ემანსიპირებული ცისტიტი

დღეს ქალთა ემანსიპაციაზე ბევრს ლაპარაკობენ. ბევრი ემხრობა, უფრო მეტს კი ვერ გაუგია, რატომ უნდა ანებივრებდნენ  სუსტი სქესის წარმომადგენლებს. როგორც ჩანს, გენდერული თანასწორობის ამბავს დაავადებებმაც მოჰკრეს ყური, ცხოვრებას ნუ ჩამოვრჩებითო, იფიქრეს და მშვენიერ სქესს მიემხრნენ.
ხუმრობა იქით იყოს და მუდამ არსებობდა დაავადებები, რომლებიც უპირატესად ქალბატონებს აწუხებდა. ერთ-ერთი მათგანია ცისტიტიც, იგივე შარდის ბუშტის ანთება.
თუკი სტატისტიკის მოყვარულ ექიმებს დავუჯერებთ, ცისტიტი ყოველ მეორე ქალს სტუმრობს, მამაკაცები კი წელს ქვევით ასეთ დარტყმას გაცილებით (10-ჯერ) იშვიათად იღებენ.

ბრალი მიუძღვის ანატომიას…
ცისტიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა, რომელიც საშარდე გზებით იჭრება ორგანიზმში: ჯერ შარდსადენში შეაღწევს, შემდეგ აღმავალი გზით შარდის ბუშტში გადაინაცვლებს და თუ გაუმართლა, თირკმელებამდეც გაიკვლევს გზას.
ქალის შარდის ბუშტამდე მიღწევა გაცილებით ადვილია  – მათ შარდსადენი მილი მოკლე (4 სმ-იანი) და  განიერი აქვთ (მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთა შარდსადენი მილი 20-23 სმ სიგრძისა და, ამასთანავე, მეტისმეტად ვიწროა). ასე რომ, იოლი მისახვედრია, რატომ “უყვართ” ინფექციებს მშვენიერი სქესი. ასეთი ინფექცია გადამდები არ გახლავთ, თუმცა სქესობრივი აქტი საშარდე გზებში ბაქტერიების გადასროლას ხელს ნამდვილად უწყობს. ექიმებმა სპეციალური ტერმინებიც კი შემოიღეს: “თაფლობის თვის ცისტიტი”, “პოსტკოიტალური ცისტიტი”. უკანასკნელ შემთხვევაში ყოველი აქტი შარდის ბუშტის ანთების ახალ შემოტევას იწვევს.

...და რა მარტო მას
გარდა ანატომიური თავისებურებებისა, არსებობს ფაქტორების მთელი წყება, რომელიც ხელს უწყობს ანთებითი ცვლილებების განვითარებას. მათ შორის აღსანიშნავია:
. გაცივება. შარდის ბუშტი მეტისმეტად მცივანა ორგანოა. პაპანაქება სიცხეშიც კი 10-15 წუთით ცივ ზედაპირზე (ქვაზე, ბეტონის კედელზე) ჩამოჯდებით თუ არა, რკინის ჯანმრთელობაც რომ გქონდეთ, მისი უდიდებულესობა ცისტიტი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგიდგებათ.
.  სველი საცურაო კოსტიუმი. მართალია, ზღვის სეზონისთვის ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ დახურული აუზები ხომ ზამთარ-ზაფხულ გმასპინძლობთ! მით უმეტეს, თუკი პლაჟზე თავის მოწონების მიზნით ვარჯიშსა და ცურვას უკვე შეუდექით. ასე რომ, ფრთხილად, არამც და არამც არ შეიშროთ საცურაო კოსტიუმი ტანზე.
. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. გასაკვირი არაფერია, რადგან რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის დროს იმუნიტეტი მკვეთრად ქვეითდება, ეს კი ანთების ახალი კერის აღმოცენებას განაპირობებს.
. კრიტიკული დღეები. კრიტიკული დღეების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და მთელი მენსტრუაციის განმავლობაში ორგანიზმის იმუნიტეტი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ასე რომ, ფრთხილად.
.  უცნაური ჩვევა. თუკი მოშარდვის სურვილს ყურს არ უგდებთ და ვიდრე უკიდურესად არ გაგიჭირდებათ, ტუალეტიკენ გახედვაც არ გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ცისტიტი აუცილებლად გესტუმრებათ.
. მჭიდრო ტანსაცმელი. მთავარი დამნაშავე მაინც მეტისმეტად მოტმასნილი ჯინსია. ენამახვილი იტალიელი უროლოგები ამბობენ, რომ თუკი ქალი ერთი ზომით ვიწრო შარვალს ატარებს, ცისტიტის მსხვერპლი ხდება, ხოლო თუკი ორი ზომით ვიწროს – რომელიმე გინეკოლოგიური დაავადებისა.
. სტრესი, გადაღლა. ნერვიულობის შემდეგ ხშირად წამდაუწუმ გვინდება მოშარდვა. ამის მიზეზი ე.წ. ნეიროგენური შარდის ბუშტის ოინებია, რომელსაც, თუ არ მივხედეთ, ცისტიტიც მალე შეაწუხებს.
. ავიტამინოზი. ინფექციებს რომ გავუმკლავდეთ, ორგანიზმს ვიტამინები სჭირდება. მაისიდან მოყოლებული, ვიტამინების დეფიციტის შევსება არც ისე ძნელია – ხილი ხომ სწორედ ამ დროს იწყებს შემოსვლას, მანამდე კი, განსაკუთრებით – ზამთრის მიწურულს და გაზაფხულის დამდეგს, შეგვიძლია ვიტამინების კომპლექსი (მაგალითად, ცენტროვიტი) მივიღოთ.
. ალერგია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც ალერგია აწუხებს, ცისტიტი უფრო ხშირად ემართებათ. რა კავშირშია ეს ორი პათოლოგია ერთმანეთთან, რთული ასახსნელია, მაგრამ გირჩევთ, თავს გაუფრთხილდეთ, განსაკუთრებით – გაზაფხულის მიწურულს, როდესაც პოლინოზი (ალერგია მცენარეულ მტვერზე) მწვავდება.
. მიმდებარე პათოლოგიები. ცისტიტს ხშირად შარდკენჭოვან დაავადებასა და გინეკოლოგიურ პათოლოგიებს უკავშირებენ. არცთუ იშვიათად შარდის ბუშტის ანთება მეზობელი ორგანოების (საკვერცხეების, თირკმელების, სწორი ნაწლავის) ანთებითი დაზიანების დროს ვითარდება.

როგორ ვლინდება
ცისტიტის ამოცნობა ქალბატონებს არ გაუჭირდებათ: ყოველ წუთს ტუალეტში გსურთ გაქცევა, სულ რამდენიმე წვეთის დაღვრას თუ ახერხებთ, იმასაც – ძლიერი ტკივილით; შარდი მღვრიეა, რძისებრი; სექსზე ფიქრიც კი გზარავთ. ხელს გრევთ დაღლილობა, გამოფიტვა, ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში. მაღალი სიცხე ცისტიტს არ ახასიათებს. ტემპერატურის მომატება, ჩვეულებრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია უკვე ზედა სართულებში აიჭრა. თირკმლის ინფიცირების სხვა ნიშნებია ტკივილი წელის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
ნებისმიერი დისკომფორტის და, მით უმეტეს, ტკივილის შემთხვევაში უთუოდ მიმართეთ ექიმს (უროლოგს). შესაძლოა, პრობლემის თავიდათავი ცისტიტი სულაც არ იყოს – მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი აპენდიციტსა და საშვილოსნოსგარე ორსულობასაც სდევს თან.
ცისტიტი, გარდა იმისა, რომ ქალბატონებისთვის ერთგვარი ბედისწერაა, შესაძლოა ერთხელ სტუმრობას არც კი დასჯერდეს. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ცისტიტის მქონეთა მეხუთედს ინფექცია მეორედაც უტევს, მეორე შეტევის მსხვერპლთა შორის მესამეგზისი ანთების ალბათობა 30%-ს აღწევს, ცისტიტის სამჯერ გადატანის შემდეგ კი რეციდივის საშიშროება უკვე 80%-ია.

მკურნალობის პრინციპები

უთუოდ ეწვიეთ ექიმს და ზუსტად დაიცავით მისი დანიშნულება. სავარაუდოდ, იგი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას მოგთხოვთ, რომელთა თვითნებური შეწყვეტა (თუნდაც ცისტიტის ნიშნები უკვალოდ გაქრეს) დაუშვებელია. მკურნალობის კურსი სამი დღეც შეიძლება გაგრძელდეს და რამდენიმე კვირაც – ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ექიმის გადასაწყვეტია.
ცისტიტის შემოტევებს თავი რომ დააღწიოთ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ:
. რეგულარულად დაიცალეთ შარდის ბუშტი. საჭირო ოთახს ყოველი საჭიროებისას მიაკითხეთ.
. სითხის უხვი მიღება შარდის ოდენობას გაზრდის და ბაქტერიებისგან შარდის ბუშტის უფრო სწრაფ გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, დღის განმავლობაში 2-3 ლიტრამდე სითხე მიიღეთ.
. მწარე, მჟავე, სუნელებით შეზავებული კერძები, მწნილი, მარინადი, ალკოჰოლი მხოლოდ კუჭის ლორწოვანს როდი აღიზიანებს. მათ მაქსიმალურად ერიდეთ, განსაკუთრებით – თუ ცისტიტი ერთხელ მაინც უკვე დაგსხმიათ თავს.
. განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეთ ინტიმურ ჰიგიენას. საპონი სასქესო ორგანოების ლორწოვანს ზედმეტად აშრობს და აღიზიანებს, ამიტომ სჯობს, უპირატესობა სპეციალურ ინტიმურ გელს მიანიჭოთ.
. გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ზოგიერთი კონტრაცეპტივი, სახელდობრ, სპერმიციდები (სპეციალური საშოსშიდა აბები, სანთლები, კრემები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ანეიტრალებს) და დიაფრაგმა გარკვეულწილად ზრდის საშარდე გზების ინფიცირების რისკს. ზოგჯერ კონტრაცეფციის მეთოდის შეცვლაც საკმარისია, რომ შემოჩვეულმა ცისტიტმა ქალს თავი დაანებოს.
. მენსტრუაციის დროს უპირატესობა ჰიგიენურ საფენებს მიანიჭეთ. თუ ტამპონებს ვერა და ვერ ელევით, გახსოვდეთ: მათი გამოცვლა ყოველ 2-3 საათში ერთხელ არის საჭირო, ღამით კი არამც და არამც არ დაიტოვოთ.
. ინტიმურ მიდამოს სითბო უყვარს, ამიტომაც შილიფად ჩაცმას ერიდეთ. ნურც შემოტმასნილ ტანსაცმელს (ჯინსებსა თუ კოლგოტებს) ჩაიცვამთ ხშირად – ის შორისის მიდამოში შეგუბებასა და ნესტის დაგროვებას იწვევს და ბაქტერიებს გამრავლებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობისთვის ჩინებულ პირობებს  უქმნის.
. არსებობს მოსაზრება, რომ შტოშისა და   მოცვის ნაწარმის რეგულარული მიღება საშარდე გზების ფუნქციას აუმჯობესებს.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად