ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>ფიტოთერაპია >>ჟურნალი "ავერსი"
ზეთი ჯანმრთელობისთვის


მცენარეულ ზეთებს ფართოდ იყენებენ როგორც კულინარიაში, ასევე კოსმეტოლოგიასა და მედიცინაშიც, ეფექტი კი დამზადებისა და შენახვის პირობებზე გახლავთ დამოკიდებული.
მოდი, თვალი გადავავლოთ სამკურნალო ზეთების დამზადების წესებს.

. კრაზანას ზეთი ასე მზადდება: 20 გ ყვავილს დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი და 40 დღის განმავლობაში დააყენეთ. მიიღეთ ერთი-ორი ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი  საათით ადრე. ეფექტურია წყლულოვანი დაავადების, სტომატიტის, ფარინგიტის დროს, ასევე – როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტიჰელმინთური (ჭიის კვერცხების საწინააღმდეგო) საშუალება.
 შეიძლება ასეც: ნახევარ ჭიქა ახალმოკრეფილ და საგულდაგულოდ დაქუცმაცებულ კრაზანას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ნუშის, მზესუმზირას, სელის ან ზეითუნის ზეთი და სამი კვირის განმავლობაში დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ და სიგრილეში შეინახეთ. ეფექტურია დამწვრობის, კანის ჩირქოვანი დაავადებების, ჭრილობების, პირის ღრუს დაავადებების დროს.
. კალენდულას ზეთის დასამზადებლად ერთ გრამ ყვავილს ასხამენ 100 მლ ზეითუნის ზეთს და აყენებენ 20-25 დღის განმავლობაში. ეფექტურია ჭრილობების დროს, ხელს უშლის ნაწიბურის წარმოქმნას.
. შროშანის ზეთის მისაღებად აიღეთ მისი ყვავილის ფურცლები, ჩაყარეთ მუქ ბოთლში ან ქილაში, დაასხით მზესუმზირას ანადუღარი და გაგრილებული ზეთი და ორი კვირა გააჩერეთ სიბნელეში. იდეალურია დამწვრობაზე წასასმელად.
. ნივრის ზეთი ასე მზადდება: საშუალო ზომის ნიორი გაატარეთ, მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი და მაცივრის ქვედა თაროზე დადგით. მეორე დღეს გამოწურეთ წვენი, ერთი ჩაის კოვზი დაასხით სუფრის კოვზზე, დაამატეთ ნივრის ზეთი და აურიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1-დან 3 თვემდეა. ერთთვიანი შესვენების შემდეგ, გირჩევთ, კურსი გაიმეოროთ. ნივრის ზეთი საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვოვანი სპაზმის მოსახსნელად.

ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ზეთები
იცოდით, რომ საჭმელი ზეთი მდიდარი ყოფილა სასარგებლო ნივთიერებებით?
თურმე:
. მზესუმზირას ზეთი გაჯერებულია უჯერი ცხიმებით, რომლებიც აუცილებელია უჯრედების შენებისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, იმუნიტეტის  ასამაღლებლად. სწორედ ისინი ანიჭებენ სისხლძარღვებს ელასტიკურობას და გამძლეობას, არეგულირებენ გლუვი კუნთების კუმშვადობას.
. სოიის ზეთი საუკეთესო საკვებია ბავშვებისთვის, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის სწორ ფორმირებას უწყობს ხელს.
. არაქისის ზეთი კალორიულია, მაგრამ მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავეები ჯანმრთელობას ძალიან რგებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. არაქისის ზეთის მსგავსი თვისებები აქვს შირბახტის ზეთსაც.
. პალმის ზეთი ორი თვისებით გამოირჩევა: ნაკლებად სასარგებლო და მყარია. უმთავრესად იმ ქვეყნებშია პოპულარული, სადაც ეს ხემცენარე ხარობს.
. სასარგებლო თვისებების მიხედვით შედგენილ რეიტინგში ზეითუნის ზეთი უდავო ლიდერია, თუმცა ზეთისხილის მარგებლობის შესახებ ამჯერად არ ვისაუბრებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საუბარი მეტისმეტად ვრცელი გამოგვივა.
გახსოვდეთ, ყოველგვარ მცენარეულ ზეთს სამი საერთო მტერი ჰყავს: სინათლე, სიცხე და ჰაერი. ასე რომ, შენახვის პირობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ – არ დადგათ ზეთის ბოთლი გაზქურის ახლოს, ფანჯრის რაფაზე და, რაც მთავარია, არ დატოვოთ თავღია.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად