ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>გინეკოლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N73
სახალისო ფაქტები კონტრაცეფციის შესახებ

წყალი და ძმარი არ გამოდგება!
სამედიცინოთა გვერდით კონტრაცეფციის უამრავ შინაურ მეთოდსაც წააწყდებით, განსაკუთრებით – ექსტრემალურს. ასე, მაგალითად: ხალხური “სიბრძნე” ქალს დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ დაუპატიჟებელი სპერმის გამოსადევნად სასქესო ორგანოების წყლის ძლიერი ჭავლით გამობანას  ურჩევს. სინამდვილეში ამ პროცედურას საპირისპირო ეფექტი აქვს: წყალი თესლს საშოს არხში უფრო ღრმად აისვრის და დაორსულების ალბათობას კი არ ამცირებს, უფრო მეტად ზრდის.
კიდევ ერთი ორიგინალური რეცეპტი ქალს ინტიმურ სიახლოვემდე სასქესო ორგანოების ძმრით ან ლიმონის წვენით დამუშავებას ურჩევს. გარკვეული ლოგიკა აქ ნამდვილად არის: სპერმატოზოიდები მჟავე გარემოს ძნელად იტანენ და ასეთი ხსნარები მათ ნამდვილად დახოცავს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, მთელი შიგნითა ზედაპირი ზედმიწევნით და ღრმად დაიმუშაოთ. აი, მჟავატუტოვან წონასწორობას კი ნამდვილად დაარღვევთ და ინფიცირების რისკს გაზრდით. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ნაზი კანი და ლორწოვანი გარსი ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ.

კალენდარს ნუ ენდობით
კალენდარული მეთოდი იმას გულისხმობს, რომ ქალმა ზუსტად იცის საკუთარი ორგანიზმის თვიური გრაფიკი და სქესობრივ კონტაქტს მხოლოდ “უსაფრთხო” დღეებში მიმართავს. საქმე ის არის, რომ 100%-ით უსაფრთხო პერიოდი არ არსებობს. მაშინაც კი, როცა ციკლის ხანგრძლივობა ყოველ თვე ერთი და იგივეა, ოვულაციის დაწყებისა და დასრულების ვადები შესაძლოა მერყეობდეს. ასე რომ, გამოთვლისას მცირედი შეცდომა და დღეების თვლა ოვულაციამდე კი არა, ჯერ – პირველი და მეორე ტრიმესტრების დასრულებამდე, მერე კი მშობიარობამდე მოგიწევთ.

ჩემპიონი აბები
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები თავდაცვის ყველაზე სანდო მეთოდად მიიჩნევა – არასასურველი ორსულობისგან ასიდან 99 შემთხვევაში იცავს. ასეთი მაჩვენებლით პრეზერვატივებიც კი ვერ დაიკვეხნიან. დასავლეთში ეს აბები დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიდ ბრიტანეთში კი მოზარდ გოგონებს უფასოდაც ურიგებენ.
მიუხედავად ამისა, არსებითი ნაკლისგან არც ისინი არიან დაზღვეულნი: ჯერ ერთი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან ვერ გვიცავენ, მეორეც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება ზოგიერთი დაავადების, მათ შორის – კიბოს, რისკს ზრდის. და მესამე: ტაბლეტების ხანგრძლივი მიღებაა საჭირო, ეს კი საკმაო ფინანსურ დანახარჯსაც მოითხოვს და ყურადღებასაც. ასეა თუ ისე, ქართველ ქალებს გულზე მაინცდამაინც არ ეხატებათ.

კრიტიკული დღეებიც საშიშია
ეს მითიურ “უსაფრთხო” პერიოდთაგან ყველაზე უსაფრთხოა, სინამდვილეში კი საფრთხეს მაინც შეიცავს. უშუალოდ მენსტრუაციის დროს დაორსულების შანსი მართლაც მცირეა; სამაგიეროდ, სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე ზოგჯერ 72 საათსაც აღწევს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, კრიტიკული დღეების გადავლას იქ დაელოდონ და გზა შემდეგ განაგრძონ. თანაც სისხლიან გამონადენი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და უსაფრთხო პერიოდი ყველაზე საშიშში შეუმჩნევლად გადავიდეს.

პრეზერვატივთან ვაზელინი შეუთავსებელია
კონდომთან ერთად ლუბრიკანტების გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ წყლის ფუძეზე უნდა იყოს დამზადებული. ვაზელინი და ცხიმის შემცველი სხვა კრემები რეზინს ასუსტებს და მისი გახევის ალბათობას ზრდის.

პრეზერვატივმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს
შორისის არეში ქავილი და წვა ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია, რომლითაც პაციენტები ვენეროლოგებს მიმართავენ. ბუნებრივი იქნება ვიფიქროთ, რომ მიზეზი ინფექციაა. უმეტესად ასეც არის, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როცა ეს სიმპტომები უბრალო ალერგიული რეაქციაა ქიმიურ ნივთიერებებზე, არომატიზატორებსა და ლატექსზეც კი. ამ შემთხვევაში მოგიწევთ, კონდომის ბრენდი ან საერთოდ კონტრაცეფციის მეთოდი შეიცვალოთ.

ხსნადი პრეზერვატივები სანდო არ არის
ზოგიერთი სპერმიციდულ გელებსა და კრემებს ხსნად პრეზერვატივებს უწოდებს – აქაოდა მათ სანდოობის ისეთივე ხარისხი აქვთ, თანაც შეგრძნებებს არ ასუსტებენო. მეორეზე ვერაფერს გეტყვით – სავარაუდოდ, სიმართლეა, სანდოობა კი, როგორც იტყვიან, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები მართლაც  ხოცავენ სპერმატოზოიდებს ან საშვილოსნოს მილებში მათ აღმასვლას უშლიან ხელს, თუმცა სქესობრივი აქტის დროს გელი შეიძლება სულ სხვაგან მოხვდეს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იქ არ მოხვდეს, სადაც საჭიროა, ამიტომაც ჯობს, მათ იმედზე არ დავრჩეთ, ანდა მხოლოდ ჩვეულებრივ პრეზერვატივებთან ერთად გამოვიყენოთ.

აბები ანტიბიოტიკებსა და დამამშვიდებლებს ვერ ეწყობა
ასეთი პრეპარატების ერთდროული მიღება ამცირებს თავდაცვის ჰორმონული საშუალებების ეფექტურობას. ასევე არ გვირჩევენ, ერთმანეთს დავამთხვიოთ კონტრაცეპტივებისა და ანტიდეპრესანტების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების კურსი. თუ უარს ვერც ერთზე ამბობთ და ვერც მეორეზე, გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში სათანადოდ დაცული ვერ იქნებით და დამატებით სხვა, მაგალითად, ბარიერულ მეთოდებსაც მიმართეთ.

მომავალში აბებს კაცებისთვისაც გამოიგონებენ
ვერ გეტყვით, გენდერული ბალანსის აღდგენა ქალებმა დაიჟინეს თუ კაცებმა, პირველთ შეეშინდათ გვერდითი მოვლენების თუ მეორეებმა ბარიერების დავიწყება და კონტროლის საკუთარ ხელში აღება მოინდომეს. ასეა თუ ისე, რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიის ლაბორატორია სპერმის გამომუშავების შემაფერხებელ პრეპარატებზე მუშაობს. თუმცა აფთიაქების დახლებზე ასეთ ტაბლეტებს უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ – ყველა საჭირო გამოცდის გავლას 5-7 წელი მაინც სჭირდება.

**************
. სტატისტიკით, ამერიკელთა მესამედმა პრეზერვატივის სწორად გამოყენება არ იცის.
. შვეიცარიაში საბავშვო პრეზერვატივების გაყიდვა დაიწყო – თურმე ბევრ მოზარდს სრულფასოვან თავდაცვაში ხელს შეუფერებელი ზომები უშლის.
. ბრიტანულ სკოლებში აპირებენ, მოზარდებს ტალონები დაურიგონ, რომელთა მეშვეობითაც პრეზერვატივებს სპეციალურ აპარატებში შეიძენენ. აბა, ფული რომ მისცენ, ხომ შეიძლება, შოკოლადი იყიდონ, თანაც აფთიაქში პრეზერვატივის შეძენისა თურმე რცხვენიათ...
. ოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირში აბორტი და კონტრაცეფციული საშუალებები აუკრძალავთ. “სამშობლოს ჯარისკაცები სჭირდება და არა პრეზერვატივები!” – ასე ჟღერდა თურმე მაშინდელი სლოგანი.
. ძველ ბერძნებსა და ეგვიპტელებს პრეზერვატივები არ ჰქონდათ, ამიტომაც თავს ეგზოტიკური და საკმაოდ საეჭვო მეთოდებით იცავდნენ. ასე, მაგალითად: სპერმიციდულ გელებად ბროწეულის წვენს და… ნიანგის განავალს იყენებდნენ, დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ კი ქალს ჩაცუცქვას და ძლიერად დაცემინებას ურჩევდნენ.
. ახალი პროდუქტის გამოსაცდელად მოხალისეების მოძიება ზოგჯერ ჭირს, მაგრამ კონდომებს ეს არ ეხება. ორი წლის წინ პრეზერვატივების ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა მწარმოებელმა ახალი პრეზერვატივების ტესტირების მსურველებს წლიური მარაგი უფასოდ შესთავაზა და რამდენიმე დღეში მოხალისეების რიგიც დაუდგა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად