ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ნევროლოგია, ფსიქიატრია >>ჟურნალი "ავერსი" N72
სანამ ჩვილს ნევროლოგთან წაიყვანდეთ

ნეიროგანგაში გადაიდო
“ჩემს ორი თვის გოგონას ყიფლიბანდის პულსაცია შევამჩნიე და ქალაქში განთქმულ ნევროლოგს მივუყვანე. ჩემი არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ ვიცოდი, წამლებს სხვებზე უფრო ადვილად ნიშნავდა და იმედი მქონდა, მსუბუქი დამამშვიდებელი ბავშვს თუ არაფერს არგებდა, გამოძინების საშუალებას მაინც მომცემდა. ნევროლოგი კარგა ხანს ამაოდ ცდილობდა, ბავშვის ყურადღება მიექცია – ჩემმა თვალისჩინმა ზედაც არ შეხედა, წამითაც არ გაუსწორა თვალი ცხვირწინ მოფრიალე სათამაშოს. დიაგნოზისა რა მოგახსენოთ, მაგრამ პაწიას მხედველობაც და ნერვული განვითარებაც, ისევე როგორც ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, ეჭვქვეშ დადგა, ნევროლოგმა კი დაღუპვისა და უსინათლობისგან გადარჩენის ვრცელი გეგმა შეიმუშავა. კურსი თვეობით უნდა გაგრძელებულიყო. სულ რამდენიმე დღის სამყოფ წამლებში 100 ლარზე მეტი გადავიხადე, მაგრამ ეფექტურობის შეფასება არ დამცალდა, რადგან პატარა ქალბატონმა მეორე დღესვე შიმშილობა გამოაცხადა და ძუძუზე უარი თქვა. იძულებული გავხდი, სხვა ექიმი მომეძებნა. ამჯერად სხვა ლექციის მოსმენა მომიხდა – იმის თაობაზე, რომ მშობელი ვალდებულია, ოდნავ მაინც ერკვეოდეს თანამედროვე მედიცინის ტენდენციებში და ჯანმრთელ შვილს არ მისცეს მედიკამენტები, რომელთა უეფექტობა მსოფლიომ ათეულობით წლის წინ დაამტკიცა. მართლა ასეა? იქნებ გაგვარკვიოთ, რომელ ბავშვს სჭირდება ნევროლოგიური მკურნალობა, როდის არსებობს მღელვარების საფუძველი და როდის შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. სხვათა შორის, ჩემმა შვილმა ერთი-ორ კვირაში საგნებისთვის თვალის გაყოლება წამლების გარეშეც დაიწყო…”
კატო ციბაძე, თბილისი

რედაქციაში უამრავი ასეთი წერილი მოდის. მართლაც ძნელია შეაფასო, რამდენად სწორად ვითარდება უსუსური არსება, ჯერჯერობით მხოლოდ ჭამას,  პამპერსის დასვრას, ძილსა და ტირილს რომ ახერხებს, პედიატრები და ნევროლოგები კი ურთიერთგამომრიცხავ რჩევებს გვაძლევენ. ამ მტკივნეული საკითხის გარკვევაში დახმარება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგს აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” პროფესორს მაია გაბუნიას ვთხოვეთ.

– ქალბატონო მაია, როგორ კომენტარს გაუკეთებდით ჩვენი მკითხველის წერილს? გარკვეულია თუ არა ჩვილ ბავშვთა განვითარების ნორმისა და პათოლოგიის საზღვრები?
– ბავშვის განვითარება ან, როგორც ბოლო დროს ამბობენ, ნეიროგანვითარება კომპლექსური პროცესია და მოიცავს რამდენიმე სფეროს: მოძრაობას (ანუ უხეშ და ნატიფ მოტორიკას), მეტყველებას, ემოციებს, სოციალიზაციას. ბავშვის განვითარების ტემპი არც ერთ ასაკში არ არის ისეთი სწრაფი, როგორიც წლამდე. ნეიროგანვითარების ნორმა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნორმალურად განვითარებული ბავშვი 3 თვის ასაკში იწყებს მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას, ოღონდ ჯერ მუცელზე წოლას უნდა შეეჩვიოს, რომ მდგომარეობის შეცვლა მოუნდეს. ასე რომ, თუ ბავშვს მუცელზე არ აწვენენ და ზურგზე გადაბრუნება ამის გამო ვერ აითვისა, პრობლემა ნეიროგანვითარების დარღვევა კი არა, დედის გაუთვითცნობიერებლობაა. ავიღოთ მეორე მაგალითიც: ნორმალურად განვითარებული ბავშვი ჯერ ხოხვას სწავლობს (8-10 თვის ასაკში), მერე – ფეხზე დგომასა და სიარულს (12-18 თვის ასაკში), თუმცა ინდივიდუალური თავისებურებები აქაც არსებობს: ზოგი ბავშვი საერთოდ არ ხოხავს, პირდაპირ ფეხს იდგამს. გადახრად არც ერთი ვარიანტი არ მიიჩნევა.
ბავშვის ნეიროგანვითარებაზე გავლენას ახდენს გარემო პირობები, გესტაციური ასაკი (დროულობა-დღენაკლულობა), გენეტიკური და კულტურულოგიური თავისებურებები, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც კი. ნორმის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება დამოუკიდებლად სიარულის დაწყების ასაკობრივი ნორმა, რომელიც 12 თვიდან 18 თვემდე (!) მერყეობს, მაგრამ საზღვრებიც არსებობს – 18 თვის შემდეგ დამოუკიდებლად სიარულის შეუძლებლობა უკვე დარღვევად ითვლება. შესაბამისად, ყოველი ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
– ნევროლოგები ხშირად სვამენ პერინატალური ენცეფალოპათიის დიაგნოზს. რას ნიშნავს ეს?
– პერინატალური პერიოდი მოიცავს მუცლადყოფნის უკანასკნელ კვირებს, დაბადებას და სიცოცხლის პირველ შვიდ დღეს. პერინატალური ენცეფალოპათია ამ პერიოდში თავის ტვინის დაზიანებას გულისხმობს. 5-10 წლის წინ ამ დიაგნოზს გაცილებით ხშირად სვამდნენ. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც: საქართველოში პერინატალური ენცეფალოპათია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 50-100-ჯერ უფრო ხშირი იყო. მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ეს პათოლოგია 1000-დან მხოლოდ 4 ბავშვს აქვს, ძნელი წარმოსადგენია, ჩვენში ლამის ყოველ მეორეს ჰქონდეს.
პერინატალური ენცეფალოპათია, იგივე ნეონატალური (ახალშობილთა) ენცეფალოპათია, საკმაოდ მძიმე დარღვევაა. ვლინდება სიცოცხლის პირველსავე დღეებში ნევროლოგიური  პრობლემებით: ჭარბი ძილიანობით ან ურეაქციობით, გულყრებით, კუნთების ტონუსის (ანუ პასიურ მოძრაობაზე წინააღმდეგობის ხარისხის) დაქვეითებით ან მომატებით, კვების სიძნელეებით, სუნთქვის პრობლემებით.
ნეონატალური ენცეფალოპათიის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), გენეტიკური და მეტაბოლური დარღვევები. დიაგნოზი უმთავრესად ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემებს ეფუძნება, ხოლო პროგნოზი დამოკიდებულია როგორც მიზეზზე, ასევე ენცეფალოპათიის სიმძიმეზე. პროგნოზულად მაღალღირებულ კვლევებს მიეკუთვნება ელექტროენცეფალოგრაფია და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ენცეფალოპათიამ? რა პათოლოგიის სურათი შეიძლება ჩამოყალიბდეს ასაკის მატებასთან ერთად?
– არსებობს სტატისტიკური მონაცემები: მსუბუქი ნეონატალური ენცეფალოპათიის ისეთ შემთხვევებში, როდესაც კლინიკური მდგომარეობა 48 საათში უმჯობესდება, ბავშვის ნეიროგანვითარება ნორმალურად გრძელდება, საშუალო სიმძიმის ენცეფალოპათიის 4-იდან ერთ შემთხვევას და მძიმე ენცეფალოპათიის 4-იდან 3 შემთხვევას კი სერიოზული ნეიროგანვითარებითი პრობლემები მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგვიანებით თავს იჩენს გულყრები, მოტორიკის (მოძრაობის), მეტყველების და/ან გონებრივი განვითარების ამა თუ იმ ხარისხის დარღვევა.
– თუ არსებობს სარწმუნო მონაცემები იმის თაობაზე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის მედიკამენტი (ვთქვათ, სტიმულატორები) ნეიროგანვითარების ტემპზე, ანდა რამდენად შესწევს დაავადების თავიდან აცილება?
– საკითხი უდავოდ აქტუალურია, ამიტომ მრავალი სარწმუნო გამოკვლევაც გახლავთ ჩატარებული სტიმულატორების (ნოოტროპების) როლის შესახებ როგორც მწვავე, ასევე მოგვიანებით პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ნოოტროპის გამოყენება  ვერც ერთ ეტაპზე ვერ ცვლის ენცეფალოპათიის შედეგს, ანუ მარკეტინგული ხრიკები და მედიკამენტის ეფექტურობა ერთმანეთს არ შეესატყვისება. პირაცეტამი ეფექტურია ერთადერთ შემთხვევაში – მიოკლონური ეპილეფსიის დროს, სხვა შემთხვევაში მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის, ამიტომ ამ ჯგუფის მედიკამენტებს არც ერთი განვითარებული ქვეყნის ნევროლოგები არ იყენებენ.
– მაშინ რატომ არის აუცილებელი, რაც შეძლება ადრე გამოვავლინოთ ნეიროგანვითარების შეფერხება? რა სახის ჩარევა შეუძლია თანამედროვე მედიცინას?
– ნეიროგანვითარებითი პრობლემების ადრეული აღმოჩენა მართლაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრე დაიწყება სარეაბილიტაციო ღონისძიებები, მით უფრო უკეთესია შედეგი. საქმე ის არის, რომ განვითარებადი თავის ტვინის ჯანმრთელ უბანს შესწევს უნარი, თავის თავზე აიღოს სხვა, დაზიანებული უბნის ფუნქცია. არის შემთხვევები, როცა ინტენსიური დაზიანება კლინიკურად მინიმალური დეფიციტით ვლინდება. ჩვილის თავის ტვინს შეუძლია, განვითარების მიმდინარეობა შეიცვალოს და დაზიანების არსებობას მოერგოს. გარდა ამისა, ახალშობილის თავის ტვინში ნერვული უჯრედებისა და მათი ურთიერთკავშირების (სინაფსების) რაოდენობა მაქსიმალურია, ასაკთან ერთად კი იკლებს. თავის ტვინის დაზიანებისას განსაზღვრულ უბნებში ეს კლების პროცესი ნელდება და მეტი ნეირონი და სინაფსი ნარჩუნდება. ადაპტირების ამგვარი მექანიზმი ადრეული ჩარევის შემთხვევაში საშუალებას იძლევა, ბავშვის ნერვული განვითარება ნორმას რაც შეიძლება ნაკლებად ჩამორჩეს.
– სახელდობრ, რას გულისხმობს ადრეული ჩარევა?
– თანამედროვე მიდგომით, ფიზიკურ თერაპიას (ანუ ვარჯიშებს და არა მასაჟს), მეტყველების თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს.
როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვმა არ იცის ასოების გამოყვანა, მერე და მერე კი მრავალჯერადი გამეორებისა და ვარჯიშის წყალობით საკმაოდ სწრაფად წერას ახერხებს, ასევეა შესაძლებელი ინტენსიური ვარჯიშით მაქსიმალური შედეგის მიღწევა (რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის სპეციალისტების დახმარებით).
მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ (იშვიათ) შემთხვევებში, მაგალითად, გულყრების ან კუნთთა ტონუსის მომატების დროს.
– რამდენად ხშირად მოგმართავენ მშობლები ჩივილებით, სინამდვილეში ნევროლოგიური განვითარების პრობლემაზე რომ არ მიუთითებს?
– საკმაოდ ხშირად. ზოგიერთ მათგანზე აქვე ვისაუბრებ. არც ერთი ზემოთ ნახსენები ნიშანი იზოლირებულად არ არის საგანგაშო. ნებისმიერი მათგანი მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა თან ახლავს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა ნიშნებიც. შეფასება და კონკრეტული რჩევის მოცემა მხოლოდ კვალიფიციურ ბავშვთა ნევროლოგს შეუძლია. სასურველია, ბავშვი ორი თვისთვის მაინც შეფასდეს. საყურადღებო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი საჭირო გამოკვლევის (ნეიროსონოგრაფიის, განსაკუთრებულ შემთხვევაში – ელექტროენცეფალოგრაფიის, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) ჩასატარებლად გაგგზავნით.
ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპებია 4 თვე, 8 თვე და 12 თვე. რისკჯგუფის ბავშვები სასურველია ამ პერიოდებში შევაფასოთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – უფრო ხშირადაც.
– ვინ შედის რისკჯგუფში? როდის არის აუცილებელი ნევროლოგის კონსულტაცია?
– თქვენი შვილის ნეიროგანვითარება აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ:
* დედა გახდით 18 წლამდე ან 40-ის შემდეგ;
* გაქვთ რომელიმე ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი);
* ორსულობისას:
. გქონდათ მაღალი არტერიული წნევა;
. გადაიტანეთ წითურა, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა ან სხვა ინფექცია;
. აღმოგაჩნდათ საშვილოსნოს ან პლაცენტის პათოლოგია, რომელმაც გამოიწვია ნაადრევი მშობიარობა ან სისხლდენა;
* ვადაზე ადრე (გესტაციის 37-ე კვირამდე) იმშობიარეთ;
* სანაყოფე წყლების დაღვრიდან მშობიარობამდე 24 საათზე მეტი გავიდა;
* მშობიარობის პროცესში დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემის შენელება ან ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
* ბავშვი დაბადებისას 2500 გ-ზე ნაკლებს იწონიდა;
* ტყუპისცალია (განსაკუთრებით – თუ მეორე ტყუპისცალი დაიღუპა);
* ასფიქსიით დაიბადა (დაბადებისთანავე არ უყვირია);
* დაბადებისას მისი მდგომარეობა დაბალი ქულით შეაფასეს (ქულა აპგარის სკალით პირველ წუთზე – 3-ზე ნაკლები და/ან მეხუთე წუთზე 7-ზე ნაკლები იყო);
* ინტენსიური სიყვითლის (ბილირუბინის მაღალი დონის) გამო სისხლის გადასხმა დასჭირდა;
* დასჭირდა ხანგრძლივი ხელოვნური სუნთქვა;
* გადაიტანა ნერვული სისტემის ინფექციები (მენინგიტი, ენცეფალიტი);
* ჰქონდა გულყრები;
* აღმოაჩნდა პარკუჭშიგა სისხლჩაქცევა, პერივენტრიკულური ლეიკომალაცია ან თავის ტვინის ტრავმული დაზიანება.
– დაბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?
– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ყველა მომავალი დედა მოემზადოს ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის და შეეცადოს, მეტი რამ შეიტყოს ბავშვის მოვლის შესახებ. დედა უნდა იყოს თავისის შვილის საუკეთესო ექსპერტი, რაც ერთ დღეში არ ხდება.
ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ. ექიმთან ვიზიტის წინ ჩამოწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომ იქ მისულს რაიმე არ გამოგრჩეთ. იყავით კრიტიკულნი, ბრმად ნუ ენდობით ყველა ინფორმაციას, გადაამოწმეთ ის სარწმუნო წყაროებში, ინტერნეტში. დაინტერესებული ადამიანი ყოველთვის იპოვის სარწმუნო ინფორმაციას შესაბამის ვებ-გვერდზე.

ყიფლიბანდი პულსირებს
ქალაშიგა წნევისადმი ჩვენი მოსახლეობის მომეტებული ინტერესის გამო ამ ჩივილით საკმაოდ ბევრი მშობელი მოგვმართავს. სინამდვილეში ყველა ცოცხალი ჩვილის ყიფლიბანდი პულსირებს (ზოგისა – უფრო შესამჩნევად, ზოგისა – ნაკლებად). რაც შეეხება ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიას ანუ მაღალ ქალასშიგა წნევას, ეს მართლაც სერიოზული ნევროლოგიური პრობლემაა, ოღონდ გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე ჩვენში სვამენ დიაგნოზს.
თუ ბავშვი არ ჭირვეულობს, ნორმალურად ჭამს და სძინავს, ესე იგი ნორმალურად ვითარდება, ანუ არაფერი აწუხებს.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ შეამჩნიეთ ზედმეტი ჭირვეულობა, ღებინება, ძილიანობა, თავის ქალას, განსაკუთრებით – შუბლის ნაწილის, ზრდა, ყიფლიბანდის ამობურცვა, სკალპის ვენების გადავსება, თუ ბავშვს უჭირს თავის დაჭერა, თვალებს აელმებს, თვალის კაკლები ქვემოთ ისე ჩასდის, რომ ფერად გარსსა და ზედა ქუთუთოს შორის თეთრი სკლერა უჩანს (ჩამავალი მზის სიმპტომი).
ვის მივმართოთ: ნევროლოგს.

კანი უჭრელდება
მხოლოდ კანის სიჭრელე, განსაკუთრებით – კიდურებისა და ისეთი, რომელიც თავს იჩენს ტანსაცმლის გამოცვლის ან გარემოს ტემპერატურის შემცირების დროს, უკავშირდება სისხლძარღვების არასტაბილურობას და სხეულის წონასთან შედარებით შეუსაბამოდ დიდ კანის ზედაპირს. ის კეთილთვისებიანია და ბავშვის ზრდასთან ერთად გაივლის. შეიძლება გაგრძელდეს დაბადებიდან რამდენიმე კვირა ან თვე.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ბავშვს კანი სითბოშიც აჭრელებული რჩება ან მუდმივად აჭრელებული აქვს, სიჭრელეს თან ახლავს ზედმეტი ჭირვეულობა, წონის ცუდი მატება, ტემპერატურის მომატება.
ვის მივმართოთ: პედიატრს

ნიკაპი უკანკალებს
ნიკაპის კანკალი, ისევე როგორც კიდურებისა, ბევრ ახალშობილს აღენიშნება და ნერვული სისტემის უმწიფრობაზე მიუთითებს. ის არ არის საგანგაშო ნიშანი, მეტადრე მაშინ, როცა მხოლოდ ტირილის დროს აღინიშნება.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ნიკაპი მაშინაც უკანკალებს, როცა მშვიდად არის და მას სხეულის სხვა ნაწილის უცნაური მოძრაობა ან დაჭიმულობაც ახლავს თან.
ვის მივმართოთ: ბავშვთა ნევროლოგს.

ენას ყოფს
ახალშობილი ზოგჯერ ენას ყოფს, რაც მისი პირის აპარატის ჩამოუყალიბებლობას ან პირის სხვადასხვა სტრუქტურის არათანაბარ ზრდას უკავშირდება. ზოგჯერ ენის გამოყოფა კვებასთან არის დაკავშირებული – ბავშვს ჭამა აღარ უნდა და ენით აგდებს ძუძუს ან საწოვარას ან, პირიქით, შიმშილს გამოხატავს. ზოგჯერ ეს ჩვევად იქცევა და რამდენიმე თვე გრძელდება.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ენა მუდმივად ან ხშირად არის გამოყოფილი, თან ახლავს ნერწყვდენა, კვების გაძნელება.
ვის მივმართოთ: ჯერ პედიატრს და შემდეგ – ბავშვთა ნევროლოგს. უმეტესად საჭირო ხდება მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) ჩართვაც.

თვალს არ აყოლებს
ბავშვი მოუმწიფებელი მხედველობის სისტემით იბადება და თანდათანობით, პირველი თვეების განმავლობაში იძენს სხვადასხვა უნარს. სინათლეზე რეაქცია დაბადებისთანავე აქვს, მაგრამ თვალების მიდევნებითი მოძრაობა ერთ თვემდე ძალიან ღარიბია და დამოკიდებულია სტიმულის ზომაზე, თვალებამდე მანძილსა და მოძრაობის სიჩქარეზე. 4-დან 8 კვირამდე თვალის მიდევნება უკვე აშკარად შეინიშნება, თუმცა უფრო მკვეთრია 2-6 თვისთვის.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ბავშვს მზერა 2.5-3 თვის ასაკისთვისაც უაზრო აქვს, ვერაფრით ახერხებთ მისი ყურადღების მიპყრობას.
ვის მივმართოთ: ნევროლოგს, საჭიროების შემთხვევაში – ოფთალმოლოგსაც (თვალის ექიმს). 

ძილში კრთება
ძილში შეკრთომა ანუ ძილის მიოკლონია ჩვენც, დიდებსაც გვახასიათებს. ალბათ თქვენც გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც შეკრთომას გაუღვიძებიხართ. ამ ტიპის მიოკლონია კეთილთვისებიანი გახლავთ და ჩარევას არ საჭიროებს.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ბავშვი სიფხიზლეში და გამღიზიანებლის (ბრახუნი, ხმაური) გარეშეც კრთება, შეკრთომის დროს ხელებს და თავს თითქოს წინ ხრის.
ვის მივმართოთ: ბავშვთა ნევროლოგს.

ყიფლიბანდი პატარაა
მთავარი ყიფლიბანდის ზომა კი არა, თავის გარშემოწერილობაა. ბავშვის განვითარებაზე დაკვირვება აუცილებლად გულისხმობს თავის გარშემოწერილობის გაზომვას, რასაც თქვენი პედიატრი ალბათ რეგულარულად აკეთებს.
ვიზიტს ნუ გადადებთ: თუ ამჩნევთ, რომ თავი მეტისმეტად სწრაფად ეზრდება ან, პირიქით, არ ეზრდება, ამასთანავე, განსაკუთრებულად ჭირვეულობს და არ ჭამს ან აღებინებს.
ვის მივმართოთ: პედიატრს.

საზეპირო
. ბავშვის ნეიროგანვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის – გარემო პირობები, გესტაციური ასაკი (დროულობა-დღენაკლულობა), გენეტიკური და კულტურულოგიური თავისებურებები, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც კი.
. სადღეისოდ არ არის აღმოჩენილი ისეთი წამალი, რომელიც ბავშვის ნეიროფიზიკურ განვითარებას დააჩქარებდა. პერინატალური ენცეფალოპათიის როგორც მწვავე, ასევე მოგვიანებით პერიოდში სტიმულატორების (ნოოტროპების) როლის შესასწავლად მრავალი სარწმუნო გამოკვლევაა ჩატარებული. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები დარღვევის ჩამოყალიბება-ჩამოუყალიბებლობაზე გავლენას ვერც ერთ ასაკში ვერ ახდენს. ამიტომ ამ ჯგუფის მედიკამენტები არ გამოიყენება.
. ნეიროგანვითარებითი პრობლემების ადრეულ სტადიაში აღმოჩენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრე დაიწყება სარეაბილიტაციო ღონისძიებები, მით უკეთესია შედეგი. თანამედროვე მიდგომით, რეაბილიტაცია გულისხმობს ფიზიკურ თერაპიას (ანუ ვარჯიშებს და არა მასაჟს), მეტყველების თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას. მედიკამენტები მხოლოდ განსაკუთრებულ (იშვიათ) შემთხვევებში, მაგალითად, გულყრების ან კუნთთა ტონუსის მომატების დროს გამოიყენება.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად