრძნებები პირის ღრუში შესაძლოა მსუბუქ პაროდონტიტზე მიანიშნებდეს; საშუალო და მძიმე ფორმების დროს, ზემოთ აღნიშნულთან ერთად, შესაძლოა თავი იჩინოს თვითნებურმა ტკივილებმა, ღრძილებზე პერიოდულად გაჩნდეს ჩირქგროვები, განვითარდეს ჩირქდენა.
_ როგორ ხდება პაროდონტიტის დიაგნოსტიკა?
_ ამ დროს გამოკვლევის ქვაკუთხედია პაროდონტული ჯიბის სიღრმის განსაზღვრა. პაროდონტული ჯიბე წარმოიქმნება კბილ-ღრძილის შეერთების დარღვევისას პაროდონტის შემადგენელი ქსოვილების დესტრუქციის შედეგად. სწორედ პაროდონტული ჯიბის სიღრმეა უმთავრესი კრიტერიუმი პაროდონტიტის დიაგნოსტიკაში.
პაროდონტის გამოკვლევის დანარჩენი მეთოდებიდან მინდა შევჩერდე ორზე _ რენტგენოლოგიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. ძვლოვან ქსოვილში ცვლილებების შეფასება სწორედ რენტგენოლოგიურად ხდება. ამ გამოკვლევის ჩატარების ძალიან კარგი საშუალება გვაქვს "ავერსის კლინიკაში". ეს გახლავთ იაპონური ფირმა "მორიტას" უახლესი ციფრული ორთოპანტომოგრაფი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ძვლის განლევის ხარისხისა და სხვა ნიშნების მიხედვით დავადგინოთ პაროდონტის დაავადებების სტადია და სიმძიმე.
პაროდონტიტის გამოსაკვლევად ფართოდ გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდებიც. დაავადების დიაგნოსტიკისა და მედიკამენტური სამკურნალო საშუალებების ასარჩევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაროდონტულ ჯიბეში პათოგენური მიკროფლორის შემადგენლობის დადგენას. ამ გამოკვლევების ჩატარებაში ჩვენი კლინიკის ულტრათანამედროვე ლაბორატორია გვეხმარება.
_ რატომ ვითარდება პაროდონტოზი და რა ნიშნებით ვლინდება იგი?
_ პაროდონტოზის საფუძვლად მიიჩნევენ ნერვულ-დისტროფიულ გენერალიზებულ პროცესს, რომელიც ზოგად ენდოგენურ (შინაგან) ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები, ასაკთან დაკავშირებული მეტაბოლური ცვლილებები. მაგრამ პაროდონტოზის უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
პაროდონტოზის დროს:
. ღრძილი ვარდისფერია, მკვრივი, არ აქვს ანთების ნიშნები;
. კბილის ყელი და ფესვი გაშიშვლებულია ღრძილის რეტრაქციის (დაწევის, შეკუმშვის) შედეგად;
. მომატებულია კბილების მგრძნობელობა;
. კბილები მდგრადია;
. პროცესს ხშირად ერთვის კბილის არაკარიესული დაავადებები (ეროზია, სოლისებრი დეფექტი, ცვეთა).
_ როგორია პაროდონტის დაავადებების შორეული შედეგები?
_ რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, პაროდონტიტსაც და პაროდონტოზსაც მკურნალობის გარეშე კბილების დაკარგვამდე მივყავართ. ერთიორად გულსატკენია, როცა ამ პროცესს საყრდენის გარეშე დარჩენილი, მაგრამ საღი, დაუზიანებელი კბილები ეწირება.
_ შესაძლებელია თუ არა პაროდონტის დაავადებების შეჩერება საწყის სტადიაზე?
_ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების დროს, პაროდონტის დაავადებების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მისვლა. წესისამებრ, პაროდონტიტს წინ უძღვის გინგივიტი _ მხოლოდ ღრძილის ანთება. სათანადო ჰიგიენური პროცედურების (სწორი ხეხვა, კბილის ძაფისა და სავლებების გამოყენება) შედეგად კი გინგივიტი შეიძლება უკუგანვითარდეს. ამის დასამტკიცებლად ცდა ჩატარდა: ჯანმრთელი ღრძილების მქონე ადამიანთა საკონტროლო ჯგუფს ორი კვირის განმავლობაში არ გაუხეხავს კბილები, რამაც გინგივიტი გამოიწვია, ხოლო ამ ჰიგიენური პროცედურის აღდგენიდან გარკვეული ხნის შემდეგ დაავადების ნიშნებიც ალაგდა.
_ რა მეთოდებს იყენებენ პაროდონტის დაავადებების სამკურნალოდ?
_ პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა ინდივიდუალურად და კომპლექსურად უნდა ჩატარდეს. კომპლექსურობაში ვგულისხმობ ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობის ერთობლიობას. ზოგადი მკურნალობა მოიცავს სომატური პათოლოგიების მკურნალობას შესაბამის სპეციალისტებთან, ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელ და ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპიას.
ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს ადგილობრივი გამღიზიანებლების _ არასწორად გაკეთებული ბჟენებისა და ორთოპედიული კონსტრუქციების მოცილებას, თანკბილვის ანომალიების გამოსწორებას, ნადებისგან, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვებისგან პირის ღრუს გაწმენდას, პირის ღრუს მოვლის სწავლებას.
კბილის ნადების, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვების მოცილება ულტრაბგერითი სკალერის საშუალებით ხდება. ღრძილებში ანთებითი მოვლენების ჩასაქრობად გამოიყენება სხვადასხვა მალამო. საჭიროა პაროდონტული ჯიბეების მედიკამენტებით დამუშავება.

პაროდონტიტის სამკურნალოდ თერაპიულთან ერთად ქირურგიულ და ორთოპედიულ მეთოდებსაც ვიყენებთ.
პაროდონტოზის მკურნალობა ითვალისწინებს კბილების  მომატებული მგრძნობელობის აღმოფხვრას, არაკარიესული დეფექტების დაბჟენას. პაციენტს ასევე ენიშნება ზოგადმასტიმულირებელი საშუალებები, რომლებსაც კბილის ექიმი თერაპევტთან ერთად შეარჩევს.
აღსანიშნავია პაროდონტის პათოლოგიების მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები, რომელთა ფართო სპექტრიც არის წარმოდგენილი ჩვენს კლინიკაში.
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობაში უდიდესი წვლილი შეაქვს თავად პაციენტს. მის ნებისყოფასა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებაზე ბევრად არის დამოკიდებული საბოლოო შედეგი. მკურნალობის ინტენსიური პერიოდის შემდგომ პაციენტი ასრულებს გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. ჰიგიენის აუცილებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტად მიმაჩნია. შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ჰიგიენის წესების სწორ შესრულებაზე. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ ტრიო _ კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი და კბილის ძაფი _ ფლოსი.
_ არსებობს თუ არა რაიმე საშუალება უკვე მორყეული კბილების გასამაგრებლად?
_ შესაძლებელია იმობილიზაცია, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის არტაშანი გამოიყენება. დროებითი არტაშნის ფუნქციაა მორყეული კბილების იმობილიზაცია თერაპიული მკურნალობის განმავლობაში, ქირურგიული ჩარევის წინ და მუდმივ იმობილიზაციამდე. არტაშანი ასევე უზრუნველყოფს მასში ჩართულ კბილებზე საღეჭი ძალის თანაბარ განაწილებას და დაზიანებულ ქსოვილებს მოსვენების საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც თერაპიული ეფექტი უმჯობესდება. მაგრამ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, იმობილიზაცია არ არის პრობლემის მოგვარების საშუალება. ის დროებით აჩერებს პროცესს, საბოლოოდ კი მორყეული კბილი მაინც ამოსაღები ხდება.
_ რა მოიაზრება პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკად?
_ პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკა ზოგადსამედიცინო პროფილაქტიკის ნაწილია. მასში შედის სტრესული ფაქტორების გავლენის შემცირება, პაროდონტის ქსოვილების გამღიზიანებელი ადგილობრივი ფაქტორების მოცილება, ჰიგიენა, რაციონალური კვება. პროფილაქტიკა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა იწყებოდეს _ დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადების საწინდარია. ორსულობის დროს აუცილებელია სტომატოლოგთან მინიმუმ სამი ვიზიტი: ორსულობის დადგენისთანავე, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის წინ. ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები ააგრესიულებს პირის ღრუს ფლორას. ამერიკის პაროდონტოლოგიის აკადემიის მონაცემებით, ორსულთა 50%-ს ე.წ. ორსულთა გინგივიტი აღენიშნება. სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უნდა მოხდეს პირის ღრუს სანაცია, პირის ღრუს ჰიგიენის სწავლება, ორსულმა უნდა მიიღოს ინდივიდუალური რეკომენდაციები. მხოლოდ ამგვარად ავიცილებთ თავიდან ორსულთა პაროდონტის დაავადებებს.
მინდა ხაზი გავუსვა ბავშვებში ყბა-კბილთა ანომალიებისა და დეფორმაციების მკურნალობის მნიშვნელობას. მათი აღმოფხვრა პაროდონტის დაავადებათა თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა.
***
ცნობისათვის:
ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემიამ განაცხადა, რომ პაროდონტიტიანი პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკჯგუფს წარმოადგენენ. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პირის ღრუს უნდა გავუფრთხილდეთ. ის ორგანიზმის კარიბჭეა და მის ჯანმრთელობაზე ბევრად არის დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. მიმართეთ ექიმს პაროდონტის დაავადებების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე, ან სულაც ნუ დაელოდებით მათ გაჩენას და, როგორც ალბათ არაერთხელ გსმენიათ, ეწვიეთ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად