გენერალური დასუფთავება

ანუ
რატომ ვიტყუებთ თავს

ორგანიზმის წმენდის ისტერიკა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო და მედიცინასაც სწორედ ეს დრო დასჭირდა, რომ ბოლოს და ბოლოს თამამად განეცხადებინა: “დილით ტუბაჟი და საღამოს ოყნა ორგანიზმისთვის არამცთუ სასარგებლო არ არის, სასტიკად მავნებელიც კიაო!”
 ალბათ ყური მოგიკრავთ, რომ ცნობილი ადამიანები (უმეტესად – ჰოლივუდელი სელებრითები) თავიანთი პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად რკინის ჯანმრთელობას მიიჩნევენ, რომელიც, მათ თუ დავუჯერებთ, თურმე მხოლოდ ორგანიზმის რეგულარული წმენდით (!) მიღწევა. და ეს მაშინ, როცა მათი თანამემამულე ექიმები კატეგორიული კილოთი ამტკიცებენ საპირისპიროს: ორგანიზმი სანაგვე ყუთი კი არ არის, დროდადრო დაცლა და გასუფთავება რომ სჭირდებოდესო.
საქართველოში ორგანიზმის გაწმენდას კარგა ხანს “შლაკებისგან გასუფთავებას” უწოდებდნენ, შემდეგ მშობლიური ენის წინაშე ხარკი მოიხადეს და ამ საპასუხისმგებლო პროცედურას “წიდისგან გათავისუფლება” უწოდეს... ანუ ტრანსფორმაცია ფაქტობრივად მხოლოდ სახელწოდებამ განიცადა და წლების განმავლობაში მრავალი ექიმი მშვიდი გულითა და კეთილი სურვილებით უნიშნავდა ამ პროცედურას თავის პაციენტებს.
მიიჩნეოდა (ზოგიერთს კი ახლაც მიაჩნია), რომ წიდის შემადგენლობაში შედის ფეკალური მასის ქვები (!), ლორწო, მძიმე ლითონების მარილები... მათ გადმოსაფერთხად ხომ ნაწლავების გადმობრუნება დაგვჭირდება! თუმცა, გასტროენტეროლოგებს თუ დავუჯერებთ, – მათ კი ამ საკითხში ნამდვილად უნდა ვენდოთ, – არც ერთ გამოკვლევას ნაწლავთა ასეთი დაბინძურება არ გამოუვლენია. ყოველ შემთხვევაში, თუ “წიდა” მაინც არსებობს, ეს ის წიდაა, რომლისგანაც პერიოდულად მარტივად და თავისთავად ვთავისუფლდებით :)
ორგანიზმის დამბინძურებლების შესახებ მეორე ჰიპოთეზა ასეთია: ორგანიზმისთვის ყველაზე მძიმე ნაგავი ტოქსინებია, რომლებიც იქ გარემოდანაც აღწევს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად შიგნითაც წარმოიქმნებაო. ამ მოსაზრებიდან გამომიდნარე, დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საკვებიც აღმოჩნდა.
ძნელია გამოსაცნობია, ტოქსინიან ბარკალს ვძიძგნით თუ ანკარა წყლით გაზავებული ლიმონათით ვიგრილებთ ყელს, მაგრამ, როგორც დიეტოლოგები და ჭამა-სმის ექსპერტები გვარწმუნებენ, გამოსავალი არსებობს და ეს ჯანსაღი კვებაა. კერძოდ, უარი უნდა ვთქვათ ფასტფუდზე, კონსერვებზე, ჭარბ ტკბილეულზე... ორგანიზმს თურმე ყოველდღიურად, მით უმეტეს – დღეში რამდენჯერმე, ხორცის ძიძგნაც აბინძურებს. იგივე შეიძლება ითქვას უსასრულო ცილოვან დიეტებზეც, რომლებიც თირკმელებისთვის ვეებერთელა დატვირთვა ყოფილა.
მეტ-ნაკლებად მისაღები გამოსავალია განტვირთვის დღეების მოწყობა, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ორგანიზმი ხშირ-ხშირად და ხანგრძლივად განტვირთოთ (რამდენიმედღიან შიმშილობას გამოაცხადებთ ან ყოველ მეორე დღეს მაინც იშიმშილებთ), ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის დატვირთვა უთუოდ მოგიწევთ. არც ის იქნება ურიგო, დღის განმავლობაში თხილეულითა და მზესუმზირით თუ შეიქცევთ თავს.

ამბობენ
. სორბენტები მარგებელიაო. ეს ის ნივთიერებები გახლავთ, რომლებიც ტოქსინებს იწოვს (მათ აბსორბციას ახდენს), იგროვებს და ორგანიზმიდან გამოდევნს. ბუნებრივი სორბენტებიდან ყველაზე პოპულარულია ქატო, კოპტონი, ხოლო სინთეზური ანალოგებიდან – გააქტიურებული ნახშირი, მიკროცელულოზა. თითქოს უკეთესი რა უნდა ვიღონოთ მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის დასაცავად, მაგრამ საქმე ის არის, რომ სორბენტებს  გარჩევის უნარი არ გააჩნიათ – ისინი ერთნაირი ენთუზიაზმით იწოვენ როგორც ტოქსინებს, ისე საკვებ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. ასე რომ, ეს “მაშველები” ყოველთვის არ გამოგვადგება. უმჯობესია, მათ მაშინ ვუხმოთ, როდესაც სასწრაფო დეტოქსიკაცია გვჭირდება მწვავე მოწამვლის (ტოქსიკოინფექციის) ან ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემდეგ.
. სამკურნალო ტუბაჟი უზმოზე ღვიძლის გაწმენდას უწყობს ხელსო. ალბათ ტექნიკა თქვენთვის ნაცნობია: დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან აუდგომლად სვამთ ნახევარ ლიტრ შემთბარ მინერალურ წყალს, წვებით მარჯვენა გვერდზე და ნაღვლის ბუშტთან თბილ სათბურას ამოიდებთ, რომ ნაღვლის დენა გაააქტიუროთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა მოუვა კენჭს, რომელიც თქვენგან მალულად წარმოიქმნა ნაღვლის ბუშტში და ტუბაჟის დროს ნაღვლის ბუშტის შიგთავსთან ერთად გარეთ გამოსვლას ლამობს. შესაძლოა, ეს პაწაწინა (ან არცთუ მთლად პაწაწინა!) წარმონაქმნი სადინარში გაიჭედოს და ნაღვლის დინება შეაფერხოს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია – გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა.
მინერალური წყლის ტუბაჟის მსგავსად მოქმედებს ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი. მეტიც – მიაჩნიათ, რომ ამ უკანასკნელს გაცილებით ძლიერი ნაღველმდენი ეფექტი აქვს, ვიდრე ბორჯომსა და ნაბეღლავს.
. ფინური აბანო ორგანიზმის გაწმენდის ყველაზე უსაფრთხო გზააო. მართლაც, რაც უფრო მეტ ოფლს გამოვყოფთ, მით მეტი მავნე ნივთიერებები გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა სიფრთხილე არც იქ გვაწყენდა, რადგან გადახურებულ და ნოტიო გარემოში საგრძნობლად ხშირდება გულისცემა, ყველა ორგანოს სისხლმომარაგება ძლიერდება. ასე რომ, გულით ავადმყოფებისთვის საუნაში ნებივრობა სარისკოა.
ნურც იმას დაიჯერებთ, რომ აბანოს ეფექტი გაიზრდება, თუ წინასწარ შარდმდენ ნაყენსაც დალევთ – ამით ორგანიზმს გაუწყლოებასა და გულის რიტმის დარღვევაში თუ “დაეხმარებით”.
. არაფერი დაშავდება, თუ პერიოდულად წიდის გამოსადევნად ოყნას დაიხმართო. სინამდვილეში კი დაშავდება და თანაც როგორ! მსხვილი ნაწლავი სრულფასოვანი ორგანოა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ფეკალური მასის გადაადგილებაში მონაწილეობს, სასარგებლო მიკროორგანიზმებითაც არის დასახლებული, ეს მიკროორგანიზმები კი ცხოველქმედებისას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს წარმოქმნიან. ხშირი ოყნის წყალობით სასარგებლო მიკროფლორა ნაწლავის სანათურიდან იდევნება და ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა. გარდა ამისა, ოყნა ნარკოტიკივითაა – მიჩვევა იცის და რეზინის ბალონის დაუხმარებლად ნაწლავთა მოქმედება თანდათან თითქმის შეუძლებელი ხდება.
კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ჰიდროკოლონოთერაპიას, თუ ის პროფესიონალის მიერ არ არის დანიშნული და კვალიფიციური ექიმი არ ატარებს.
ორგანიზმის წმენდის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მეთოდია სპა-პროცედურები, განსაკუთრებით კი ლიმფოდრენაჟი და გახვევა. წყალმცენარეები (ლამინარია, ფუკუსი) საუკეთესო აბსორბენტები არიან – იდეალურად იწოვენ ოფლთან ერთად გამოყოფილ ტოქსინებს.

აი, თურმე რა!
თუკი რამეს შეიძლება ორგანიზმის წიდა ვუწოდოთ, ჭარბი ცხიმია. ის გროვდება ყველგან: წელის, მუცლის, თეძოების მიდამოებში, სისხლძარღვებში... სწორედ უადგილო ადგილას ჩალაგებული ცხიმიანი ნაგავი ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიც არის დიაბეტი, კიბო, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. გამოკვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ ჭარბი ცხიმი (განსაკუთრებით – მუცლის არეში დაგროვილი) გუნება-განწყობაზეც მოქმედებს: ღიპიანებს ჭარბად გამოუმუშავდებათ სტრესის გამომწვევი ჰორმონი, ხოლო ჰორმონი, რომელიც ბედნიერების განცდაში გვეხმარება, თითქოს სადღაც ქრება.
ცხიმნარევი წიდისგან გათავისუფლების ნაცადი და ყველაზე ეფექტური საშუალება ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტიურობაა. ანუ, რას ვაკეთებთ? ეს ალბათ ათასჯერ მაინც გვითქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ, მაინც შეგახსენებთ:
. შეამცირეთ ცხიმის მოხმარება, განსაკუთრებით კი “ცუდი” ქოლესტეროლით გაჯერებულისა. ეს “შხამი” თავმოყრილია ცხიმიან ღორის ხორცში, ნაღების კარაქში, ფრინველის კანში...
. მიირთვით რაც შეიძლება მეტი უჯრედისი ანუ გაიმდიდრეთ მენიუ ქატოთი, მარცვლეულით (განსაკუთრებით – წიწიბურათი და შვრიით), ხილით, ბოსტნეულით, კენკრითა და მწვანილით.
. ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ! ჭარბ ცხიმს ყველაზე იოლად ფიზიკური აქტიურობით დაწვავთ. თუ ფიტნესცენტრამდე მისვლა გეზარებათ, კიბეზე მაინც აირბინ-ჩამოირბინეთ, სკვერში ისეირნეთ, წელზე ჰულაჰუპი აბზრიალეთ... ერთი სიტყვით, არ მოდუნდეთ!


 პროცედურა შესაძლო გართულებები მკაცრად აკრძალულია
 ოყნა, ნაწლავთა გამორეცხვა, ჰიდროკოლონოთერაპია დისბაქტერიოზი, ქრონიკული ყაბზობა, ნაწლავთა ატონია მსხვილი ნაწლავის დაავადების, მუცლის ღრუში შეხორცებითი პროცესების დროს
 საფაღარათო საშუალებების მიღება სპასტიკური კოლიტი, ქრონიკული ყაბზობა მსხვილი ნაწლავის დაავადების დროს
 შარდმდენი საშუალებების მიღება გაუწყლოება, გულის რიტმის დარღვევა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ჰიპოტენზიის, თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილების დროს, ასევე – ხანშიშესულთათვის
 შიმშილი
 იმუნიტეტის დაქვეითება, გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების გამწვავება, ნაღველკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულებისა და მეძუძურებისთვის, იმუნიტეტდაქვეითებულებისთვის
 ღვიძლის “გაწმენდა” მცენარეული ზეთით, ნაღველმდენი მცენარეებით და სხვა ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და  მწვავე პანკრეატიტის ჩამოყალიბება ქრონიკული ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად