ყველგანმძრომი სოკოები

სოკოვან ინფექციას კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ. Candida albicans-ს, ამ პაწაწინა, პერიოდულ აგრესიულობაში შემჩნეულ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სად აღარ შეხვდებით: პირის ღრუში, კანზე, ნაწლავის სანათურში, საშოში...
პატარა ფუნგუსი (მას ასეც უწოდებენ და დაავადებაც, რომელსაც ის იწვევს, ფუნგალური ინფექციის სახელითაც არის ცნობილი) სხვა უვნებელ  მიკროორგანიზმების (ასეთი კი ჩვენს ორგანიზმში უამრავია) მეზობლად ცხოვრობს და დაავადებას მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი პირობების გაუარესების შემთხვევაში იწვევს. ასეა, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დასუსტებული, ანტიბიოტიკების, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და კორტიკოსტეროიდების უხვად მიღება უხდება. ასევე ხშირია კანდიდა ალბიკანსის გამრავლებისა და სოკოვანი ინფექციის შემთხვევები შაქრიანი დიაბეტის დროს.
კანდიდას ესა თუ ის სახეობა ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს შეიძლება აღმოვუჩინოთ. ამავე დროს კანდიდოზი ერთნაირად ერჩის როგორც მდედრებს, ისე მამრებს, თუმცა ვაგინალური კანდიდოზი, ლოგიკის თანახმად, მხოლოდ ქალებში გვხვდება. ის კი არა, თურმე სოკო ვაგინიტის მიზეზთა შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს.
სტატისტიკის თანახმად, სოკოვანი ინფექცია ყველაზე ხშირად მოხუცებულებს უჩნდებათ, თანაც უმეტესად მისი ორალური (პირის) ფორმა. ამიტომაც არის, რომ მოხუცები ხშირად უჩივიან სტომატიტს.
საზოგადოდ, სოკო ყველაზე ხშირად აზიანებს:
. პირის ღრუს და სტომატიტს იწვევს. ამ დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ენა შეწითლებულია და მოთეთრო, ნაფიფქის მსგავსი ნადებით არის დაფარული. გამონაყარი უმეტესად მტკივნეულია, ძალიან იშვიათად კი შესაძლოა დისკომფორტსაც არ იწვევდეს.
. საყლაპავს. ამ დროს ყლაპვა მტკივნეულია.
. კანს. ამ დროს კანზე, უპირატესად – ძუძუს ქვეშ, მუცელზე, საზარდულის არეში, შეწითლებული, დაცვარული უბნები ჩნდება, რომლებიც ხშირად  გარშემორტყმულია პატარა ბუშტუკებით – პუსტულებით. გამონაყარი ხშირად მქავანაა.
. საშოს კედლებს. სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
. ტერფებს. სოკოვანი ინფექციის ეს ფორმა განსაკუთრებით ხშირია. ამ დროს კანდიდა ძირითადად თითებს შორის კანს აზიანებს ან სულაც უკვე დაზიანებულ (დამსკდარ) კანზე იკიდებს ფეხს და ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც კანის ბანალური სოკოვანი ინფექცია.
სოკოვანი ინფექციისგან განკურნება არცთუ ისე ძნელია, პრევენცია კი უფრო იოლი: კანის ზედაპირი მშრალად და სუფთად შეინარჩუნეთ, დაიკელით წონა, დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე...
მკურნალობენ ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტებით. სადღეისოდ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ათასგვარი კრემი და ლოსიონი არსებობს, მაგალითად, მუსიტროლი.
მრავალი ექიმის მოსაზრებით (რომელთა უმეტესობაც ამერიკელია), როდესაც ქალს ვაგინალური კანდიდოზი აწუხებს, მის სქესობრივ პარტნიორს მკურნალობა ჩატარება არ სჭირდება, აი, ქალის მკურნალობის პერიოდში კი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებას უთუოდ ურჩევენ.


უსიამოვნო ეპიზოდი

ერთობ მყუდროდ გრძნობენ თავს საშოს ბინადარი სოკოები. შესაძლოა, ეს წინადადება ოდნავ კომიკურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა. ვაგინალური კანდიდოზი 4-დან 3 ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოაჩნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის 75%-ის პრობლემაა. აი, ქალების 40-45%-ში კი დაავადება ორჯერ და მეტად იჩენს თავს.

საშოს სოკოვანი ინფექციის ნიშნებია:
 . ქავილის, დისკომფორტის შეგრძნება საშოს შესასვლელში ან მის სიღრმეში;
. წვისა და ტკივილის შეგრძნება, რომელიც მძაფრდება სქესობრივი აქტის ან მოშარდვის დროს;
. საშოს კედლების სიწითლე და შეშუპება;
. ხაჭოსებრი გამონადენი, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა კონსისტენციისა იყოს – თხელი ან შესქელებული. გამონადენი უმეტესად უსუნოა.

ყველაზე ხშირად ვაგინალური კანდიდოზი ემართებათ ქალებს, რომლებიც:

. ჭარბად იღებენ ანტიბიოტიკებს, რაც ვაგინალური ფლორისა და რეაქციის ცვლილებას იწვევს. უფრო კონკრეტულად, ამ ტიპის მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად საშოს ბინადარი ლაქტობაქტერიების (მათი არსებობა აუცილებელია!) რაოდენობა იკლებს და pH-იც  სოკოებისთვის ხელსაყრელი მიმართულებით იცვლება.
. ორსულად არიან. ამ დროს ესტროგენების დონე საგრძნობლად იმატებს, რაც დაავადების გამწვავებას იწვევს. ანალოგიური ცვლილებები იჩენს თავს მაშინაც, როდესაც ქალს ესტროგენების ჭარბად შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სმა ან ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება უხდება.
. აქვთ შაქრიანი დიაბეტი და უჭირთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
. ხშირად უხდებათ საშოს გამორეცხვა ან გაურკვეველი შემადგენლობის ჰიგიენური სპრეისა თუ ვაგინალური ლუბრიკანტის გამოყენება.
. იმუნიტეტის დაქვეითებას უჩივიან. ამ პრობლემის წინაშე, წესისამებრ, აღმოჩნდებიან ხოლმე ქალბატონები, რომლებიც რეგულარულად იღებენ  კორტიკოსტეროიდებს ან აივ-ინფიცირებულები არიან.
. აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. მართალია, სპეციალისტებს უჭირთ, სოკოვანი ინფექცია სგგდ-ებს მიაკუთვნონ, მაგრამ რეალურად კანდიდოზით ინფიცირების ერთ-ერთ გზად მაინც რჩება სქესობრივი კონტაქტი.

ვაგინალური კანდიდოზს ხშირად ამწვავებს სტრესი, უძილობა, მენსტრუაცია, კვების დეფიციტი (მკაცრი დიეტის დაცვა) ან ტკბილეულის ჭარბი მიღება.   
გამოცდილი ექიმის თვალს ვაგინალური კანდიდოზი ნამდვილად არ გამოეპარება, მაგრამ მეტი სარწმუნოობისთვის შესაძლოა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და საშოს ნაცხის აღება მოგთხოვოთ.
თუ ექიმის ეჭვი ანალიზის პასუხმა დაადასტურა, ის მკურნალობას დაგინიშნავთ, რომელიც უმეტესად ადგილობრივი საშუალებების: სოკოს საწინააღმდეგო კრემების, ტაბლეტების, სანთლების, მალამოების – გამოყენებას გულისხმობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის მედიკამენტები პრეზერვატივზე, უფრო ზუსტად,  ლატექსზე ნეგატიურად მოქმედებს (ათხელებს!), გარდა ამისა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საშოს კედლების გაღიზიანებას, წვას იწვევს.
ადგილობრივი თერაპია უპირატესად მსუბუქი კანდიდოზის დროს ინიშნება. ამ შემთხვევაში ექიმი არცთუ იშვიათად დასალევ ტაბლეტსაც დაგინიშნავთ, რომლის მიღება ერთხელ თუ მოგიწევთ.
გართულებული კანდიდოზის დროს, ასევე – მძიმე იმუნოდეფიციტის (აივ-ინფქციის) და ფეხმძიმობის შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია.
ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები თურმე ამერიკელებსაც ხიბლავთ: ვაგინალური კანდიდოზის საწინააღმდეგოდ თურმე ხშირად იყენებენ ძმრით გამორეცხვას, ჩაის ხის ზეთისგან დამზადებულ კრემს, ნივრის ან ბორის მჟავის სანთლებს. მკურნალობის ამგვარი მეთოდების ეფექტურობა კლინიკური კვლევებით დადასტურებული არ არის და მათ გამოყენებას სპეციალისტები არამც და არამც არ ურჩევენ.

ვაგინალური კანდიდოზის დროს საშოში ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ამერიკელმა მეცნიერებმა კანდიდოზის სიმპტომების შესასუსტებლად ამ სასარგებლო მიკრობაქტერიების საჭირო ლიმიტის შევსება გადაწყვიტეს. ბაქტერიები, რომლებიც იოგურტშიც ბლომადაა, ქალებმა პერორალურადაც მიიღეს (ანუ დალიეს!) და ადგილობრივადაც. როგორც მოსალოდნელი იყო, ლაქტობაქტერიებმა დაჩაგრეს კანდიდები, მათი დიდი ნაწილი ჩაანაცვლეს და სოკოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც საგრძნობლად შესუსტდა.

იმისთვის, რომ ვაგინალური კანდიდოზი არ შემოგეჩვიოთ, ასე მოიქეცით:
. ერიდეთ გამორეცხვებს, წყლის ძლიერი ჭავლით საშოს გამობანას;
. სიფრთხილით გამოიყენეთ არომატული ტამპონები, საფენები, ჰიგიენური სპრეი;
. მენსტრუაციის დროს ტამპონი თუ ჰიგიენური საფენი ხშირ-ხშირად იცვალეთ;
. ატარეთ ბამბის საცვლები;
. არამც და არამც არ ჩაიცვათ მოჭერილი საცვლები (მაგალითად, ძლიერ ამოჭერილი ტანგა-ტრუსები) და შარვალი;
. ცურვის შემდეგ ეცადეთ, საცურაო კოსტიუმი მალევე გამოიცვალოთ. ასევე მოიქეცით ვარჯიშის შემდეგ – დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ ოფლისგან დანოტივებული საცვალი და სპორტული ტანსაცმელი;
. თავი არიდეთ მეტისმეტად ცხელი აბაზანის მიღებას.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად