ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>მოვლა და ფიზიკური განვითარება >>ჟურნალი N72
პატარების მოტყუება ნებადართულია

სანამ დედამიწა ბრუნავს, ალბათ არც ბავშვის მოვლა-აღზრდის შესახებ კამათს მოეღება ბოლო. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც, ბებიებიდან დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ყველა ექსპერტია. მატყუარა საწოვარა კი ამ კამათის ერთ-ერთი მუდმივი თემაა. ყოველ მეორე ბავშვს პირში მატყუარა აქვს გაჩრილი. ის კი არა, ბევრი სასკოლო ასაკისთვისაც ძლივს ელევა… ზოგი მას აშკარად უმღერის დითირამბებს, ზოგი დედისა თუ დედამთილისგან მალულად სჩრის პატარას პირში, ცოტა ხნით მაინც რომ ამოისუნთქოს, ზოგი კი, პირიქით, ამაყობს, რომ შვილის მოტყუება არასოდეს უცდია. ექიმების საერთო აზრსაც ძნელად თუ მოისმენ. ზოგიერთი მიკროპედიატრი სამშობიაროში დედას ლამის კრიმინალად უთვლის მატყუარას გამოყენებას, ზოგი კი, პირიქით, თვითონვე ურჩევს.
მოდი, ვცადოთ და გავარკვიოთ, სჭირდება თუ არა პატარას მატყუარა მეგობარი.

დადებითი მხარეები
ბავშვი წოვის ძლიერი რეფლექსით იბადება. მისთვის ძუძუ მხოლოდ საკვების წყარო კი არა, დედასთან ურთიერთობის საშუალებაა. არამარტო ძუძუს –  საზოგადოდ, წოვას აქვს დამამშვიდებელ-დამაწყნარებელი ეფექტი. ულტრასონოგრაფიის დროს არაერთხელ შეუმჩნევიათ, რომ ბავშვი თითს დედის წიაღშიც კი წოვს.
ასე რომ, მატყუარა საწოვარამ შეიძლება:
- დაამშვიდოს ნერვიული ბავშვი. იქნებ ამქვეყნად ახალმოვლენილს მარტოობისა, უცნობი გარემოსი ეშინია, წოვა კი ერთგვარი იმპულსია, რომ ყველაფერი რიგზეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დედიკოს რძე არ აქვს ან იძულებულია, შინიდან გავიდეს. ასევე შესაძლოა დაგვეხმაროს აცრის, სისხლის ანალიზის ან სხვა უსიამოვნო პროცედურის დროს.
- დროებით გადაატანინოს ყურადღება. ალბათ გამოგიცდიათ: ნამცეცას შია, თქვენ კი ან ბოთლი გაქვთ გამოსახარში, ან ადუღებული წყალი არა და არ ცივდება, ან უბრალოდ მოხერხებული ადგილის პოვნა გინდათ, სანამ ძუძუს მისცემდეთ.
- ჩაძინება გაუადვილოს. მოუსვენარ პატარებს მატყუარა ხშირად ამშვიდებს და რულს ჰგვრის.
- შეამციროს ჩვილთა უეცარი სიკვდილის ალბათობა. ჯერჯერობით ეს ბოლომდე დაუზუსტებელი ჰიპოთეზაა, მაგრამ ზოგიერთმა გამოკვლევამ გამოავლინა უკუკავშირი ძილის დროს მატყუარას გამოყენებასა და ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს შორის.
ამავე დროს მატყუარა საწოვარას კიდევ ერთი ბრწყინვალე თვისება აქვს: ის შეგიძლიათ გადააგდოთ. ხელოვნური კვების დროს ბავშვი ხშირად ვერ იკმაყოფილებს წოვის მოთხოვნილებას, ამიტომ თუნდაც მატყუარა არ მივცეთ, რამეს მაინც მოწოვს – თითს, მუშტს, ლოყას, ენას, ტუჩს... თავად განსაჯეთ რომელი ჩვევაა უფრო ძნელი დასამარცხებელი.

რამდენიმე ნაკლიც
ყოველივე ამის შემდეგ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ასეთ გენიალურ გამოგონებაზე უარის თქმა არ ღირს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის. სპეციალისტებმა რამდენიმე უარყოფითი მხარეც შეამჩნიეს:
- მატყუარას ნაადრევად მიცემამ შესაძლოა ბავშვს ძუძუზე უარი ათქმევინოს. ცხადია, არა იმიტომ, რომ მატყუარა დაანაყრებს. საქმე ის არის, რომ ძუძუსა და საწოვარას წოვა განსხვავებულ ქმედებას მოითხოვს და ზოგიერთი ნამცეცა ვეღარ ხვდება, როდის როგორ მოიქცეს.
- ბავშვი შესაძლოა მატყუარაზე გახდეს დამოკიდებული. თუ ჩვილი საწოვარას ძილის დროსაც არ ეშვება, დიდია ალბათობა, პირიდან გადმოვარდნილი მატყუარას გასასწორებლად და გულამოსკვნით ატირებული პაწიას დასაწყნარებლად ლოგინიდან წამოხტომა არაერთხელ მოგიწიოთ.
- მატყუარა საწოვარა ზრდის შუა ყურის ინფექციის რისკს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ პედიატრები  აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული საავადმყოფოდან – მეიოს კლინიკიდან, თუმცა რა მექანიზმით ხდება ეს, არ განმარტავენ.
- მატყუარას ხანგრძლივმა წოვამ შესაძლოა თანკბილვის პრობლემები გამოიწვიოს. ამერიკელი ორთოდონტების აზრით, პრობლემები მხოლოდ მუდმივი კბილების ამოჭრის ასაკიდან ითვლება, ქართველ ორთოდონტებს კი მიაჩნიათ, რომ ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების პრევენციისთვის მატყუარა საწოვრის გადასაგდებად ზოგჯერ 2 წელიც კი დაგვიანებულია.

რა შეიძლება და რა არა
თუ გადაწყვეტთ, პატარას მატყუარა მისცეთ, რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ:
- დაიცადეთ, სანამ ბავშვი ძუძუს მიეჩვევა. გაგიკვირდებათ და ამასაც სწავლა სჭირდება. გემრიელი ტრაპეზის ჩვევების ასათვისებლად პატარას შესაძლოა კვირებიც კი დასჭირდეს. ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს მატყუარა პირველ თვეს მაინც არ მივცეთ – მეორე თვიდან ძუძუსა და მატყუარას აღრევის ალბათობა თითქმის აღარ არსებობსო, მაგრამ როგორ ვასწავლოთ ძუძუს მიჩვეულ ღიპუცას, ხელოვნური ანალოგით დაკმაყოფილდეს, ამაზე აკადემია არაფერს ამბობს.
- ნუ გამოიყენებთ მატყუარას საცობად. ზოგჯერ პაწაწინას ხელში აყვანა და დარწევაც დაამშვიდებს. თუ ბავშვი მშიერია, ბუნებრივია ძუძუ ან ბოთლი უნდა შესთავაზოთ.
- შეარჩიეთ ყურადღებით. ერთადერთი, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ, ის არის, რომ მატყუარა მთლიანი იყოს – ნაწილებად არ იშლებოდეს. რაც შეეხება თვითონ საწოვარას ან სატუჩის ფორმას, ეს თქვენს, უფრო ზუსტად, თქვენი შვილის გემოვნებაზეა დამოკიდებული. როცა საწოვარას შეიყვარებს, სახლში რამდენიმე ზუსტად ისეთივე მოდელი მოიმარაგეთ – თუ დაკარგა ან დააზიანა, საეჭვოა, სხვანაირს მიეკაროს.
- აცალეთ პატარას, ტემპი თვითონ დაადგინოს. თუ ჩვილი მიზანმიმართულად აფურთხებს საწოვარას, ნუ დააძალებთ. მომდევნო მცდელობა რამდენიმე დღით გადადეთ. თუ ძილის დროს საწოვარა პირიდან გადმოუვარდა, ნუ იჩქარებთ, უკანვე ჩასჩაროთ.
- არ დაგავიწყდეთ სისუფთავე. ახალშეძენილი მატყუარა ჯერ საპნითა და თბილი წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი გამოხარშეთ და გაშრობა დააცადეთ. მატყუარას გალოკვა დაუშვებელია! ზრდასრული ადამიანის პირის ღრუში უამრავი ისეთი მიკრობი ცხოვრობს, რომლებსაც პატარას უმწიფარი იმუნური სისტემა შესაძლოა ვერ მოერიოს.
. საწოვარა ყურადღებით ათვალიერეთ და როგორც კი ცვეთას შეამჩნევთ, გამოცვალეთ. გაცვეთილ საწოვარას შესაძლოა ნამცეცი მოსწყდეს და ბავშვს სასულეში გადასცდეს.
. ნუ ჩამოჰკიდებთ საწოვარას ძაფზე ან ლენტზე, გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური სამაგრი.
. დროულად დაემშვიდობეთ – წოვის რეფლექსი 1-1.5 წლისთვის სუსტდება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მედიცინაში დოგმა არ არსებობს, თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვს.

 საზეპირო
კარგია თუ არა მატყუარა, ამაზე მედიცინას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია. არჩევანი თქვენზეა. ნურც მომხრეებს და ნურც მოწინააღმდეგეებს უფლებას ნუ მისცემთ, თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად