გასტროენტეროლოგებსაც ჰქონიათ ერთი ტრადიცია: ახალი წლის პირველ დღეებს საკუთარი კაბინეტის კართან გრძელი რიგით ეგებებიან. ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ; მთელი დეკემბერი, ტელევიზიით იქნება, რადიოთი თუ ჟურნალ-გაზეთებით, გულმოდგინედ გვამუნათებენ: გვაცალეთ, ბატონო, დასვენება და თავს (უფრო სწორად, კუჭს) გაუფრთხილდითო, მაგრამ გონივრული რჩევების მოსმენა და დაჯერება რომ შეგვეძლოს, მარტო ისინი კი არა, კიდევ ერთი-ორი სპეციალობის ექიმები (თუ ყველა არა)  უმუშევრები დარჩებოდნენ.
გგონიათ, ზემოხსენებულ რიგში წყლულიანები, გასტრიტიანები, ქოლეცისტიტიანები და კიდევ ვინ მოთვლის რა იტიანები დგანან? არაფერი შეგეშალოთ!  ისინი მოწესრიგებული ხალხია, მშვენივრად იციან, წესების დარღვევას რა შეიძლება მოჰყვეს და საკუთარი ენისთვის თუ არა, კუჭისთვის ლაგამის ამოდებასაც ჩინებულად ახერხებენ. გასაჭირში სწორედ ჩვენისთანები ცვივიან – ისინი, ვისაც გუშინ ნაღვლის ბუშტი სადღაც კოსმოსურ უწონადობაში მონარნარე თანამგზავრი ეგონა, პანკრეასი კი ინგლისის ფეხბურთის გუნდი. არც არის გასაკვირი: ორ-ორ წყება საშობაო-საახალწლო მოლხენას რომელი ჯანმრთელობა გაუძლებს?! ტყუილად კი არ ამბობდა დათა თუთაშხია, ქართველობა მძიმე ხელობააო. ჰოდა, ჩვენც ვცდილობთ, არ ვუღალატოთ მამა-პაპის ანდერძს და ბიცოლის პაპიდის მამიდაშვილის ბიძაშვილის და… ყველა ნამდვილი ვაჟკაცის ათასმეერთე სადღეგრძელოს ნაირ-ნაირ შემწვარ-მოხრაკულს ვაყოლებთ. ისე, საკითხავია, სად ეცალათ ჩვენს წინაპრებს იმ გაუთავებელ ომში ამ გაუთავებელი ჭამა-სმისთვის, თუმცა წვეულებათა საახალწლო მარათონში ამას ვინ დაგიდევს. გამოცდილი სპირტსმენები და მაგიდის სპორტის ოსტატები დატვირთვას მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევენ თავს, ხოლო ახალბედები და ისინი, ვინც რეგულარულად არ ვარჯიშობს, თავიანთ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
მაინც რას გვიქადის ახალი წელი და როგორ გავუძლოთ ამ მძიმე გამოცდას?

მეშინია, ბატონო...
ძველი რომაელები ჭამაში ზომიერების დაცვაზე ფიქრით თავს ნამდვილად არ იკლავდნენ, სიმაძღრის პრობლემას კი მარტივად და ეფექტურად უმკლავდებოდნენ: მხართეძოზე წამოწოლილ მონადიმეებს მონები დროდადრო ფარშევანგის ფრთას და თასს მიართმევდნენ და ზომიერებადაკარგული პატრიციუსიც კუჭს ახალშესანსლული კამეჩის ბარკლისგან სუფრიდან აუდგომლად ითავისუფლებდა (და ამის შემდეგ კიდევ სხვებს ეძახდნენ ბარბაროსებს!).
დღეს ზრდილობა ყველამ ვისწავლეთ, ამიტომაც ყველაფრის შეთვისება გვიხდება. მერედა როგორი შესათავსებელია ერთმანეთთან ათასგვარი მადის აღმძვრელი სურნელი, სასიამოვნო თანამესუფრენი, ალკოჰოლი, შიმშილის ცენტრს მუხრუჭებს რომ ავიწყებს და… ერთადერთი კუჭი! ეს უკანასკნელი კი რეზინისა როდია – სულ 1,5-2,5 ლიტრს იტევს.
სიმძიმის, ჭრის შეგრძნება კუჭის არეში მიუთითებს, რომ საწყალი გადატვირთული ორგანო  სამუშაოს ვეღარ ერევა. ზედმეტი საკვები საყლაპავში თუ დაბრუნდა, ორგანიზმი ამას გულძმარვით განიშნებთ.  თუმცა პრობლემები აქ არ სრულდება – ორგანიზმში ხომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თუ სტომაქი გადაიტვირთა, გაორმაგებული მუშაობა მოუწევს ღვიძლსაც, თორმეტგოჯა ნაწლავსაც და კუჭქვეშა ჯირკვალსაც.
ნაღვლის ბუშტის ყველაზე უწყინარ პრობლემას, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, სანაღვლე გზების მწვავე დისკინეზია ჰქვია და შესაბამის სადინართა კუნთების უეცარი შეკუმშვაა. მას იოლად იცნობთ შეტევითი ან ყრუ შემაწუხებელი ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილს სპაზმოლიტიკი (ბუსკოპანი, ნო-შპა) დაგიამებთ. არც ნაღველმდენი პრეპარატები (ალოქოლი, რაფაქოლინი) ანდა სამკურნალო მცენარეთა ნაკრებები (სიმინდის მტვერი, ასკილი) იქნება ზედმეტი. თუ ტკივილი არ ყუჩდება, მარჯვენა ხელში, გულმკერდის მარჯვენა მხარეს ან კისერში გადაეცემა, პირში მწარე გემო იგრძენით და ყოველივე ამას გულისრევა და ღებინებაც დაერთო, დროა, სასწრაფო გამოიძახოთ – ალბათ მწვავე ქოლეცისტიტმა შემოგიტიათ ან აქამდე ნაღვლის ბუშტში განაბული კენჭი სადღაც გაიჭედა და ქირურგის სკალპელს ელის.
მაგარი ალკოჰოლიანი სასმლისა და ცხიმიანი და ცხარე საკვების შეთავსება, მით უმეტეს – მთელი დღის ნაშიმშილევზე, შეიძლება კიდევ ერთი უსიამოვნების – მწვავე პანკრეატიტის (კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების) მიზეზად იქცეს. ეს ორგანო საჭმლის მომნელებელი წვენის (საკმაოდ აგრესიული სითხის, რომელსაც ცილების დაშლაც შეუძლია, ცხიმებისაც და ნახშირწყლებისაც) გამომუშავებას განაგებს. თავად წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ეს მრისხანე ნარევი საკვების ნაცვლად ორგანიზმის ქსოვილებს დაერია. სწორედ ასეთი რამ ხდება ანთების დროს. მსხვერპლი ყველაზე ხშირად ან თვითონ ჯირკვალია, ან მუცლის ღრუ, თუმცა გამორიცხული არ არის, სითხე სისხლში მოხვდეს და იქიდან სხვა ორგანოებსაც დაერიოს. დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი ჭიპის ზემოთ, რომელიც უმეტესად სარტყლისებრია და ზოგჯერ ბეჭის არეშიც ვრცელდება. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობას შინ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, საავადმყოფოს კედლები დაგჭირდებათ.
მწვავე ანთება – თავისთავად, მაგრამ საახალწლო მსუნაგობამ შეიძლება მრავალი ისეთი ქრონიკული დაავადება გამოაღვიძოს, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც არ გქონდათ.

როგორ მოვიქცეთ
რა თქმა უნდა, ყველაფერს ის აჯობებს, კეთილგონიერება და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. დღესასწაული დღესასწაულად, მაგრამ, დამეთანხმებით, ჯანის სიმრთელე უფრო ძვირფასია. თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ძნელია, ათასგვარი ნუგბარით დამშვენებულ სუფრასთან ცდუნებას გაუძლო. ამიტომაც რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რათა არც ლხინი ჩაიმწაროთ გადაჭარბებული ასკეტიზმით და არც წრეგადასული ქეიფით განპირობებულმა უქეიფობამ გაგაწამოთ.
პირველ ყოვლისა, შეეცადეთ, ძველი წლის უკანასკნელ დღეს არ იშიმშილოთ. სადღესასწაულო გაწამაწიაში ხომ მადა ხშირად სადღაც ქრება და მხოლოდ ღამის თორმეტ საათზე შეგვახსენებს თავს მთელი თავისი სიგრძე-სიგანით. დღისით როგორმე დრო გამონახეთ და წაიხემსეთ. უფრო წინდახედულებს შეგვიძლია ასეთი რეცეპტიც შევთავაზოთ: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქატო, დაასხით მდუღარე და სუფრასთან დაჯდომამდე 1 საათით ადრე თბილი დალიეთ. ქატო გაფუვდება, კუჭს შეავსებს და თქვენც უფრო სწრაფად დანაყრდებით.
ცალკე რჩევა დიასახლისებს: თქვენ ძალგიძთ, სუსტი ნებისყოფის მქონე ოჯახის წევრები თუ სტუმრები განსაცდელს გადაარჩინოთ. საკვები, ბუნებრივია, გემრიელი, მრავალფეროვანი და სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებკალორიული კერძები მოამზადოთ.  ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის ხორცი ძნელი მოსანელებელია. სჯობს, უპირატესობა ხბოს, ქათამს, თევზს მიანიჭოთ. შემწვარ წიწილას და თევზს სუფრასთან მიტანამდე კანი გააცალეთ – სწორედ ის იწოვს ხარბად ცხიმს. სუფრა ცარიელი რომ არ დარჩეს, შეავსეთ ბოსტნეულით, ხილით, მწვანილით. მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. ოლივიე, უმჯობესია, უმი ბოსტნეულისა და ხილის მსუბუქი სალათით შეცვალოთ, რომელსაც მაიონეზის ნაცვლად უცხიმო იოგურტით, ლიმონის ან ბროწეულის წვენით ანდა ძალიან ცოტა მცენარეული ზეთით შეაზავებთ.
სასმელების სწორად შერჩევა ცალკე თემაა. აღარ გავიმეორებთ ათასჯერ ნათქვამს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინო მცირე რაოდენობით სასარგებლოც კია. შამპანური უმჯობესია ბრუტი შეიძინოთ – ის გაცილებით დაბალკალორიულია. ერიდეთ სხვადასხვა სასმლის არევას. არც ლიმონათის დაყოლებას გირჩევთ – ის კუჭს მეტისმეტად აღიზიანებს და უფრო მალეც დაგათრობთ. მანდილოსნების საყურადღებოდ: ნუ მოინდომებთ, ძლიერ სქესს სუფრასთანაც აჯობოთ, ამას თვით ბუნება ეწინააღმდეგება. ჯერ ერთი, კუჭში ალკოჰოლის დამშლელი ცილა ქალებს ბევრად ნაკლები გვაქვს, მეორეც, ჩვენი ღვიძლი გაცილებით პატარაა და სპირტიან სასმელს უფრო ძნელად უმკლავდება.   
გახსოვდეთ, დღესასწაული მთელი ღამე გრძელდება. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ყველა დელიკატესს ერთად ნუ გაუსინჯავთ გემოს. ნება-ნება შეექეცით. ასე ყველაფერს მოასწრებთ და არც ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს. ნურც ერთ ადგილზე დამწნილდებით, ადექით, იცეკვეთ, ახალი წლის ჰაერი ჩაყლაპეთ (თუმცა ფრთხილად, ამ დროს ჩვენს ქუჩებში გავლა, ვგონებ, ბაღდადში სეირნობაზე არანაკლებ საშიშია).
ეკლესიურად მცხოვრებ მართლმადიდებლებს ახალ წელს, როგორც იტყვიან, თავი ქუდში აქვთ, აი, საშობაო ტრაპეზზე კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები გირჩევენ, დიდმარხვის დასრულების შემდეგ, ხსნილის პირველ დღეს, მხოლოდ რძის ნაწარმს გაუსინჯოთ გემო და რაციონი ნელ-ნელა გააფართოოთ. თუმცა ასეთი სიმკაცრეც ყოველთვის როდია საჭირო; თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის შესაძლებლობანი თქვენზე უკეთ არავინ იცის. მთავარია, ზომიერებამ არ გიღალატოთ.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად