მხედველობის დაქვეითების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე რეფრაქციის მანკები დგას. თანამედროვე ადამიანების 30% რეფრაქციის ამა თუ იმ დარღვევას უჩივის.
ახლომხედველობა (მიოპია). ახლომხედველობის დროს საგნების გამოსახულება ბადურა გარსის წინ ეცემა. მიოპიის მქონე ადამიანებს ან თვალის  კაკალი აქვთ შედარებით გრძელი, ან მათ რქოვანას აქვს დიდი გარდამტეხი ძალა. ერთიცა და მეორეც ფოკუსური მანძილის შემცირებას იწვევს და გამოსახულება ბადურას ნაცვლად მის წინ ეცემა. ორივე მიზეზი, როგორც წესი, ერთდროულად გვხვდება.
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია). ამ დროს, პირიქით, ან თვალის სიგრძეა შემცირებული, ან რქოვანა შედარებით სუსტად გარდატეხს გამოსახულებას, შედეგად კი გამოსახულება ბადურა გარსის უკან ეცემა.
ასტიგმატიზმი. ამ დროს რქოვანას სფერულობაა დარღვეული. სხვადასხვა მერიდიანში გარდამტეხი ძალა სხვადასხვანაირია, რის გამოც ადამიანი საგნებს გამრუდებულად ხედავს.
პრესბიოპია (ასაკობრივი შორსმხედველობა). 40 წლიდან ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ბროლის სკლეროზული ცვლილებები, ირღვევა თვალის აკომოდაციის უნარი, ბროლი კარგავს უნარს დაპატარავდეს და დამრგვალდეს და ახლო მანძილიდან არეკლილი გამოსახულება ზუსტად ბადურაზე ასახოს, ამიტომაც ახლო მანძილზე ხედვისთვის თვალს დახმარება სჭირდება.

მხოლოდ ციფრები

ჯანმოს მონაცემებით, 153 მილიონი ადამიანის (მათ შორის 12 მილიონზე მეტი ბავშვის) დაქვეითებული მხედველობა რეფრაქციის არაკორექტირებული მანკის (ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის) ბრალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ნორმალურად მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ შესაფერის სათვალეზეც კი არ მიუწვდებათ ხელი.
რეფრაქციის მანკის მკურნალობა შესაძლოა წარიმართოს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდით. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს მხედველობის კორექციას სათვალით, კონტაქტური ლინზებით და თვალის აკომოდაციაზე პასუხისმგებელი კუნთების ვარჯიშს.
არასწორად დანიშნულმა სათვალემ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, თავისა და თვალების ტკივილი. ბავშვთა ასაკში ჰიპერმეტროპიის არასწორმა კორექციამ შესაძლოა აკომოდაციურ სიელმემდე და რეფრაქციულ ამბლიოპიამდე ანუ ზარმაც თვალამდე მიგვიყვანოს. ამ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოვასწორეთ, პატარას მეტ-ნაკლებად ჯანსაღი თვალი შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში “ავერსის კლინიკის” ექიმები მთელი საქართველოს მასშტაბით პერიოდულად ვსინჯავთ სკოლის მოსწავლეებს, რეფრაქციული მანკის აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინებას ვუგზავნით მშობლებს, მერე კი უკვე “ავერსის კლინიკაში” ვატარებთ ბავშვის სრულფასოვან გამოკვლევას. ჩვენი კლინიკის სრულყოფილი ფუნქციონალური კაბინეტი, თანამედროვე აპარატურა და ექიმების უმაღლესი კვალიფიკაცია ყველა პირობას ქმნის, რათა მკურნალობა სწორად წარიმართოს და მივაღწიოთ მხედველობის სიმახვილის რაც შეიძლება მაღალ მაჩვენებლებს.


 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად