მირბის, მიმაფრენს… და მაქანავებს
რა ვიცით, იქნებ პირველი ადამიანი, რომელსაც მგზავრობისას თავბრუ დაეხვა და ცუდად გახდა, სწორედ მხედარი იყო, რომელმაც გაოგნებისა და სირცხვილისგან ხმა ვერ ამოიღო, ამიტომ არც არავის უფიქრია, სნეულებისთვის ცხენის ავადმყოფობა დაერქმია. სამაგიეროდ, როცა სხვებმა ზღვაში გაჭრა  მოიწადინეს, ხან მშვიდად მოლივლივე, ხან კი აბობოქრებულ სტიქიას დამორჩილებულმა გემბანმა გაცილებით მეტს (და უფრო ძლიერი ორგანიზმის პატრონებსაც) გაუჩინა სადარდებელი. დღეს კი, როცა მარტო ზღვას კი არა, ხმელეთსა და ჰაერსაც რკინის რაშები სერავენ, მგზავრობა ძალიან ბევრს მწარედ ამახსოვრებს თავს. ამიტომაც ფრანგების მიერ შერჩეული მოხდენილი ტერმინი mal de mar (ზღვის ავადმყოფობა) უკვე ძალიან ვიწროა. სნეულებამ შესაძლოა ხელი დაგვრიოს მატარებლის ვაგონში, ავტომობილში, საქანელაზე, სახურავზე, ვარსკვლავების ცქერისას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცეკვის დროსაც კი, ამიტომ ექიმებმა მისი ოდინდელი სახელი უსამართლოდ მიიჩნიეს და გააფართოვეს. ამჟამად მას კინეტოზს – მოძრაობის დაავადებას უწოდებენ.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგი დავით ბათიაშვილი:

– მოძრაობის დაავადება ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. ეს არის შიგნითა ყურის პათოლოგია, რომელიც განპირობებულია მის სტრუქტურებზე მონოტონური მოძრაობის ხანგრძლივი ზეგავლენით. შეგახსენებთ: შიგნითა ყური ანუ ლაბირინთი არხების რთული ქსელია. მისი სამი ნაწილიდან ორი: კარიბჭე და ნახევარრკალოვანი არხები (ე.წ. ვესტიბულური აპარატი) – წონასწორობის აღმქმელ ორგანოებს წარმოადგენს. კარიბჭე სტატიკურ წონასწორობას განაგებს, ნახევარრკალოვანი არხები კი მოძრაობის დროს ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება. ეს სტრუქტურები სითხით არის სავსე და წამწამოვანი უჯრედებით არის ამოფენილი. ისინი თავის მოძრაობაზე რეაგირებენ და ნერვულ იმპულსებს ტვინს კარიბჭის ნერვის საშუალებით აწვდიან.
აღნიშნული აპარატი ტვინისთვის სხეულის სივრცეში გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არ გახლავთ. იმავე მონაცემებს  დასტურებს ან უარყოფს მხედველობა და კუნთებსა და მყესებში გაბნეული ე.წ პროპრიორეცეპტორები – მგრძნობიარე დაბოლოებები, რომლებიც ტვინს თავად სახსრების, კუნთებისა და მყესების მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. სიარულის დროს სამივე სისტემა, ასე ვთქვათ, თანაბრად ახდენს ტვინის ინფორმირებას და ადამიანი მოძრაობის გამო დისკომფორტს არ განიცდის. როდესაც ადამიანი დიდხანს პასიურად გადაადგილდება (გემით, თვითმფრინავით, მანქანით მგზავრობს), შესაძლოა, ტვინისკენ მიმავალ საინფორმაციო ნაკადებს შორის დისბალანსი მოხდეს. მაგალითად, ღრუბლიან ამინდში თვითმფრინავით მგზავრობისას ვესტიბულური და პროპრიოცეპტული სისტემები აღქმული მოძრაობის შესახებ ინფორმაციას გადასცემენ ტვინს, მხედველობის სისტემა კი ამას არ ადასტურებს. თუმცა ეს მაინც ჰიპოთეზური მოსაზრებაა. მოძრაობის დაავადების უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
– რა სიმპტომები ახასიათებს?
– ძირითად ნიშნებად გულისრევა, თავბრუხვევა და ღებინება ითვლება. გარდა ამისა, დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ძილიანობა, ოფლიანობა და ზოგადი დისკომფორტი. უმეტესად დაავადების ნიშნები მგზავრობის დასრულებიდან ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ ზოგიერთს ეს ჩივილები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაშიც აწუხებდეს.
– ვის ემართება მოძრაობის დაავადება?
– ორ წლამდე ეს დაავადება საერთოდ არ მჟღავნდება. იგი უმეტესად სამი წლიდან იჩენს თავს, 10-12 წლისთვის პიკს აღწევს, 13 წლიდან კი თანდათანობით უკუვითარდება. ამასთანავე, ქალებს შორის უფრო ხშირია. პაციენტების 10%-ს კი მოძრაობის დაავადების ნიშნები მთელი სიცოცხლე აწუხებს.
 – რატომ უჩივიან უმთავრესად ბავშვები?
– ჯერჯერობით ამ თავისებურების მიზეზიც უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ასაკში ტვინის ინტეგრაციული სისტემა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, რაც ხელს უწყობს “ინფორმაციული კონფლიქტის” წარმოშობას.
– რომელი პრეპარატებით მკურნალობენ მოძრაობის დაავადებას?
– მოძრაობის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს – ბონინს, დრამინას. დრამინას ის უპირატესობა აქვს, რომ მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებშიც შეიძლება. პრეპარატი მგზავრობის დაწყებამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. თუ დაავადების ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული, მედიკამენტის მიღება შეიძლება მგზავრობის წინა დღეს: მოზრდილებისთვის – 50 მგ დრამინა დღეში 3-ჯერ, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 12,5 მგ დღეში 3-ჯერ, 7-დან 13 წლამდე – 25 მგ დღეში 3-ჯერ. პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამამდე 20-25 წუთით ადრე.
აშშ-ში იყენებენ სკოპოლამინის საფენებს, რომლებიც მაჯის შიგნითა ზედაპირზე მაგრდება. მოძრაობის დაავადების სიმპტომების შემცირება შესაძლებელია აკუპუნქტურის P6 წერტილზე (მაჯის შიგნითა ზედაპირზე) ზეწოლითაც.
– რამდენად საშიშია მოძრაობის დაავადება და ხომ არ ზრდის იგი სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს?
– ეს დაავადება სახიფათო არ არის და გარდამავალია, თუმცა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ისინი, ვისაც ბავშვობაში კინეტოზი აწუხებდა, მოწიფულ ასაკში უფრო ხშირად უჩივიან შაკიკს.

***

სამგზავრო რჩევები
როგორც უკვე ვთქვით, თუ მიწას არ მოსწყდებით და ყველგან მხოლოდ ფეხით ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეტროთი ივლით, სავარაუდოდ, მოძრაობის დაავადება არასოდეს შეგაწუხებთ, მაგრამ ვინაიდან სამოქმედო არეალის ასეთი შევიწროება ბევრს არ აძლევს ხელს, ჯობს, დაავადებასთან გამკლავება ვისწავლოთ. ფარმაკოლოგიასთან ერთად რამდენიმე მარტივი მეთოდი უსიამოვნებათა თავიდან აცილებაში თუ არა, შემცირებაში მაინც დაგვეხმარება:

. ესწრაფეთ კომფორტს. რაც უფრო მოხერხებული და თანამედროვეა სატრანსპორტო საშუალება, გულისრევა მით უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ;
. შეარჩიეთ ადგილი. გემზე რყევა ყველაზე ნაკლებად შუა კაიუტებში და ზედა გემბანზე იგრძნობა, თვითმფრინავში – ფრთების სიახლოვეს, ფრთის წინა კიდემდე, მატარებელში – მემანქანესთან რაც შეიძლება ახლოს. ავტომობილში ამ მხრივ საუკეთესო მძღოლის ან მის გვერდით მდებარე სავარძელია.
. საქმე გაუჩინეთ თვალებს. მზერა ჰორიზონტს მიაპყარით და ნება-ნება ათვალიერეთ. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მხედველობის კონცენტრირებას მოითხოვს, მაგალითად, კითხვა და ხელსაქმე, სიმპტომებს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს.
. ერიდეთ მკვეთრ სუნს. ნურც მოსწევთ და ნურც მწეველების ახლოს გაჩერდებით. სუფთა ჰაერი ამ დროს საუკეთესო მოკავშირეა.
. არ გაიღიზიანოთ კუჭი. ჭამა-სმა აკრძალული არ არის, მაგრამ ზომიერება დაიცავით. უხვ ტრაპეზზე, ცხიმიან და ცხარე კერძებზე უარის თქმა ჯობს. მეგობრად არც ალკოჰოლი გამოგადგებათ, მეტადრე – საზღვაო კრუიზის დროს. თავად განსაჯეთ, როგორი ალიანსია: ნაბახუსევი და ზღვის ავადმყოფობა.
. სცადეთ ხალხური მეთოდები. მართალია, ოფიციალურ მედიცინას მათი ეფექტურობა არ შეუმოწმებია, მაგრამ ბევრს შვებას აგრძნობინებს საწუწნი კანფეტი, კბილებით ასანთის ღერის ჭერა, კოჭა.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად