ვებრძვით შეშუპებას
ორსულობის დროს რაგვარ ცვლილებას აღარ განიცდის ქალის ორგანიზმი: ჯერ სხეულის ფორმა იცვლება, იზრდება მკერდი, შემდეგ კილოგრამი კილოგრამს ემატება და სასწორის ისარი სულ უფრო მეტად იხრება მარჯვნივ... თუმცა აუცილებელი როდია, რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერი ერთ ქალს დაატყდეს თავს. მაგალითად, შეშუპება, თუმცაღა ორსულთა უმრავლესობას აწუხებს, ყველას მაინც არ ემუქრება.
ხდება ხოლმე, რომ ქალმა არც კი იცის, შეშუპებულია თუ არა, მაგრამ საკმარისია ჰკითხოთ, კვლავ არგია თუ არა საქორწინო ბეჭედი, დაბეჯითებით გიპასუხებთ, არაო. მეტწილად სწორედ ასე ხვდება ორსული, რომ შეშუპება დაეწყო.

ყურადღება, ყურადღება!
შეშუპება, როგორც წესი, ორსულობის მეორე ტრიმესტრში (მესამედან მეექვსე თვის ჩათვლით) იჩენს თავს. მიზეზი თირკმლების პათოლოგიაა, რომელსაც ექიმები ნეფროპათიას უწოდებენ. შეშუპებას შესაძლოა შარდში ცილის გაჩენა მოჰყვეს, ქალი არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეაწუხოს. ყოველივე  ეს ნეგატიურად აისახება პლაცენტურ სისხლის მიმოქცევაზე და ნაყოფის ჟანგბადითა და საკვებით მომარაგება ირღვევა.
ნეფროპათიასთან ხუმრობა მართლაც არ გვარგებს, ვინაიდან შესაძლოა, დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც საშიში გართულება – პრეეკლამფსია ან ეკლამფსია ჩამოყალიბდეს. ისინი მომატებული არტერიული წნევის ფონზე თავის ძლიერი ტკივილით,  გონების დაბინდვითა და კრუნჩხვებით ვლინდება.
ასე რომ, მცირედ შეშუპებას შეამჩნევთ თუ არა, გირჩევთ, გინეკოლოგს ესტუმროთ. თქვენ და თქვენს პაწიას მხოლოდ კვალიფიციური მკურნალობა და რეკომენდაციები შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

წამალი №1 – სიმშვიდე და დასვენება
თუკი შეშუპება კოჭ-წვივის სახსარს ასცდა და ზემოთ ამოცოცდა, თანაც ფეხები ისე ძლიერ გაქვთ შესივებული, რომ ფეხსაცმლის მორგებაც გიჭირთ, ექიმის მეთვალყურეობა უთუოდ დაგჭირდებათ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი გინეკოლოგი საავადმყოფოში დაწოლას გირჩევთ. გულდამშვიდებით მხოლოდ სტაციონარში იქნებით, ვინაიდან სპეციალისტთა მეთვალყურეობის, სათანადო გამოკვლევებისა და თერაპიის მეოხებით პრობლემას იოლად გაუმკლავდებით.
თუ შეშუპება უმნიშვნელოა, ექიმი შინ დარჩენას გირჩევთ, ოღონდ არავითარი ფიზიკური დატვირთვა, ბაზარში სირბილი და გაზქურასთან საათობით ბზრიალი! შეშუპებას საწოლში მშვიდად წოლა ან დივანზე ნებივრობა უხდება.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თირკმელები ნაკლებად იტვირთება, შესაბამისად, უკეთ მუშაობს, შარდიც მეტი გამომუშავდება და შეშუპებაც იკლებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულობის უკანასკნელ, მესამე ტრიმესტრში საგრძნობლად გაზრდილი ნაყოფი მუცლის ღრუს სისხლძარღვებს აწვება, რაც სისხლის მომარაგების შეფერხებას და, ამის კვალობაზე, შეშუპებას იწვევს. სწორედ ამ პერიოდში მართებს ორსულს ყველაზე მეტი ყურადღება. თუკი შეშუპება მანამდეც ჰქონდა, ფეხმძიმობის მიწურულს გინეკოლოგს ხშირად უნდა ჰკითხოს, როგორ მოიქცეს, რომელი მედიკამენტი მიიღოს და ა.შ.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად და ნაყოფზე ზეწოლის შესამცირებლად ორსულობის მერვე-მეცხრე თვეს ექიმები ქალს ხშირად მარჯვენა დუნდულის ქვეშ პატარა ბალიშის ამოდებას ან მარცხენა გვერდზე წოლას  ურჩევენ.

გონივრულად შედგენილი მენიუ
თუ შეშუპება გაწუხებთ, კვებით რაციონში რამდენიმე კორექტივის შეტანა ურიგო არ იქნება. გირჩევთ, დღის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობა 800 მლ-მდე შეამციროთ. “შავ სიას” სათავეში მარილი და  შაქარი (ტკბილეული) უდგანან. თუკი ოჯახის წევრებს სადილ-ვახშამს თავად უმზადებთ, გირჩევთ, თქვენთვის ცალკე, მარილის მოყრამდე გადმოიღოთ. რაც შეეხება შაქარს და ტკბილეულს, იზღუდება არა მარტო ისინი, არამედ ის სურსათიც, რომელიც მონელების პროცესში მალევე გარდაიქმნება იოლად ასათვისებელ შაქრად. ასეთია მაკარონი (ვერმიშელი, სპაგეტი), კარტოფილი, გაწმენდილი ბრინჯი, წმინდად დაფქული ხორბალი და მისი ნაწარმი. ერიდეთ შემწვარს, ცხარეს, მწნილსა და მარინადს. უპირატესობა მოხარშულ, კარგად გამომშრალ და ორთქლზე მომზადებულ საკვებს მიანიჭეთ. მეტად სასარგებლოა საქონლისა და ქათმის მოხარშული ხორცი, უცხიმო თევზი, კვერცხი, ხაჭო, მაწონი. უხვად ჩართეთ მენიუში ხილი და ბოსტნეული: ყაბაყი, კიტრი, სალათა, სტაფილო, ვაშლი, კენკრა (დღეში 150-200 გრამი), ყურძენი, ალუბალი.

დაიხმარე წვენები და არამარტო
ზოგიერთ წვენს შარდმდენი ეფექტი აქვს. სწორედ ისინი დაგეხმარებათ, ოდნავ მაინც გათავისუფლდეთ შემაწუხებელი სიმპტომისგან.
გაგაცნობთ იმ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, ნახარშებსა და ნაყენებს, რომლებიც სიამოვნებით იკისრებენ ამ საპატიო მისიას. შეგიძლიათ, მათ შორის თქვენთვის ყველაზე მისაღები ამოარჩიოთ. შეიძლება, მონაცვლეობითაც მიიღოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ წვენებით მეტისმეტი გატაცება რეკომენდებული არ არის. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში არა უმეტეს სამი ჯერისა.
. ყველაზე მეტად გარგებთ სტაფილოს რბილობიანი წვენი, გოგრის წვენი.
. სასარგებლოა ასეთი ნახარშიც: 2 ს/კ დაჭყლეტილ ძახველს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 20 წუთს ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ან მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ ნახევარ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. დაიხსომეთ: ძახველი კუჭ-ნაწლავს აღიზიანებს, ასე რომ, მისი ნახარშის მიღებისას სიფრთხილეს გირჩევთ.
. დაჭყლეტილ შტოშს დაამატეთ შაქარი ან თაფლი და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
. 2 ს/კ მწვანე ლობიოს დაასხით 300 მლ წყალი, წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე კიდევ 15 წუთს დატოვეთ. ორი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
. 200 გ ჭერმის (ან გარგარის) ჩირს (კურაგას) დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და 6 საათს დატოვეთ თერმოსში. გაფილტრეთ, ჩირი კარგად გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ.

უხმე ბუნებას
თუკი ფიტოთერაპიის წინააღმდეგი არ ბრძანდებით, შეგიძლიათ, სამკურნალო ბალახების ნაყენებიც მოამზადოთ, თუმცა ვიდრე მათ მიღებას შეუდგებოდეთ, გირჩევთ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ.
შეშუპების დროს მეტად სასარგებლოა ასეთი საშუალებები:
. გვირილის ნაყენი – 2 ს/კ ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 10 წუთს ადუღეთ წყლის ორთქლზე და 20 წუთს თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ, შემდეგ გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
. ერთნაირი თანაფარდობით აიღეთ წითელი მოცვის ფოთლები და ნაყოფი, მარწყვი მთლიანად, შვრიის მარცვალი, მრავალძარღვას ფოთლები, გვირილის ყვავილები, ასკილის ნაყოფი. ნარევი დაფქვით და 1 ს/კ-ს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით დააყენეთ თერმოსში და გაფილტრეთ, მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ.
. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ანისულის, მოცვის  და კუნელის ნაყოფი, კალენდულას ყვავილი, შვრიის ჩალა, ასკილისა და ძახველის ნაყოფი, მრავალძარღვას ფოთლები. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და 10 წუთით წყლის ორთქლზე ადუღეთ, ოღონდ თვალი ადევნეთ, რომ არ აგიდუღდეთ. შემდეგ თერმოსში გადაასხით და კიდევ ორი საათით გააჩერეთ, ბოლოს გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად