თეთრი ექსტრიმი
ზამთარში დღეები მოკლეა, ღამეები – გრძელი, მოდუნება და აპათია გვიპყრობს, ამიტომაც სჯობს, არაფერი ვაკეთოთ, ანდა, სულაც, დავიძინოთ, – აი, ასეთ ინსტრუქციას იღებენ გამოუცდელი დათვები ბუნაგში საზამთრო ევაკუაციის წინ. საბრალოებმა არ იციან, როგორ გაერთონ, როცა დედამიწა ქათქათა საბანს დაიხურავს.
დათვებისგან განსხვავებით, თქვენ ამ საკითხში უთუოდ გათვითცნობიერებული ბრძანდებით, მაგრამ ტრადიციული გასართობები მოგბეზრდათ და რაიმე ახალს ეძებთ… ალბათ ამიტომაც გამოიწვია მცირე  ხნის წინ ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილმა სტატიამ ასეთი ინტერესი. უამრავი წერილი მივიღეთ, ურიცხვი ზარი გაისმა რედაქციაში სპორტული ექსტრემიზმის ჩვენებური მსურველებისგან. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, თითოეული სახეობის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგითხროთ.

ყველაფერი 40-50 წლის წინ დაწყებულა. ამერიკელ შერმან პოპენს, გამოცდილ და თავგამოდებულ სერფინგისტს, აზრად მოსვლია, თავისი გოგონას გულის გასახარად ახალი სასრიალო მოწყობილობა შეექმნა. ადგა, თხილამურები ერთმანეთს მიამაგრა, მართვის გასაადვილებლად კი ცხვირზე თოკი გამოაბა. ასე იხილა დღის სინათლე სნერფმა (ეს ტერმინი ინგლისური snow-სა და surf-ის ჰიბრიდი გახლავთ), ხოლო 60-იანი წლების მიწურულს შეჯიბრებების გამართვაც დაიწყეს.
თანამედროვე სნოუბორდის მსგავსი დაფა 70-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მასზე მრავალმა პიონერმა და მოყვარულმა იტეხა თავი. ისე რომ, ექსტრემისტებს ია-ვარდით ფენილი გზა ნამდვილად არ დახვედრიათ...
80-იან წლებში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ცხრაკლიტულით ჩარაზული კარი გაიღო. კურორტებზე დამწყები სნოუბორდისტებისთვის კურსებიც კი დააარსეს. გაიმართა პირველი შეჯიბრებები, დაიბეჭდა სპეციალიზებული გამოცემები, სახელმძღვანელოები. 1988 წელს პირველი მსოფლიო თასი გათამაშდა, ათი წლის შემდეგ კი ოლიმპიური დებიუტიც შედგა.
დღეს სნოუბორდინგი სპორტის ყველაზე სწრაფად მზარდ სახეობად მიიჩნევა. მხოლოდ აშშ-ში ათობით მილიონ პროფესიონალსა თუ მოყვარულს ითვლიან. სნოუბორდ-ინდუსტრიაში 300-ზე მეტი ფირმა მუშაობს. მრავალ სამთო სათხილამურო კურორტზე სნოუბორდ-პარკია გახსნილი. შვეიცარიასა და ავსტრიაში ეს სპორტი ფიზმომზადების პროგრამაშიც კი ჩართეს.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, რით იზიდავს ეს ახალი სპორტი ახალგაზრდებს, რა უნდა გაითვალისწინონ ახალბედებმა, ყოველივე ამაზე ქართული სნოუბორდინგის პიონერი, ბატონი მამუკა ბურდული გვესაუბრება.

ჩვენებური ამბები
დაფა პირველად 1988 წელს მოვირგე. სამი კაცი ვიყავით, გუდაურში სნოუბორდინგის დაფაზე რომ დავდექით. ორიოდე წლის შემდეგ ასოციაციაც შევქმენით და საერთაშორისო ფედერაციაში გავწევრდით. მოგვიანებით საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ფედერაციას შევუერთდით. დღეს საქართველოში სნოუბორდისტები მაშინდელივით თითზე ჩამოსათვლელები აღარ ვართ. ბოლო წლებში საკმაოდ მომრავლდნენ თვითნასწავლი ბორდისტები. გვყავს რამდენიმე პერსპექტიული სპორტსმენიც, ისე რომ, თუ თანხების მოძიება მოხერხდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოხვდნენ, შეიძლება, საქართველო კარგად წარმოაჩინონ.

რატომ სნოუბორდი
სნოუბორდინგმა  შეცვალა შეხედულება სამთო სათხილამურო სპორტზე – თხილამურები, ტრადიციისამებრ, რჩეული, ასაკოვანი საზოგადოების გატაცებად ითვლებოდა, ხოლო სნოუბორდი უფრო ახალგაზრდული და დემოკრატიულია. სნოუბორდინგი იმიჯითაც იტაცებს ახალგაზრდებს: ჩამოჩაჩული შარვალი, დახეული ჯინსები… აქ მეტია მძაფრი განცდა. მიიჩნევენ, რომ სიჩქარით თხილამურებს ოდნავ ჩამოუვარდება, თუმცა, ჩემი  აზრით, ესეც საკითხავია. თანაბარი დონის სპორტსმენებიდან მოთხილამურე მართლაც უფრო სწრაფია, მაგრამ პირადად მე სნოუბორდით ბევრ მოთხილამურეს გავუსწრებ. ამასთანავე, სნოუბორდი უფრო ადვილი სასწავლია – თხილამური ორია, ჯოხიც ორი და ამ ყველაფერს სინქრონულად უნდა ხმარება, ერთ დაფას კი უფრო ადვილად უგამკლავდები. მხოლოდ პირველი საათებია ძნელი, მერე კი, ალღოს აუღებ თუ არა, სწრაფად ითვისებ. სამდღიანი მეცადინეობის შემდეგ სნოუბორდისტი ამავე სტაჟის მქონე მოთხილამურეზე გაცილებით თავდაჯერებულია.
კიდევ ერთი პლუსი: სნოუბორდით საშუალო დონის მოყვარულსაც შეუძლია, გაუკვალავ თოვლში ისრიალოს. თხილამურებით ამას, თანაც ისე, რომ სიამოვნება მიიღოს, მხოლოდ პროფესიონალი თუ მოახერხებს. განიერი, დიდცხვირიანი დაფა ამ დროს ბევრად უფრო დამყოლი და საიმედო მოკავშირეა.
ვინც ჯერ თხილამურებით სრიალი ისწავლა და მერე გადავიდა სნოუბორდზე, უკან აღარ ბრუნდება. მას, ვინც თავიდანვე სნოუბორდზე სრიალს სწავლობს, თხილამურებზე შედგომის სურვილი არ უჩნდება. ასეთია ჩვენი პრაქტიკა.

მართლა ასეთი სახიფათოა?
მიუხედავად ექსტრემალური იმიჯისა, სნოუბორდინგი სულაც არ გახლავთ განსაკუთრებით მატრავმირებელი. თხილამურები ამ მხრივ მას საგრძნობლად სჯაბნის. სნოუბორდით სრიალის დროს ფეხის მოტეხის შემთხვევები პრაქტიკულად არ გვქონია. შედარებით ხშირია მაჯის მოტეხილობა ან გაბზარვა დაცემისას ხელის მოუხერხებლად წაშველების გამო. ამიტომაც არის სასურველი სპეციალური ხელთათმანების ტარება, რომლებიც მაჯებთან პლასტმასით არის გამაგრებული. ასევე სასურველია, იხმაროთ ჩაფხუტი და სპეციალური დათბილული შარვალი, რომელიც მუხლებს, თეძოებს და კუდუსუნს დაცემისას ბალიშის მაგივრობას გაუწევს. მთაში აუცილებელია სათვალეც, თოვლზე არეკლილმა კაშკაშა მზემ რომ არ დაგაბრმავოთ. თუ გაყინულ თოვლზე აპირებთ სრიალს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამუხლეები, მით უფრო, თუ მთიდან დაშვების შემდეგ მუხლებზე დასვენება გადაწყვიტეთ.
საკმაოდ ხშირია კუნთების დაჭიმვა და დაზიანება, არადა, ამის თავიდან აცილება სულ ადვილად შეიძლება, თუ სრიალის წინ რამდენიმეწუთიანი მოთელვა არ დაგეზარებათ ან გასაჭიმ ვარჯიშებს გააკეთებთ.

პირველი ნაბიჯები
ამბობენ, რომ სნოუბორდი კონსერვატიული სპორტის მიმართ პროტესტმა წარმოშვა. აქ ყველაფერი ნებადართულია. და მაინც, არ გირჩევთ დამოუკიდებელ ექსპერიმენტებს. გამოცდილ ინსტრუქტორს გუდაურშიც იპოვით და ბაკურიანშიც. ინსტრუმენტზე დაკვრისა არ იყოს, სჯობს, თავიდანვე სწორად სრიალს მიეჩვიოთ,  თორემ ცუდად ნასწავლის გადაჩვევა ძალიან ძნელია. აქ საქმე მხოლოდ ტრავმების თავიდან აცილებას არ ეხება. როცა რამეს ეუფლები, გსურს, ყოველწამიერად უფრო და უფრო დაიხვეწო, უფრო და უფრო დაოსტატდე. სხვაგვარად სწავლის ხალისსა და ჟინს დაკარგავ. თუ უბრალო მოძრაობაზეც დიდი ენერგია გეხარჯება და იქანცები, თავი უნიჭო გგონია და საერთოდ თავის დანებება გინდა. სინამდვილეში კი ისეთი ხალხი, ვინც ინსტრუქტორთანაც ვერაფრით სწავლობს, ძალიან ცოტაა. ასეთი გამონაკლისი მეც მქონია. ერთი შავკანიანი მოსწავლე მყავდა, ძალიან სპორტული, სირბილში პარიზის ჩემპიონი, მაგრამ სნოუბორდით სრიალი ვერაფრით ისწავლა. ისეთი ხალხიც არსებობს, რომელიც სნოუბორდზე დადგომისთანავე ინსტინქტით გრძნობს, როგორ უნდა მოიქცეს.

რა შეუძლია დაფას
სნოუბორდით, ისევე როგორც თხილამურებით, სხვადასხვანაირად შეიძლება სრიალი. შესაბამისად, რამდენიმე დისციპლინას განასხვავებენ.
სლალომი მთის ფერდობზე ზიგზაგისებური დაშვება გახლავთ. ფრისტაილი (ინგლ. freestyle – თავისუფალი სტილი) სხვადასხვა ტრიუკის შესრულებას გულისხმობს. ნახტომი, სალტო, 90, 180, 360 გრადუსით შემობრუნება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ილეთებისა, რომლებითაც პროფესიონალი სნოუბორდისტები გაგაოცებენ. თუმცა ამ სახეობას საქართველოში მიმდევრები ჯერჯერობით არ ჰყავს. ფრირაიდი (ინგლ. freeride – თავისუფალი მარშრუტი) მთის ციცაბო ფერდობებზე, ყველანაირ ზედაპირზე – მოლიპულ ყინულსა თუ გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მიმართულება იმ მძიმე დღეებში გაჩნდა, როცა თითქმის ყველა სამთო სათხილამურო კურორტის ადმინისტრაცია თავგამოდებით იცავდა თავს გადარეული ექსტრემალებისგან და საკუთარ ტრასებს სათოფეზეც არ აკარებდა.

კარგი ცხენი კარგი მხედრისთვის
თხილამურებისა არ იყოს, ხარისხიანი სნოუბორდიც ძვირად ფასობს. ევროპაში მთელი აღჭურვილობის მინიმალური ფასი 200 ევროა (ჩვენში სადღაც 600 ლარამდე ჯდება). რა თქმა უნდა, დაქირავებაც შეგიძლიათ. ახალბედებს ვურჩევდი, ნაქირავები აღჭურვილობით შეესწავლათ სნოუბორდის ანაბანა, საკუთარზე კი მერეღა ეფიქრათ, როცა დაფის გახედვნას შეძლებდნენ და ისიც ეცოდინებოდათ, სად და როგორ აპირებენ სრიალს.
გარეგნული ნიშნების მიხედვით დაფები ორი ტიპისაა: სიმეტრიული (ერთნაირი ცხვირითა და კუდით) და მიმართული (direcional. მათი ბოლოები ერთმანეთისგან ფორმითაც განსხვავდება და სიხისტითაც). სიმეტრიული დაფა გაცილებით მანევრულია და ფრისტაილის მოყვარულებს უფრო გამოადგებათ, directional-ფორმა კი ერთ პოზიციაში სრიალისთვის არის გამიზნული.
უნივერსალური ტიპის დაფებიც არსებობს. ისინი რთულ ტრასებზეც გამოდგება და მარტივზეც. ისინი უფრო დრეკადია, ამიტომაც უფრო ადვილად უხვევს, იოლად “პატიობს” შეცდომებს სრიალის დროს და ახალბედებისთვის საუკეთესო არჩევანია.
სნოუბორდი ვერტიკალურ მდგომარეობაში ნიკაპამდე უნდა გწვდებოდეთ. მნიშვნელობა აქვს თქვენს წონასაც. სიგანე კი ფეხის ზომით უნდა შეარჩიოთ. რაც უფრო ვიწროა დაფა, მით უფრო გაგიადვილდებათ მოხვევაც და მოლიპულ ფერდობებზე სრიალიც.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად