ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>  თავის მოვლა და სილამაზე
ყველაზე სასიამოვნო თერაპია

  დედამიწის ზურგზე ძნელად თუ იპოვით ადამიანს, მასაჟი სიამოვნებას რომ არ ჰგვრიდეს. საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეებისგან დაღლილს, ალბათ თქვენც არაერთხელ გინატრიათ მასაჟის სალონში მოხვედრა. თუმცა მასაჟი მხოლოდ მოდუნების საშუალება როდია – მას ოდითგანვე იყენებენ სამკურნალოდაც. მასაჟის როგორც სამკურნალო და სარელაქსაციო მეთოდის შესახებ სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” რეაბილიტოლოგს ნინო კერვალიშვილს ვეწვიეთ.

– სად და როდის წარმოიშვა მასაჟი და რა ცვლილებები განიცადა დღემდე?
– მასაჟის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ინსტინქტი, შევეხოთ, ხელი გადავუსვათ მტკივან ადგილს, დროთა განმავლობაში დამოუკიდებელ სამკურნალო მეთოდად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ღრმად უდგას ფესვები ამ ტრადიციას აღმოსავლეთის ქვეყნებში: ხუთი ათასი წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატში რეკომენდებულია სხეულის ”სრესა გაციებისგან თავის დასაცავად, შინაგანი ორგანოების მოქნილობისთვის და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად”. მასაჟი ინდური კულტურის ნაწილიც იყო და, როგორც ამბობენ, დღესაც ყველა ინდოელმა ქალმა იცის, როგორ დაუზილოს სხეული ახალშობილს. მასაჟისტების გამოსახულება შემორჩენილია ძველეგვიპტურ ბარელიეფებზეც. საინტერესოა, რომ არომატული ზეთებით დაზელა ეგვიპტეში სულაც არ მიიჩნეოდა დიდგვაროვანთა პრეროგატივად – მას დიდი ადგილი ეკავა მდაბიოთა ყოფაშიც. ძველი ბერძნების მისწრაფება იდეალური სხეულისკენ მასაჟის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ელინელთა ცნობილი სამედიცინო ცენტრები სავარჯიშო ღია დარბაზებისგან, სპორტული მოედნებისა და მასაჟის ოთახებისგან შედგებოდა. სპორტული და საბრძოლო ტრავმების მასაჟით მკურნალობა სწორედ ამ ეპოქიდან იღებს სათავეს. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ნამდვილ მკურნალს საუცხოოდ უნდა სცოდნოდა მასაჟის ტექნიკა. ძველმა რომაელებმა მასაჟი ყოველდღიურ წესად აქციეს და განბანის რიტუალში ჩართეს. ფართოდ იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც. ანტიკური ეპოქის ცნობილმა ექიმმა გალენუსმა სამკურნალო მასაჟს რამდენიმე ტრაქტატი უძღვნა. სწორედ მან შეიმუშავა მასაჟისტის ხელის მოძრაობათა კლასიფიკაცია, რომელსაც, ფაქტობრივად, დღემდე ვიყენებთ. შუა საუკუნეებში, არაბული სამედიცინო ცენტრის აყვავების ეპოქაში, მასაჟის განვითარება ავიცენამ განაგრძო. მან აღწერა სამკურნალო მცენარეები, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა მასაჟის დროს, აღწერა მასაჟით ხერხემლის მკურნალობის მეთოდები, გამოყო მასაჟის რამდენიმე სახე. XIX საუკუნეში შვედმა ათლეტმა პერ ჰენრიკ აინგმა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე დაყრდნობით ფიზიკური ვარჯიშისა და მასაჟის მთელი სისტემა შეიმუშავა. მის მიერ გახსნილი ტანვარჯიშის ცენტრალური სამედიცინო ინსტიტუტი დღემდე ფუნქციონირებს. 1894 წელს ჩამოყალიბდა პროფესიონალ მასაჟისტთა საზოგადოება, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლონდონში , წმ. გიორგის სავადმყოფოში, მასაჟის განყოფილება გაიხსნა. თუმცა მასაჟი მეცნიერულ განვითარებას მაინც გერმანელ ექიმებს მეტცგერსა და მოზენგეილს უნდა უმადლოდეს.
თანამედროვე განმარტებით, მასაჟი – ეს არის მრავალი დაავადების მკურნალობის მეცნიერული მეთოდი ხელის სისტემატური ილეთების მეშვეობით. თვით ტერმინის წარმოშობას მრავალი ქვეყნის კულტურა იჩემებს: ის შეიძლება წარმოდგებოდეს არაბული “მასს”ანუ “მასცჰ”-იდან, რაც ნაზად ზეწოლას, სრესას ნიშნავს, ბერძნული “მასსო”-დან (სრესა, ზელა, ჭყლეტა) ან ლათინური “მასსა”-დან (თითებს მიკრული).
– მასაჟის უამრავი სახეობა არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ დაახასიათებდით თითოეულ მათგანს?
– აღმოსავლური მასაჟი, ევროპულისგან განსხვავებით, მოქმედებს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე და მუშაობს ე.წ. მერიდიანების ტრაექტორიის გათვალისწინებით. ეს არის წერტილოვანი და ზედაპირული მასაჟისა, რომელსაც საფუძვლად რეფლექსური მექანიზმი უდევს, შესაბამისად, ეფექტურია უფრო ფუნქციური მოშლილობების, ზოგიერთი ქრონიკული დაზიანებისა და ვეგეტატიური სისტემის პათოლოგიების დროს. მასაჟის ტექნიკა უნიფიცირებული არ არის, სხვადახვა ქვეყანაში მას სხვადასხვა
თავისებურება ახასიათებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ძველი ჩინური მასაჟის ტუი-ნას (TUI-NA ) რვა ძირითადი პრინციპიდან იღებს სათავეს. ეს პრინციპებია:
1. სისტემატურობა. მასაჟი სისტემატურად უნდა სრულდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შედეგს ვერ გამოიღებს.
2. ვიწყებთ შუბლიდან. ტუი-ნას მეთოდით, არსებობს საერთო მასაჟის ორი ტიპი, თუმცა ორივე ტიპის მასაჟის კეთება შუბლიდან იწყება, ყელს ჩამოჰყვება და ისე გადადის სხეულის სხვა ნაწილებზე;
3. მსუბუქიდან ძლიერისკენ. მასაჟისტის პირველი შეხება ძალიან მსუბუქი და ზედაპირული უნდა იყოს. ზეწოლა ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა გაძლიერდეს და როდესაც პიკს მიაღწევს, ისევ ნელ-ნელა შესუსტდეს.
4. ნელიდან სწრაფისკენ. მასაჟი ნელი მოძრაობებით იწყება და ნელ-ნელა ჩქარდება. მასაჟისტის ზეწოლითი მოძრაობები რაღაცით ცეკვას უნდა წააგავდეს. როდესაც მასაჟის რიტმი სასურველ სიჩქარეს მიაღწევს, ტემპი ისევ იკლებს და მასაჟი ნელი ზეწოლით სრულდება.
5. ზედაპირულიდან სიღრმისეულისკენ. მასაჟისტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სხეულის ზოგიერთი ზონა მსუბუქ, ზედაპირულ მასაჟს ითხოვს, ხოლო ზოგიერთს ძლიერი და სიღრმისეული დაწოლა უხდება. გარდა ამისა, დაწოლის სიძლიერე და სირღმე ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს.
6. მკურნალობის თანამიმდევრულობა თუ მასაჟის დროს სხეულის ზოგიერთი ზონა უფრო მგრძნობიარე და მტკივნეული აღმოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ამ ადგილებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ტკივილის მიზეზი აღმოვფხვრათ.
7. მასაჟის რიგითობა. საერთო მასაჟის დროს დაცული უნდა იყოს ზეწოლის რიგითობა შემდეგი თანამიმდევრობით:
თავი – ტანი
ზურგი – გულმკერდი
მარჯვენა მხარე – მარცხენა მხარე და ა.შ.
8. მოდუნება. დაუშვებელია მასაჟის კეთება დაძაბულ, დაჭიმულ სხეულზე. შესაბამისად, მასაჟისტმა ჯერ პაციენტის მოდუნება უნდა სცადოს. აი, მასაჟის დასრულების შემდეგ კი მსუბუქი დაჭიმვაა საჭირო.
ახლა კი მასაჟის რამდენიმე აღმოსავლური სახეობა მიმოვიხილოთ.
ბირმული მასაჟი. ამ დროს პაციენტს ბამბის სამოსი უნდა ეცვას. მასაჟი სრულდება დილის გამამხნევებელი ვარჯიშის წინ ან შემდეგ, თუმცა რეკომენდებულია ძილის წინაც.
მონღოლური მასაჟი. მასაჟის მონღოლურ-ტიბეტური სკოლა უპირატესობას ანიჭებს ზეწოლის ტაქტიკას. ზეწოლა ხდება I-II თითებით, თითის სახსრებით, ხელისგულით, იდაყვით. სრესა საკმაოდ ძლიერია. იყენებენ ხის ან ლითონის კაუჭს, რომელსაც წამოცმული აქვს რეზინის ან ნაჭრის მუფთა. სამასაჟო არეს უსვამენ ცხიმს (მაგალითად, ცხვრის დუმის ქონს).
ტაილანდური მასაჟი არსებითად განსხვავდება ევროპულისგან. პროცედურას წინ უძღვის პაციენტისა და გარემოს საგანგებო მომზადება. ტაილანდური მასაჟი კუნთების დაჭიმვაზე ფოკუსირდება. ზეწოლა ნელ გაჭიმვასთან ერთად, ძლიერი და ამავე დროს მომადუნებელია. ჭეშმარიტული ტაილანდური მასაჟი (და არა ის, რასაც ტურისტებს სთავაზობენ) თითქმის რელიგიური რიტუალია. ალბათ ამიტომ იყო, რომ მისი გაკეთების უფლება მხოლოდ ბუდისტ ბერებს ჰქონდათ.
იაპონური მასაჟი შიაცუ ემყარება აღმოსავლურ წარმოდგენას ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგიის განსაკუთრებული არხებით ცირკულაციის შესახებ. შიაცუს მიმდევართა თვალთახედვით, როგორც სისხლი მიმოიქცევა ორგანიზმში, ისეთივე ცირკულაციას განიცდის სასიცოცხლო ენერგიაც. სტრესები, ტრავმები და დაავადებები ამ ცირკულაციას არღვევს და ბლოკავს. შიაცუ სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე დაწოლით ამ ცირკულაციის აღდგენას და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ზეწოლ ხდება თითებითა და ხელისგულით 3-7 წამის განმავლობაში.
მასაჟის დასავლური, ანუ ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული სახეობებიდან გამოვყოფდი ესპანურ მასაჟს, რომელიც პლასტიკურობით გამოირჩევა. ორგანიზმის თითოეული სისტემისთვის შემუშავებულია მანიპულაციების ცალკე კომპლექსი, სხვადასხვა პაციენტთან ან ერთსა და იმავესთან სხვადასხვა პროცედურაზე ერთი და იგივე კომპლექსი არ მეორდება. განსაკუთრებით პოპულარულია ესპანური მასაჟი სახისა და ყელისთვის.
შვედურმა მასაჟმა რუსულ-გერმანული სკოლის გავლენით დიდი ცვლილება განიცადა, თუმცა მაინც ინარჩუნებს თვითმყოფადობას. ახასიათებს ნახევრად მოხრილი თითებით ქსოვილებზე ძლიერი, ღრმა ზემოქმედება, იმდენად ღრმა, რომ მასაჟისტი ძვლამდეც კი აღწევს. კლასიკური მასაჟისგან განსხვავებით, იგი ცენტრიდან პერიფერიისკენ არის მიმართული.
ამერიკული მასაჟი – ეს არის ზედაპირული ქსოვილის, განსაკუთრებით – სახსრებისა და მყესების, ტლანქი სრესა. მასაჟი საკმაოდ ხანგრძლივია და ბევრი გართულებაც ახლავს, დაწყებული ტკივილის გაძლიერებით, დამთავრებული სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების გაჩენით, ამიტომ სხვა ქვეყნებში გავრცელება ვერ პოვა. საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ მასაჟის ძლიერ, ენერგიულ ილეთებს (იმავე შვედურ ან ფინურ მასაჟს) კლინიკებში თითქმის არ იყენებენ.
ჩვენთან, “ავერსის” კლინიკაში, ისევე როგორც, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში, გამოიყენება კლასიკური სამედიცინო მასაჟი, რომელსაც ზოგიერთი პათოლოგიის დროს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს.

– როდის ინიშნება მასაჟი?
– მასაჟი შეიძლება გაუკეთდეს როგორც ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს ამა თუ იმ დაავადების პროფილაქტიკისთვის და ზოგადი ტონუსის შესანარჩუნებლად, ასევე ავადმყოფს განსაზღვრული ჩვენების შემთხვევაში და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს. ეს ჩვენებებია ტრავმები: დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მოტეხილობა, ასევე – მოტეხილობისა და ამოვარდნილობის შემდგომი პერიოდის ფუნქციური შეზღუდვები, ართროზები და ოსტეოქონდროზი, ნევროლოგიური დაავადებები (თავის ტკივილი, ნევრალგიები, ნეიროპათიები, დამბლები და პარეზები), შინაგანი სნეულებები (მაგალითად, სასუნთქი სისტემის დაავადებები, მსხვილი ნაწლავის დისტონია) და სხვა.
– შეიძლება თუ არა, მასაჟისტის მომსახურებით ისარგებლოს ორსულმა?
– სპეციალური მასაჟი შეიძლება და უნდა გაკეთდეს ორსულობის დროსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მუცელს, სარძევე ჯირკვლებს, ბარძაყებსა და მკლავებს. მასაჟი, ერთი მხრივ, არის სასიამოვნო პროცედურა, რელაქსაციის საშუალება მომავალი დედისთვის (მით უმეტეს, რომ ორსულობისას ბევრი უჩივის ზურგის კუნთების ტკივილს, დაჭიმულობას), მეორე მხრივ კი ორსულთა სტრიების საპროფილაქტიკო ღონისძიებაა. ამასთან, მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც, გერმანელი კოლეგების დაკვირვებით, ძალზე სიამოვნებს ნაყოფსაც.
– როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება?
– როგორც ნებისმიერ სამკურნალო მეთოდს, მასაჟსაც აქვს უკუჩვენებები. ესენია ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლდენა და სისხლდენისკენ მიდრეკილება, სისხლის დაავადებები, ნებისმიერი ლოკალიზაცის ჩირქოვანი პროცესები, კანის ზოგიერთი დაავადება, თრომბოემბოლიები, გამოხატული ვარიკოზი, ანევრიზმები, აგზნებით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებები, ცხელება და სხვა. ამიტომ მხოლოდ ექიმ რეაბილიტოლოგს შეუძლია განსაზღვროს, შეიძლება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მასაჟის დანიშვნა და თუ შეიძლება, რა დატვირთვით, რა სიხშირით. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ექიმები ყველას, ნუ დაინიშნავენ თვითნებურად მასაჟს და პირველი პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარონ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია.

მოკლედ | ვრცლად

                         თოვლის დედოფლის დღიურიდან

 ზამთრის სუსხზე უარესი რა უნდა იყოს?! ყინვანარევი ჰაერი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შეგრძნებას გვგვრის, სხეულის დაუფარავ ნაწილებსაც ვნებს. პირველი შეტევა სიცივეს, რასაკვირველია, კანზე მიაქვს. იმისთვის, რომ ნათქვამს დრამატიზმი შევმატოთ, ამთავითვე აღვწერთ ეფექტს, რომელსაც სიცივე კანზე ახდენს...

წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც ნელ-ნელა ყინულოვანი ქერქით იფარება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე მოსდის კანს, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ წყალია... ახლა კი გონების თვალი კვლავ გაყინული მდინარისკენ გადაიტანეთ, რომელზეც ყინული უეცრად სკდება... რა თქმა უნდა, კანი ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს არ განიცდის, მაგრამ შედეგი არანაკლებ შთამბეჭდავია: მისი ზედაპირი, ერთ დროს ელასტიკური და ხავერდოვანი, შრება, იქერცლება და ნაოჭდება.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კანს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ეს ისედაც იცოდით? მაშ, გადავიდეთ წერილის პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც დაწვრილებით აგიხსნით, როგორ დაიცვათ სხეულის ეს სათუთი საფარველი ზამთრის უსიამოვნო სიურპრიზებისგან.
გადამწყვეტი ფაქტორი
ასეთი ფაქტორი მართლაც არსებობს. ეს კანის ტიპია. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო მეტია ალბათობა, სუსხში მოიყინოს.
კანის ტენიანობა ცხიმოვან ჯირკვლებზეა დამოკიდებული. ეს ჯირკვლები კანის სიღრმეში მდებარეობს. თუ კანი ცხიმნაკლულია, წყალი იოლად ორთქლდება და კანი შრება.
სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანი სხვადასხვა რაოდენობის ცხიმოვან ჯირკვალს შეიცავს, ამიტომ მისი ცხიმიანობაც არაერთგვაროვანია. ცხიმოვანი ჯირკვლები კონცენტრირებულია სახეზე (განსაკუთრებით – შუბლზე და ცხვირის გარშემო), გულმკერდსა და ზურგზე. ძალიან ცოტაა წვივებზე, ამიტომ აქ კანი იოლად შრება. აი, ტუჩებზე კი ცხიმოვანი ჯირკვლები საერთოდ არ არის. მართალია, აქ კანს ნერწყვი ატენიანებს, მაგრამ ეს არ კმარა – ნერწყვი მალე ორთქლდება, ამიტომ ტუჩების დატენიანება აუცილებელია. იგივე შეიძლება ითქვას ხელის მტევნებსა და იდაყვებზე.
კანის გამოშრობას ხელს უწყობს: სიცივე, ცივი ქარი, დაბალი ტენიანობა და შენობაში ისეთი გამათბობლის არსებობა, რომელიც ჰაერს აშრობს (ლოგიკურია: როდესაც გარემოში ტენი ნაკლებია, ის კანის ზედაპირიდან ორთქლდება).
სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
. ასაკი. როდესაც ესტროგენების წარმოქმნა იკლებს, კანიც ზარმაცდება და სულ უფრო ნაკლებ ცხიმს გამოიმუშავებს. რაკი ესტროგენების დეფიციტი მენოპაუზის პერიოდში იჩენს თავს, კანის გამოშრობასაც ამ დროისთვის უნდა ველოდეთ.
. გენეტიკა. გენები წყვეტენ, რამდენად უხვად იქნება მიმოფანტული კანის ქსოვილში ცხიმოვანი ჯირკვლები. არ არის გამორიცხული, სიმშრალის მიზეზი ეგზემა იყოს, რომელიც ასევე მჭიდროდ უკავშირდება გენეტიკას.
. ხანგრძლივი აბაზანა და შხაპი. მეტისმეტი ხეხვა-ფხეკა კანის ზედაპირს, უფრო სწორად, მის ცხიმოვან საფარველს აზიანებს, დამცავი ლიპიდური შრის გარეშე კი წყალი იოლად ორთქლდება და კანი შრება.
. თამბაქოს წევა. დამტკიცებულია, რომ მწეველთა კანი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ღარიბდება, შრება, ჭკნება და ნაადრევად ბერდება.
. მჭიდროდ მომდგარი სამოსი. ის კანს აღიზიანებს, აზიანებს და აშრობს.
. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმლის დაავადებები კანიდან წყლის ძლიერ აორთქლებას იწვევს (ამ დროს კანს უბრალოდ არ შესწევს უნარი, წყალი შეინარჩუნოს). ასევე მოქმედებს ზოგიერთი მედიკამენტიც, მათ შორის – ანტიჰისტამინები, ტამოქსიფენი, რომელიც ძუძუს კიბოს დროს ინიშნება, და ზოგიერთი ანტიდეპრესანტი.
დაეხმარე კანს
როგორ მოვიქცეთ, რომ კანი სუსხს იოლად გადაურჩეს?

. არ დაკარგოთ ზომიერება კანის მოვლის დროს. გაიწმინდეთ იგი მხოლოდ საღამოობით – მოაცილეთ მტვერი, მაკიაჟი, ხოლო დილაობით სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. ექსფოლიატორი წელიწადის ცივ დროს მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, ისიც – ყველაზე ნაზი.
. ერიდეთ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავს, ზამთარში კი ისინი საერთოდ დაივიწყეთ.
. შეამცირეთ შხაპის ხანგრძლივობა და წყლის ტემპერატურა. არც საპნის გამოყენებაა მაინცდამაინც მიზანშეწონილი.
. დაინოტივეთ კანი, თანაც რაც შეიძლება ხშირად, დღეში, სულ მცირე, ორჯერ: პირის დაბანის შემდეგ (რათა დაბანის დროს დაკარგული ტენი აღიდგინოთ) და ძილის წინ. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო სქლად უნდა წაისვათ დამატენიანებელი.
. ნუ დარჩებით წყლის იმედად. როცა ორგანიზმს სითხე არ აკლია, კანს უფრო ჯანსაღი იერი აქვს, მაგრამ თუ კანი სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, მხოლოდ წყლის სმით ვერ უშველით – ამ დროს დახმარება მას გარედანაც დასჭირდებ
ა. ასე რომ, უთუოდ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
. თუ ხელის მტევნები მეტისმეტად გიშრებათ, დაისველეთ, წაისვით დამატენიანებელი, ჩაიცვით თხელი ბამბის ხელთათმანები და ცოტა ხანს დაიტოვეთ.
. შინიდან გასვლის წინ ჩაიცვით ტყავის ხელთათმანები – ისინი ხელს შეუშლის მტევნებიდან წყლის აორთქლებას და ხელებს უფრო საიმედოდ დაიცავს გამოშრობისგან, ვიდრე ბამბისა და შალისა. ნურც ტუჩებზე ცვილის შემცველი ბალზამისა და პომადის წასმას დაივიწყებთ.
არ დანებდე
თუ უეცრად იგრძენით, რომ ყინვა ძვალ-რბილში ატანს და კანზე მოყინვის პირველი ნიშნები ჩნდება, ასე მოიქეცით:
. დაუყოვნებლივ გაერიდეთ სიცივეს და თავი თბილ შენობას შეაფარეთ. თუ სამოსი სველი გაქვთ, დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ. მოყინული ან მოსაყინად განწირული ადგილები თბილ წყალში მოათავსეთ, თუ სახის გათბობა გსურთ, თბილი წყალი შეისხით ან თბილ წყალში დასველებული ნაჭრით გაიწმინდეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი და არა ცხელი! შესაძლოა, გათოშილმა კანმა სიცხე ვერ იგრძნოს და დაიწვათ!
. არამც და არამც არ დაიზილოთ მოყინული ადგილი – ყინვისგან ისედაც ტრავმირებული კანი უფრო მეტად დაზიანდება. ნურც რადიატორს, სათბურას ან გამათბობელ ნათურას გამოიყენებთ.
. თუ კანს სითბოს შეგრძნება დაუბრუნდა, შეწითლდა კიდევაც და სუსტი ჩხვლეტაც იგრძენით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცირკულაცია აღდგა. თუ კანი ვერა და ვერ შეთბა, უფრო მეტიც – შეშუპდა და სითხის შემცველი ბუშტუკები გაუჩნდა, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
მოკლედ | ვრცლად

                                        როგორ დავამარცხოთ ცელულიტი

 რას წარმოადგენს ცელულიტი, რა იწვევს მას და შეიძლება თუ არა კანიდან საძულველი “ფორთოხლის ქერქის” მოცილება?..


                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                    ყველაფერი პილინგის შესახებ

   ასაკთან ერთად ქარი და მზის სხივები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის კანზე. ამ მრავალ  დარ თუ ავდარგამოვლილი კანის დაზიანებული ფენის მოშორება ნატვრასავით ჟღერს. თანამედროვე ქალების უმრავლესობისთვის პილინგი კარგა ხანია აღარ არის უცხო სიტყვა. და მაინც, ზუსტად რას წარმოადგენს ეს პროცედურა, რა შედეგის იმედი შეიძლება გვქონდეს, როგორ შევარჩიოთ მრავალსახეობიდან ჩვენთვის შესაფერისი?..
                                                              უფრო ვრცლად »»»


                                               ჰიგიენური საფენები და ტამპონები

  ქალს კომფორტის მოთხოვნილება ნამდვილად აქვს. ასე რომ არ იყოს, არც სარეცხ მანქანას გამოიგონებდნენ, არც ფენს და არც ბევრ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთს. მაგრამ ქალური კომფორტი წარმოუდგენელი იქნებოდა...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                    ყველაფერი ჰიგიენის შესახებ

   “თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე” – ამ დევიზით ხელმძღვანელობდნენ ევროპელი დენდები, რომლებმაც კაცობრიობას სისუფთავისა და კოპწიაობისადმი მეტისმეტი სწრაფვით დაამახსოვრეს თავი. სწორედ მათი ზეობის ჟამს, 200 წლის წინ, წარმოიშვა მოდური სიტყვები: ინგლისური “the Care” და გერმანული “die pflege”. მანამდე კი კაცობრიობამ სხეულის მოვლის შესახებ, შეიძლება ითქვას, არაფერი იცოდა, თუმცა მცდელობა ყოფილა. თუკი ვინმე პირადი ჰიგიენით იყო დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური მოსაზრებით...

                                                              უფრო ვრცლად »»»


                                                   ქალი _ დასვენების შემდეგ

  ზაფხული კაბიანებისთვისაც და შარვლიანებისთვისაც ზაფხულია, თუმცა განსხვავება მაინც არის: სუსტი სქესი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება დასვენებას...


                                                              უფრო ვრცლად »»»


 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად