ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ალერგოლოგია იმუნოლოგია >> ჟურნალი "ავერსი"
სიცივის ალერგია

სიცივისა პირველყოფილ ადამიანებს არ შეშინებიათ და ჩვენ რაღა დაგვემართაო, იკითხავთ. მართლაც, სიცივე არც იკბინება და არც მომაკვდინებელი ვირუსია, გზას რომ ვერაფრით გადაუღობავ. მასთან ბრძოლის სტრატეგიაც უმარტივესია – სუსხი მოგეპარება თუ არა, თბილად ჩაიცვამ და თბილი ოთახიდან ცხვირს არ გამოყოფ.
მიუხედავად იმისა, რომ თავმოყვარე თანამედროვე ჰომო საპიენსი, ლოგიკის თანახმად, სიცივეს არ უნდა შეუშინდეს, მაინც აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიც არის მოყინვა, ჰიპოთერმია და სიცივის ალერგია. მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ და ბოლოდან დავიწყოთ.

***
ასე იქცევიან სიცივით შეშინებული მერცხლები, ჩვენ კი სიცივეს ვერსად გავექცევით, ამიტომ მასთან გამკლავების ადგილობრივი გეგმის შემუშავება მოგვიწევს.
ვინაიდან ალერგია ჩვენს ფაქიზ ორგანიზმს სხვადასხვანაირად უტევს, ბრძოლისა და თავდაცვის სტრატეგიაც რამდენიმეა.

ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა კანის ალერგიაა: ქუჩაში გასვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ სხეული აგვექავება, გვიწითლდება და ბებერებით გვეფარება, თითქოს ჭინჭრის წკეპლები გადაუჭირესო. უმეტესად სხეულის ის ნაწილები ზარალდება, რომლებსაც სუსხი ყველაზე იოლად სწვდება: სახე,  მტევნები, ბარძაყების შიდა ზეპირი, მუხლები, კანჭები, ტერფები.
ასეთივე ალერგია გაყინული წყლის მიმართაც იჩენს თავს, თუმცა ისიც შეიძლება, ცივი სასმლის დალევისას მხოლოდ ტუჩებზე გამოგაყაროთ.
თავდაცვისთვის: თქვენი ზედა ტანსაცმელი ისეთივე უნდა იყოს, კოსმონავტებს რომ აცვიათ: ქარ და ტენგაუმტარი, თბილი, გრძელი, ღრმა კაპიუშონით, საჭიროების შემთხვევაში სახის ჩამალვა რომ შეიძლებოდეს, ტყავის ან დათბილული ხელთათმანები (ქუჩაში არასდიდებით არ გაიხადოთ!), მაღალი ჩექმები. თეთრეული, კოლჰოტები, შარვლები, ბლუზები მხოლოდ ბამბის ან სელისა ჩაიცვით. სინთეტიკა და მატყლი ალერგიის გამოვლინებას აძლიერებს, აბრეშუმი კი, თუნდაც ნატურალური, კანს თვითონვე აგრილებს.
სასურველია, შინიდან გასვლის წინ სახესა და ხელებზე რომელიმე ცხიმის შემცველი (მკვებავი) კრემი წაისვით – ეს კანს სიცივისგან ნაწილობრივ მაინც დაიცავს, მაგრამ თუ ფერიმჭამელების წარმოქმნისკენ გაქვთ მიდრეკილება, ამ ხერხის გამოყენებას არ გირჩევთ – ცხიმი კანის ფორებს ახშობს და ფერიმჭამელებს ამრავლებს. მკვებავი კრემის გამოყენებისას უთუოდ გაითვალისწინეთ: თუ ის დამატენიანებელი საშუალებით არის გაჯერებული (უმრავლესობა სწორედ ასეთია), უშუალოდ შინიდან გასვლის წინ არ წაისვათ – ახლადდატენიანებული კანი იოლად მოიყინება.
თავდასხმისთვის: ალერგიის განვითარებისთანავე
გადაიცვით მშრალი და თბილი ტანსაცმელი, მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება (ცეტეკი, ალერფასტი), დალიეთ რამდენიმე ფინჯანი ცხელი  ჩაი, რძე ან კაკაო.

***
თუ სურდო უცნაურად იქცევა: თავს მხოლოდ ქუჩაში გვახსენებს, სითბოში კი უკვალოდ ქრება, – დიაგნოზი, სავარაუდოდ, ფსევდოალერგიული რინიტია.
თავდაცვისთვის: შინიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხვირში რომელიმე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჩაიწვეთეთ. სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებას (მაგალითად, ნაფტიზინს) ნუ გამოიყენებთ, ფსევდოალერგიული რინიტის დროს ისინი უკუნაჩვენებია: სამ-ოთხდღიანი გაუმჯობესების შემდეგ სიმპტომები უფრო მძიმე ფორმით იჩენს თავს და შესაძლოა, შენობაშიც კი შეგახსენოთ თავი.
თავდასხმისთვის: სურდოს იგრძნობთ თუ არა, სითბოს დაუბრუნდით. თუ ასეთი რამ ავტობუსის გაჩერებაზე, თხილამურებით სრიალისას ან ექსკურსიაზე შეგემთხვათ, შვებას წერტილოვანი მასაჟი მოგიტანთ: ცერა თითები ფუძით ცხვირის ფრთებზე მიიდეთ და 1-2 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით სწრაფი ბრუნვითი მოძრაობით დაიზილეთ, შემდეგ კი შუა თითის, არათითისა და ნეკის ბალიშებით, ხელსმისა და დაზელის მონაცვლეობით, თვალის ქვედა არე ცხვირიდან ყურებისკენ დაიმუშავეთ.

***
თუ სუსხში თვალები გიწითლდებათ, გექავებათ, თოვლის ან ცის ყურებისას კი გტკივათ, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ფსევდოალერგიული კონიუნქტივიტია.
თავდაცვისთვის: გასეირნების წინ თვალებში ანტიალერგიული საშუალება ჩაიწვეთეთ. დროებით უარი თქვით კონტაქტურ ლინზებზე: ისინი თვალს უფრო მეტად აღიზიანებს. დროებით მაკიაჟსაც შეელიეთ – თუ ტუში, ჩრდილები და თვალის ფანქარი თვალში ჩაგივიდათ, ცრუს ვიღა ჩივის, იქნებ ნამდვილი ალერგიაც აიკიდოთ. ატარეთ ჩამუქებულმინებიანი სათვალე, რათა ქათქათა თოვლმა თვალი არ მოგჭრათ.
თავდასხმისთვის: ნუ მოისრესთ თვალებს ხელით ან სახელოთი, ქაღალდის ხელსახოცით ისარგებლეთ. ცხვირსახოცის გამოყენება კი სარისკოა: ჯიბეში უამრავი მიკრობი ბინადრობს, რომლებიც ცხვირსახოცს მოჭიდებულები თვალებში გადანაცვლებას ლამობენ.

***
თუ სუსხიანი ჰაერის შესუნთქვისას სუნთქვა გეკვრით, ყელში გფხაჭნით და ხველას გაწყებინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ სიცივეზე ალერგიამ ბრონქოსპასტიკური რეფლექსი – სასუნთქი გზების მკვეთრი შევიწროება გამოიწვია. სპაზმი თბილ ოთახში დაბრუნებისთანავე გაგივლით.
თავდაცვისთვის: ტემპერატურის ცვლილება ნაკლებად მკვეთრი რომ იყოს, შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთი ღია სარკმელთან გაატარეთ. სადარბაზოშიც მცირე ხნით შეყოვნდით და ყინვას შეეჩვიეთ.
თავდასხმისთვის: ხველის დაწყებისთანავე ცხვირ-პირი შალის ფართო შარფში ან სახელოში ჩამალეთ. ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით. პირს საერთოდ ნუ გააღებთ. თუ ასეთი რამ ხშირად გემართებათ, ექიმს სთხოვეთ, ბრონქების გამაფართოებელი ინჰალატორი შეგირჩიოთ და ყოველთვის თან ატარეთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად