ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე >>უროლოგია, ანდროლოგია >>ჟურნალი "ავერსი" N29
საშარდე გზების ინფექციები

ამერიკელი ექიმები ასეთ დიაგნოზს წელიწადში, სულ მცირე, რვა მილიონჯერ სვამენ. ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ინფექციებს შორის გავრცელების მხრივ მეორე ადგილს არავის უთმობენ, თანაც ფემინისტების უკიდურესმა აქტივობამაც კი ვერ შეაგნებინათ გენდერული თანასწორობა – უპირატესობას მაინც სუსტ სქესს ანიჭებენ. ყოველი მეორე ქალი სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოსცდის მათ საკუთარ თავზე. ცივი სეზონი ამ ინფექციებსაც აქვთ ამოჩემებული. არც არის გასაკვირი – შარდის ბუშტი ხომ მეტისმეტად მცივანა ორგანოა. პაპანაქება სიცხეშიც კი, 10-15 წუთით ცივ ქვაზე ჩამოჯდებით თუ არა, რკინის ჯანმრთელობაც რომ გქონდეთ, მისი უდიდებულესობა ცისტიტი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგიდგებათ. მამაკაცებს ამ მხრივ საქმე გაცილებით უკეთესად აქვთ, მაგრამ თუ საშარდე გზების ინფექციამ მათ ორგანიზმშიც გაიკვალა გზა, ქალებივით ადვილად როდი დაიძვრენენ თავს.

რატომ და როგორ
შარდი სისხლის გაწმენდით მიიღება. იგი შეიცავს წყალს, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს, მარილებს... ბაქტერიებს კი აქ არაფერი ესაქმებათ. მეტიც: ორგანიზმს სპეციალური მექანიზმები აქვს შემუშავებული, რომლებიც სითხის მხოლოდ ერთი მიმართულებით დინებას და, ამის კვალობაზე, საშარდე გზების გაწმენდას უზრუნველყოფს. მამაკაცთა წინამდებარე ჯირკვალი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების ზრდას ანელებს. და, რაღა თქმა უნდა, ინფექციებისგან გვიცავს იმუნური სისტემა.
სრულყოფილი რა არის ამ ცისქვეშეთში და მიკრობებიც დროდადრო ახერხებენ ხსენებული ბარიერების გადალახვას. სწორედ ამ დროს ყალიბდება საშარდე  გზების ინფექციები. თუმცა შეღწევაც არის და შეღწევაც... მედიკოსები ინფექციის სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ: თუ ბაქტერიებმა მხოლოდ შარდსადენი დააზიანეს, ურეთრიტს მივიღებთ, თუ შარდის ბუშტიც დაიკავეს – ცისტიტს, თუ უფრო ზემოთ აიჭრნენ, პიელონეფრიტი განვითარდება.
საშარდე გზების ინფექციათა 65-80%-ში ბრალი ნაწლავის ჩხირს მიუძღვის. მოგეხსენებათ, ის ოდნავ მოშორებით სავსებით კანონიერად სახლობს და არც არაფერს აშავებს, საშარდე გზებში მას, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება. თუ ქალისა და მამაკაცის ანატომიურ თავისებურებებს გაიხსენებთ, ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, ამ პათოლოგიებს ასე რომ “უყვართ” მშვენიერი სქესი. ასეთი ინფექცია გადამდები არ გახლავთ, თუმცა სქესობრივი აქტი საშარდე გზებში ბაქტერიების გადასროლას ხელს ნამდვილად უწყობს. ექიმებმა სპეციალური ტერმინებიც კი შემოიღეს: “თაფლობის თვის ცისტიტი”, “პოსტკოიტალური ცისტიტი”. უკანასკნელ შემთხვევაში ყოველი აქტი შარდის ბუშტის ანთების ახალ შემოტევას იწვევს.
ცხადია, სქესი ერთადერთი მიზეზი არ არის, რომლის გამოც შეიძლება ინფექცია შემოგეჩვიოთ. ასეთივე მიზეზია ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის შარდის ნორმალურ დინებას (თანდაყოლილი ანომალიები, თირკმლის კენჭი, გადიდებული პროსტატა), უროლოგიური მანიპულაციები და გამოკვლევები (კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია), შაქრიანი დიაბეტი (იმუნურ სისტემაში ცვლილებების გამო), ჰორმონული ფონის შეცვლა (კლიმაქსური პერიოდი).

იცნობდეთ!
ცისტიტის ცნობა ქალბატონებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ: ყოველ წუთს ტუალეტში გსურთ გაქცევა, სულ რამდენიმე წვეთის დაღვრას თუ ახერხებთ, თანაც ისეთი ტკივილით, გეგონებათ, ცეცხლის ოკეანე გამოდიოდეს; შარდი მღვრიე და რძისებურია; სექსზე ფიქრიც კი გზარავთ. არცთუ იშვიათია დაღლილობა, სრული გამოფიტვა. გარდა ამისა, ქალებს აწუხებთ ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში, კაცებს კი სწორი ნაწლავის სისავსის შეგრძნება. მაღალი სიცხე ცისტიტს არ ახასიათებს. ტემპერატურის მომატება, ჩვეულებრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია უკვე ზედა სართულებში აიჭრა. თირკმლის ინფექციის სხვა ნიშნები გახლავთ ტკივილი წელის არეში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. მწვავე ანთების ეს სურათი ჭირთათმენისა და სტოიციზმის სურვილს ცოტას თუ დაუტოვებს. სახიფათო სხვა რამ გახლავთ – ტკივილით გაწამებულმა შეიძლება ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა დაიწყოთ და სიმპტომების გაქრობისთანავე შეწყვიტოთ, ანთება კი დარჩეს და ქრონიკულ  ფორმაში გადაიზარდოს.
ქრონიკული პიელონეფრიტის დროს სურათი ზოგჯერ იმდენად წაშლილია, რომ ყურადღებას არც კი იქცევს. არადა, ინფექციის ყოველი შემოტევისას უფრო და უფრო მეტი  ნეფრონი იღუპება და საბოლოოდ თირკმელი შეიძლება სრულიად უფუნქციოდ დარჩეს. ამიტომაც ექიმები აბსოლუტურად ჯანმრთელებსაც კი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შარდის საერთო ანალიზის გაკეთებას ურჩევენ.
ჩვილი ან 2-3 წლის ბავშვი ვერ იტყვის, რა აწუხებს. ხშირად ვერც კი ხვდება. ასეთ შემთხვევაში საშარდე გზების ინფექციას უმადობა, ცხელება, უგუნებობა გვაეჭვებინებს. შეიძლება, პაწიას კუჭიც კი აეშალოს.

როგორ მოვიქცეთ
პირველ რიგში, ეწვიეთ ექიმს და ზუსტად დაიცავით მისი დანიშნულება. ნუ შეწყვეტთ ანტიბიოტიკოთერაპიას, როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ. კურსი სულ სამი დღეც შეიძლება გაგრძელდეს და რამდენიმე კვირაც, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ექიმის გადასაწყვეტია. განსაკუთრებით საყურადღებოა მამაკაცის ანდა ბავშვის ავადმყოფობა, ვინაიდან ამ დროს მიზეზის დადგენა აუცილებელია, ქალბატონებისთვის კი, როგორც უკვე ვთქვით, ცისტიტი ერთგვარი ბედისწერაა, თანაც შეიძლება ერთხელ სტუმრობასაც არ დასჯერდეს. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ცისტიტის მქონეთა მეხუთედს ინფექცია მეორედაც უტევს, მეორე შეტევის მსხვერპლთ შორის მესამეგზისი ანთების ალბათობა 30%-ს აღწევს, ცისტიტის სამჯერ გადატანის შემდეგ კი რეციდივის საშიშროება უკვე 80%-ია.
და მაინც, მისი სტუმრობის თავიდან აცილება თუ არა, გაიშვიათება მაინც, სავსებით შესაძლებელია, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ:
-  შარდის ბუშტს რეგულარული დაცლა სჭირდება. ამიტომაც თავშეკავება და სიზარმაცე არაფერს გარგებთ. საჭირო ოთახს ყოველი საჭიროების დროს მიაკითხეთ. მამაკაცებისთვის სულერთია, მშვენიერ სქესს კი ერთი ადგილის გაწმენდის დროსაც სიფრთხილე მართებთ, განსაკუთრებით – დეფეკაციის შემდეგ. თუ მიმართულება აგერიათ და ქაღალდიანი ხელი უკანიდან წინ ამოძრავეთ, ბაქტერიებს გზას თვითონვე შეუმოკლებთ.
. მეტი სითხის მიღება შარდის რაოდენობას გაზრდის და ბაქტერიებისგან შარდის ბუშტის უფრო სწრაფ გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.
. მწარე, მჟავე, სუნელებიანი კერძები, მწნილი, მარინადი, ალკოჰოლი მხოლოდ კუჭის ლორწოვანს როდი აღიზიანებს, ამიტომაც მაქსიმალურად ერიდეთ, მით უმეტეს, თუ საკუთარი შარდის ბუშტის იმედი არ გაქვთ.
- სისუფთავე უპირველეს ყოვლისა! სიტყვას აღარ გავაგრძელებთ იმაზე, რომ მთელ სხეულს, მათ შორის – ინტიმურ ადგილებს, ყოველდღე სჭირდება დაბანა. გაითვალისწინეთ, რომ საპონი ლორწოვანს ზედმეტად აშრობს და აღიზიანებს, ამიტომაც სჯობს უპირატესობა სპეციალურ ინტიმურ გელს მიანიჭოთ. აბაზანაში მეტისმეტად დიდხანს ნუ ინებივრებთ, უპირატესობა შხაპს მიანიჭეთ.
. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშოში არსებული ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრას ხელს უწყობს სქესობრივი აქტი. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი შარდი დახვდებათ და რაც უფრო მეტხანს დარჩებიან იქ, მით მეტი ექნებათ გამრავლების შანსი. ამიტომაც აღარ გაგიკვირდათ გინეკოლოგების რჩევა, ეცადეთ, აქტამდეც და მის შემდეგაც ტუალეტში შეხვიდეთო.
. სიმშრალე ლორწოვანს ფუნქციის შესრულებაში ხელს უშლის, ასე რომ, თუ გჭირდებათ, აუცილებლად გამოიყენეთ ლუბრიკანტი, თანაც უპირატესობა წყლის ფუძეზე დამზადებულს მიანიჭეთ.
- დადგენილია, რომ ზოგიერთი კონტრაცეპტივი, სახელდობრ, სპერმიციდები (სპეციალური საშოსშიდა აბები, სანთლები, კრემები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ანეიტრალებს) და დიაფრაგმა გარკვეულწილად ზრდის საშარდე გზების ინფექციების რისკს. ზოგჯერ კონტრაცეფციის მეთოდის შეცვლაც საკმარისია, შემოჩვეულმა ცისტიტმა ქალს თავი რომ დაანებონ.
- მენსტრუაციის დროს უპირატესობა ჰიგიენურ საფენებს მიანიჭეთ. თუ ტამპონებს ვერა და ვერ ელევით, გახსოვდეთ: მათი გამოცვლა ყოველ 2-3 საათშია საჭირო, ღამით კი არამც და არამც არ დაიტოვოთ.
- ადრე ესოდენ პოპულარული გამორეცხვა ჰიგიენური მეთოდი არ გახლავთ, მხოლოდ სამკურნალოდ გამოიყენება და ისიც – ბევრად უფრო იშვიათად. ნურცერთ შემთხვევაში თვითნებურად ნუ ჩაიტარებთ ამ პროცედურას. ზედმეტ მონდომებას ხშირად საპირისპირო შედეგი მოჰყვება.
- გადახედეთ გარდერობს. ინტიმურ მიდამოს სითბო უყვარს, ამიტომაც შილიფად ჩაცმას ერიდეთ. ნურც შემოტმასნილ ტანსაცმელს (ჯინსებსა თუ კოლგოტებს) ჩაიცვამთ ხშირად – ის შორისის მიდამოში შეგუბებასა და ნესტის დაგროვებას იწვევს და ბაქტერიებს გამრავლებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობისთვის ჩინებულ პირობებს  უქმნის.
- თუ თქვენი სამუშაო გამუდმებით ჯდომას მოითხოვს, შეგუბება უჯინსებოდაც გარანტირებული გაქვთ, ამიტომაც წესად შემოიღეთ, საათში ერთხელ 5-10 წუთით გაიარ-გამოიაროთ.
- არსებობს მოსაზრება, რომ შტოშის პროდუქტების რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა საშარდე გზების ინფექციისგან დაგვიცვას. ჰიპოთეზა ჯერ არც უარყოფილია და არც დადასტურებული.

 
 
სიახლეები
ყოველ ოთხშაბათს ყველაზე დიდი ფასდაკლება ავერსის აფთიაქებში...
ვრცლად  
 
საქველმოქმედო ფონდი ”ავერსი”

საქველმოქმედო ფონდ “ავერსი”–ს მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში გაწეული დახმარებები...

ვრცლად